რას მოგვიტანს 15 ნოემბერი? - ვარიანტები თემურ ქეცბაიას მომავალზე

AutoSharing Option
საფეხბურთო ნოემბერი უქმე თვე არ არის, აქეთ ეროვნული ჩემპიონატი, იქით - ასაკობრივი ნაკრების პერიპეტიები... თუმცა მთავარი საკითხი ნოემბერში სულ სხვა იქნება - ეროვნული ნაკრების მწვრთნელის საკითხი უნდა გაირკვეს.

თემურ ქეცბაიამ მიჯრით ორ შესარჩევში უხელმძღვანელა ქვეყნის მთავარ გუნდს და კონტრაქტით კიდევ ერთ შესარჩევ ეტაპზე უნდა დამოძღვროს ნაკრები, მაგრამ ხელშეკრულება ერთია და ეროვნული ნაკრების შედეგი - მეორე. ანუ საკითხავი გახდა, ისევ ქეცბაიამ უნდა უთავკაცოს თუ არა გუნდს.

იმ ვარიანტებზე, თუ რა შეიძლება მოხდეს, "ლელო" უკვე წერდა და ამაზე აღარ შევაჩერებთ მკითხველის ყურადღებას.
ახლა მოქმედების დროა, ოღონდაც, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქეცბაიასთან საუბრის გარეშე ასეთ მნიშვნელოვან საკითხს, ცხადია, ვერ გადაწყვეტს.

ქეცბაია კი საზღვარგარეთაა...

შევიტყვეთ, რომ ის 15 ნოემბერს აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და ამის შემდეგღა მიუსხდებიან მოლაპარაკების მაგიდას მწვრთნელი და ფედერაციის მესვეურები.

ვფიქრობ, უკეთესიც არის, ფეხბურთის თავებმა და ქეცბაიამ წინა შესარჩევი ციკლის შემდეგ პაუზა რომ აიღეს და მყის არ დაიწყეს იმაზე სჯა-ბაასი, თუ რა და როგორ იქნება მომდევნო შესარჩევი ეტაპისთვის.

ემოციები ნაწილობრივ დამცხრალია, თუმცა ნაკრების ცუდი შედეგი და მის ირგვლივ შექმნილი ნეგატიური ფონი ამ ემოციებს ბოლომდე მაინც ვერ აცხრობს.

რის საფუძველზე უნდა მოხდეს, რომ ფედერაციამ ქეცბაიას უთხრას - არა უშავს, ჩვენ შენი გვჯეროდა და ნაკრებში მუშაობა უნდა გააგრძელოო. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გვარიანად რთული საქმეა.

როგორც იქნა, დადგა დრო, როცა ფეხბურთის ფედერაციას დამოუკიდებლად შეუძლია ეროვნული ნაკრების მწვრთნელის დანიშვნა, თუმცა ეს ამოცანა მაშინ დადგება დღის წესრიგში, როცა ნაკრების მთავარი პოსტი ვაკანტური გახდება.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თავად ქეცბაიას პოზიციაც. არც ერთ მწვრთნელს არ უნდა, ხელმოცარულმა დატოვოს გუნდი, მაგრამ ორი შესარჩევი ციკლი, ალბათ, საკმარისია, რომ მწვრთნელმა გულშემატკივარს თავი შეაყვაროს.

და თუკი მან ეს ოთხი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა, გამოდის, რომ დროის კრედიტი ამოწურულია - ასე მგონია.

თუმცა ჟურნალისტური აზრი აქ უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია. მწვრთნელის დანიშვნა-მოხსნის საკითხი სპეციალისტების გადასაწყვეტია, პასუხისმგებლობა კი უკვე მთლიანად ფეხბურთის ფედერაციას დაეკისრება.

ასე რომ, 15 ნოემბრამდე დრო ქეცბაიასაც აქვს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლაბირინთი: გაუძლებს არიადნას ძაფი მესამე ციკლსაც?
Sportall.ge-ს მიერ გამოკითხულთა 62,2%-ს თემურ ქეცბაიას გადადგომა სურს
გამოკითხვა ჟურნალისტებში: უნდა დარჩეს თუ არა ნაკრებში თემურ ქეცბაია?
მკითხველის კომენტარები / 12 /
ქეცბაიას წასვლით ,თუ ეშველება ჩვენს ფეხბურთს ალბათ წავა ეგ კაცი.უბრალოთ არაა მისი ლანძღვა ლამაზი.არ იმსახურებს.
bondo
18:45 01-11-2013
0
ფეხბურთის განვითარება თუ გვინდა, ბავშვთა ფეხბურთი უფასო უნდა გახდეს და ნაკრების მწვრთნელებს ანაზღაურება მხოლოდ შედეგის მიხედვით უნდა ჰქონდეთ!!!!
guja_kakhadze
14:18 01-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული