ალტერნატივა არსებობს - ვინ იქნება თემურ ქეცბაიას შემდეგ?

AutoSharing Option
ზოგადად, ალტერნატივა აუცილებელია, ამის გარეშე ყველაფერი ჩლუნგდება და ბლაგვდება. ის ხშირად გამოსავალია, რეცეპტია, რომელსაც შველა და შვება მოაქვს.

ალტერნატივა კონკურენციასაც ნიშნავს, კონკურენცია კი, უბრალოდ რომ ვთქვათ, კარგია. ალტერნატივა აუცილებელია, როცა გადაწყვეტილებაა მისაღები.

როცა თემურ ქეცბაია ინიშნებოდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად, ის უალტერნატივო იყო, ამ თანამდებობაზე სხვა კანდიდატურა არ განიხილებოდა...

ჩვენი საფეხბურთო სამყარო, ალბათ, უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ მწვრთნელის ეროვნებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. კი ბატონო, სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ საქართველოს ნაკრებში თუ ქართულ კლუბებში აქაურ მწვრთნელებს უცხოელებზე უკეთესი შედეგი ჰქონდათ,
მაგრამ სტატისტიკა დოგმა ვერ იქნება, ის უფრო დამხმარე საშუალებაა.

საქართველოს ნაკრებში თემურ ქეცბაიას დანიშვნას წინ უძღოდა კამათიც, თუმცა არა მგონია, რომ დამნიშვნელისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა ჰქონოდა - ქეცბაია მაშინ მაღალრეიტინგული გახლდათ და მორჩა! გადაწყვეტილების მისაღებად ეს საკმარისი იყო...

რა თქმა უნდა, მწვრთნელის რეიტინგი ისე არ იანგარიშება, როგორც პოლიტიკოსის, ვისაც ხმას ელექტორატი აძლევს. მწვრთნელის დანიშვნა, შესაძლოა, იმპერატორული გადაწყვეტილება აღმოჩნდეს და ასეც მოხდა ქეცბაიას შემთხვევაში.

დღეს ნაკრების მწვრთნელ ქეცბაიას მხარდასაჭერად არავინ გამოდის - არც ფეხბურთელი, არც სპეციალისტი, არც ჩინოსანი. ქეცბაიას კრიტიკით კი გამოდიან ფეხბურთელებიც, ჟურნალისტებიც, ზოგი სპეციალისტი თუ მწვრთნელიც, ლევან კობიაშვილმა კი ქეცბაიას ნაკრებზე თქვა - ეს ყველაფერი ბლეფიაო (იხილეთ ვრცლად).

ქეცბაია მხარდამჭერების გარეშე დარჩა, თუმცა გადადგომას ჯერ არ აპირებს. რატომ უნდა დარჩეს ქეცბაია ნაკრების თავკაცად? იმიტომ, რომ მწვრთნელთა ხშირი ცვლა ზოგადად ცუდია - ამ არგუმენტის გარდა, დარჩა კიდევ სხვა?

რადგან ასეა საქმე, დროა დავფიქრდეთ, რა ალტერნატივა არსებობს ნაკრების "მთავარსარდლის" თანამდებობაზე. რა თქმა უნდა, მწვრთნელის დანიშვნა ჟურნალისტის საქმე არ არის, თუმცა ეროვნული გუნდი ყველასია (თავად ქეცბაიაც ხშირად ამბობს ამას) და ყველას აქვს უფლება, თამამად გამოთქვას არგუმენტირებული მოსაზრება.

* * *
საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატი უცხოელთაგან ბევრი იქნება, ქართველთაგან კი ამის შემძლე, ამ ეტაპზე, ალბათ ორია - კახა ცხადაძე და გია გეგუჩაძე.

ცხადაძეს ზურგს ისიც უმაგრებს, რომ ეროვნული გუნდის კაპიტანი იყო, "თანამეგობრობის" ნაკრებშიც უთამაშია ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

ცხადაძემ მწვრთნელობა თბილისის "დინამოდან" დაიწყო იმ დროს, როცა "დინამოში" არ იყო დალხენილი სიტუაცია. ასეთ დროს მწვრთნელის ტვირთი კიდევ უფრო მძიმდება. ცხადაძე შეუპოვრად ეზიდებოდა ამ ტვირთს და მოახერხა ის, რომ, როგორც მწვრთნელმა, შექმნა საკუთარი თავი.

ცხადაძის ხელში ბევრი კარგი ფეხბურთელი დაწინაურდა, მაგალითად, გიორგი მერებაშვილი "დინამოში", დავით სირაძე თბილისის "ლოკომოტივში"...

ცხადაძის მიერ გაწვრთნილი ბოლნისის "სიონი" კი 2006 წელს სულაც საქართველოს ჩემპიონი გახდა...

თუმცა ცხადაძე უნაკლო მწვრთნელი არ ყოფილა "დინამოში". ფიცხი ხასიათი ის თვისებაა, სპეციალისტს კარგ სამსახურს რომ არ უწევს, მაგრამ ცხადაძემ მაინც მოახერხა კარგი მწვრთნელის იმიჯის შექმნა.

ის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცად დაინიშნა მაშინ, როცა ფეხბურთის ფედერაციას უმცროსი ნოდარ ახალკაცი პრეზიდენტობდა, თუმცა ამ თანამდებობაზე დიდი ხნით არ დარჩენილა - აზერბაიჯანიდან ფინანსურად უკეთესი შეთავაზება მიიღო და იქ წავიდა. ის არ შეუშინდა უცხო ქვეყანაში მუშაობას, გამოწვევა მიიღო და საქმესაც თავი კარგად გაართვა - მის ხელში ბაქოს "ინტერმა" ტიტულები მოინაგრა.

მას გამოწვევების არ ეშინია და დარწმუნებული ვარ, თუ საქართველოს ნაკრების გაწვრთნას შესთავაზებენ, უკან არ დაიხევს. უკვე გამოცდილი მწვრთნელია და ნებისმიერი ორომტრიალისთვის იქნება მზად...

* * *
გია გეგუჩაძეს დიდი ფეხბურთი არ უთამაშია, მაგრამ ეს სულაც არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ იყო წარმატებული მწვრთნელი.

გეგუჩაძემაც სამწვრთნელო გზა "დინამოდან" დაიწყო მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ. იყო დავით ყიფიანის ასისტენტი და ასეთ დიდ ადამიანთან მუშაობა პატარა ამბავი არ არის.

მერე ისე მოხდა, რომ "დინამოსა" და ეროვნული ნაკრების თავკაცად იოჰან ბოსკამპი დაინიშნა. ჰოლანდიელის მოსვლა მართლაც ახალი სისხლი იყო მაშინდელ ქართულ ფეხბურთში, რომელიც სამწვრთნელო ნოვაციებისა და შემოქმედების მხრივ ერთ ადგილზე იყო გაჩერებული.

გეგუჩაძემ ბოსკამპისგან ბევრი ახალი რამ ისწავლა. ეს ერთი გუნდი იყო. შეიძლება ითქვას, ისინი თანამოაზრეები გახდნენ. ბოსკამპი აქაურობას მალე გაეცალა, გეგუჩაძეს კი უკვე ახალი, უფრო სერიოზული სარბიელი სჭირდებოდა...

დადგა ის დროც, როცა ბადრი პატარკაციშვილის "დინამოში" მმართველ დირექტორად დავით პეტრიაშვილი დაინიშნა, ვინც ნამდვილად არ იყო გუნდის მაშინდელი დამრიგებლის, ივო შუშაკის თანამოაზრე.

შუშაკის პოზიციები "დინამოში" თანდათან სუსტდებოდა, ხორვატი თითქოს წურავდა საკუთარ თავს ამ გუნდში. მაშინ გეგუჩაძე "დინამოს" მეორე გუნდში მუშაობდა. 2003-04 წლების სეზონი სრულდებოდა, როცა შუშაკი წავიდა და გუნდი გეგუჩაძემ ჩაიბარა. მაშინ საქართველოს ჩემპიონი "ვიტ ჯორჯია" გახდა, გეგუჩაძის "დინამომ" კი თასი აიღო.

2004 წელი ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევაა, როცა ქართული გუნდი ევროტურნირის ჯგუფში გავიდა - "დინამომ" ეს გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მოახერხა.

* * *
გეგუჩაძე და ცხადაძე - ისინი არ არიან დაცვითი ფეხბურთის მიმდევრები; მათ შეუძლიათ პრეტენზია განაცხადონ საქართველოს ნაკრების მწვრთნელობაზე; ისინი იმსახურებენ, რომ ასეთი შანსი მისცენ.

ამ წერილში მათი სამწვრთნელო ბიოგრაფიის ყველა დეტალი არ არის მიმოხილული, მაგრამ თუ გეგუჩაძისა და ცხადაძის კანდიდატურები განხილვის თემა გახდება, მათ სამწვრთნელო საქმიანობაში კიდევ ბევრ საინტერესო ნიუანსს აღმოვაჩენთ.

რაც შეეხება შოთა არველაძეს, რომლის შესაძლო დანიშვნაზეც ასევე ბევრს ლაპარაკობს ქართული საფეხბურთო მილეთი, არა მგონია, ამ ეტაპზე ის ნაკრების მწვრთნელი გახდეს.

ის უკვე საკმაოდ ძვირად ღირებული სპეციალისტია თურქეთში, სადაც სერიოზული ამოცანების გადასაჭრელად მუშაობს - "ქასიმფაშა" ევროსარბიელზე უნდა გაიყვანოს...

ფეხბურთის ფედერაცია, ალბათ, საბოლოოდ დაფიქრდება ამ ყველაფერზე მაშინ, როცა ეროვნული ნაკრები შესარჩევ ციკლს ჩაამთავრებს (15 ოქტომბერს ესპანეთთან მატჩით). ის არ არის დახურული ორგანიზაცია და, შესაბამისად, რაღაც განცხადება და რეაგირება უნდა გააკეთოს იმაზე, რაც ეროვნულ გუნდში და მის გარშემო ხდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
Sportall.ge-ს მიერ გამოკითხულთა 62,2%-ს თემურ ქეცბაიას გადადგომა სურს
გამოკითხვა ჟურნალისტებში: უნდა დარჩეს თუ არა ნაკრებში თემურ ქეცბაია?
მკითხველის კომენტარები / 39 /
meramdene komentars armiqveynebt oeeee?namusi argaqvt?vin gixdit amdens qecbaias landzgvaze?albat amasc tyuila vcer sulertia argamoaqveynebt.
არველოდი
02:47 05-10-2013
0
ჩივაძეზე მეტი ცოდნიათ თურმე ცხადაძეს და გეგუჩაძეს. აი ჩივაძე რომ არ გაახსენდა არავის არაცა ვართ ღირსები.. ჩივაძეს ის ააქვს რაც სხვა არცერთ მწვრთნელს არა აქვს - სიბრძნე, სწორედ ეს აკლია ჩვენს ნაკრებს და ყოველთვის აკლდა. სხვათაშორის გამოცდილებაც, ღირსებაც და ავტორიტეტიც.
zviadi
03:08 05-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული