თუ რომელ ფეხბურთელებს დაეყრდნობა ჩვენი ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაია ამ მატჩისთვის, ეს 30 სექტემბერს გახდა ცნობილი.
მეკარეები: გიორგი ლორია ("დინამო", თბილისი), ნუკრი რევიშვილი ("დილა", გორი), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი");
მცველები: უჩა ლობჟანიძე ("დნიპრო", უკრაინა), აკაკი ხუბუტია ("მორდოვია", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი), გიორგი ხიდეშელი ("ტორპედო", ქუთაისი), დავით კვირკველია ("დინამო", თბილისი), გულვერდ თომაშვილი ("დილა", გორი), გიორგი ფოფხაძე ("იაგელონია", პოლონეთი), მათე ღვინიანიძე
ნახევარმცველები: ლევან ხმალაძე, ირაკლი ძარია, ელგუჯა გრიგალაშვილი (ყველა - "დინამო", თბილისი), ალექსანდრე კობახიძე ("დნიპრო", უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი ("ილიჩევეცი", უკრაინა), ირაკლი მაისურაძე ("დილა", გორი), ჯანო ანანიძე ("როსტოვი", რუსეთი);
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი ("ლეგია", პოლონეთი), ნიკოლოზ გელაშვილი ("ყარაბახი", აზერბაიჯანი), ბაჩანა ცხადაძე ("ინტერი", აზერბაიჯანი), ირაკლი მოდებაძე ("დილა", გორი).
მეკარეებში ყველაფერი ისეა, როგორც მოსალოდნელი იყო, დაცვაში კი ცვლილებებია. 31 წლის ზურაბ ხიზანიშვილმა თვითონ თქვა უარი ამ ნაკრებში თამაშზე, გია გრიგალავა კი ესპანეთთან მატჩისთვის დისკვალიფიცირებულია.
ქეცბაიამ ნაკრებში 25 წლის მცველი გიორგი ხიდეშელი მიიწვია. ხიდეშელი ეროვნულ გუნდში დებიუტანტი არ არის. როცა ნაკრებს გაიოზ დარსაძე თავკაცობდა, აქცენტს 1988 წელს დაბადებულ ფეხბურთელებზე აკეთებდა და ხიდეშელიც მოხვდა მისი თვალთახედვის არეში. 2005 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში საქართველო ყაზახეთს რომ ეთამაშა (0:0), ხიდეშელი სათადარიგოთა შორის იყო.
ეს ახმახი ცენტრალური მცველი პროფესიონალ ფეხბურთელად "ზესტაფონში" ჩამოყალიბდა, იყო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე. ქუთაისის "ტორპედოში" მიმდინარე სეზონიდან გამოდის.
ქეცბაიამ ნაკრებში დააბრუნა 26 წლის მცველი მათე ღვინიანიძე. ეს ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში პირველად მაშინ მოხვდა, როცა გუნდს კლაუს ტოპმიოლერი ხელმძღვანელობდა.
ღვინიანიძე ისე მივიდა ნაკრებამდე, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ნათამაშები არც ჰქონია - "ნორჩი დინამოელიდან" პირდაპირ მოსკოვის "ლოკომოტივის" ახალგაზრდულ გუნდში აღმოჩნდა, მერე "მიუნხენ 1860"-ში გადავიდა, თუმცა გერმანული კარიერა ვერ ააწყო და უკვე მეოთხე სეზონია, უკრაინული "სევასტოპოლის" ფეხბურთელია.
მათეს შეუძლია დაცვის ცენტრსა და მარჯვენა ფლანგზე თამაში. ტოპმიოლერმა ის ნაკრებში საყრდენ ნახევარმცველადაც ათამაშა.
შეიძლება ითქვას, ღვინიანიძე ისეთი მოთამაშეა, ქეცბაიას სამწვრთნელო სტილს რომ ესადაგება.
ესპანეთთან შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებენ ჯაბა კანკავა და დავით თარგამაძე. ნაკრების წინა შეკრებაზე გამოძახებული არ იყო 28 წლის ნახევარმცველი ლევან ხმალაძე და ქეცბაიამ ის ესპანეთთან მატჩისთვის დააბრუნა ეროვნულ გუნდში. იგივე უნდა ითქვას 25 წლის ირაკლი მაისურაძეზეც.
ნაკრებში აღარ მიიწვიეს 21 წლის გიორგი ილურიძე და 23 წლის ლევან მჭედლიძე. ილურიძემ სპლიტის "ჰაიდუკში" თამაში რიგიანად დაიწყო, მჭედლიძე "ემპოლიში" შეცვლაზე შედის ხოლმე - სათამაშო პრაქტიკა ორივე შემტევს აქვს, თუმცა ნაკრების მწვრთნელს ამ ყველაფერზე საკუთარი აზრი გააჩნია.
როგორც მოსალოდნელი იყო, ქეცბაიას სიაში კვლავაც არ არის 22 წლის ლევან ყენია, დიუსელდორფის "ფორტუნას" გამთამაშებელი - აქაც, ალბათ, საფეხბურთო გემოვნებაში უნდა იყოს საქმე, მაგრამ არამარტო...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ყენო რო ეთამაშებია უეჭველი ბრაზილიაში წავიდოდით.)))