ლორისის მატჩამდელი ტაიმი
ყველაფერი ცოტა უჩვეულოდ დაიწყო. დიდიე დეშამს პრესკონფერენციაზე უგო ლორისი ახლდა.
ეს ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება - ფრანგების მეკარემ, რომელიც ორი კვირის წინაც იყო თბილისში ("დინამო"-"ტოტენჰემის" მატჩში ლონდონელთა კარს იცავდა), ლამის ცალკე პრესკონფერენცია მოაწყო:
- გასვლითი შეხვედრა იოლი არასოდეს არის და არც საქართველოს ნაკრებთან მატჩი იქნება გამონაკლისი. თუმცა ჩვენ გვაქვს რესურსი და შესაძლებლობა, რომ
- პარიზული შეხვედრიდან რომელ ქართველ ფეხბურთელს გამოარჩევდით?
- კონკრეტულად არ შემიძლია დავასახელო, მაგრამ საქართველოს ნაკრები სახიფათო მომენტებს ხშირად გვიქმნიდა, საინტერესო გუნდია და საშინაო შეხვედრაში, ალბათ, უფრო აქტიურიც იქნება.
- პარიზში საქართველოსგან გოლი მოულოდნელი იყო?
- ფეხბურთში გამორიცხული არაფერია, მაგრამ ვეცდებით, ხვალ კარი "მშრალად" შევინახოთ.
- რა შედეგს ელით საქართველოსა და ბელორუსთან მატჩებისგან?
- ჩვენი მიზანი მაქსიმუმია - 6 ქულის აღება გვინდა. კარგად მოვემზადეთ და მჯერა, ამ ამოცანის გადაჭრა შეგვიძლია.
- ესპანეთთან შედარებით, ალბათ, უფრო იოლ თამაშს ელით...
- ასე არ ვიტყოდი. მართალია, საქართველო ესპანეთზე სუსტია, მაგრამ დღეს ეს არაფერს ნიშნავს.
- გუნდში რიბერის ყოფნა რამდენად გიწყობთ ხელს, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეთ?
- ჩვენს გუნდში ყველა ძლიერი ფეხბურთელია და არ მსურს, რომელიმე ცალკე გამოვყო.
- საქართველოსთან პარიზულ შეხვედრაში დაშვებული შეცდომები თუ გააანალიზეთ?
- დიახ, რადგან მაშინ საკმაოდ ბევრი შეცდომა დავუშვით. ანალიზის შედეგად გაკეთებული დასკვნები პარასკევის შეხვედრაში უნდა დაგვეხმაროს.
- ქართველებთან შემტევ ფეხბურთს ითამაშებთ?
- რა თქმა უნდა. საერთოდ, ამ მატჩის შედეგს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ექნება.
- საფრანგეთის ნაკრებში ბოლოდროინდელ ცვლილებებს როგორ შეაფასებდით?
- საერთოდ, სტაბილურობა გუნდისთვის კარგია, მაგრამ გარკვეული ცვლილებებიც ბუნებრივია. იმედია, ჩვენს შემთხვევაში ეს დადებით შედეგს გამოიღებს.
- რადგან გარანტირებული გაქვთ ჯგუფში მეორე ადგილი, ეს ხომ არ მოგადუნებთ?
- არავითარ შემთხვევაში! ჩვენ მაქსიმალური შედეგისთვის ვიბრძოლებთ.
* * *
ლორისის წასვლის შემდეგ დეშამი ქართული მედიის პირისპირ მარტო დარჩა. პირველი კითხვა ასეთი იყო:
- თქვენმა გუნდმა ბოლოს საქართველოსთან მოიგო. მას მერე ოთხ შეხვედრაში წარმატებას ვერ მიაღწიეთ. თავდასხმას უჭირს. 12 მატჩია, ბენზემას ვერ გააქვს. რატომ არ იწვევთ "მონაკოს" თავდამსხმელ ემანუილ რივიერს, რომელმაც სეზონი ჩინებულად დაიწყო?
- თქვენ ფრანგი ხომ არ ხართ?! რივიერი ჩვენთან ძალიან უყვართ. მე არჩევანი უკვე გავაკეთე, მაგრამ ის მშვენიერი თავდამსხმელია და აქვს შანსი, რომ უახლოეს პერიოდში ნაკრებში გამოვიძახოთ.
- პარიზული მატჩის შემდეგ საქართველოზე რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, ან რომელიმე ფეხბურთელი ხომ არ დაგამახსოვრდათ?
- რა თქმა უნდა, საქართველო ესპანეთის მსგავსად ძლიერი გუნდი არ არის, მაგრამ სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია. კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ოქრიაშვილმა, თარგამაძემ და ტექნიკურმა ანანიძემ.
- საქართველოსთვის ყაზახეთთან წაგება კატასტროფა იყო. რომ მოხდეს საოცრება და საქართველოსთან დამარცხდეთ, ეს თქვენთვის რა იქნება?
- ყაზახეთთან საქართველოს ნაკრების მატჩი ვნახე და, რა თქმა უნდა, თქვენი გუნდი კარგად არ გამოიყურებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პარასკევს სულ სხვაგვარად ითამაშებს და საჩუქრებს არ გაგვიკეთებს.
მიუხედავად ამისა, მაინც 3 ქულის აღებას ვგეგმავთ, რადგან ეს მატჩი საფრანგეთის ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
- წარმატებულ თამაშს ადრეც ჰპირდებოდით საფრანგეთის ნაკრების ქომაგებს, მაგრამ თქვენი გუნდი ვერ იგებს...
- შესაძლოა, შეფასებებში უზუსტობები დავუშვი და ვერც გუნდი აჩვენებს საუკეთესო ფეხბურთს, თუმცა მდგომარეობის გამოსწორების სურვილი ნამდვილად არის.
- ხომ არ მიგაჩნიათ, რომ წარუმატებელი მატჩების შემდეგ ნდობა დაკარგეთ?
- ცუდია, თუ მართლაც ასეა, მაგრამ წინა მატჩებში პოზიტიური მომენტებიც იყო.
- ბენზემას ამჟამინდელ მდგომარეობაზე რას იტყვით?
- უკეთესად თამაში ყველას შეუძლია და ამას ვცდილობთ. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ბენზემა ვინმეზე ნაკლებს მუშაობს.
- ბელგიასთან ნათამაშებ შემადგენლობაში ცვლილებებს ხომ არ გეგმავთ?
- ამაზე პასუხს საქართველოსთან მატჩის წინ მიიღებთ.
- გუნდში ფავორიტები არ გყავთ?
- ჩემ მიერ გამოძახებულმა ფეხბურთელებმა კლუბებში დაამტკიცეს, რომ ნდობას იმსახურებენ.
* * *
აქვე ვიტყვით, რომ მატჩის გამო 6 სექტემბერს თბილისის მეტროპოლიტენი ღამის 01:30 საათამდე იმუშავებს. თავად შეხვედრა კი "დინამო არენაზე" 22:15 საათზე დაიწყება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: ჩვენ ახლა ლანძღვა-გინება კი არა, თანადგომა გვჭირდება