ჩვენ და ირლანდიელები: ნავსიანი ივნისი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების სტატისტიკას თუ გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ ყველაზე წარუმატებელი თვე ივნისია! თანაც, არა აქვს მნიშვნელობა, ზაფხულის პირველ თვეში ჩატარებული ესა თუ ის მატჩი ამხანაგური იყო თუ ოფიციალური - ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, თითქმის ყველა დანარჩენი შეხვედრა ჩვენი ნაკრების წაგებით მთავრდებოდა.

ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ალბათ, ისიც იყო, რომ მომქანცველი საკლუბო სეზონის შემდეგ, როცა ფეხბურთელებს ერთი სული აქვთ ხანმოკლე შვებულებით ისარგებლონ და დაისვენონ, ივნისში დაგეგმილ სანაკრებო მატჩებს, ცოტა არ იყოს, ნაკლები მოტივაციითა და, რაც მთავარია, გადაღლილი ხვდებოდნენ.

მართლაც შორს წაგვიყვანს ჩვენთვის წარუმატებელი
იმ მატჩების ჩამოთვლა, ივნისის დასაწყისში რომ ჩატარებულა; თანაც, თითქმის ყველა შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელები ერთი და იგივე პრობლემას აწყდებოდნენ: ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ვერაფრით ხერხდებოდა ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება;

ჰო, ასე იყო ადრეც და ასეა ახლაც: ირლანდიელებთან ამხანაგური მატჩის წინ ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი მოისაკლისა.

არადა, რომელი დიდი არჩევანი ჩვენა გვაქვს და ასეთ პირობებში 4-5 ფეხბურთელის არყოფნა ნამდვილად ვერ არის კარგი საქმე; თუმცა, ვინ იცის: იქნებ სწორედ 2 ივნისს დავარღვიოთ "ტრადიცია" და ხანგრძლივი საკლუბო სეზონის მერე ჩატარებულ პირველსავე მატჩში წარმატებას მივაღწიოთ; თანაც, ხომ შეიძლება ნავსიც გავტეხოთ და ირლანდიელებთან პირველად არ წავაგოთ...

უხერხული მეტოქე
სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია: თანამედროვე ფეხბურთში მართლაც თითზე ჩამოსათვლელია ისეთი მეტოქეები, რომლებთანაც ჩვენს ნაკრებს დადებითი ბალანსი გააჩნია. გამონაკლისი არც 2 ივნისის მოწინააღმდეგეა: სანაკრებო დონეზე საქართველო და ირლანდია ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ოთხჯერვე ირლანდიელებმა იმარჯვეს!

...ირლანდია არასდროს განეკუთვნებოდა ევროპული ფეხბურთის გრანდებს და ამ ქვეყნის ნაკრებს არც რაიმე წარმატებისთვის მიუღწევია; თავად განსაჯეთ: გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლომდე ირლანდიის ნაკრები ვერაფრით ახერხებდა ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე გასვლას.

არადა, არაერთი ირლანდიელი ფეხბურთელი წლების განმავლობაში წარმატებით ასპარეზობდა წამყვან ინგლისურ კლუბებში. ლაიამ ბრეიდი, პეტ ბონერი, ფრენკ სტეპლტონი, დევიდ ოლირი, მარკ ლოურენსონი, რონი უილანი, - ჯერ ეს თაობა გამოირჩეოდა; მოგვიანებით კი ირლანდიურ ფეხბურთში არანაკლები დონის მოთამაშეებიც გამოჩნდნენ: სტივ სტაუნტონი, ტონი კასკარინო, ნილ ქუინი, პოლ მაკგრატი, რეი ჰოუტონი, ენდი ტაუნსენდი, ჯონ ოლდრიჯი, და, რაღა თქმა უნდა, როი კინი!

სწორედ ამ თაობამ შეძლო და ირლანდიური ფეხბურთის ისტორიაში პირველ წარმატებას მიაღწია: წარსულში ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელის ჯეკი ჩარლტონის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ირლანდიის ნაკრებმა 1988 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა!

ორი წლის მერე კი ირლანდიელები ასევე პირველად გავიდნენ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და მსგავსი მიღწევა ჰქონდათ 1994 წლის მუნდიალზეც.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ირლანდიელებმა კიდევ ერთხელ იასპარეზეს - 2002 წელს კორეა-იაპონიის მუნდიალის საგზური გუნდმა წარსულში ცნობილი ირლანდიელი ფეხბურთელის მიკ მაკარტის ხელმძღვანელობით მოიპოვა. თუმცა მუნდიალის დაწყებამდე გუნდში სერიოზული სკანდალი მოხდა: კაპიტანმა და უპირობო ლიდერმა როი კინმა მწვრთნელთან კონფლიქტის გამო ნაკრები მიატოვა...

ამის მერე ირლანდიურ ფეხბურთში ჩავარდნის პერიოდი დადგა; თუმცა 90-იანი წლების ბოლოს მაინც გამოჩნდნენ ნიჭიერი ფეხბურთელები და სამი მათგანი დღესაც აგრძელებს თავის მართლაც შთამბეჭდავ კარიერას: მეკარე შეი გივენი, ნახევარმცველი დემიენ დაფი და ფორვარდი რობი კინი, სოლიდური ასაკის მიუხედავად, თამამად შეგვიძლია მოვიხსენიოთ გამორჩეულ მოთამაშეებად.

დონ ტრაპი
...2008 წლიდან ირლანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად სახელგანთქმული იტალიელი სპეციალისტი ჯოვანი ტრაპატონი დაინიშნა.

ტრაპატონი-ფეხბურთელის მთელი კარიერა "მილანთან" იყო დაკავშირებული და ამ გუნდის შემადგენლობაში ორჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი, ორჯერ იტალიის ჩემპიონი გახდა, თითო-თითოჯერ კი საკონტინენტთაშორისო თასი, უეფას თასი და იტალიის თასი მოიპოვა.

თუმცა, ბევრად უფრო შთამბეჭდავი გამოდგა მისი სამწვრთნელო კარიერა და ამ მართლაც უნიკალური მწვრთნელის ტიტულების ჩამოთვლაც ამის დასტური იქნება! ტრაპატონი ერთადერთი მწვრთნელია მსოფლიოში, რომელსაც ჩემპიონთა თასი, თასების თასი, უეფას თასი, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოუგია! სხვადასხვა დროს გახდა გერმანიის ("ბაიერნი"), პორტუგალიის ("ბენფიკა") და ავსტრიის ("ზალცბურგი") ჩემპიონი; თუმცა სამშობლოში მოღვაწეობისას ბევრად უფრო მეტი ტიტული აქვს მოპოვებული: ექვსჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, ორჯერ იტალიის თასს დაეუფლა, თითო-თითოჯერ გახდა ჩემპიონთა თასის, თასების თასისა და საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებული, სამჯერ კი უეფას თასი მოიგო!

2000-2004 წლებში ტრაპატონი იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, თუმცა მისი ხელმძღვანელობით "სკუადრა აძურამ" ვერაფერი მოიგო; ან კიდევ, როგორ უნდა მოეგო, როცა 2002 წლის მუნდიალზე ეკვადორელმა მსაჯმა ბაირონ მორენომ ყველაფერი გააკეთა, რომ მეოთხედფინალში იტალიის ნაცვლად კორეა გასულიყო...

...არანაკლებ კი არა, ალბათ უფრო "მასშტაბურ" უსამართლობას წააწყდა ტრაპატონი ირლანდიის ნაკრებში მოღვაწეობის დროსაც: მთელმა მსოფლიომ დაინახა, როცა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფის შეხვედრაში ტიერი ანრიმ ხელით გაისწორა ბურთი და ისე გაუკეთა საგოლე პასი ვილიამ გალასს (რომელიც აშკარა თამაშგარეში იმყოფებოდა); ამ გოლით კი საფრანგეთმა 2010 წლის მუნდიალის საგზური მოიპოვა, ირლანდია კი - განზე დარჩა. თუმცა ტრაპატონიმ მაინც შეძლო და 2012 წელს ირლანდიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.

ტრაპატონი 74 წლის გახლავთ და თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ხვალ მეხუთედ უნდა დაუპირისპირდეს საქართველოს ნაკრებს! აქედან ორჯერ - როგორც იტალიის ნაკრების მწვრთნელი, 2 ივნისს კი მესამედ - ირლანდიელთა დამრიგებლის რანგში.

ის ოთხივე მატჩი "დონ ტრაპს" მოგებული აქვს, ვნახოთ, ამჯერად რა იქნება...

ოთხი მარცხი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ირლანდიელებთან ოთხივე მატჩი წაგებული გვაქვს და ეს ოთხივე ოფიციალური იყო.

პირველი დაპირისპირება 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მოხდა: ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე საქართველოს ნაკრებმა ციკლი შვეიცარიასთან წაგებით (1:4) დაიწყო; მომდევნო მატჩი კი თბილისში ირლანდიელებთან გვიწევდა და ალექსანდრე ჩივაძემ შემადგენლობაში სერიოზული კორექტივები შეიტანა: ძირითადში გამოჩნდნენ გიორგი ლომაია, ოთარ ხიზანეიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, თემურ ქეცბაია და ალექსანდრე იაშვილი.

სამწუხაროდ, ის მატჩი წავაგეთ, მაგრამ ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს ალბათ დღემდე ეხსომება თუ როგორი ეფექტური გოლი გაიტანა შეი გივენის კარში ლევან კობიაშვილმა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

2003 წლის 29 მარტს ჩატარებული ის შეხვედრა იმითაც დაგვამახსოვრდა, რომ, როგორც მერე გაირკვა, ეს ყოფილა თემურ ქეცბაიას უკანასკნელი შეხვედრა საქართველოს ნაკრებში...

იმ ციკლის მეორე მატჩში ჩვენს ნაკრებს ივო შუშაკი მოძღვრავდა, თუმცა წინა შეხვედრაში რუსეთთან გამარჯვების ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა საქართველოს ნაკრებში თავის მეორე და ბოლო მატჩში მარცხი განიცადა.

მესამე დაპირისპირება... გერმანულ მაინცში ჩატარდა: 2008 წლის შემოდგომაზე ირლანდიელები უარს ამბობდნენ თბილისში ჩამოსვლაზე (იმავე წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს შორის საომარი მოქმედებები გამო) და უეფამაც ნეიტრალურ მოედანზე თამაშის განკარგულება გასცა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეს იყო ექტორ კუპერის მეორე მატჩი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე და არ დავმალავთ, ყველანი იმედიანად ვიყავით განწყობილნი ამ არგენტინელი სპეციალისტის მომავალ საქმიანობასთან. მით უფრო, რომ სადებიუტო მატჩი (სტუმრად, უელსთან) მოგებებით აღნიშნა, თანაც, ირლანდიასთან შეხვედრაში ჩვენს ნაკრებს კახა კალაძე და ლევან კობიაშვილი დაუბრუნდნენ; თუმცა, კუპერმა რამდენიმე უცნაური საკადრო გადაწყვეტილება მიიღო და, უპირველეს ყოვლისა, მალხაზ ასათიანის სათადარიგოთა სკამზე გამწესებას ვგულისხმობთ.

იმ მატჩში ბევრი სხვა "უცნაურობაც" მოხდა: ჩვენმა მეკარემ, გიორგი ლორიამ მართალია, კურიოზული გოლი (ველანი) გაუშვა, მაგრამ, სულ მცირე, სამ-ოთხ შემთხვევაში გადაგვარჩინა.

ეს იყო 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი შეხვედრა და ვინ იფიქრებდა, რომ სწორედ მაინცში ჩატარებული შეხვედრიდან დაიწყებოდა საქართველოს ნაკრების ის მართლაც კოშმარული, 15 მატჩიანი მოუგებელი სერია...

ირლანდიელებთან იმავე ციკლში იმავე ანგარიშით დამარცხდა საქართველოს ნაკრები - ამჯერად დუბლინში, 2009 წლის 11 თებერვალს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების ყველა დაპირისპირება
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
29. 03. 2003. თბილისი. "მიხეილ მესხი". 20000 მაყურებელი
საქართველო-ირლანდია 1:2
0:1 დაფი (18), 1:1 კობიაშვილი (61), 1:2 დოჰერტი (85)
საქართველო: ლომაია - ხიზანეიშვილი, შაშიაშვილი, ამისულაშვილი, კობიაშვილი - ცქიტიშვილი, ნემსაძე, ჯამარაული, ქეცბაია (46. დემეტრაძე) - ქინქლაძე (71. დიდავა) - შ. არველაძე
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
კაპიტანი: გიორგი ნემსაძე
ირლანდია: გივენი, კარი, კანინგემი, ბრინი, ო"ში, ჰოლანდი, დაფი, კინსელა, კარსლი, დოჰერტი, კილბეინი
მთავარი მწვრთნელი: ბრაიან კერი
გაფრთხილება: ხიზანეიშვილი; დოჰერტი
არბიტრი: კ. ვასარასი (საბერძენთი)

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
11. 06. 2003. დუბლინი. "ლენსდაუნ როუდი". 35000 მაყურებელი
ირლანდია-საქართველო 2:0
1:0 დოჰერტი (43), 2:0 კინი (59)
ირლანდია: გივენი, კარი, კანინგემი, ბრინი, ო"ში, ჰოლანდი, ჰელი (86. კინსელა), კილბეინი, კარსლი, დოჰერტი (88. ლი), რობი კინი
მთავარი მწვრთნელი: ბრაიან კერი
საქართველო: ლომაია - ხიზანეიშვილი, ხიზანიშვილი, ამისულაშვილი, კალაძე - დიდავა (76. ალექსიძე), რეხვიაშვილი - ბურდული, ასათიანი, დემეტრაძე (59. ვ. დარასელია) - შ. არველაძე
მთავარი მწვრთნელი: ივო შუშაკი
კაპიტანი: კახა კალაძე
გაფრთხილება: ხიზანეიშვილი
არბიტრი: ე. გონსალესი (ესპანეთი)

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
06. 09. 2008. მაინცი. "ბრუხვეგშტადიონი". 14000 მაყურებელი
საქართველო-ირლანდია 1:2

0:1 დოილი (13), 0:2 ველანი (70), 1:2 ყენია (90)
საქართველო: ლორია - უ. ლობჟანიძე, ხიზანიშვილი (83. ასათიანი), კალაძე, შაშიაშვილი - ოდიკაძე, მენთეშაშვილი, კობიაშვილი - ყენია, იაშვილი (77. მჭედლიძე) - ალექსიძე (61. სირაძე)
მთავარი მწვრთნელი: ექტორ კუპერი
კაპიტანი: კახა კალაძე
ირლანდია: გივენი, ფინანი (80. მაკშეინი), ოში, დანი, კილბეინი, მაკგიდი (87. კოგი), ველანი, რიდი, ჰანტი, რობი კინი, დოილი (77. მილერი)
მთავარი მწვრთნელი: ჯოვანი ტრაპატონი
გაფრთხილება: ხიზანიშვილი, ალექსიძე

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
11. 02. 2009. დუბლინი. "კროკ პარკი". 45000 მაყურებელი
ირლანდია-საქართველო 2:1
0:1 იაშვილი (1), 1:1 რობი კინი (73, პენალტით), 2:1 რობი კინი (78)
ირლანდია: გივენი, კელი, ო"ში, დანი, კილბეინი, მაკგიდი, ველანი, ენდრიუსი, დაფი (80. ჰანტი), რობი კინი, დოილი
მთავარი მწვრთნელი: ჯოვანი ტრაპატონი
საქართველო: ლომაია - უ. ლობჟანიძე, ხიზანიშვილ, კალაძე, კვირკველია - მენთეშაშვილი (70. ხმალაძე), რაზმაძე, კობიაშვილი - ბ. გოცირიძე (68. მერებაშვილი), იაშვილი - სირაძე (77. ალექსიძე)
მთავარი მწვრთნელი: ექტორ კუპერი
კაპტიანი: კახა კალაძე
გაფრთხილება: ენდრიუსი; მენთეშაშვილი, ლობჟანიძე, კვირკველია, კობიაშვილი, ხიზანიშვილი
არბიტრი: ი. ჰიიტია (ფინეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაიამ ნაკრები Wayside Celtic-ზე პირველად ავარჯიშა [VIDEO]
თემურ ქეცბაია: უცნაურად ვიმგზავრეთ, მაგრამ რაც მთავარია, მშვიდობით ჩავედით
საქართველოს ნაკრების თვითმფრინავმა აეროპორტში არაგეგმური დაშვება განახორციელა
თემურ ქეცბაია: ენის ტლიკინი არ არის საკმარისი, სამშობლოს საქმე სჭირდება!
მერაბ გიგაური: ჩემთვის ეროვნულ ნაკრებში ერთი ვარჯიშიც კი ოცნება იყო
დავით კვირკველია: ირლანდიასთან თამაში ჩვენთვის კი არა, ყველასთვის რთულია
გურამ კაშია: ირლანდია და დანია ძლიერი და საინტერესო მეტოქეები არიან
ელგუჯა გრიგალაშვილი: ძმებს ნაკრებში ერთად თამაში არ გვეღირსა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ენის ტლიკინი გამოსდის მეტი არაფერი ვერ თამაშობენ ქართულ ფეხბურთს ფაქტია
mishka meshi
22:54 02-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული