TimeLine: ბარაქა, გოგი!

AutoSharing Option
განვლილი შვიდი დღის განმავლობაში სიუხვითა და სიმსუყით იმდენი საინტერესო ამბავი მოხდა, ზოგიერთ თვესაც კი შეშურდებოდა. თუმცა, გამოგიტყდებით, ეს ყველაფერი სასიამოვნო საწერი სულაც არ არის.

საფეხბურთო ნაკრებიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა ალექსანდრე ამისულაშვილმა - მწვრთნელის გამო მივდივარო.

მომდევნო დღეს ზურაბ ხიზანიშვილმა თქვა - ფედერაციას ვთხოვ, თემურ ქეცბაია ნაკრებს ჩამოაშოროს: როცა ფეხბურთელი ფიქრობს, მომავალ ჩამოსვლაზე ქეცბაიამ დედა არ შემაგინოსო, როგორი განწყობით უნდა თამაშობდეს?
იხილეთ: ალეკო ამისულაშვილი თემურ ქეცბაიაზე: ასეთ კაცთან ვეღარ ვიმუშავებ
იხილეთ: ზურაბ ხიზანიშვილი: "როცა ფეხბურთელი იმაზე ფიქრობს, ქეცბაიამ დედა არ შემაგინოსო..."

ეს რომ წავიკითხე, უნებურად გამახსენდა ქართული ფილმის, "ქვევრის" გმირი გოგია და მისი ნათქვამი - "ამტვრევ არა, შე შობელძაღლო". მას საკუთარმა შვილმა იმერეთიდან ჩამოტანილი 200-მანეთიანი ქვევრი გაუტეხა და კიდევაც გასაკვირია, კახელი კაცი თუნდაც ფილმში ასე რბილად რომ იგინება.

გადამიხადე 300 მანეთი და ქვევრი ჩუმად გავტეხოთო, - ურიგდება გოგია აბესალომს. თუმცა ცოლი ტყუილში ამხელს - აკი ორასი მივეციო?!

ბევრი წამიკითხავს, მაგრამ ჩემთვის დღესაც გაურკვეველია, რამდენია თემურ ქეცბაიას ხელფასი. გამოგიტყდებით, უმადური პროფესიის ხალხს რაც უფრო მადიან კონტრაქტს გაუფორმებენ, მით უფრო გამიხარდება. აქ მთავარი ის არის, რატომ იგინება ქეცბაია. იქნებ მასაც გოგიასავით იმედი ჰქონდა, რომ ქვევრში ყურძნის წვენს ჩაასხამდა, დააღვინებდა, საქართველოს ნაკრებით მსოფლიოში მოიწონებდა თავს და ეს იმედი გოგიას ქვევრივით გაუტეხეს? უფრო გარკვევით რომ ვთქვათ, ამა თუ იმ თამაშისას, ფეხბურთელები მის მითითებებს ვერ ასრულებდნენ და ამიტომაც დასჭირდა გინება?

მაგრამ საკითხავია, გამოდის საქმე ლანძღვით? გოგიას შემთხვევაში არა - გოგონა შინიდან გაექცა... თუმცა აღმოაჩნდა მრჩეველი - ქვევრის გასამრთელებლად აბესალომს დაუძახეო, გაახსენა მარომ.

ვიდრე აბესალომს ქვევრში შევუშვებდეთ, გავიხსენოთ, რა გამოხმაურება მოჰყვა ზურაბ ხიზანიშვილის ნათქვამს. საპასუხოდ თემურ ქეცბაიამ ვიდეოინტერვიუში აღნიშნა: ამ ფეხბურთელების უკან ვიღაცები დგანან, ვისაც ჩვენ არ ვიცნობთო.

მწვრთნელის სიტყვებით გამოდის, რომ მწიფდება შეთქმულება. ვინ აწყობს ბუნტს? ამ კითხვაზე თავად ქეცბაიამ არ უპასუხა და, ცხადია, ვერც ჩვენ ჩამოვთვლით გვარებს...

გავიდა კიდევ ერთი დღე, ჯანო ანანიძემ და ჯაბა კანკავამ საჯაროდ თქვეს, ქეცბაიასთან კარგი დამოკიდებულება გვაქვსო.
იხილეთ: ჯანო ანანიძე: ყოველთვის მზად ვარ, საქართველოს ნაკრებს დავეხმარო [VIDEO]

გინების თემა არც უხსენებიათ. მწვრთნელ-მოთამაშეთა დაპირისპირებას გამოეხმაურა ლევან კობიაშვილი და გაწონასწორებული სიტყვა თქვა:

- ტელევიზორის ჩართვა აღარ მინდა, მესმის ერთმანეთის ლანძღვა. დავიღალე, დაიღალა ხალხი... დაპირისპირებულებს მოვუწოდებ: დამშვიდდით, ერთმანეთს პატივი ეცით, დასხედით და დაილაპარაკეთ.

ლევანმა სწორად მიანიშნა ფედერაციაზე, რადგან ამ ორგანიზაციას მხოლოდ მედიატორის როლი არ ეკისრება...

- ფედერაციას მეტი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს. ჯერ გამოაცხადა, ნაკრების მწვრთნელს ნოემბერში შევხვდებით და სამომავლო გეგმებზე ვილაპარაკებთო. აღმოჩნდა, რომ საუბარი არ შემდგარა და ახლა თქვეს, დეკემბერში იქნებაო...

ეს ამბავი "ქვევრის" სიუჟეტს ხომ არ გაგონებთ? - "უფროსი" სამჭკუაშვილი სიტყვასიტყვით ამბობს:

- ჰოო, ძალიან რთული საკითხია. არა, ამას მარტო მე ვერ გადავწყვეტ. დღეს პარასკევია... შაბათი, კვირა... ორშაბათს მოხვალთ ჩემთან შენა და ისა... თუმცა ის როგორ მოვა?!

მოკლედ, კობიაშვილის სიტყვების შემდეგ მწვრთნელ-მოთამაშეთა დაპირისპირებაზე არაფერი გვსმენია, სამაგიეროდ, კიდევ ერთი საქმე მოიცვა ბურუსმა: ფედერაცია ამტკიცებს, თემურ ქეცბაიასთან 2012 წელს ოთხწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთო. არადა, ფედერაციისვე საიტის ინგლისურ ვერსიაში 2+2 წერია.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ვერსიის წაშლა ვერ გაითვალისწინეს. შესაძლოა, 2+2 ისეთი შეთანხმებით იყოს, რომ მხოლოდ თემურ ქეცბაიას ჰქონდეს კონტრაქტის დარღვევის უფლება, რაც ფედერაციისთვის პირდაპირ ოთხწლიანს ნიშნავს. თუმცა ეს ვარიანტი ნაკლებად სავარაუდოა. როგორც ჩანს, ფედერაციამ ქეცბაიას 2+2 კონტრაქტი აიღო და "თავისივე წებოთი შეაწება"...

იმასაც გეტყვით, რომ სულაც არ მიმაჩნია დიდ პრობლემად ერთ ფარატინა ფურცელზე 2+2 წერია, 4 თუ 14. ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა საკალათბურთო მწვრთნელმა დუშან ივკოვიჩმა თქვა - სერბეთის ფედერაციასთან ნაკრების მწვრთნელობის თაობაზე სიტყვიერი შეთანხმება მქონდაო.

თუ ორივე მხარე შეთანხმდება, თემურ ქეცბაიას კონტრაქტის შეჩერება არ არის ისეთი რთული, როგორიც აბესალომის ქვევრიდან გამოყვანა იყო, მაგრამ ჯერ უნდა ვუპასუხოთ კითხვაზე - რატომ უნდა გაწყდეს კონტრაქტი?

თუ თემურ ქეცბაიამ განვლილ ოთხ წელიწადში გუნდის ბირთვი შეარჩია, შეაჩვია მისი მუშაობის სტილს, ტაქტიკურ მონახაზს, სტრატეგიას და 60%-ით შეათამაშა, მაშინ იგი ნაკრებში უნდა დარჩეს, რათა დარჩენილ ორ წელიწადში კიდევ 30%-ით შეკრას და ევრო-2016-ისთვის გუნდმა შესაძლებლობების 90% გამოავლინოს.

ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გავითვალისწინოთ მთავარი: ნაკრების გოგიას ქვევრივით დამსხვრევას დრო არავის აპატიებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
რამდენ ხანს უნდა ვითმინოთ ფედერაციის უნამუსობა თავიანთი არველაძეებით და ჩივაძეებით!!! დაანებეთ თემურს თავი და ,,, დააყენეთ!
irakli
11:59 30-11-2013
0
თამაშის დროს ემოციები ისეა გამძაფრებული რომ რა გასაკვირია ან მწვრთნელი ან ფეხბურთელი იგინებოდეს,გინების გულისა ნაკრებში არ გამოვცხადდებიო ამას პატარა ბავშვი თუ იტყვის,მე მგონია ამით იმის გადაფარვა უნდათ,რომ ფორმაში ვეღარ არიან,ვერ ეგუებან რომ მაგათი დრო წავიდა!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული