კობიაშვილმა ძალიან ბევრჯერ ისახელა თავი "ფრაიბურგსა" და "შალკეში", ბერლინურ გუნდში კი იმდენს მიაღწია, რომ რამდენი ხნით კაპიტნის სამკლავურიც უბოძეს.
ის ცუდად გაუშვეს საქართველოს ნაკრებიდან - ეს ალბათ იმის ბრალი იყო, რომ საქართველოში საფეხბურთო კულტურა ჯერაც არ არის მაღალ დონეზე, თორემ ასეთ ფეხბურთელს
კობიაშვილის რეგალიების ჩამოთვლას ამჯერად არ შევუდგებით, უბრალოდ, ერთხელაც დავურეკეთ გერმანიაში და გავესაუბრეთ...
- ცოტა ხნის წინათ გვითხარით, ჯერ ზუსტად არ ვიცი, რა საქმეს მოვკიდებ ხელს ამ სეზონის დასრულების შემდეგო. ამ საკითხზე ხომ არ მიგიღიათ რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება?
- ჯერ არა. ალბათ, ისიც გახსოვთ, რომ ვთქვი - "ჰერტა" კლუბში დარჩენას მთავაზობს, თუმცა ჯერ უცნობია, რა თანამდებობაზე-მეთქი. მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპი რომ დასრულდება, ამ თემას ერთხელაც მივუბრუნდებით და უფრო მკაფიოდ გაირკვევა ყველაფერი.
- ანუ ცალსახად შეიძლება იმის თქმა, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ლევან კობიაშვილი საქართველოში ჯერ არ დაბრუნდება?
- საქართველოში დაბრუნებისა და ჩვენს ფეხბურთში საქმიანობის სურვილი კი მაქვს, მაგრამ კონკრეტულად როდის და რა ფორმით, ამას ჯერ ვერ გეტყვით.
- 2015 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს. ლევან კობიაშვილი საკუთარ კანდიდატურას არ წამოაყენებს?
- ამ თემაზე ადრეც იყო მითქმა-მოთქმა. მაქვს სურვილი, რომ ის ცოდნა და გამოცდილება, რაც დამიგროვდა, ქართულ ფეხბურთს მოვახმარო და თუ ამის საშუალება მომეცემა, დიდი სიამოვნებით მოვკიდებ ამ საქმეს ხელს. რაც შეეხება კონკრეტულად 2015 წელს გასამართ არჩევნებს, ამაზე დღეს ვერ გაგცემთ პასუხს.
- ბოლო დროს საქართველოს ეროვნული ნაკრების გარშემო დაძაბული, არასასიამოვნო სიტუაცია შეიქმნა. როგორ ფიქრობთ, როცა აქამდე მივა საქმე, ცვლილებები აუცილებელი არ არის?
- მე ვერ გეტყვით, ცვლილებები აუცილებელი არის თუ არა. კარგი იქნება, თუ უფრო დალაგებულ, მშვიდ გარემოში იმსჯელებენ სანაკრებო თემაზე. გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე უნდა იქნას მიღებული, თუ რა სჭირდება ფეხბურთს და არა - ცალკეულ პიროვნებებს.
როცა ასეთ დაძაბულ სიტუაციამდე მივა საქმე, კონკრეტულად უნდა ითქვას სათქმელი იმისგან, ვისი მოვალეობაც არის - ვენდობით ამ მიმართულებას, ვაგრძელებთ ამ გზით მუშაობას... აქედან გამომდინარე, მოიხსნება დაძაბულობაც. მერწმუნეთ, ასეთი სიტუაცია ძალზე საზიანოა ქართული ფეხბურთის ისედაც შელახული იმიჯისთვის. ერთი სიტყვით, ყველაფერი პირდაპირ უნდა ითქვას და დაძაბულობაც მოიხსნება.
- დაძაბულობას ყოველთვის უწევს პროვოცირებას ფინანსური ფაქტორი. ალბათ, გახსოვთ, ზურაბ ხიზანიშვილმა "ლელოსთან" ინტერვიუში რომ ისაუბრა ნაკრებში პრემიების თემაზე, რასაც ზოგიერთისგან მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა საპირისპიროდ არგუმენტირებული დასაბუთება ვერ მოვისმინეთ. საინტერესოა თქვენი აზრი ამ ყველაფერზე - ნაკრებში საქმიანობა მხოლოდ მწვრთნელისთვის უნდა იყოს პროფესია?
- ვფიქრობ, ხიზანიშვილის ნათქვამი სულ სხვანაირად აიტაცეს. ზურას არ მოუთხოვია პრემიები, უბრალოდ, თქვა - თუ როგორ არის საქმე მოწყობილი ევროპულ და სხვა ნაკრებებში. ნამდვილად არ არის სწორი, რომ ამის გამო ვიღაცამ ხიზანიშვილის პატრიოტიზმი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.
ქართულ ფეხბურთში იმდენი პრობლემაა, რომ ამ თემაზე ხმამაღალი ლაპარაკი, შესაძლოა, უხერხულიც იყოს, თორემ გერმანიასა და სხვა ქვეყნებში ნაკრებში პრემიებისა და ანაზღაურების საკითხი ჩვეულებრივი რამეა და კარგი იქნება, თუ საქართველოშიც ასეთ დონეზე დადგება ეს საკითხი.
ფეხბურთელი ნაკრებში რომ თამაშობს, ამისთვის თანხას უკვე კლუბებიც იღებენ, არსებობს დაზღვევაც იმისთვის, თუ ფეხბურთელი ნაკრებში ტრავმას მიიღებს...
- ნებისმიერ აქტუალურ თემაზე კამათი მართლაც ჩვეულებრივი რამეა, თუმცა საქართველოში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც კარგ ქვეყნებში...
- დისკუსია კარგია და ყოველთვის მივესალმები პოზიტიურ, საქმიან კითხვა-პასუხს, მაგრამ როცა კამათი გადადის შეურაცხყოფასა და ბრალდებებში, ეს არ არის კარგი.
- როცა ეროვნულ ნაკრებს ჩამოგაშორეს, რამდენიმე თვის შემდეგ ითქვა - კობიაშვილმა ნაკრების მწვრთნელის სატელეფონო ზარს არ უპასუხა, ალექსანდრე იაშვილთან კი ქეცბაიამ დარეკაო. ახლა რა ვითარებაა, ქეცბაიასთან კომუნიკაცია ისევ ვერ ხერხდება?
- მე არასდროს მითქვამს უარი ნაკრებში თამაშზე, პირიქით - ჩემზე თქვეს უარი, აღარ ჩამთვალეს საჭიროდ. გული დამწყდა იმ ფორმაზე, როგორც ჩამომაშორეს ნაკრებს და ამ განწყობას დღემდე ვერავინ შემაცვლევინებს.
რაც შეეხება იაშვილს, ნაკრებიდან რომ გაუშვეს, რვა თვის შემდეგ დაურეკეს. ჩემს ტელეფონზე ერთი ზარი შემოვიდა, იმ დროს არ მეცალა და ზარს ვერ ვუპასუხე, მერე კი არავის არ დაურეკავს. მას შემდეგ ერთხელ დავურეკე ქეცბაიას, ნაკრებმა თამაში მოიგო და მივულოცე, მერე აღარ გვილაპარაკია. თუ შევხდები, გამარჯობას ვეტყვი და გადავკოცნი.
- რაც ნაკრებში იყავით, როდის და რომელი მწვრთნელის დროს იყო საუკეთესო სიტუაცია, როდის იყო იმის საუკეთესო შანსი, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდს მნიშვნელოვანი წარმატებისთვის მიეღწია?
- როცა თამაშს ვიგებდით, საუკეთესო სიტუაციაც მაშინ იყო. თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის დროსაც იყო ნორმალური ვითარება, როცა საქართველოს ნაკრებს, თუ არ ვცდები, ათმატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. რაღაც დონეზე პატარა წარმატებას რომ მივაღწიეთ, ეს ერთიანობის ხარჯზე მოხდა, თორემ რაღაც განსაკუთრებული ტაქტიკით არ გვითამაშია. გვიხაროდა ნაკრებში ყოფნა, ერთმანეთთან ურთიერთობა...
- როგორ ფიქრობთ, საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის აქვს მნიშვნელობა მწვრთნელის ეროვნებას? რა ჯობია ამ ეტაპზე - ქართველი თუ უცხოელი?
- ადრე ყოველთვის ვამბობდი, რომ უცხოელის მოწვევა უკეთესი იქნებოდა, რადგან იმ მომენტში საქართველოს არ ჰყავდა პერსპექტიული ახალგაზრდა მწვრთნელები, ახლა კი ასეთები გამოჩნდნენ: გიორგი დევდარიანი, ვასილ მაისურაძე...
საქართველოს ნაკრებში კლაუს ტოპმიოლერის საქმიანობის შემდეგ კი აზრი შევიცვალე. ვისურვებდი, რომ ჩვენს მთავარ გუნდს ქართველი მწვრთნელი ჰყავდეს. შოთა არველაძე, კახა ცხადაძე... ორივეს სამწვრთნელო კარიერა მომწონს, ძლიერი სპეციალისტები არიან...
სასიხარულოა, რომ უცხოეთში მომუშავე ასეთი მწვრთნელები გვყავს. მწვრთნელის სპორტული ბიოგრაფია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ის არ უნდა იყოს კრიტერიუმი, რომ ამა თუ იმ მწვრთნელმა გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა ან კიდევ ლიგის ფინალში. რა გვინდა, რა მიმართულებას ვირჩევთ და მოდის თუ არა შესაბამისობაში ეს რომელიმე მწვრთნელთან - ვფიქრობ, გადაწყვეტილება ასე უნდა იქნას მიღებული.
- გერმანიაზე გადავერთოთ. ბოლო დროს ბუნდესლიგაში აღარ გიწევთ თამაში. რა არის ამის მიზეზი?
- ადრეც ვთქვი, რომ კარიერას ვასრულებ და ხშირად აღარ მომიწევს მოედანზე გასვლა-მეთქი, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამ სეზონის რამდენიმე მატჩში ვითამაშებ. "ჰერტას" თავისი მიზნები აქვს, ბოლო დროს კარგად წაუვიდა საქმე, ცხრილშიც კარგ ადგილას აღმოჩნდა...
- "დორტმუნდი" თუ "ბაიერნი" - ბუნდესლიგაში ეს კითხვა ალბათ უკვე მოხსნილია დღის წესრიგიდან...
- ვნახოთ, რა მოხდება ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, როგორ გაძლიერდება "დორტმუნდი", თუმცა, როგორც უნდა იყოს, ამ სეზონში "ბაიერნი" გაცილებით მაღლა დგას "დორტმუნდზე" და ქულათა სხვაობა, ალბათ, კიდევ უფრო გაიზრდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"