[ექსკლუზივი] ალეკო ამისულაშვილი თემურ ქეცბაიაზე: ასეთ კაცთან ვეღარ ვიმუშავებ

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიას სატელევიზიო შეხვედრა ჟურნალისტებთან რეზონანსული გამოდგა. ცხადია, ყველას საკუთარი აზრი აქვს საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელზე და ზოგს ეს შეხედულება კიდევ უფრო გაუმძაფრდა 18 ნოემბრის სატელევიზიო თოქ-შოუს შემდეგ.

შეხვედრა რთული გამოდგა, ჟურნალისტთა უმეტესობამ კითხვის თუ კითხვების ნორმალურად დასმა ვერ მოახერხა, ყვირილსა და ხელების ქნევაში გაჯიბრება კი ნამდვილად არ არის მედიელის საქმე.

მთავარი, რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრების ინტერესებია.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ქვეყნის მთავარ გუნდს კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი გამოაკლდება - 31 წლის ალექსანდრე ამისულაშვილი, ვისზეც ქეცბაიამ გუშინწინდელ თოქ-შოუში
აუგად ისაუბრა.

19 ნოემბერს "კრილია სოვეტოვის" მცველს რუსეთში დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ.

მაშ ასე, "ლელოს" კითხვებს ამისულაშვილი პასუხობს.

- ალბათ, უყურეთ თემურ ქეცბაიას სატელევიზიო შეხვედრას ჟურნალისტებთან. ნაკრების მწვრთნელმა კონკრეტულად თქვენზეც ისაუბრა. რა კომენტარს გააკეთებდით ამ თემაზე?
- რა კომენტარი უნდა გავაკეთო?! თურმე, ყველაფერი ჩემი ბრალი ყოფილა. რაც შეეხება ქეცბაიას ნალაპარაკებს ჩემზე, ასეთ რამეს რა აზრი აქვს, როცა ვისზეც ლაპარაკობ, იქ არ არის და პასუხს ვერ გაგცემს? რაც მან ჩემზე ილაპარაკა, ამაზე აუცილებლად გავცემ პასუხს, ოღონდ მაშინ, როცა პირისპირ შევხვდები.

- ლაპარაკი იყო ბიზნესკლასით მგზავრობაზეც...
- ...როცა ქეცბაიამ ჩემზე თქვა, ვითომდა, მოვითხოვე ბიზნესკლასით მგზავრობა - რა ზღაპრებს ჰყვება?! ფეხბურთის ფედერაციაში, ალბათ, არის სათანადო დოკუმენტები, რითიც შეიძლება იმის გარკვევა და დამტკიცება, სინამდვილეში რა და როგორ იყო.

მე არაფერი მომითხოვია. მხოლოდ ერთხელ აგვიღო ფედერაციამ ბიზნესკლასის ბილეთი, ისიც იმიტომ, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, სამარა-ასტანის რეისით ყაზახეთში ერთი დღით გვიან ჩავედი. სხვა შემთხვევაში, ბიზნესკლასისთვის ფულს საკუთარი ჯიბიდან ვამატებდი და არავის საქმე არ არის, ჩემს ფულს რაში დავხარჯავ.

მგზავრობის თემაზე ერთადერთი თხოვნა ის იყო, რომ გადაჯდომების გარეშე, პირდაპირი რეისით მოვხვედრილიყავით დანიშნულების ადგილზე.

- ესპანეთთან შესარჩევის ბოლო მატჩისთვის ნაკრებში არ ჩამოხვედით. ქეცბაიამ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ამაზეც ილაპარაკა. როგორია ამასთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია?
- ესპანეთთან მატჩი 14 ოქტომბერს იყო, მანამდე კი რუსეთის ჩემპიონატში ვითამაშე. მატჩის მერე ფეხი ამტკივდა. ექიმმა მითხრა, 7-8 დღე უნდა დაისვენოო, ეს პერიოდი კი 12-13 ოქტომბერს მთავრდებოდა და ამიტომაც ვერ მოვახერხე ნაკრებში ჩამოსვლა. 20 ოქტომბერს რუსეთის ჩემპიონატის ტურში კი ვითამაშე.

ალბათ, გახსოვთ, ზურაბ ხიზანიშვილი რომ ვერ ჩამოვიდა ლუქსემბურგთან ამხანაგური მატჩისთვის და ამის შემდეგ ქეცბაიამ მას კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა. როგორ შეიძლება, ასეთი ეჭვიანობა ყველაფერზე, როცა ერთ საქმეს ვაკეთებთ?!

- ნაკრები და ამისულაშვილი - რა პერსპექტივას ხედავთ?
- იმის შემდეგ, რაც ქეცბაიამ ჩემზე ილაპარაკა, მის გუნდში თამაშს ვეღარ შევძლებ. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს!

- ქეცბაიასა და ჟურნალისტების შეხვედრაზე ასეთი რამეც მოვისმინეთ - ფეხბურთელებმა ნაკრებით გაიკეთეს კარიერაო...
- სადღაც, ნალჩიკის "სპარტაკში" თამაშობდაო - ეროვნული ნაკრების მწვრთნელის მხრიდან ასეთი აგდებული ტონით ლაპარაკი არ შეიძლება! ყველას არ უთამაშია "ნიუკასლში", მაგრამ ამის გამო ფეხბურთელზე ასეთი ირონიული გამონათქვამი არ უნდა კეთდებოდეს.

ისე კი, საინტერესოა, რომელმა ფეხბურთელმა გაიკეთა კარიერა ქეცბაიას გაწვრთნილი საქართველოს ნაკრებიდან? თურქული "ქაისერისფორიდან" რუსეთში რომ დავბრუნდი, ნაკრები აქ არაფერ შუაში იყო. რადგან ვთამაშობდი საქართველოს ეროვნულ გუნდში, ესე იგი, ამას ვიმსახურებდი.

უშეცდომო არავინაა და იქნებ მეც დამიშვია შეცდომები ნაკრებში თამაშის დროს, მაგრამ ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი. როცა "კრასნოდარის" ფეხბურთელი ვიყავი, სერიოზული ტრავმა მივიღე და რკინები ჩამიდგეს. მერე ოპერაცია უნდა გამეკეთებინა ამ რკინების ამოსაღებად, მაგრამ ნაკრებს ავსტრიაში ამხანაგური მატჩი ჰქონდა თურქეთთან და ამის გამო გადავდე ეს ოპერაცია.

14 ოქტომბერს ესპანეთთან თამაში რომ არ მდომებოდა, ფინეთთან მეორე ყვითელ ბარათს "ავიკიდებდი" და ასეთნაირად გამოვტოვებდი ალბასეტეს მატჩს.

ნაკრებში ახალი თაობა წამოვიდა და ხშირად სვამენ კითხვებს - რატომ არ ჩამოდიან ახალგაზრდა ფეხბურთელები ნაკრებშიო? გუნდში ეჭვები არ უნდა არსებოდეს, ფეხბურთელს ნაკრებში ჩამოსვლა და თამაში უნდა უხაროდეს.

- როგორც უნდა იყოს, ფაქტია, რომ ქეცბაიამ თქვენზე საქვეყნოდ ილაპარაკა არცთუ სასიამოვნო რაღაცები...
- თავმოყვარე ადამიანი ვარ და ქეცბაიას პირში ვეტყვი, თუ რა პრეტენზიებიც მაქვს მასთან. ტელევიზიით ყვირილს კი ნამდვილად არ ვაპირებ.

- უთანხმოება თუ კონფლიქტი სხვა გუნდებშიც მომხდარა, თუმცა ხანდახან მათი მოგვარებაც ხერხდება. ამ შემთხვევაში ამის შანსი არ არსებობს?
- 16 წლისამ დავიწყე პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერა და მთელი ამ ხნის განმავლობაში არავისთან მომსვლია კონფლიქტი, მათ შორის - არ ქეცბაიასთან, მაგრამ მწვრთნელი ასეთ რაღაცებს რომ იტყვის ჩემზე, ასეთ კაცთან ვეღარ ვიმუშავებ.

პირველი არ ვარ, ვინც საქართველოს ამ ნაკრებიდან ასე მიდის და ღმერთმა ქნას, ბოლო ვიყო. ნაკრების ფეხბურთელებს მთელი გულით ვუსურვებ წარმატებებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაიას შეხვედრა ჟურნალისტებთან - ყვირილი, აგრესიული ტონი... [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 23 /
ქეცბაიაზე წარმატებული მწრთვნელი საქართველოს ნაკრებს არ ყოლია. კაცმა ჩაიბარა ნაკრები, რომელიც 2006 და 2010 წლების მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირებში, საშუალო დონის ჯგუფებში მე-6 ადგილზე გავიდა. 2014 წლის შესარჩევ ციკლში, ბევრად სუსტი ფეხბურთელებით, მსოფლიო გრანდების (ესპანეთი, საფრანგეთი) წინააღმდეგ ნაკრები მე-4 ადგილზე გაიყვანა. რა პრეტენზია აქვს ან ფეხბურთელებს, ან გულშემატკივრებს, გაუგებარია. რუსეთის ჩემპიონატის უსუსტეს კლუბში მოთამაშე ამისულაშვილი ფეხბურთს რომ ვერ თამაშობს, ქეცბაიას რატომ აბრალებთ. იქნებ "რეალში", ან "ბარსელონაში" თამაშობს ვინმე ჩვენი ნაკრებიდან და ქეცბაიამ არასწორ პოზიციაზე დააყენა. კარგით რა, რეალურად შეხედეთ მდგომარეობას და ჭარბწონიან და გაზულუქებულ ვითომ ფეხბურთელებს ნუ აგულიანებთ და ნუ უბიძგებთ უმსგავსო საქციელისკენ. ფეხბურთელებში პატრიოტიზმის დეფიციტია. შეადარეთ მორაგბეებს და მიხვდებით.
avoe
01:34 24-11-2013
0
ალეკო, შოთი არველაძესთანაც პირშავად ხარ და კაცს გული გული როგორ ატიკინე - გვახსოვს...

და ამიტომ, თემოსთან შენ არასოდეს არ იქნები მართალი!!!
Tamaz alvaneli
03:12 22-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული