თვალსაზრისი: თემურ ქეცბაიას ხვაშიადი

AutoSharing Option
არის წიგნები, თავს არავის რომ არ წააკითხვინებს და ასეთია ზოგი საიდუმლოც - თავს არავის გაამხელინებს.

ზუსტად არ მახსოვს, ვინ გააკეთა ასეთი შედარება. არც ის მახსოვს ზუსტად, თემურ ქეცბაიას ხელში საქართველოს ნაკრებმა რამდენი მატჩი ითამაშა, რამდენი მოიგო, რამდენი ფრედ დაასრულა და რამდენი წააგო. ამ ყველაფრის დათვლა ძალიან ადვილია, ძნელი სულ სხვა რამეა - რა ექაჩებათ მწვრთნელებს საქართველოს ნაკრებში.

კლაუს ტოპმიოლერს ჩვენი ნაკრების მერე გუნდი არ გაუწვრთნია, თითქოს ბოლო მილიონები იშოვაო და თავი არხეინობისთვის გადაუდია.

ექტორ კუპერმა საქართველოს მერე სად აღარ სცადა
ფეხის მოკიდება, მაგრამ მყარად ეს ვერსად მოახერხა.

საქართველოს ნაკრების ქართველი მწვრთნელებიდან კარგად ჯერ ვერავინ დაასრულა საქმიანობა ჩვენს ეროვნულ გუნდში. ბოთლების სროლა და ლანძღვა იყო დამშვიდობების ფორმა. ალენ ჟირესი კი მაშინ მოხსნეს, გუნდს ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების შანსი შერჩენილი რომ ჰქონდა.

მწვრთნელებისთვის ჩვენი ნაკრები თითქოს დანავსულია. ბოლო წლებში ამ გუნდის ჩაბარება იმად იყო მიმზიდველი, რომ გაჩნდა ფული, რომელსაც იხდიდნენ, თუმცა რაში, კაციშვილმა არ იცის.

გაჭვარტლულ მინაში ჭვრიტინი - ასეა ჩვენი საქმე; უყურებ ამ ნაკრებს, მის ძვირიან მწვრთნელებს და თავსა და ბოლოს ვერ გაუგებ.

თემურ ქეცბაია 45 წლის არის და სამწვრთნელო კარიერის დიდი ნაწილი ჯერაც გასავლელი აქვს. მისი გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები დიდი ანგარიშით აქამდე არ მარცხდებოდა და მის მომხრეებს ეს ფაქტი აქტივში შეჰქონდათ. დაცვა, არანაირი ავანტიურა - ასეთი გახდა ჩვენი ნაკრები ქეცბაიას ხელში და არც მანამდე ყოფილა დიდი ხვითო, თუმცა ჰქონდა რაღაც ელემენტები, რაც გენეტიკურად ახასიათებს ქართულ ფეხბურთს.

ირლანდიასთან საქართველოს ნაკრები ჯერ იღბალმა დააღალატა - გიორგი ლორია გააძევეს. ვინაიდან საქართველოს ნაკრები ამ მწვრთნელის ხელში ერთსა და იმავეს თამაშობს, წარმოუდგენელი იყო იმის ვარაუდი, რომ გუნდი გადაწყობას მოახერხებდა.

ივნისი ის დროა, როცა ქართველ ფეხბურთელებს ნაკრებში თამაში ეზარებათ - სეზონი დასრულდა, დასვენების და გართობის დრო დგება, თუმცა ნაკრებს თავისი კალენდარი აქვს და მაინც უნდა ითამაშო გუნდში, სადაც გამოძახებისთვის ფულს არ გიხდიან, პრემია არ არის და არც რამე ისეთი, თამაში რომ გაგიხარდეს - ირლანდიაში საქართველო ასეთ გუნდს ჰგავდა.

ლორიას გაძევების შემდეგ ქეცბაიამ ჯანო ანანიძე რომ შეცვალა, ფეხბურთელმა მოედანი ისე დატოვა, მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა - ასე ჩანდა ტელეეკრანიდან.

ჟურნალისტისთვის ადვილია იმ გუნდის კრიტიკა, რომელიც 0:4-ს წააგებს, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით - წარუმატებლობაზე ლაპარაკმა და წერამ გამოფიტვა იცის. ენერგიას წარმატებები, დადებითი მუხტი სჭირდება, უარყოფითისგან კი ისედაც ბევრჯერ დავიცალეთ.

5 ივნისს დანიასთან ითამაშებს ჩვენი ეროვნული გუნდი, იმედია უკეთ, ვიდრე ირლანდიასთან, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა ნაკლებად ექნება - ეს ნაკრები უპერსპექტივო გუნდს ჰგავს.

სუსტი გუნდის გაწვრთნა, ალბათ, ყველა მწვრთნელისთვის გამოწვევაა, მაგრამ როცა ხედავ, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოდის და არ გამოგდის, რაღაც გადაწყვეტილებაა მისაღები?!

ქეცბაია ჟინიანი მწვრთნელი ჩანს, რომელიც ადვილად არაფერს დათმობს. ოთხი წელი მუშაობს ჩვენი უპირველესი გუნდის მწვრთნელად და ამასაც შეძლება უნდა. ზოგი მალევე დანებდებოდა.

რა თქმა უნდა, ფული ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ქეცბაია ნაკრების მწვრთნელობამდეც წარმატებული ადამიანი იყო და არა მგონია, რომ მხოლოდ ფულის გამო მიათრევდეს ამ ტვირთს.

ამიტომაც ძალიან საინტერესოა, რა არის ქეცბაიას ხვაშიადი.

საქართველოს ნაკრების დაცვა იტყვის, რომ გუნდი ვერ უტევდა, კაცნაკლული დავრჩით, მთელი სიმძიმე დაცვას დააწვა და ამიტომაც გავტყდითო.

საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვა იტყვის, რომ ჩვენმა მცველებმა ბურთის ამოტანა არ იციან და ყველას გასაკეთებელს ჩვენ ვერ გავაკეთებდითო.

საქართველოს ნაკრების თავდასხმა ვერაფერს იტყვის, რადგან თავდასხმა არ გვყავს.

დარჩა მხოლოდ მისი ხვაშიადი...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge


იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ირლანდია-საქართველო 4:0 - გუნდი, რომელსაც მომავალი არ აქვს [VIDEO]
თვალსაზრისი: კიდევ ერთხელ ტანკსა და სამშობლოზე
რამდენს იღებს თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებში?
თემურ ქეცბაია: ნაკრებიდან მაშინვე წავალ, როცა შანსი გაქრება!
თემურ ქეცბაია: ჯანო ანანიძე სამი წლის წინანდელ დონეზე დარჩა
მარადიული კითხვა - შედეგი თუ სანახაობა?
ქეცბაიას კამათი ჟურნალისტთან - ბევრჯერ მოგვიგია საფრანგეთთან? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 13 /
ყაზაიშვილი შემოქმედი ფეხბუეტელია რაც საქარტველოს ნაკრებში და მის ცენტრში აუცილებლად დიდ საქმეს გააკეტებდა.მაგრამ დანახვა უნდა.დავიგალეტ ამდენი ტამაშის გამფუჭებელი ხალხის ყურებიტ
0
არავისგან არაფერი არ გვინდა, გვინდა რაც შეუძლიათ ის გააკეთონ... თუ არ შეუძლიათ თქვან და აღარ ვიყურებ მაინც... ქეცბაიასთან არაფერი არ მინდა მე პირადად, თვითონ რა უნდა ამ გუნდით გააკეთოს ეგ მაინტერესებს...
PARFIUMER
14:31 05-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული