ყაზახეთი-საქართველო 1:0 - თავისუფალი ვარდნა გრძელდება! [VIDEO]

AutoSharing Option
...ვარდნა გრძელდება! სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო. სამაგიეროდ, ჩვენს მეტოქეს უნდა მივულოცოთ: ყაზახეთის ნაკრებმა წლეულს პირველი შეხვედრა მოიგო!

საერთოდაც, ყაზახები ნამდვილად არ ანებივრებენ თავიანთ გულშემატკივრებს ხშირ-ხშირი წარმატებებით: შარშანაც ერთადერთი მატჩი მოიგეს (ყირგიზეთთან), შარშანწინაც (აზერბაიჯანთან) და იმისწინაც (ომანთან). ანუ წლევანდელი "გეგმა" უკვე შესრულებულია და ჩეხი სპეციალისტის, მიროსლავ ბერანეკის გუნდმაც ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის 100-წლიანი იუბილე საქართველოს ნაკრებთან გამარჯვებით აღნიშნა.

თანაც, ჩვენს მეტოქეს ათმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, მაგრამ ნავსი ვისთან უნდა გაეტეხა, თუ არა - საქართველოს ნაკრებთან?

ეგ კი არა, ძალიან
დიდი შანსი იყო, სულაც გამანადგურებელი ანგარიშით წაგვეგო: მეორე ტაიმში, როცა ტერიტორიულ უპირატესობას მთლიანად ჩვენი ნაკრები ფლობდა, მასპინძლებმა, სულ მცირე, ოთხი რეალურზე რეალური მომენტი შექმნეს, მაგრამ სამჯერ ნუკრი რევიშვილმა გადაგვარჩინა, ერთხელ კი - დავით კვირკველიამ!

Sportall.Geდა, ჩვენ? სამწუხაროდ, ყაზახების ორივე მეკარე (ანდრეი სიდელნიკოვი და ალეკსანდრ მოკინი), ფაქტობრივად, არც შეგვიწუხებია და, რასაც ნაღდი მომენტი ჰქვია, 90 წუთის განმავლობაში არც შეგვიქმნია!

არ დავმალავთ: ძალიან მომაბეზრებელიც გახდა საქართველოს ნაკრების პერმანენტული წარუმატებლობების "გამართლება"!

ჰო, იქნებ ვინმემ ისიც თქვას, 14 აგვისტოს გამართული შეხვედრის ბელორუს არბიტრს აშკარაზე მეტი სიმპათია რომ ჰქონდა მასპინძლების მიმართ, ამ ყველაფერმა მატჩის საბოლოო შედეგზეც გავლენა იქონიაო? კი ბატონო - მეორე ტაიმში რამდენიმე ისეთი ეპიზოდი იყო, მასპინძელთა საჯარიმოს სიახლოვეს ყაზახი ფეხბურთელები წესებს აშკარად რომ არღვევდნენ, მაგრამ მსაჯს განსხვავებული აზრი ჰქონდა;

იყო ერთი-ორი ეპიზოდიც, როცა საკამათო "თამაშგარე მდგომარეობა" დაფიქსირდა, მაგრამ კიდევ ვიმეორებთ: უბრალოდ, არასერიოზული იქნება ჩვენი ნაკრების ზედიზედ მეოთხე მარცხის არბიტრებზე გადაბრალება...

...როცა ირლანდიის, დანიისა და განსაკუთრებით, საფრანგეთის ნაკრებებთან ვაგებდით, მეტოქის კარგად ორგანიზებულ თამაშსა თუ ცალკეული ინდივიდუალისტების გაბრწყინებასაც აღვნიშნავდით ხოლმე; სამწუხაროდ, ყაზახებზე აღმატებულ ხარისხში როგორ უნდა ვილაპარაკოთ: ისინი ძალიან მარტივად თამაშობდნენ, უბრალოდ, მაქსიმალურად ცდილობდნენ, მოედნის ცენტრი სწრაფად გადაელახათ და ერთი-ორი პასით ამას ახერხებდნენ კიდეც!

სხვათა შორის, ყაზახები ზედმეტს არაფერს აკეთებდნენ (ჩვენებისგან განსხვავებით) და როგორც კი იმათი ფეხბურთელი ბურთს მიიღებდა, მაშინათვე პარტნიორისკენ პასი კეთდებოდა;

აი, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა უმრავლესობას კი, ტრადიციულად, ბურთთან "განშორებაც" უჭირდა და რაიმე გააზრებულ კომბინაციაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.

...პირველი ტაიმი მოსაწყენი კი არა, საერთოდაც, დამთრგუნველი აღმოჩნდა: ჯანო ანანიძის სახიფათოდ შესრულებული საჯარიმო და დავით თარგამაძის დარტყმა, - აი, სულ ეს შეიძლება ჩვენს ნაკრებს აქტივში რომ ჩავუთვალოთ. დანარჩენი დროის განმავლობაში, თუ ჩვენები მოედნის ცენტრს გადასცდებოდნენ, მაშინათვე აქცენტი კეთდებოდა მეტოქის საჯარიმოში მაღალ ჩაწოდებებზე - ალბათ, იმის იმედად, რომ ტანმაღალ ირაკლი სირბილაძეს საჰაერო "დუელი" მოეგო და ბურთიც ან კარში გადაეგზავნა, ან კიდევ - პარტნიორებისათვის დაეგდო.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



სამწუხაროდ, ამ გათვლამ არ გაამართლა. არადა, ერთი შეხედვით, ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში ისეთი სამივე შემტევია (დავით თარგამაძე, ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი), პლუს "საყრდენად" გამწესებული სანდრო კობახიძე, რომ ხანდახან უცნაურადაც გვეჩვენება ის ფაქტი, თუ როგორ ვერ ხერხდება ამ ახალგაზრდა ფეხბურთელების პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება...

...ყაზახებმა გოლამდეც ერთი-ორჯერ სახიფათოდ შემოგვიტიეს, მაგრამ მართლაც ჩინებულ ფორმაში მყოფი ნუკრი რევიშვილი უშეცდომოდ თამაშობდა; ჩვენს მეკარეს გაშვებულ გოლში ნამდვილად ვერ დავადანაშაულებთ: პოზიციური შეცდომა ჩვენებმა ჯერ მარცხენა ფლანგზე დაუშვეს, მერე დაცვის ცენტრში და სერგეი ხიჟნიჩენკომაც ბურთი ჯერ დაიმორჩილა, მერე შემოტრიალდა და ზუსტადაც დაარტყა!

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

...შესვენების შემდეგ თემურ ქეცბაიამ მოედანზე სამი ახალი ფეხბურთელი შემოიყვანა, თუმცა ჩვენი ნაკრების განლაგება (4-2-3-1) არ შეცვლილა და შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა, რომ პოლონეთის ჩემპიონისა და ჩემპიონთა ლიგის პლე ოფში გასული ვარშავის "ლეგიას" ცენტრფორვარდი ლადო დვალიშვილი აშკარად არაკომფორტულად გრძნობდა თავს... მარცხენა გარემარბის პოზიციაზე.

ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ მეორე ტაიმმა, ფაქტობრივად, მთლიანად ჩვენების ტერიტორიული უპირატესობით ჩაიარა, ბურთიც მუდამ მეტოქის ნახევარზე იყო, მაგრამ სახიფათო მომენტებს... მასპინძლები ქმნიდნენ! თანაც, ისეთ(ებ)ს, უეჭველ საგოლეს რომ ეძახიან ხოლმე და რომ არა ჩვენი მეკარის, ნუკრი რევიშვილის უშეცდომო თამაში, ალბათ, უფრო დიდ სირცხვილსაც ვნახავდით.

თუმცა, ასეთი უშინაარსო და რაღაცნაირად "უგულო" თამაშის შემხედვარე, ალბათ, იმასაც აღარ ჰქონდა მნიშვნელობა ერთბურთიანი სხვაობით წავაგებდით თუ - უფრო მეტით.

მატჩის ბოლო ათ წუთში კი ჩვენი ნაკრების თავკაცი ვა-ბანკზეც წავიდა: მარჯვენა მცველი გურამ კაშია "მოხსნა" და ჩვენი გუნდი 3-4-3 ტაქტიკაზე გადაეწყო, თუმცა სწორედ ამ პერიოდში იყო, მასპინძლებმა ორი უმწვავესი კონტრშეტევა რომ განახორციელეს, მაგრამ, საბედნიეროდ, ორივეჯერ ჩვენმა მეკარემ იყოჩაღა...

...წაგებას წაგება მოსდევს, ქართულ მედიასა თუ გულშემატკივრებში დაგროვილი უამრავი კითხვა კი, ტრადიციულად, ალბათ, კვლავაც პასუხგაუცემელი დარჩება; ოღონდ, ერთადერთი ისღაა საინტერესო, ასეთი უიმედო სიტუაცია როდემდე უნდა გაგრძელდეს?..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაია: ასეთ კარგ თამაშში წაგება საწყენი არაა
სანდრო კობახიძე: შეგვეძლო მოგება, მაგრამ ბურთი კარში არ შედიოდა
მკითხველის კომენტარები / 17 /
...ის მაინც მოვახერხოთ, რომ სტადიონზე გულშემატკივრებიდან არავინ შევიდეს...თუნდაც სტადიონის გარეთ დავდგეთ, მაგრამ ბილეთი არავინ იყიდოს... იქნებ ამით მაინც ვიქონიოთ გავლენა ფედერაციაზე...რაც არ უნდა იყოს საფრანგეთთან თამაშში შემოსავალს ელიან...რაღაც გზა ხომ უნდა არსებობდეს ქეცბაიას მოშორების...
murtalo
02:56 16-08-2013
0
ამათი შემხედვარე რამისაა ხოკეიზე დავიწყო საბალეშიკოდ სიარული კიდევ კარგი საქართველოში არაა, დაივიცყეთ წარსულის დიდება და წინ იყურეთ რა! ამოვიდნენ ყელში შეგვაზიზღეს ფეხბურთი!!!
andro
19:31 15-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული