უზომოდ ბედნიერი ვარ! - გიორგი ილურიძე ჯერ ნაკრებში, მერე... "ჰაიდუკში"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 2014 წლის მუნდიალის უახლოეს ორ საკვალიფიკაციო შეხვედრას თბილისში ჩაატარებს - 6 სექტემბერს "დინამო არენაზე" საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 10 სექტემბერს კი "მიხეილ მესხზე" ფინეთს უმასპინძლებს.

26 აგვისტოს თემურ ქეცბაიამ სანაკრებო სია გამოაქვეყნა. სიაში ორი ახალწვეულია - გორის "დილას" შემტევი, 21 წლის გიორგი ილურიძე და ბაქოს "ინტერის" თავდამსხმელი - 25 წლის ბაჩანა ცხადაძე.

ორივე არჩევანი სავსებით ლოგიკურია. ილურიძე "დილას" წლევანდელი წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია, ცხადაძე კი მამის, "ინტერის" მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის ჩრდილიდან გამოვიდა და აზერბაიჯანელებს დაუმტკიცა, რომ გუნდში არა
ცნობილი ფეხბურთელის შვილობის, არამედ ბომბარდირული მონაცემების გამო ჩაირიცხა.

* * *
26 აგვისტო გიორგი ილურიძისთვის ორმაგად სასიხარულო გამოდგა. გარდა იმისა, რომ გორის "დილას" ნიჭიერი შემტევი თემურ ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა, არის მეორე მიზეზიც - შესაძლო ტრანსფერი ევროპაში.

დანამდვილებით ვიცით, რომ ილურიძის გადაბირება ეკატერინბურგის "ურალს" სურდა. რუსეთის პრემიერლიგაში აღზევებული კლუბის ხელმძღვანელებმა 21 წლის ახალგაზრდას მიმზიდველი კონტრაქტიც შესთავაზეს. ფაქტია, ბოლო წლებში ქართველ ფეხბურთელებს, სინჯების გარეშე, რუსეთის პრემიერლიგის გუნდები პირდაპირ ხელშეკრულებას თითქმის არ უფორმებდნენ...

მაგრამ ილურიძემ, მოულოდნელად, რუსებს უარი უთხრა: შევიტყვეთ, რომ იქაურ პრემიერლიგაში თამაშს ევროპაში ამჯობინა კარიერის გაგრძელება, თანაც - გაცილებით მცირე ანაზღაურებაზე...

მოკლედ, "დილას" ერთ-ერთი ლიდერი ევროპალიგაზე გორელთა ამასწინანდელ მეტოქე სპლიტის "ჰაიდუკთან" 2,5-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. მეტიც - ისიც გავიგეთ, თითქოს ხორვატებმა კონტრაქტის პირობები ილურიძეს ელექტრონული ფოსტით გამოუგზავნეს, რაზეც ფეხბურთელმა თანხმობა უკვე განაცხადა - ხელი მოაწერა და ელფოსტითვე დაუბრუნა.

ილურიძემ ამაზე კომენტარი არ ისურვა და ეს გასაგებიცაა - "რაპიდთან" საპასუხო მატჩის წინ აჟიოტაჟს ერიდება. ნაკრებში მიწვევასთან დაკავშირებით კი ეს გვითხრა:

"არც ვიცი, რა ვთქვა. ორი წუთის წინ დამირეკეს და მითხრეს, სიაში ხარო და ვერ ვიჯერებდი. უზომოდ ბედნიერი ვარ!.. იქ ხომ გამორჩეული ქართველი ფეხბურთელების გვერდით ვივარჯიშებ!..

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ნაკრებში თავი გამოვიჩინო და თუ თამაშის შანსი მომეცა, თავს არ დავზოგავ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაიამ საფრანგეთთან და ფინეთთან მატჩებისთვის ორ დებიუტანტს უხმო
გიორგი ილურიძე: ეტო'ოსა და კარლოსისგან ბევრი რამ ვისწავლე
მკითხველის კომენტარები / 11 /
რა უნდა ჰაიდუკში ტო???
zangura
14:45 27-08-2013
0
წარმატებები!!!!
guja_kakhadze
14:52 27-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული