თემურ ქეცბაია: ჩვენ ახლა ლანძღვა-გინება კი არა, თანადგომა გვჭირდება

AutoSharing Option
საფრანგეთთან 6 სექტემბერს გასამართ მატჩამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" მორიგი პრესკონფერენცია გამართა:

- ესპანეთთან საქართველოს ნაკრებმა ღრმა დაცვით ითამაშა და კინაღამ წარმატებასაც მიაღწია. ფრანგების წინააღმდეგაც ასეთ ფეხბურთს უნდა ველოდოთ?
- ჩვენ ვეცდებით, რაც შეიძლება ორგანიზებულად ვითამაშოთ. ჯერ დაცვაში უნდა ვიყოთ ყურადღებით, მერე შეტევაში ჩვენს შანსს დაველოდოთ. ახლა რომ გითხრათ, შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ-მეთქი, მოგატყუებთ. ზღაპრებს ხომ არ მოვყვები?

- ქარიმ ბენზემა ნაკრებში წარუმატებლად თამაშობს. "რეალის" ფორვარდის ამჟამინდელ მდგომარეობას როგორ შეაფასებდით?
- მე საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი არ
ვარ და ამაზე ლაპარაკი უხერხულია. ვიცი, ბენზემა ზედიზედ ორ მატჩში გოლს თუ ვერ გაიტანს, აკრიტიკებენ. წარმოიდგინეთ, ფრანგები "რეალის" თავდამსხმელზე ამას რომ ამბობენ, ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ?

- შეგიძლიათ, უფრო კონკრეტულად გვითხრათ, თამაშისთვის რა გეგმას ამზადებთ?
- დაცვაში შეცდომა არ უნდა დავუშვათ. არც ის გვავიწყდება, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებს ჩვენთვის წარუმატებელ პერიოდში ვხვდებით. თანაც, დიდი ხანია, თბილისში არ გვითამაშია. მაგრამ სტადიონი თუ შეივსება, გულშემატკივართა თანადგომა ბევრს ნიშნავს და ვეცდებით, ღირსეულად ვითამაშოთ.

- ადრე თამაშებისთვის მოსამზადებლად დიდი დრო არ გქონდათ. ახლა კი შეკრება 2 სექტემბერს დაიწყეთ. რამდენად ნაყოფიერია მოსამზადებელი პროცესი? არის კი ჩვენი ნაკრები ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მზად იმისთვის, რომ ამ მატჩებში ამოცანები წარმატებით გადაჭრას და ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდეს?
- რაც უნდა იყოს, ნაკრების მოსამზადებლად დრო საკმარისი არასოდეს არის. ადრინდელთან შედარებით, ახლა მართლაც უკეთესი სიტუაციაა - მზადება ორშაბათს დავიწყეთ და სამშაბათს უკვე სრული შემადგენლობით ვვარჯიშობდით.

არის შანსი, რომ მე-3 ადგილი დავიკავოთ და ბიჭებიც სრული სერიოზულობით ეკიდებიან საქმეს. გულშემატკივართა მხარდაჭერის იმედიც გვაქვს, როგორც სხვა მატჩებში ხდებოდა. მესამე ადგილზე გასვლა ადვილი არ იქნება, მაგრამ შეუძლებელიც არ ჩანს. ეს ცუდი შედეგი არ იქნება ჯგუფში, სადაც ესპანეთი და საფრანგეთი არიან - ეს უძლიერესი ჯგუფია.

ისე, პარიზში გამართული მატჩის წინ ძალიან გავწვალდით ვიზებზე და მოსამზადებლად, ფაქტობრივად, ერთი დღეღა გვქონდა. ჩვენ ბევრი რამ გვაბრკოლებს, სავიზო პრობლემების მოსაგვარებლად, რუსეთ-უკრაინიდან მოთამაშეები თბილისში უნდა ჩამოფრინდნენ. ფრანგები კი თავისუფლად ჩამოდიან, მათ ეს პრობლემა არ აწუხებთ.

- საფრანგეთის შემდეგ ფინეთთან მატჩია. აქცენტს მეორე შეხვედრაზე ხომ არ აკეთებთ? ფინეთი ჯგუფში ჩვენი უშუალო კონკურენტია მესამე ადგილისთვის ბრძოლაში...
- ჩვენთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. ისეთ მდგომარეობაში არ ვართ, რომელიმე თამაშს ნაკლები ყურადღებით რომ მოვეკიდოთ. ფინეთთან მესამე ადგილის ბედი წყდება, მაგრამ საფრანგეთთანაც ოპტიმალურ შემადგენლობას დავაყენებთ.

- როგორ ფიქრობთ, შესაძლოა თუ არა, რომ რიბერიმ "ოქროს ბურთი" მოიგოს?
- მან მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ამ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. "ოქროს ბურთიც" რომ მოიგოს, რატომ არ არის შესაძლებელი?!

- რიბერი მარცხნიდან უტევს. ამ დროს უთამაშებელია ჩვენი მარჯვენა მცველი უჩა ლობჟანიძე. რას იზამთ, რიბერის ორ კაცს დაუყენებთ?

- უთამაშებლები სხვებიც არიან და ამ პრობლემას მართლაც ვაწყდებით, მაგრამ რიბერის ორი კაცი რომ დავუყენო, სხვები გათავისუფლდებიან. საფრანგეთი კი მხოლოდ რიბერი არაა, ამ გუნდში სხვა ვარსკვლავებიც არიან.

იმედია, ხალხი მოვა და გაგვამხნევებს, ბიჭები კი წარმატებისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ჩვენ ახლა ლანძღვა-გინება კი არა, თანადგომა გვჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაია: ვეცდებით, საფრანგეთთან იმედი პირველივე წუთიდანვე არ მოგიკლათ
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყველაზე ცუდი ნაკრები რაც ისტორიაში ყოფილა ეხლაა, მწვრთნელი და ფეხბურთელები ერთმანეთზე უარესები არიან
zura
11:41 06-09-2013
0
თანადგომა ამით შემიძლია და თუ სურვილი გექნებათ თქვენს მეგობრად მიგულეთ!
guja_kakhadze
14:18 06-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული