დროსა და სივრცეში აცდენილები - ირლანდია-საქართველოს მატჩის გამოხმაურება

AutoSharing Option
მეხუთე მატჩი და მეხუთე მარცხი - 2 ივნისის მერე აი, ასეთი ბალანსი გვაქვს ირლანდიასთან; თუმცა ახლა სხვა რამ უნდა გვიკვირდეს: თანამედროვე ფეხბურთში ისეთი გუნდებიც არსებობენ, რომლებთანაც, არ დაიჯერებთ და, დადებითი ბალანსი გაგვაჩნია!

ოღონდ საქართველოს ნაკრებისათვის ასეთი მეტოქეები მართლაც ძალიან ცოტანი არიან;

სამაგიეროდ, იმათი რიცხვია დიდი, სადაც, როცა და როგორც გაუხარდებათ, აი, ისე რომ ამარცხებენ საქართველოს ნაკრებს. თანაც, რაც დრო გადის, ანტირეკორდებს ხომ ვამყარებთ, ამის პარალელურად, მეტოქეებს "ვეხმარებით" ახალ-ახალი რეკორდების დამყარებასა თუ ისტორიულ წარმატებებში.

აბა, ადრე ირლანდიელებს ჩვენი ნაკრების კარში მხოლოდ
ორ-ორი გოლი გაჰქონდათ და ისე იგებდნენ ხოლმე, ახლა კი მართლაც მშვენივრად შეირგეს ჩვენ უკანახაზელთა საჩუქრები და თავიანთი მხცოვანი დამრიგებელი, საკლუბო დონეზე ყველაფრის მომგები ჯოვანი ტრაპატონიც ერთობ გაახარეს.

ანდა, რატომ არ გაუხარდებოდა 74 წლის ტრაპატონის (გვერდს იტალიური ფეხბურთის კიდევ ერთი ლეგენდა, 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონი მარკო ტარდელი რომ უმშვენებდა): მისი ხელმძღვანელობით ირლანდიის ნაკრებმა ასეთი ანგარიშით ბოლოს 2011 წლის 11 ნოემბერს მოიგო.

ეგ კი არა, იმის წინა შესარჩევ ციკლში ანდორის უსუსტეს ნაკრებს ორჯერვე მხოლოდ ორბურთიანი სხვაობით (3:1, 2:0) აჯობა.

ჰო, ვერაფრით წარმოვიდგენდით ირლანდიელთა ასეთ შედეგიან თამაშს, მაგრამ მეტოქემაც ხომ გვარიანად შეუწყო ხელი: 2 ივნისის მატჩში რამდენჯერ ვნახეთ ისეთი ეპიზოდ(ებ)ი, როცა მასპინძელთა შეტევები... ჩვენი ფეხბურთელების პასებით იწყებოდა, ერთი-ორჯერ კი სულაც საგოლე პასიც მივართვით ირლანდიელებს!..

გასაგებია, რომ თემურ ქეცბაიას სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა; გასაგებია, ხანგრძლივი და მომქანცველი საკლუბო სეზონის შემდეგ ჩვენი ფეხბურთელები, ალბათ, შვებულებაზე უფრო ფიქრობდნენ, ვიდრე ამხანაგურ მატჩზე; მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ირლანდიელებიც აშკარად ექსპერიმენტული შემადგენლობით ასპარეზობდნენ და აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ ირლანდიელ ფეხბურთელთა თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას ქართველ კოლეგებზე მეტად გადატვირთული საკლუბო სეზონი ჰქონდა.

თუმცა, ვიდრე ფეხბურთი იარსებებს, ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება მოტივაციის საკითხი, - აი, ამ საკითხში კი (ისე, როგორც სხვა უამრავ საფეხბურთო კომპონენტში) საქართველოს ნაკრებს თავი მოსაწონად ნამდვილად არა აქვს. საერთოდაც, მთელი მატჩის განმავლობაში ისეთი შთაბეჭდილება გვრჩებოდა, რომ ჩვენი ნაკრები თითქოსდა დროსა და სივრცეში "აცდენილი" იყო!

აბა, სხვას რას უნდა მივაწეროთ ის რამდენიმე მართლაც მოხდენილი პასი, ჩვენებმა... მეტოქის ფეხბურთელების მისამართით რომ გააკეთეს? ყველაზე ცუდი კი მაინც უიმედოობაა და ისიც, როცა თითქმის ყოველ მეორე მატჩში წასაგებად ხარ განწირული...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge


იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ნავსიანი ივნისი და არასასიამოვნო ციფრები
თითქოს გულმა გვიგრძნო, როცა ირლანდია-საქართველოს მატჩის წინათქმაში ივნისის ნავსიანობა ვახსენეთ; ჰო, გაკვრით ვთქვით, რომ ჩვენი ნაკრების ისტორიაში ბევრზე-ბევრია ისეთი მატჩი, ივნისში რომ ჩავატარეთ და უარყოფითი შედეგებითაც დავასრულეთ.

და აი, 2 ივნისის მერე ასეთი შეხვედრების რიცხვი კიდევ ერთით გაიზარდა და იქნებ მომავალში, როცა რომელიმე გუნდი სპარინგს შემოგვთავაზებს, ულტიმატუმივით წავუყენოთ: წელიწადის ნებისმიერ დროს ვითამაშებთ, ოღონდ როგორმე ივნისი მოგვაცილეთო!..

...თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით, ჩვენმა ნაკრებმა 28-ე მატჩი ჩაატარა და ჯერჯერობით ვერავინ იტყვის, უარყოფითი ბალანსი გაქვთო: 10 მოგება, 8 ფრე და 10 წაგება (ბურთები: 26-31). ერთადერთი, ხინჯად ის გვრჩება, რომ ამ ათი მოგებული მატჩიდან ოფიციალური მხოლოდ სამი იყო - მალტასთან, ბელორუსთან და ხორვატიასთან.

სამაგიეროდ, ამხანაგურებში ვყოჩაღობდით, მაგრამ ირლანდიელებისგან ისეთი მწარე ალიყური მივიღეთ, ცოტა არ იყოს, დავიწყებულიც რომ გვქონდა. ჰო, ბოლოს და ბოლოს, იმით ხომ ვამაყობდით, რომ თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე საქართველოს ნაკრები 2 გოლზე მეტს არ უშვებდა (სამი გოლი მხოლოდ თურქებმა და ფრანგებმა გაგვიტანეს); ახლა კი, არცთუ მცირე პაუზის მერე, ისევ შეგვახსენეს: საქართველოს ნაკრები დღესდღეობით არ არის ის გუნდი, სერიოზულ წარმატებაზე რომ იფიქროს!

საქართველოს ნაკრების ისტორიაში ბევრად უფრო დიდი ანგარიშით წაგებებიც ყოფილა და ირლანდიელებთან მატჩზე უარესი იმედგაცრუებაც ბევრი გვახსოვს, მაგრამ "დროსა და სივრცეში გადაცდომები" მაინცდამაინც ჩვენ რატომ უნდა გვემართებოდეს?..

ივნისში ჩატარებული ყველა მატჩი
11. 06. 1994 ნიგერია-საქართველო 5:1 (ამხ.)
26. 06. 1994 ლატვია-საქართველო 1:3 (ამხ.)
07. 06. 1995 უელსი-საქართველო 0:1 (ე.ჩ.შ.)
07. 06. 1997 საქართველო-მოლდოვა 2:0 (მ.ჩ.შ.)
14. 06. 1997 პოლონეთი-საქართველო 4:1 მ.ჩ.შ.)
07. 06. 1999 საქართველო-საბერძნეთი 1:2 (ე.ჩ.შ.)
04. 06. 2000 აზერბაიჯანი-საქართველო 0:0 (ამხ.)
11. 06. 2000 ესტონეთი-საქართველო 1:0 (ამხ.)
02. 06. 2001 საქართველო-იტალია 1:2 (მ.ჩ.შ.)
06. 06. 2001 უნგრეთი-საქართველო 4:1 (მ.ჩ.შ.)
11. 06. 2003 ირლანდია-საქართველო 2:0 (ე.ჩ.შ.)
04. 06. 2005 ალბანეთი-საქართველო 3:2 (მ.ჩ.შ.)
02. 06. 2007 ლიტვა-საქართველო 1:0 (ე.ჩ.შ.)
06. 06. 2007 საფრანგეთი-საქართველო 1:0 (ე.ჩ.შ.)
06. 06. 2009 საქართველო-მოლდოვა 1:2 (ამხ.)
10. 06. 2009 ალბანეთი-საქართველო 1:1 (ამხ.)
03. 06. 2011 ხორვატია-საქართველო 2:1 (ე.ჩ.შ)
02. 06. 2013 ირლანდია-საქართველო 4:0 (ამხ.)

სულ: 18 მატჩი, 3 მოგება, 2 ფრე, 13 წაგება

ბურთები: 16-35

დიდი ანგარიშით წაგებული ყველა მატჩი
11. 06. 1994 ნიგერია-საქართველო 5:1 (ამხ.)
06. 09. 1995 გერმანია-საქართველო 4:1 (ე.ჩ.შ.)
24. 09. 1996 რუმინეთი-საქართველო 5:0 (ამხ.)
14. 06. 1997 პოლონეთი-საქართველო 4:1 (მ.ჩ.შ.)
19. 08. 1998 უკრაინა-საქართველო 4:0 (ამხ.)
14. 10. 1998 საბერძნეთი-საქართველო 3:0 (ე.ჩ.შ.)
28. 04. 1999 საქართველო-ნორვეგია 1:4 (ე.ჩ.შ.)
21. 08. 2002 თურქეთი-საქართველო 3:0 (ამხ.)
08. 09. 2002 შვეიცარია-საქართველო 4:1 (ე.ჩ.შ.)
18. 02. 2004 რუმინეთი-საქართველო 3:0 (ამხ.)
30. 03. 2005 საქართველო-თურქეთი 2:5 (მ.ჩ.შ.)
07. 09. 2005 დანია-საქართველო 6:1 (მ.ჩ.შ.)
12. 11. 2005 ბულგარეთი-საქართველო 6:2 (ამხ.)
27. 02. 2006 მოლდოვა (U21)-საქართველო 5:1 (ამხ.)
02. 09. 2006 საქართველო-საფრანგეთი 0:3 (ე.ჩ.შ)
26. 03. 2008 ჩრ. ირლანდია-საქართველო 4:1(ამხ.)
14. 10. 2009 ბულგარეთი-საქართველო 6:2 (მ.ჩ.შ.)
02. 06. 2013 ირლანდია-საქართველო 4:0 (ამხ.)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თვალსაზრისი: თემურ ქეცბაიას ხვაშიადი
ირლანდია-საქართველო 4:0 - გუნდი, რომელსაც მომავალი არ აქვს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
ისე ტემურ, დვალი მარტლა უნდა იყოს ნაკრების წევრი....
araqartveli
11:12 05-06-2013
0
ეხლა აქ ქეცბაიას კიდევ რომ დაიცავს, ის ან ბრმაა, ან ფეხბურთის უვიცი, ან კი დომენტია-ქეცბაიას გუნდის დაქირავებული მწერალი...ქეცბაია გაა--ი!
murtalo
05:14 05-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული