საფრანგეთთან მატჩისას ხიზანიშვილის სათადარიგოთა სკამზე მოხვედრა ბევრს გაუკვირდა, 10 სექტემბერს კი ის 18-კაციან განაცხადშიც არ იყო.
ამაზე თემურ ქეცბაიას მატჩისშემდგომი პრესკონფერენციის დროს ჰკითხეს. პასუხი ასეთი იყო - ის გუნდის ავტობუსში არ ამოსულა, ალბათ, ძირითადში რომ ვერ მოხვდა, ეწყინაო (იხილეთ ვრცლად).
რა გასაკვირია და, გაჩნდა მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის შესაძლო კონფლიქტის ვერსიაც. ამიტომაც დავუკავშირდით ხიზანიშვილს და ინტერვიუ ვთხოვეთ...
- მას მერე, რაც თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე თქვა -
- ამის მიზეზი ნამდვილად მქონდა. პატარა უსიამოვნებაც ყველა გუნდში ხდება და ეს არ არის კატასტროფა, მაგრამ ის, რომ თითქოს სერიოზული ჩხუბი მოგვივიდა, სიმართლე ნამდვილად არ არის.
- აბა, რა მოხდა?
- ნაკრები მატჩამდე დავტოვე, ხოლო თუ რა გახდა ამის მიზეზი და რა მოხდა რეალურად, ამის შესახებ უახლოეს დღეებში სპეციალურ განცხადებას გავაკეთებ.
- ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე თქვა - ალბათ, ძირითადში ვერმოხვედრა ეწყინაო...
- ეს მისი აზრია. ფინეთთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრა წავაგეთ. მართალია, არ მითამაშია, მაგრამ მეც წავაგე და განადგურებული ვარ. ამიტომ ცხელ გულზე კომენტარისგან ახლა თავს შევიკავებ. არც მინდა, ასეთ მდგომარეობაში დასკვნები გავაკეთო და აღარ დავკონკრეტდები.
განცხადებაში ვიტყვი, თუ რა პრობლემაა და რატომ დავტოვე ფინეთთან თამაშამდე ნაკრები, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ არ ვაპირებ ისეთი რამის თქმას, რაც მორიგ სკანდალსა და უსიამოვნებას გამოიწვევს.
- თამაშზე უნდა გკითხოთ. ციკლიდან ციკლამდე იმედგაცრუება გრძელდება. თქვენი აზრით, 10 სექტემბერს ქართული ფეხბურთის რეალური სახე გამოჩნდა თუ მეტი შეგვიძლია?
- მეტი როგორ არ შეგვიძლია, მაგრამ პოტენციალის გამოვლენას შესაბამისი ხელშეწყობაც სჭირდება.
- შოტლანდიაში, ინგლისში, თურქეთში გითამაშიათ. ამ გადასახედიდან, ჩვენი ფეხბურთი რა მდგომარეობაშია?
- რეალურად თუ ვიმსჯელებთ, უმძიმესი ვითარებაა. ასე ვიტყოდი - დღეს ქართული ფეხბურთი არის იქ, სადაც იმსახურებს კიდეც ყოფნას. სულ ასე არ ხდებოდა? ერთი-ორი მატჩის შემდეგ ვამბობდით, რომ ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი გვქონდა. ბოლო 17 წელია, ამ იმედებით ვსაზრდოობთ.
მესმის, როცა გულშემატკივარი გახარებულია, ესპანეთთან დიდი ანგარიშით რომ არ წავაგეთ, ფრანგებთან ქულა ავიღეთ და ესეც წარმატებაა, მაგრამ მეორე მხარეა - ვართ კი დღეს იმ დონის გუნდი, რომ ფინეთსა და ბელორუსს ვაჯობოთ? ამაში ქეცბაიასა და ფეხბურთელებს არ ვგულისხმობ, ზოგადად, ქართული ფეხბურთის პრობლემებზე ვლაპარაკობ.
თითქოს, ქვეყანაში ყველანაირ საკითხებს განვიხილავთ, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ქვეყანაში ფეხბურთის ადგილი აღარ დარჩა და არც არავის აინტერესებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"