ევრო 2016-ის კონტურები - რომელ კალათაში იქნება საქართველო?

AutoSharing Option
ტურნირი, რომელსაც იმედით შევყურებთ, იმედით და მოლოდინით, რომელიც ქართველ გულშემატკივარს ყოველი ციკლის დაწყების წინ უჩნდება და სამწუხაროდ, ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის მიმდინარეობისას, თანდათან იმედგაცრუებაში გადასდის.

თუმცა ახლა ერთი დიდი განსხვავებაა: არა, ჩვენი ნაკრების პოტენციალს არაფერი შემატებია, თუ არ მოაკლდა - უბრალოდ, ორ-ნახევარი წლის მერე საფრანგეთში 16-ის ნაცვლად 24 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას! ვნახოთ, როგორ გამოვიყენებთ უეფას საჩუქარს...

ყურადღება ნიცაზე
ჯერ მუნდიალის დაწყებამდე ნახევარი წელიწადია დარჩენილი და ბუნებრივია, ევრო 2016-ის თემა არ არის აქტუალური, მაგრამ იმ ქვეყნებში, სადაც ნაკრებებმა ბრაზილიის საგზური ვერ მოიპოვეს
(ჩვენზე ვერ ვიტყვით, რომ საგზური ვერ მოვიპოვეთ - ჩვენ ვერც ვიბრძოლეთ) გაფაციცებით ელიან 23 თებერვალს და სასიხარულო ამბებს ნიცის "აკროპოლისიდან".

რა მოხდება ნიცაში 23 თებერვალს? რა და ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა! ჩვენც მაშინ გავიგებთ, თუ რომელ ნაკრებებთან მოგვიწევს ჭიდილი.

საფრანგეთის საკურორტო ქალაქის კონგრეს-პალასი, სახელად "აკროპოლისი", უმასპინძლებს ცერემონიალს, 53 ევროპულ ნაკრებს (რაც რეკორდია) ჯგუფებად გაანაწილებს.

ევროპის ჩემპიონატების თითქმის 60-წლიან ისტორიაში პირველად, ფინალურ ტურნირზე 24 ნაკრები ითამაშებს, შესაბამისად, საგზურიც 24-ია. ეს კი შედარებით სუსტ ნაკრებებს შანსს აძლევს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი პირველად 1960 წელს გაიმართა საფრანგეთში, შემდეგ, 1984 წელს ეს ტურნირი ისევ დაბრუნდა საფრანგეთში და ახლა ეს ქვეყანა მესამედ უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს, რომელიც უკვე მე-15-ედ გაიმართება.

რომელ კალათაში იქნება საქართველო?
მაშ ასე, 23 თებერვალს საფუძველი ჩაეყრება ტურნირს, რომელიც 2016 წლის 10 ივლისს ფინალური მატჩით დაგვირგვინდება.

ამ დღეებში უეფამ ოფიციალურად გამოაქვეყნა ევროპის ჩემპიონატის ჩატარების პროცედურის ყველა ასპექტი, პირველ რიგში კი, ეს საკვალიფიკაციო ეტაპს ეხება. უეფას აღმასკომმა, რომელიც დეკემბერში ბილბაოში გაიმართა, ყველა ეს წესი დაამტკიცა.

საფრანგეთი, როგორც მასპინძელი, ავტომატურად დაშვებულია პირველობაზე; დანარჩენი, უეფას წევრი 53 ქვეყანა კი კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას. ამგვარად, არ გამართლდა ვარაუდი, თითქოს, საფრანგეთის ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპზე უკონკურსოდ დაუშვებდნენ.

კალათებში გუნდებს უეფას ეროვნულ ნაკრებთა კოეფიციენტების მიხედვით განთესავენ. ამ კოეფიციენტებს კი იანვარში ნიონის აღმასკომის სხდომის შემდეგ გამოაცხადებენ. შეგახსენებთ, რომ ევრო 2012-ის შესარჩევი ციკლის წინ გამოქვეყნებულ უეფას კოეფიციენტებში საქართველოს ნაკრები 42-ე ადგილზე იყო. თუკი ჩვენი გუნდის მდგომარეობა დიდად არ შეიცვალა, თემურ ქეცბაიას ნაკრებს მე-5 კალათაში განთესავენ.

ერთი რამ უკვე ცნობილია - ჯგუფში რუსეთის ნაკრები მეტოქედ არ გვეყოლება, ამას უეფა არ დაუშვებს.

გუნდები 9 ჯგუფში განაწილდებიან, მათგან A ჯგუფში 5 ნაკრები ითამაშებს, დანარჩენში - 6-6. ჯგუფების ყველა გამარჯვებული, ყველა მეორეადგილოსანი და ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი პირდაპირ მოხვდება ევროპის ჩემპიონატზე და დაემატება საფრანგეთს. ასე მივიღებთ 20 გუნდს. რჩება 4 საგზური, რომელსაც დარჩენილი 8 ჯგუფის მესამეადგილოსნები პლეი ოფში გაინაწილებენ.

კიდევ ერთი ცვლილება - ფეხბურთის კვირა
ევროპის ჩემპიონატის მთავარი ცვლილება, რა თქმა უნდა, მონაწილეთა რიცხვის გაზრდაა, თუმცა სერიოზული ცვლილებებია საკვალიფიკაციო ეტაპის კალენდარშიც. ის ისეა შედგენილი, რომ რაც შეიძლება მეტი მატჩის გადაცემა მოხდეს ტელევიზიით პირდაპირ ეთერში.

ახალ კონცეფციას "ფეხბურთის კვირა" ჰქვია. საკვალიფიკაციო ეტაპის ტური ხუთშაბათიდან სამშაბათამდე გაიწელება.

"ადრე თუ ერთ დღეს 20-30 მატჩი იმართებოდა, ახლა დღეში დაახლოებით 8-10 მატჩი გაიმართება და ხალხიც უფრო კარგად აღიქვამს ტურნირს"
, - განაცხადა უეფას გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ.

ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ტურის მატჩები გაიმართება:

I ტური: 7/8/9 სექტემბერი. 2014
II ტური: 9/10/11 ოქტომბერი. 2014
III ტური: 12/13/14 ოქტომბერი. 2014
IV ტური: 14/15/16 ნოემბერი. 2014
V ტური: 27/28/29 მარტი. 2015
VI ტური: 12/13/14 ივნისი. 2015
VII ტური: 3/4/5 სექტემბერი. 2015
VIII ტური: 6/7/8 სექტემბერი. 2015
IX ტური: 8/9/10 ოქტომბერი. 2015
X ტური: 11/12/13 ოქტომბერი. 2015
პლეი ოფი I: 12/13/14 ნოემბერი. 2015
პლეი ოფი II. 15/16/17 ნოემბერი. 2015

2015 წლის დეკემბერში პარიზში ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება. ევრო 2016-ზე 6 ოთხგუნდიანი ჯგუფი იქნება.

ქალაქები
ევროპის ჩემპიონატი საფრანგეთის 10 ქალაქში ჩატარდება: პარიზში, ბორდოში, ლილში, მარსელში, სენტ ეტიენში, სენ დენიში, ლანსში, ლიონში, ნიცასა და ტულუზში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა მნიშვნელობა აქვს რომელ კალათაში ვიქნებით?თუნდაც პირველში,მაინც ვერ გავალთ!მე-მუდამ ოპტიმისტი პესიმისტურად განმაწყვეს ქართველმა ფეხბურთელებმა...
akhali
01:23 27-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული