რევაზ ძოძუაშვილი: ხიზანიშვილი და ქეცბაია ნაგინებიც მყავს და ნაფერებიც

AutoSharing Option
რამდენიმე თვის წინ რევაზ ძოძუაშვილი საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების სელექციონერად დაინიშნა.

ცნობილ სპეციალისტს, რომელსაც საქართველოსა და ლატვიის ნაკრებების გარდა, არაერთი კლუბის თავკაცადაც უმუშავია, ქართულ ფეხბურთში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებზე ვესაუბრეთ:

- სანამ ქვეყანაში არ იქნება სტაბილური ვითარება, გამორიცხულია, ფეხბურთი დალაგებული იყოს. არადა, მსოფლიო ფეხბურთი წინ მიდის, ჩვენი კი უკანასკნელი ვაგონით მიჩანჩალებს და როგორ დაეწევა?!

სამწუხაროდ, საქართველოში ფეხბურთი დაისაკუთრა ისეთმა ხალხმა, რომლებსაც ფეხბურთი კი უყვართ, მაგრამ სათანადო ცოდნა არ აქვთ!

ისინი კი, ვინც წარსულიც ვიცით, დღევანდელის გაძლიერებაც შეგვიძლია და მომავალსაც ვხედავთ,
ქართულ ფეხბურთს ჩამოშორებულნი ვართ.

წინა ხელისუფლების დროს ფეხბურთი როგორ განვითარდებოდა, როცა სტადიონები თითქმის ყველა კუთხეს გაუყიდეს?! ისეთი რა შემოსავალი უნდა მოეტანა ბათუმის ან ზუგდიდის სტადიონების გაყიდვას, მაგრამ სტადიონის არსი არ იცოდნენ და...

- არადა, ამბობენ, რომ ბოლო წლებში ქართულ ფეხბურთში 100 მილიონი დაიხარჯა...
- ძალიან კარგია, ყველა ეზოში რომ გაკეთდა ხელოვნურსაფარიანი მოედანი. პატარაობიდანვე რომ "მოიწამლები" ფეხბურთით, მთელი ცხოვრება გეყვარება. მაგრამ ბავშვი რომ წამოიზრდება და დიდ მოედანზე უნდა გადაინაცვლოს, სტადიონი აღარ არის და სპორტის ნაცვლად, სხვა რაღაცებზე იწყებს ფიქრს! ასეთ ვითარებში როგორ უნდა განვითარდეს ფეხბურთი?!

საზღვარგარეთ, ვისაც დიდი ფეხბურთი უთამაშია, ყველა ჩართულია თავისი ქვეყნის საფეხბურთო ცხოვრებაში. ჩვენთან კი... ეროვნული ჩემპიონატის კლუბებში ერთ სახელოვან ვეტერანს მაინც თუ ხედავთ, ვინც პრაქტიკულად გადასცემს ფეხბურთელებს თავის ცოდნას და გამოცდილებას?!

იხილეთ: თემურ ქეცბაიას შეხვედრა ჟურნალისტებთან - ყვირილი, აგრესიული ტონი... [VIDEO]

- როგორ ფიქრობთ, რისი ბრალია ყველაფერი ის, რაც დღეს საქართველოს ნაკრებში ხდება?
- რამდენი მწვრთნელი ჩამოიყვანეს ნაკრებში, მაგრამ შედეგი? ჩამომყვანიც არაპროფესიონალი იყო და იმიტომ... რა აზრი აქვს ისეთი ხილის ყიდვას, საღი მხოლოდ გარედან რომაა, გული კი დაჭიანებული აქვს? ის, რაც ნაკრებში ხდება, კანონზომიერია...

იცით, რის გამო იბრძვიან თემურ ქეცბაია და ნაკრების ფეხბურთელები? არა მხოლოდ სპორტსმენის, ზოგადად, ქართველი კაცის ხასიათია ასეთი - პირველობა სურს!

ეს ფეხბურთელებიც პირველობას არიან ჩვეულნი, ნაკრების წამყვანი მოთამაშეები არიან და ქვეცნობიერად, ყველას გვეუბნებიან: ჩვენ ვართ ლიდერები, "ორთქლმავალი", ვისაც ნაკრები "მიჰყავსო"! ასეთივე შეხვდათ მწვრთნელიც - ქეცბაიას ფეხბურთელობისასაც პირველობა უნდოდა და შინაგანად ისიც იმავეს ეუბნება - ჩემ გარეშე რას წარმოადგენთ?! ნაკრებში მე გიძახებთ,
გათამაშებთო და ა.შ.

იხილეთ: ალეკო ამისულაშვილი თემურ ქეცბაიაზე: ასეთ კაცთან ვეღარ ვიმუშავებ

- მაგრამ მხარდამხარაც ხომ უთამაშიათ, მეგობრობდნენ და თუნდაც ამის გამო არ მოეთხოვებათ ერთმანეთის მეტი პატივისცემა?

- დიახ, უთამაშიათ ერთად და ქეცბაიას და ხიზანიშვილის ლაპარაკი, პირველ რიგში, სწორედ მოედანზე "ლაპარაკია" - პასის მიცემა, გვერდში დგომა... პირველობისთვის ხომ იბრძვიან, მაგრამ ერთმანეთის გარეშე არც ერთი ვარგა!

ფეხბურთში ბრძოლა სულ იყო და სპორტი ამითაც არის საინტერესო. დღეს სწორი აღზრდა და ფსიქოლოგია, მთავრობის მხარდაჭერა აკლია ქართულ ფეხბურთს, მთავარი საკითხებია ფეხბურთში მოსაგვარებელი, თორემ საბოლოოდ, ქეცბაია და განაწყენებული ფეხბურთელებიც შერიგდებიან...

- მაინც რა არის ნაკრების მთავარი პრობლემა?
- აუცილებელია პედაგოგიკა, სწორი ფსიქოლოგია. ყველა მწვრთნელს აქვს საკუთარი ფილოსოფია, მაგრამ საბოლოო ჯამში, მთავარი მაინც შედეგია...

- ქეცბაია ამბობს - ხიზანიშვილი მარტო არ იქნება, მის უკან ვიღაცები დგანანო... თქვენც ასე ფიქრობთ?

- რა გითხრათ... მაგრამ ჩემი მაგალითი ავიღოთ: სადაც მიმუშავია, ბოლო ხუთი კლუბიდან ყველა გავიყვანე ევროთასზე, მაგრამ თამაშები რომ მოახლოვდებოდა, იტყოდნენ - ეყოფა ძოძუაშვილს, ევროპაზე გუნდს ჩვენ ვათამაშებთო და... სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ტყუილია დღეს ქართულ ფეხბურთში.

იხილეთ: ზურაბ ხიზანიშვილი: "როცა ფეხბურთელი იმაზე ფიქრობს, ქეცბაიამ დედა არ შემაგინოსო..."

შენ უნდა იყო მართალი სხვასთანაც და საკუთარ თავთანაც, მაგრამ ფეხბურთში სიმართლეს ნურასოდეს ეძებ! მთავრობასთან ერთად, ჩვენც ვართ დამნაშავე, ფეხბურთის სადავეები ამდენ უცოდინარს რომ დავუთმეთ...

- ამბობთ - მწვრთნელი შედეგით იზომებაო... კმაყოფილი ხართ საქართველოს ნაკრების შედეგით ან თამაშით?
- შეიძლება, დღეს ვინმე კმაყოფილი იყოს ჩვენი გუნდის თამაშით?! კმაყოფილი არც თემურ ქეცბაიაა, მაგრამ თუ გასამართლებელი საბუთი აქვთ, ჩვენც გვითხრან, რა ან ვინ უშლით ხელს! ვინც ნაკრებში მუშაობს, გუნდში რეალურად არსებული ვითარება ყველაზე უკეთ მათ იციან. ჰოდა, კეთილი ინებონ და თქვან - რა უშლით ხელს!

- მწვრთნელს ხელის შეშლა არც უხსენებია - ფეხბურთელები არ მყავს და რას მთხოვთო... ხიზანიშვილი კი ამბობს, რომ, როცა მწვრთნელის ამ სიტყვებს ნაკრების ამჟამინდელი ფეხბურთელები ისმენენ, მოტივაციას კარგავენო...
- მწვრთნელებსაც და მოთამაშეებსაც ერთი რამ ავიწყდებათ - საქართველოს ნაკრებში ფეხბურთელებს ქეცბაია კი არა, სამშობლო იძახებს! ომში მოდიხარ, შენს ქვეყანას სჭირდები, ჩამოდი და იბრძოლე! ქეცბაია და ძოძუაშვილი რას იტყვიან, ერთ ყურში შეუშვი და მეორედან გამოუშვი, თორემ ლაპარაკს თუ შევყევით, ერთმანეთისთვის იმდენის თქმა და იმდენი შეცდომის გამოძებნა შეგვიძლია...

- ლაპარაკსაც ხომ გააჩნია? თუ ფეხბურთელი დაძაბულია და ნაკრებში თავისუფლად ვერ გრძნობს თავს, როგორღა ითამაშებს?
- მწვრთნელმა შეიძლება შეიგინოს კიდეც, მაგრამ ფეხბურთელებს ხომ არ აგინებს?! თანაც, მწვრთნელის სიტყვების ლექსიკონს კი ნუ უყურებ, მის "საფეხბურთო ლექსიკონს" დააკვირდი - რას გასწავლის, რას გეუბნება... იმას დავაკვირდეთ, რა ხდება თანამედროვე ფეხბურთში, წარმატებულ გუნდებში, თორემ ხიზანიშვილი, ქეცბაია, კაჭარავა და სხვა ფეხბურთელები ნაგინებიც მყავს და ნაფერებიც...

მთავარი ის არის, რომ ქართულ ფეხბურთში თავისი სიტყვა ქეცბაიასაც ნათქვამი აქვს და ხიზანიშვილსაც.

ასე რომ, ვიღაც სპეციალურად არ აკეთებდეს ამას. ჩვენი თაობა ხომ გადაჰკიდეს ერთმანეთს და ალბათ, ახლა ამ თაობას შეუჩნდნენ, თუმცა ვეტერანებმა მოვილაპარაკეთ და სწორედ ჩვენ გავხდებით ხიდი, რომელიც გააერთიანებს ახალგაზრდებსაც და ძველი თაობის ფეხბურთელებსაც!

თუ ეს გამოგვივიდა და მთავრობაც დაგვეხმარა, ჩათვალეთ, რომ საქართველოში დიდ ფეხბურთს დავაბრუნებთ.

რატი შელეგია
"ყველა სიახლე"

ასევე იხილეთ:
რევაზ ძოძუაშვილი: მე რომ შემაგინებდნენ, უფრო მაგრად ვთამაშობდი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
მჯერა ამ კაცის ; ))
0
კაცურად ლაპარაკობს~
რომანი
15:16 27-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული