რატომ არ იძახებდა თემურ ქეცბაია ოთარ მარცვალაძესა და დავით სირაძეს?

AutoSharing Option
ის, რომ ქართულ ფეხბურთში კატასტროფაა, სანაკრებო და საკლუბო დონეზეც გამოჩნდა.

საუკეთესო ქართულმა კლუბებმა ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპამდე ვერ გააღწიეს და პლეი ოფის 4 შეხვედრაში 1 გოლიც ვერ გაიტანეს.

ცხადია, დაბალი დონის ჩემპიონატი ნაკრების მდგომარეობაზეც აისახება და მისი ცუდი მდგომარეობა მხოლოდ თემურ ქეცბაიას ბრალი ვერ იქნება.

ასეც არის - შესარჩევი ციკლის 7 მატჩში "ჯვაროსნებმა" მეტოქის კარის ბადე მხოლოდ 3-ჯერ შეარხიეს და ხუთგუნდიან ჯგუფში ბოლოსწინა, მე-4 ადგილზე ვიმყოფებით.

მაგრამ ვფიქრობ, ჩვენს ნაკრებს ოდნავ უკეთესი შემტევი პოტენციალი გააჩნია, ვიდრე სატურნირო ცხრილიდან და თამაშებიდან ჩანს.
რამდენიმე მოთამაშის უთამაშებლობა კი კითხვებს ბადებს, მაგალითად - ოთარ მარცვალაძისა და დავით სირაძის.

28 წლის მარცვალაძე ვლადიკავკაზის "ალანიას" უახლოეს პერიოდში ვერ დაეხმარება, რადგან ქართველი თავდამსხმელი რუსეთის ნაციონალური დივიზიონის (რანგით მეორე ლიგა) მე-15 ტურში კრასნოიარსკის "ენისეისთან" მოგებულ (2:1) მატჩში დაშავდა.

"ალანიას" ლეგიონერს ბარძაყის კუნთი დაუზიანდა და უცნობია, როდემდე დაისვენებს. ცხადია, გამოცდილ თავდამსხმელს ესპანეთთან შეხვედრაში ვერც ქეცბაია გამოიყენებს.

მაგრამ აღარც გვახსოვს, ბოლოს მარცვალაძემ ეროვნული ნაკრების ფორმა როდის მოირგო. ჯერ იყო და, ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა, მაგრამ მას შემდეგ ნაკრებში აღარ უთამაშია.

საინტერესოც სწორედ ეს არის - მარცვალაძე გამოჯანმრთელდა, ფორმა აღიდგინა და "ალანიას" სასტარტო შემადგენლობაში რეგულარულად ხვდებოდა, ეროვნულ ნაკრებში კი აღარ ჩანდა - რატომ აღარ ეძახდა მას ქეცბაია?

გასაგებია, რომ ეროვნული ნაკრების პრესტიჟისთვის რუსეთის პირველი ლიგიდან მოთამაშის გამოძახება სასურველი არ არის, მაგრამ გუნდის დღევანდელი კონტინგენტი ევროპაში მოასპარეზე ფეხბურთელებით გაძეძგილი არ გახლავთ - სამწუხარო რეალობაა, რომ საუკეთესო ქართველები ჩვენთვის სასურველ ევროპულ ლიგებში აღარ თამაშობენ.

თუ რაიმე არ შეიცვალა, საქმე იქითკენ მიდის, რომ შესაძლოა, ნაკრების მწვრთნელმა (არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება) მოთამაშეებზე დაკვირვება სომხეთისა და ყაზახეთის ჩემპიონატშიც დაიწყოს.

ბევრი ამბობს - რუსეთის პირველი ლიგის მოთამაშე ნაკრებს არ გამოადგებაო, მაგრამ ვინ იტყვის, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩემპიონატები უფრო მაღალი დონისაა, საიდანაც ბოლო წლებში ფეხბურთელებს იწვევენ? იმასაც ვერ ვიტყვით, რომ, მაგალითად, ამ ლიგებიდან აყვანილი ელგუჯა გრიგალაშვილი და ნიკა გელაშვილი ნაკრებში ზედმეტნი არიან.

ცხადია, რუსეთის პირველი ლიგა განსაკუთრებული დონით არ გამოირჩევა, მაგრამ რაც ვართ, ეს ვართ - ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი მარცვალაძე სწორედ ამ ლიგის კლუბში თამაშობს, მაგრამ მას ნაკრებში აღარ იყენებენ.

ეს კი იმ დროს, როცა ადვილად შევეგუეთ ნაკრებიდან დავით სირაძის გაშვებას, რომელიც ეროვნული გუნდის 10-მატჩიანი წაუგებელი სერიის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო.

ნალჩიკის "სპარტაკის" თავდამსხმელი კლუბში დიდი შედეგიანობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ სანაკრებო შეხვედრებს ყოველთვის გამორჩეული მონდომებით ეკიდებოდა და, რაც მთავარია, ბოლო წლებში, ძირითადად, გადამწყვეტი გოლების ავტორი იყო.

შორს ვართ იმ აზრისგან, რომ მარცვალაძისა და სირაძის გამოჩენა ნაკრებს იმდენად გააძლიერებდა, რომ ფინეთს "გადავუვლიდით" ან ესპანეთ-საფრანგეთს მძაფრ კონკურენციას გავუწევდით, მაგრამ ლოგიკურად იბადება კითხვა - რატომ ხდება ასე?

სირაძე ქეცბაიამ თავად დაიწუნა - უნდა ითქვას, საკმაოდ ბუნდოვანი მიზეზით; მარცვალაძის საკითხი კი ჩრდილში მოექცა.

ვრცელდება ხმები, თითქოს "ალანიას" თავდამსხმელს ნაკრებში ჩამოსვლა აღარ სურს. იქნებ მცდარი ვერსიაც არის.

საერთოდ, ვის ვისთან აქვს თუ არ აქვს უსიამოვნება ნაკრების გასახდელში, ეს გულშემატკივრამდე არ მიდის, მაგრამ ჩვენ ისეთი მდიდრები არ ვართ, ასეთ გამოცდილ ფეხბურთელებზე უარი ვთქვათ - უფრო მნიშვნელოვანია, ნაკრებში ყველა საუკეთესო თამაშობდეს.

ეროვნულ ნაკრებში აღარ არიან სირაძე, მარცვალაძე, ლევან ყენია, თუნდაც "მოურჯულებელი" გოგიტა გოგუა - თითოეული მათგანი შემტევია.

გნებავთ ამას მიაწერეთ და გნებავთ სხვა რამეს, მაგრამ ფაქტია - შესარჩევ ციკლში მხოლოდ 3 გოლი გავიტანეთ, იმდენივე, რამდენიც ფარერებისა და ლიხტენშტაინის ნაკრებებმა. ნაკლები მხოლოდ ანდორასა და სან მარინოს აქვთ.

ამაზე ვწერდით და შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის (ევროპის ზონა) შესარჩევ ციკლში ჩვენზე მეტი გოლი გაიტანეს ბოლოადგილოსანმა უელსმა (7), მალტამ (4), კვიპროსმა (4), აზერბაიჯანმა (4) და ბელორუსმა (5).

ჩვენი გაბარიტის გუნდებიდან ასევე მეტჯერ აიღეს მეტოქეთა კარი ჩრდილოეთ ირლანდიამ, ალბანეთმა, ლატვიამ (8-8), ლუქსემბურგმა, ლიტვამ (7-7), ესტონეთმა (6), ყაზახეთმა, მოლდოვამ, აზერბაიჯანმა (4-4).

ანუ ევროპის 53 ნაკრებში შედეგიანობით 49-ე-51-ე ადგილს ვიყოფთ ფარერებსა და ლიხტენშტაინთან.

გამართლებად ის თუ გამოგვადგება, რომ ევროპის ერთადერთ 5-გუნდიან ჯგუფში გამოვდიოდით და რომ ანდორა-ფარერების მსგავსი "გასართობი" მეტოქეები არ გვყოლია.

მაგრამ 7 შეხვედრაში 3 გოლს ესეც ვერ გაამართლებს. ექტორ კუპერის დროსაც კი, როცა ჩვენი ნაკრების ისტორიაში ყველაზე უსუსური გუნდი გვყავდა, 7 გოლი გავიტანეთ. ასევე მოხდა წინა ციკლშიც, სადაც წილისყრამ მეტისმეტად სუსტი მეტოქეები ასევე არ გვარგუნა.

ამიტომ არის დასაფიქრებელი ეს ამბავი - რა პერსპექტივა აქვს ნაკრებს, რომელსაც გოლი ვერ გააქვს და საერთოდ, ამ შედეგიანობით რომელ ევროპის ჩემპიონატზე მივდივართ? ქეცბაიამ დაცვა მეტ-ნაკლებად მოაწესრიგა, მაგრამ გუნდის პროგრესი, ძირითადად, შემტევი პოტენციალის გაძლიერებაში გამოიხატება.

ეს კი ნამდვილად არ იგრძნობოდა. არადა, ორი ციკლია, რაც ნაკრებში მუშაობს, ეს კი გუნდის ასაშენებლად არცთუ მცირე დროა.

ქეცბაიას უკვირს, როცა მისგან შემტევ ფეხბურთს ითხოვენ. ამ დონის მოთამაშეებით, საფრანგეთ-ესპანეთთან ეს შეუძლებელიაო, - ამბობს ის და ამაში ლოგიკა არის, მაგრამ გოლებიც აღარ მოვითხოვოთ და მიზეზებიც აღარ ვიკითხოთ? ასე არ გამოვა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: ვისაც არ უნდა საქართველოს ნაკრებში, არავის შევეხვეწებით!

გამოკითხვა ჟურნალისტებში: უნდა დარჩეს თუ არა ნაკრებში თემურ ქეცბაია?
მკითხველის კომენტარები / 9 /
მეტი გოლის გატანა რა თქმა უნდა შეიძლებოდა, რომ არა რამოდენიმე ფაქტორი, ქვეჯგუფში ნამდვილად ისეთი გუნდები გვყავდა, რომ მათ კარში გოლის გატანა ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერ ნაკრებებს უჭირთ...
ნაკრების ქეცბაიასეული ტაქტიკა ანუ დაცვაზე ორიენტირებული....
და ყველაზე სამწუხარო, ფეხბურთელების საშემსრულებლო დონე... ზემოთაღნიშნული Fეხბურთელებიც რომ მოეწვია ქეცბას, ჩემი აზრით, ბევრი არაფერი შეიცვლებოდა... ჰა-ჰა ერთი გოლით მეტი გაეტანათ რა...
zura
17:06 26-09-2013
0
სეხნია, ერთადერთი მერებაშვილზე ვერ დაგეთანხმები..
შაკო 2
17:23 26-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული