მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" განახორციელებს.
წინა დღეს ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ყაზახური მედიის კითხვებს უპასუხა.
- უპირველესად, მსურს, ყაზახური ფეხბურთის 100 წლისთავის იუბილე მოგილოცოთ. სამწუხაროდ, მატჩისთვის კარგად ვერ მოვემზადეთ, რადგან გუნდი სრულად მხოლოდ დღეს შეიკრიბა.
მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, შევძლებთ ვაჩვენოთ ის ფეხბურთი, რომელიც ხალხს უყვარს.
- ყაზახეთის ნაკრების რომელიმე მატჩი ხომ არ გინახავთ?
- ყაზახეთისა და ბულგარეთის შეხვედრა ვნახე. საინტერესო გუნდი გყავთ.
- ყაზახეთის ნაკრებში ვის გამოარჩევდით?
- არ მსურს ვინმეს გამოყოფა, მთლიანობაში გუნდი კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. სამწუხაროდ, ჩვენ ყველა ფეხბურთელს ვერ ვათამაშებთ, ზოგს ტრავმა ჰქონდა, ზოგსაც - პრობლემა კლუბში. შემადგენლობის მხოლოდ 80 პროცენტი შევკრიბეთ.
ამას ისიც დაემატა, რომ ზოგიერთ მოთამაშეს აქ ჩამოსასვლელად ლამის მთელი დღე დასჭირდა. პრობლემების მიუხედავად, მოსაგებად თავს არ დავზოგავთ.
- ჩვენ გვახსოვხართ, როგორც "ნიუკასლის" მოთამაშე. თქვენზე, როგორც მწვრთნელზე, ინგლისურმა ფეხბურთმა დიდი გავლენა იქონია?
- უპირველესად, მე სულით ქართველი ვარ და ინგლისის გარდა, სხვა ქვეყნებშიც მითამაშია. ბევრ ცნობილ მწვრთნელთან მივარჯიშია, რომლებმაც უამრავი რამ მასწავლეს.
ქართული ფეხბურთი ტექნიკით იყო ცნობილი, მაგრამ ამავე დროს, ვფიქრობ, ფიზიკური ძალაც უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ ახლა კარგი თაობა გვეზრდება, რომლისგანაც დიდ გამარჯვებებს ველით.
მიმდინარე შესარჩევ ციკლში კი ახალ გუნდს ვაყალიბებთ. ფინეთს თუ დავამარცხებთ, ჯგუფში მესამე ადგილს დავიკავებთ. საფრანგეთსა და ესპანეთთან ჭიდილზე ლაპარაკი კი ჯერ ნაადრევია.
- ყაზახეთის ნაკრებისგან რომ მიიღოთ მიწვევა, დათანხმდებოდით?
- ახლა საქართველოს ნაკრებში ვმუშაობ, მაგრამ თუ შემოთავაზება იქნება, რატომაც არა?!
* * *
აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის ორი კლუბი ევროტურნირების პლეი ოფში მოხვდა: ყარაღანდის "შახტიორი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრას გლაზგოს "სელტიკთან" ბრძოლაში შეეცდება, ევროპალიგაზე კი "აქტობე" კიევის "დინამოს" დაუპირისპირდება.
ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიროსლავ ბარანეკი ამ კლუბების ინტერესს ითვალისწინებს და მათ ფეხბურთელებს მაქსიმუმ ერთ ტაიმს ათამაშებს, ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი, ყარაღანდის "შახტიორის" თავდამსხმელი ანდრეი ფინოჩენკო და "აქტობეს" ლიდერი, რუსეთის პრემიერლიგაში ნათამაშები მარატ ხაირულინი კი საერთოდ არ გამოიძახა.
ტრავმის გამო ვერ ითამაშებს "ქაირათის" გამოცდილი მცველი, ევროთასებიდან ჩვენთვის კარგად ნაცნობი სამატ სმაკოვიც.
სამაგიეროდ, ბარანეკი თავის გამოჩენის შანსს გამოცდილ ნურბოლ ჟუმასკალიევს აძლევს.
"საქართველოს ნაკრებში რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელია. დისციპლინირებულ და კარგად ორგანიზებულ მეტოქეს ვხვდებით, მაგრამ აუცილებლად შემტევი ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ", - ამბობს ბარანეკი.
იხილეთ ფოტოგალერეა
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ყაზახეთი VS საქართველო - გავიგოთ ჩვენი ნამდვილი ფასი!