მანუჩარ მაჩაიძე: დიდ გუნდებშიც ასეა, მწვრთნელი პედაგოგი უნდა იყოს...

AutoSharing Option
"ლელოს" სტუმარი მანუჩარ მაჩაიძე გახლავთ, "დიდი მანუჩარი", 70-იანი წლების თბილისის "დინამოს" ლიდერი, ტექნიკური და ჯანმაგარი, რომელსაც ბურთი თითქოს ბუცებზე ჰქონდა აკრული, მანუჩარ მაჩაიძისთვის ბურთის წართმევა ძალიან ძნელი საქმე იყო. მაჩაიძე საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც თამაშობდა.

ცუდად გაუშვეს თბილისის "დინამოდან". ჯერ დღეს რა არის და მაშინ სად იყო მაღალი საფეხბურთო კულტურა საქართველოში - ასეთი დიდი ფეხბურთელი ისე დაითხოვეს, თითქოს არაფერი ჰქონდა გაკეთებული ქართული ფეხბურთისთვის.

მაჩაიძე არაერთხელ ყოფილა "ლელოს" რესპონდენტი, თუმცა მიგვაჩნია, რომ ასეთ ფიგურასთან საუბარი არასდროს იქნება ინტერესმოკლებული...

- ფეხბურთში დიდი გზა
გავიარე. არ არის კონტინენტი, სადაც არ მითამაშია, უმაღლეს დონეზე 54 შეხვედრა ჩავატარე. "დინამოში" 1968 წელს ვითამაშე პირველად ძირითად შემადგენლობაში, 1970 წელს კი უკვე 20 მატჩში ვმონაწილეობდი.

1971 წელს "დინამოში" მწვრთნელად გავრილ კაჩალინი დაბრუნდა და იკითხა, აბა, ვინ არიან აქ პერსპექტიული ახალგაზრდებიო და ჩემზე უთხრეს, თვალებში ვერ იხედება, გულის მანკი აქვს და მაგან რა უნდა ითამაშოსო. კაჩალინი მაინც აგრძელებდა დაკვირვებას ახალგაზრდებზე და ერთი თვის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ისევ მეთამაშა "დინამოში". ამის შემდეგ სულ ძირითადში ვიყავი.

- რა სტილის ფეხბურთს ესადაგებოდა მანუჩარ მაჩაიძის თამაში?
- მაშინ მოდაში იყო ფეხბურთი, რომელსაც "ცეცეს" სტილს ეძახდნენ. ბუზი ცეცე რაც არის, ალბათ, იცით და ეს სტილიც მასეთი იყო, აბრუებდა და თიშავდა მეტოქე გუნდს - მთელი ლათინური ამერიკა ასე თამაშობდა. ანუ ის ფეხბურთი, რაც ბოლო პერიოდში "ბარსელონამ" წარმოგვიდგინა, ახალი გამოგონება არ არის.

1975 წელს "დინამოში" მიხეილ იაკუშინი მოვიდა და გადავწყვიტეთ, ეს სტილი "დინამოშიც" დაგვენერგა. 5-6 წელიწადი ასე თამაშობდა "დინამო". მანამდე ისე იყო, რომ საგარეო შეხვედრებში "დინამო", უმეტეს შემთხვევაში, მარცხდებოდა, შეტევაში თავზეხელაღებულები მივდიოდით და სულ ასე თამაში აღარ შეიძლებოდა. ამიტომაც გადავედით "ცეცეზე" - მოკლე და საშუალო დისტანციის გადაცემები.

მტრები მაშინაც გვყავდა. დოგმასავით იყო, რომ ნებისმიერ სფეროში რუსებისთვის უნდა მიგვებაძა. ფიზიკური მომზადება, ბურთი მოიშორე და სწრაფად გაიქეცი - ასეთი იყო რუსული ფეხბურთი. ჰოდა, ბევრს არ სჯეროდა ჩვენი და ყველანაირად კრიჭაში გვედგნენ.

მერე "დინამოს" მწვრთნელად ნოდარ ახალკაცი დაინიშნა და იმავე სტილით ვაგრძელებდით თამაშს. საპრიზო ადგილები, ჩემპიონობა, თასი - ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ შინ გამართულ 92 შეხვედრაში ერთხელაც არ წაგვიგია, 72 მატჩი მოვიგეთ და 20 ფრედ ვითამაშეთ. ყველა ამ მატჩში ვმონაწილეობდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ლამის მთელი საქართველო ჩემ წინააღმდეგ შეიკრა, ვეტერანი ფეხბურთელები და თანაგუნდელებიც კი და გამიშვეს "დინამოდან", აქაოდა, ქართული ფეხბურთი არასწორი გზით მიდის, მაჩაიძე თუ არ გავუშვით, დავიღუპებითო.

ჩემი გაშვებიდან რამდენიმე დღეში "დინამომ" საბჭოთა კავშირის თასის ფინალი წააგო დონეცკის "შახტიორთან". ფინალის თამაშიც კი არ მაცალეს.

მომდევნო წელს "დინამომ" თასების თასი აიღო და 30 წელია, ამას "ვატრიალებთ"...

"ზარიასთან" 0:0-ის მერე სტადიონზე ერთი ამბავი რომ ატყდა, რუსებმა მე დამაბრალეს, ამის პროვოცირება მაჩაიძემ მოახდინაო. ალბათ, იმიტომ, რომ მაშინ ხუთი წლის განმავლობაში რუსულ გუნდებს ჩვენთვის ერთხელაც არ ჰქონდათ მოგებული. სხვათა შორის, "დინამოს" რომ ჩამომაშორეს, ახალკაცმა მითხრა, მოგვიანებით მიხვდები, ვინ გაგიშვა "დინამოდანო"...

სათამაშო სტილს რაც შეეხება, 35-ე სკოლაში ტექნიკური ფეხბურთელის აღზრდაზე კეთდებოდა აქცენტი. დი სტეფანო, გარინჩა, მესხი, მეტრეველი... ამათ ვუყურებდით, უტექნიკო ფეხბურთელებს კი დავცინოდით.

Sportall.Ge
ფოტოზე: 1977 წელი. დინამო-გრასჰოპერსი. მანუჩარ მაჩაიძე შვეიცარიელ ფეხბურთელთა გარემოცვაში

- იყავით პარლამენტის და საკრებულოს წევრი. რატომ მოხდა, რომ ფეხბურთელის კარიერის შემდეგ ქართულ ფეხბურთში აქტიურად ვერ იმუშავეთ?
- კახი ასათიანი, დავით ყიფიანი, ალექსანდრე ჩივაძე... იყვნენ ფეხბურთელები, ბევრი სირბილი რომ ეზარებოდათ. საყრდენ ნახევარმცველად ვთამაშობდი და გამოვთქვი აზრი, იქნებ ორი საყრდენით ვითამაშოთ-მეთქი, ანუ საფეხბურთო კამათი წამოიჭრა. ასათიანი ტექნიკური ფეხბურთელი იყო, მოხდენილი მოძრაობები ჰქონდა, მაგრამ ბრძოლა და ბურთის წართმევა არ შეეძლო. ჩივაძე ჯერ ნახევარმცველი იყო, მაგრამ ვერ ითამაშა ამ პოზიციაზე, მერე უკან გადასწიეს და საბოლოოდ დიდი ავტორიტეტიც გახდა.

ზოგს ჰგონია, რომ ფეხბურთში გვერდზე და უკან პასი ცუდი რამეა, მაგრამ თანამედროვე მოწინავე გუნდების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, პასების 70-80 პროცენტი უკან ან გვერდით სრულდება.

ეს ფეხბურთელები, ვეტერანები ყველა მთავრობას მოერგნენ, გამსახურდიას, შევარდნაძეს, სააკაშვილს...

ყველანაირად ხელს მიშლიდნენ. სააკაშვილმა ახალკაცის შვილი ჩამოიყვანა ფედერაციის პრეზიდენტად, როცა სხვას ადანაშაულებდა ნეპოტიზმში. სააკაშვილი იმასაც ამბობდა, კარგ ტოლმას მაჭმევს ახალკაცის მეუღლეო...

- საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე რას გვეტყოდით? რისი ბრალია, სულ მაჩანჩალათა შორის რომ ვართ?
- დღეს ვინც უნდა დაინიშნოს ჩვენი ნაკრების მწვრთნელად, დელ ბოსკე ან ვინც გნებავთ ის, შედეგს ვერავინ მიაღწევს, რადგან საქართველოში ბავშვები არასწორად იზრდებიან, არ უვარგათ ფიზიკური მომზადება, პასს ვერ აკეთებენ, ვერ ატყუებენ, ბურთიანად ვერ დადიან მოედანზე.

მწვრთნელი ვარჯიშს რომ მოამთავრებს, ფეხბურთელი 15-20 წუთი ისევ მოედანზე უნდა დარჩეს და ვარჯიში ინდივიდუალურად გააგრძელოს კედელთან ტექნიკაზე. ისეთი ღონიერი უნდა იყოს, რომ საკუთარ წონაზე 15-20 კილოგრამით მძიმე შტანგას სწევდეს, 15-20 აზიდვას მაინც აკეთებდეს ღერძზე. ფეხბურთელობისას დაწოლილი 235-კილოგრამიან შტანგას, ცალი ხელით კი 2-ფუთიან გირას 35-ჯერ ვწევდი. მახსოვს, იური გავრილოვმა ერთხელაც ვერ ასწია. 400 მეტრი 54 წამში ვირბინე. მიმაჩნია, რომ ფეხბურთელი ადგილიდან მინიმუმ 80 სანტიმეტრზე უნდა ხტებოდეს. თუ ამ პარამეტრებში ჯდები, მაღალ დონეზე თამაშის შანსი გაქვს.

- ნოდარ ახალკაცზე რას გვეტყოდით? თქვენი აზრით, როგორი სპეციალისტი იყო?
- სუსტი მწვრთნელი იყო. გოგია, ხიზანიშვილი, ხინჩაგაშვილი, კანთელაძე, მუჯირი, მაჩაიძე, ქორიძე, კოპალეიშვილი, გუცაევი, ყიფიანი, დარასელია - ეს ფეხბურთელები "დინამოში" სხვა მწვრთნელებმა მიიყვანეს და დააწინაურეს, ახალკაცმა კი მოიყვანა გაბელია, შენგელია, სულაქველიძე, კოსტავა, ჩელებაძე...

- დღევანდელობას დავუბრუნდეთ. ქართველი ფეხბურთელებიდან ვერავის გამოარჩევთ?
- დააკვირდით, რა ვითარებაა დიდ გუნდებში - იქ მცველები "იჭერენ" ბურთს, ზოგს კი ჰგონია, რომ მცველი მხოლოდ ხისტი უნდა იყოს და მხოლოდ ბურთის წართმევა უნდა იცოდეს. ქართულ გუნდებში არიან ისეთი მცველები, ბურთის "დაჭერა" რომ შეუძლიათ? უკვე ჩამოყალიბებული, ტექნიკური ფეხბურთელი, ვინც სტაბილურად მაღალ დონეზე ითამაშებს - ასეთს ქართველებიდან ვერავის ვხედავ. ერთი თავდამსხმელი არ გამოჩნდა, კაცის მოტყუება და გოლის შეგდება რომ იცოდეს.

ხანდახან ჟურნალისტებიც სცოდავთ, საშუალო ნიჭის ფეხბურთელს ისეთნაირად "დახატავთ", რომ...

- გამოსავალს რაში ხედავთ?
- ჩამოიყვანონ რამდენიმე ისეთი უცხოელი მწვრთნელი, რომლებიც ჩვენს მოზარდებს ასწავლიან, თუ რა არის ფეხბურთი. უნდა შემუშავდეს, თუ რა სტილით უნდა ვითამაშოთ.

- ისტერიკული ფონი, ყვირილი - ეროვნული ნაკრების მწვრთნელს ეს შეშვენის?
- მწვრთნელი უნდა მოერიდოს კონფლიქტებს. ვისაც კონფლიქტები აქვს, ის ვერაფერს მოიგებს. დელ ბოსკემ თქვა, გუნდის სიძლიერის 80 პროცენტს ფეხბურთელი განაპირობებსო. აგერ, მოურინიოს აერია ურთიერთობა ფეხბურთელებთან "რეალში" და გუნდის დატოვებაც მოუწია.

დიდ გუნდებშიც ასეა - მწვრთნელი პედაგოგი უნდა იყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ფერგიუსონზე დიდი მწვრთენლი რომელია?? ან ახალკაცზე ძლიერი ვინ გვყოლია ქართველებს?? რომელიმე აპატიბდა თქვენი აზრით ფეხბურთელს ენის დაგრძელებას ან იმის შეუსრულებლობას რასაც ავალებს??
დექსტერა
15:18 21-11-2013
0
აუხსანას ამ კაცს ვინმემ, ახალკაცი მოკვდა და არაა მთლად კორექტული ყველა ინტერვიუში სუსტი უძახო მწრთვნელს ..რომელსაც საუკეთესო შედეგი აქვს კლუბის ისტორიაში მხოლოდ იმიტომ რომ გუნდიდან გაგიშვა
ლუხუტა
15:33 21-11-2013
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული