გია გეგუჩაძე: საქართველოს ნაკრები დაბალანსებული არ არის

AutoSharing Option
ქართულ საფეხბურთო სამყაროში ისეთი რესპონდენტის მოძებნა ჭირს, კომპეტენტურად და საინტერესოდ რომ მიმოიხილავს ვითარებას. არადა, სპეციალისტის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ახლა, როცა ქართულ ფეხბურთში საინტერესო და დამაფიქრებელი პროცესები ხდება...

ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა 14 აგვისტოს ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო და არა მგონია, ეს შემთხვევითობა იყოს.

ქართული გუნდების გამოსვლა წლევანდელ ევროსარბიელზე ერთობ დამაფიქრებელია, თუნდაც იმიტომ, რომ გამოჩნდა, საკლუბო დონეზე არცთუ ისე ბეჩავები ვართ, როგორც ზოგს ჰგონია.

ჩვენი რესპონდენტი გია გეგუჩაძე გახლავთ, თბილისის "დინამოს", "ზესტაფონისა" და ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ვინც ამ
ინტერვიუში ღიად საუბრობს როგორც ნაკრებზე, ისე წამყვან ქართულ კლუბებზე...

- ყაზახეთთან მატჩით დავიწყოთ. რა პოზიტივები და ნეგატივები დაინახეთ?
- რთული იყო დადებითის დანახვა. დიდი უპირატესობა გვქონდა, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში, რაც ბურთის ფლობის ხანგრძლივობაში გამოიხატებოდა. ბევრი კუთხური მოვიპოვეთ, ბევრი იყო კარისკენ დარტყმა, ანუ სტატისტიკური მონაცემებით, უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო.

სხვა საქმეა, რამდენი სახიფათო მომენტი შევქმენით, რამდენად გააზრებული იყო ჩვენი პოზიციური შეტევები...

საბოლოო ჯამში, ჩვენი სტატისტიკური მაჩვენებლები შედეგში ვერ ავსახეთ, უპირატესობის რეალიზაცია ვერ მოვახერხეთ, ჩვენს შეტევებს აკლდა სიმწვავე, იმის გააზრება, თუ საიდან და როგორ ჯობდა იერიშის განვითარება. მეტოქის საჯარიმო მოედნის მისადგომებთან და საჯარიმოში გვიჭირდა წინაღობების გადალახვა, ყაზახები კონტრშეტევებზე თამაშობდნენ და ამის საწინააღმდეგო იარაღი ჩვენ არ აღმოგვაჩნდა.

- ეროვნული ნაკრების კონტინგენტზე რას გვეტყვით? ეს რესურსი რა შედეგს უნდა გასწვდეს?
- ამ კონტინგენტით თამაში შეიძლება. თუმცა ნახეთ, რაშია საქმე - მწვრთნელმა გუნდი სრულად 13 აგვისტოს შეკრიბა, თამაში კი მეორე დღეს იყო...

- გასაგებია, მაგრამ ყოველთვის ასეთ სიტუაციაში ხომ არ უწევს საქართველოს ნაკრებს თამაში? მხოლოდ ეს ხომ არ არის პრობლემა?
- სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები დაბალანსებული გუნდის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. მოედანზე გაგვყავს სამი თავდამსხმელი, ოთხი-ხუთი შემტევი ნახევარმცველი, მაგრამ ურთიერთქმედებისა და მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალი არ არის.

- ყაზახეთთან მატჩისთვის არ იყო გამოძახებული ლევან ყენია. მას საკმაოდ ბევრი გაუცდა და როგორ ფიქრობთ, ამ ეტაპზე რამდენად საჭირო ფეხბურთელია ნაკრებისთვის?
- როგორც კი ყენია გამოჩნდა, მაშინვე იმედისმომცემ ფეხბურთელად წარმოაჩინა თავი. მისი პოტენციალი გამოსაყენებელია. იმედია, ჩადგება ოპტიმალურ ფორმაში და ნაკრებშიც დაიმკვიდრებს ადგილს. ნაკრების მწვრთნელი ყველაზე ახლოს არის სიტუაციასთან. მისი უპირველესი მოვალეობაა, თვალყური ადევნოს ამა თუ იმ ფეხბურთელის მდგომარეობას. სელექცია და კონკრეტული მატჩისთვის სწორი შემადგენლობის შერჩევა - ნაკრებში მთავარი ეს არის.

- საქართველოს ნაკრების დაცვაში მნიშვნელოვანი სისუსტეებია. დაცვის ცენტრი ხშირად მორღვეულია, ფლანგებიდან არ არის შემტევი აგრესია, გურამ კაშიას ფუნქციაც გაუგებარია, ზოგი მცველი უკვე ვეღარ თამაშობს ნაკრების დონეზე. სამაგიეროდ, დაწინაურდა გორის "დილას" მცველი მამუკა კობახიძე... თქვენი აზრით, არის თუ არა ის საინტერესო ფეხბურთელი ეროვნული ნაკრებისთვის?
- საერთოდ, გუნდურ თამაშს ვემხრობი. ნომინალური თავდამსხმელების სიუხვე არ ნიშნავს მაღალ შემტევ პოტენციალს. დაცვაში თამაშის დროსაც ყველაფერი გუნდურად უნდა ხდებოდეს.

ყაზახეთთან მატჩში ბევრი სახიფათო კონტრშეტევა მივიღეთ, მაგრამ ეს იერიშები მეტოქის ნახევრიდან იწყებოდა. ამიტომ პრობლემების მოგვარება, პირველ რიგში, გუნდურ თამაშშია საჭირო.

რაც შეეხება დაცვის კონტინგენტს, ალბათ, შეიძლება ცვლილებების შეტანა. ჩვენი პოტენციალი სრულად უნდა იყოს გამოყენებული. თუ რომელ ფეხბურთელებს შეარჩევენ ნაკრებისთვის, ზოგადად, ამაზე მწვრთნელი უნდა იყოს პასუხისმგებელი.

- "დინამო" და "დილა" ევროსარბიელზე აგრძელებენ გამოსვლას. წინა შეხვედრებში მათ თამაშს როგორ მიმოიხილავდით?
- "დილას" ფონზე "დინამო" უფერულად გამოიყურებოდა. შესაძლოა, "დილას" უფრო სუსტი მეტოქეები შეხვდა, ვიდრე "სტიაუა" იყო "დინამოსთვის", მაგრამ "დილას" და "დინამოს" თამაშის ხარისხი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებოდა.

მომეწონა "დილას" სწორი და გააზრებული თამაში. "ჰაიდუკთან" სტუმრად გამართული შეხვედრის ბოლოს გუნდს დაღლა დაეტყო, თუმცა მისთვის სასურველი შედეგით დაასრულა თამაში და საპასუხო მატჩისთვის საქმე გაიადვილა. თბილისში კი სანახაობრივად უკეთ ითამაშა.

"დინამოს" პოზიტივზე იმას ვიტყოდი, რომ რუმინეთში, მეორე ტაიმის დასაწყისში, კარგად ითამაშა, ანგარიშიც გაათანაბრა, მაგრამ მერე სად გაქრა და რატომ გაქრა ეს მუხტი, ვერ გეტყვით. ჩავთვალოთ, რომ ეს "სტიაუას" დამსახურება იყო.

ჩემი აზრით, "სტიაუა" არ იყო დაუძლეველი ბარიერი "დინამოსთვის". ვფიქრობ, "დინამოს" უფრო ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავს, ვიდრე "სტიაუას". როცა ამას ვამბობ, მხოლოდ იმ ფეხბურთელებს არ ვგულისხმობ, რომლებიც მოედანზე იყვნენ. "სტიაუამ" გუნდური, ორგანიზებული თამაშით აჯობა საქართველოს ჩემპიონს, "დინამო" კი თავისი შემტევი ფეხბურთელების ინდივიდუალურ ოსტატობას ეყრდნობოდა.

უნდა ვაღიაროთ, რომ "დინამოსთვის" "ტოტენჰემის" დამარცხება ურთულესი საქმეა, "დილას" კი უკეთესი შანსი აქვს ევროპალიგის ჯგუფში შესასვლელად, რისი თქმის საფუძველსაც ამ გუნდის წინა თამაშები მაძლევს.

ორივე ქართულ გუნდს გულით ვუსურვებ წარმატებას, მათი კარგი შედეგი განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის.

- ნაკრების პრობლემა კი, ალბათ, უფრო საფუძვლიანად არის განსახილველი...
- საქართველოს ნაკრები არ უნდა განვიხილოთ, როგორც ცალკე მდგომი გუნდი, მას ბევრი შემადგენელი ნაწილი აქვს. ნაკრები არ არის მხოლოდ მწვრთნელი და ფეხბურთელები. ამ გუნდს ჰყავს ხელმძღვანელობა, გულშემატკივარი, ნაკრების პარტნიორია მასმედია და როცა არსებობს კომუნიკაციის დეფიციტი, ალბათ, ესეც მოქმედებს გუნდის შედეგზე.

შესაძლოა, ეს ფაქტორი ყველაზე მნიშვნელოვანიც კი იყოს.

შარშან ჩვენმა 17-წლამდელებმა ითამაშეს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, წლეულს 19-წლამდელთა ნაკრებმა, ძალიან კარგი გუნდი ჩანს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიც და ყველაფერი ეს ერთ სისტემაში უნდა იყოს მოქცეული.

რისთვის არსებობს ნაკრები, რა მიზნები აქვს - ეს ყველაფერი გარკვეული უნდა იყოს და ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ეროვნულის წინსვლაში. როცა ამ პასუხისმგებლობას ყველა გადაინაწილებს და გაითავისებს, ეს გააადვილებს საერთო საქმეს.

ცუდი შედეგის მხოლოდ მწვრთნელზე გადაბრალება არ არის სწორი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
...მაშინ წადი! - ქომაგის მიმართვა თემურ ქეცბაიასა და ნაკრებისადმი [VIDEO]
თემურ ქეცბაია: ასეთ კარგ თამაშში წაგება საწყენი არაა
სანდრო კობახიძე: შეგვეძლო მოგება, მაგრამ ბურთი კარში არ შედიოდა
ყაზახეთი-საქართველო 1:0 - თავისუფალი ვარდნა გრძელდება! [VIDEO]

ფრაგმენტი ჩემი კარიერიდან: ერთი იდეოლოგია გვქონდა
გია გეგუჩაძე: რომ არა მწვრთნელობა, ჟურნალისტი გავხდებოდი
მკითხველის კომენტარები / 15 /
ფეხბურთში ყველა ერთმანეთს იცნობს,ახლობლობენ და ამიტომაც ერიდებიან სიმართლის თქმას. ფეხბურთი კი იღუპება. შორსმხედველი "ბოსები
კი თითქმის არ არიან.ყველას უცბად უნდა ფული.ნაცნობ-ნათესავებს, ერთს ან ორს აიტანს გუნდი,მაგრამ მთლიანად არა.


avoieeee
18:41 18-08-2013
0
დაბალანსება გაუკეთეთ და თუ გინდათ ბალანსიროვკა ჩვენს ფეხბურთელებს მაინც არ გამოვა ამათგან არაფერი, ეჰ რა დონის ფეხბურთელები გვყავდა შენგელია, დარასელია ყიფიანი.. ყველა ფეხბურთელი 80იანი წლების დინამოდან და რა დონის გვყავს დღევანდელ დღეს, ფეხბურთი შემაძულეს ამათი თამაშის შემყურე
messi
10:35 18-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული