თემურ ქეცბაია: ყენია ჩემს მოთხოვნებს ვერც პიროვნულად აკმაყოფილებს

AutoSharing Option
როგორ თქვა? ცივი წყალი დალიოსო? ნაკრებისთვის ცხელ წყალსაც დავლევ, მაგრამ...

6 და 10 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საფრანგეთსა და ფინეთს უმასპინძლებს. ჩვენმა გუნდმა შეკრება უკვე დაიწყო.

2 სექტემბერს თემურ ქეცბაია მედიას შეხვდა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სანაკრებო თემების გარდა, ქართული ფეხბურთის პრობლემებზეც ილაპარაკა:

- ორი ძნელი თამაშისთვის ვემზადებით. კარგია, რომ ძლიერ ნაკრებებს ვეთამაშებით. თავიდანვე გეტყვით, რომ წინასწარ სიაში ცვლილებებია: დავით კვირკველიას გიორგი ფოფხაძე ჩაანაცვლებს, გიორგი ილურიძეს - გრიგოლ დოლიძე, ხოლო ლევან მჭედლიძეს - ირაკლი მოდებაძე.

იმედია, გულშემატკივარი
ორივე თამაშზე მოვა, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მატჩები; სატურნირო თვალსაზრისით კი, ფინეთთან შეხვედრა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

დიდი ხნის შემდეგ ჩვენ გვაქვს შანსი, ჯგუფში მე-3 ადგილი დავიკავოთ, რაც ქართული ფეხბურთისთვის უდავოდ პოზიტიური მოვლენა იქნება.

- ამ ბოლო ხანს თარგამაძესა და ოქრიაშვილს "ილიჩევეცში" 15-20 წუთი თუ ათამაშებენ. ამაზე რას იტყვით?
- ასე ბევრი ფეხბურთელია. მაგალითად, კობახიძეს საერთოდ არ ათამაშებენ, მაგრამ ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესოა.

- ვიცით, რომ ევროთასებზე ქართული კლუბების გამოსვლას თვალს ადევნებდით. თქვენი აზრით, ჯგუფურ ეტაპზე გასვლა შეუძლებელი იყო ჩვენი ფინანსების, მომზადების ხარისხისა და გუნდების შემადგენლობების გათვალისწინებით?
- გუნდებს მოსამზადებლად თვე-თვენახევარი ჰქონდათ, მათი ფინანსური მდგომარეობა კი ყველამ ვიცით. შეიძლება, გუნდი მწირი ბიუჯეტით ისე დააკომპლექტო, რომ ბევრად დიდი შეძლების კლუბები გამოაგდო, მაგრამ მგონია, რომ ჩვენმა გუნდებმა მაქსიმუმი გააკეთეს.

პლეი-ოფში 12 გოლი გაუშვეს, თავად კი ერთიც ვერ გაიტანეს. ეს სამწუხარო რეალობაა და ხალხს სიმართლე უნდა ვუთხრათ და არა ზღაპრებით ვკვებოთ. ოთხი წელია, ვამბობ, ჩვენი ფეხბურთის დონე დაბალია და საქმეს მივხედოთ-მეთქი, მაგრამ სამწუხაროდ, არაფერი ხდება. არადა, ფეხბურთის განვითარება სახელმწიფოს ინტერესში უნდა იყოს.

"დილას" თამაშზე სტადიონი შეივსო, გარეთ კიდევ 20 ათასი იდგა. დღეს საქართველოში კიდევ რომელ ძალას შეუძლია ერთ დაძახებაზე 30 ათასი კაცის შეკრება? ამიტომ არის ჩვენი ფეხბურთი იმის ღირსი, რომ ყურადღება მიაქციონ.

- ხელისუფლებასთან ამის თაობაზე არ გილაპარაკიათ?
- ჩემი აზრი არავის აინტერესებს და ვის ველაპარაკო?! ვთქვი, რომ ასაკობრივი შეზღუდვა აუცილებელია, რათა 16-17 წლის ბავშვების გადინება მაინც შევაჩეროთ, მაგრამ არველაძეების მაგალითი მოიყვანეს, თავიდანვე ევროპაში რომ არ წასულიყვნენ, ვერაფერს მიაღწევდნენო.

არველაძეებმა საქართველოს ჩემპიონატში ითამაშეს, ასე გაიზარდნენ და უცხოეთშიც ამის შემდეგ წაიყვანეს. ახლა ევროპაში ქართველებს აღარ იწვევენ, რამდენიმეა ჰოლანდიაში, ევროპულ ლიგებსა და რუსეთ-უკრაინაში. არადა, ბევრმა საქართველო ჩვენი ფეხბურთით გაიცნო და იმის ღირსი მაინც არ არის, რომ სახელმწიფო დაეხმაროს?!

- რატომღაც ჩვენთან დამკვიდრებული აზრია, რომ ფეხბურთს მხოლოდ პოსტკომუნისტურ ქვეყნებში აფინანსებენ. არადა, კვიპროსში, სადაც კომუნიზმი არასოდეს ყოფილა, ფეხბურთი სწორედ სახელმწიფოს ფულით განავითარეს...
- დიახ, ასე იყო. კლუბებს დაფინანსება მხოლოდ ევროკავშირში შესვლის შემდეგ შეუმცირეს, მაგრამ მთლიანად ზურგი არ შეუქცევიათ. ყაზახეთში სახელმწიფო კლუბებს 3 მილიონ დოლარს ურიცხავს, სულ კი ფეხბურთის განვითარებაზე მილიარდ დოლარს ხარჯავს. ცხადია, ამხელა ფული ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ რაღაც მაინც ხომ უნდა გავაკეთოთ?

ადრე ბიზნესმენები ფეხბურთში ფულს ხელისუფლების შიშით არ აბანდებდნენო, მაგრამ ახლა წნეხი მოიხსნა და ვინც იყო, ისინიც გაქცევაზე არიან. არადა, ტალანტებს ხელი ხომ უნდა შევუწყოთ?! კიდევ კარგი, მოედნები მაინც გაკეთდა, მაგრამ გაცილებით მეტია საჭირო.

- ფრანგებს 2006 წელსაც ვუმასპინძლეთ და პირწმინდად დავმარცხდით. შეადარეთ მაშინდელი და ახლანდელი საფრანგეთი...
- ახლა არანაკლები გუნდი ჰყავთ, მაგრამ ვეცდებით, გულშემატკივრებს იმედი თამაშის პირველივე წუთიდან არ მოვუკლათ. მანამდე გვსურდა, რომ ამხანაგური შეხვედრა აქ ჩაგვეტარებინა, მაგრამ არავინ ჩამოდის და ძალით ვერ დავითანხმებთ... სულ იმაზეა ლაპარაკი - ნაკრები შემტევ ფეხბურთს არ თამაშობსო. ყაზახებთან 5 შემტევი სტილის ფეხბურთელი ვათამაშე, ბოლოს მოედანზე 3 თავდამსხმელი გვყავდა და მაინც წავაგეთ. თქვენ გგონიათ, დაცვითი ფეხბურთი მიყვარს?

თავდამსხმელი ვიყავი და შეტევას არაფერი მირჩევნია, მაგრამ ისიც მახსოვს, ვითომ კარგად რომ ვთამაშობდით და ვაგებდით. ჩვენი წარსულიც გავაანალიზე, დღევანდელ რეალობასაც გადავხედე და მივხვდი, რომ სხვა არჩევანი არ გვქონდა.

- საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ნაკრების კანდიდატებს აკვირდებით?
- ვაკვირდები ყველგან, სადაც ამის საშუალება მაქვს. ხშირად დავყვები ახალგაზრდულ და ასაკობრივ ნაკრებებს. ვცდილობ, ახალგაზრდებს შანსი მივცე და ბევრიც გავსინჯეთ. სამწუხაროდ, თავი ყველამ ვერ გამოავლინა, რადგან საქართველოს ჩემპიონატში სასურველი დონე არ არის - ამას გულისტკივილით ვამბობ. ევროპალიგის პლეი-ოფიდან გრანდებს არ გამოვუგდივართ და აბა, დავფიქრდეთ, ნამდვილი გრანდები რამდენით არიან ჩვენზე წინ.

- თქვენსა და ყენიას შორის არსებული კონფლიქტი იმას ნიშნავს, რომ მას ნაკრებში აღარ გამოიძახებთ?
- მე მასთან კონფლიქტი არ მაქვს. ნაკრები ჩემი კი არა, იმ ხალხისაა, ვინც ჯიბიდან ბოლო თეთრს იღებს და ბილეთს ყიდულობს.

როგორ თქვა, ცივი წყალი დალიოსო? ნაკრებისთვის ცხელ წყალსაც დავლევ, მაგრამ ამ სიტყვებზე პასუხი თქვენც უნდა მოსთხოვოთ! გეკითხებით, რედაქტორი სამსახურში თქვენს იმედად რომ არის და უმიზეზოდ არ მიხვალთ, არ გაგათავისუფლებენ?

ადრე ნაკრებში 16-17 წლის ბიჭებს იმისთვის ათამაშებდნენ, რომ შემდეგ გაეყიდათ - ამას მე არ დავუშვებ! მოთამაშეებს მხოლოდ იმ დროს კი არ მოვიწვევ, როცა რომელიმე კლუბი აკვირდება; ნაკრებში იქნებიან ისინი, რომელთაც ფეხბურთი უყვართ და ჩვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.

- ყენია თქვენს მოთხოვნებს პიროვნულად ვერ აკმაყოფილებს?
- ...სხვათა შორის, როგორც ფეხბურთელიც! ოღონდ, ვინმემ რამე გააკეთოს, თვალებს დავხუჭავ და ცივს კი არა, ცხელ წყალსაც დავლევ, მაგრამ...

იხილეთ ფოტოგალერეა
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები
Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
*** წადი რა
ვალიკო
10:39 03-09-2013
0
ვინც ფეხბურთს თამაშობს სანაკრებოდ არ გამოდგებაო და აბა ვის იწვევენ ნაკრებში?
guja_kakhadze
11:12 03-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული