შესაძლოა, გადადგეს... ექსკლუზიური ინტერვიუ თემურ ქეცბაიასთან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შემდეგ დავუკავშირდით.

იცოცხლეთ, ეროვნული გუნდის თავკაცთან სალაპარაკო ბევრია, თუმცა ამჯერად მხოლოდ წილისყრის შედეგების შეფასებით დავკმაყოფილდით, სხვა თემები კი თბილისში მისი ჩამოსვლისთვის გადავდეთ...

ქეცბაია ამ დღეებში ჩამოვა, ნაკრები ხომ ლიხტენშტაინთან 5 მარტის ამხანაგური მატჩისთვის ჰყავს მოსამზადებელი. ხოლო მანამდე, წილისყრის შემდეგ ნაკრების თავკაცის პირველი ინტერვიუ წაიკითხეთ...

- ცხადია, ჩვენი ჯგუფის ფავორიტი გერმანიის ნაკრებია, ჩვენ კი მეორე-მესამე ადგილებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, - გვითხრა ქეცბაიამ, - ვფიქრობ, წილისყრამ არ გაგვიმართლა - შედარებით იოლი
მეტოქეებიც შეიძლებოდა, შეგვხვედროდნენ...

თუმცა, ყველა შემთხვევაში, მონდომებისა და თავდადების გარეშე ვერც ამ ჯგუფში მივაღწევთ ვერაფერს და ვერც სხვა მეტოქეებთან მივაღწევდით.

- მეორე-მესამე ადგილებისთვის ვიბრძოლებთო, თქვით. ფიქრობთ, რომ საქართველოს ნაკრები მეტ-ნაკლებად ირლანდიის, პოლონეთისა და შოტლანდიის დონის გუნდია?
- ამათი დონის გუნდი რომ ვიყოთ, მეხუთე კალათაში არ ვიქნებოდით და, ალბათ, უფრო სუსტი მეტოქეები შეგვხვდებოდა. ისე კი, საქართველომ უკვე დაამტკიცა, რომ ყველა მეტოქესთან შეუძლია თამაში და წინასწარ განწირული არ არის. ძალიან რთული მატჩები გველის - შოტლანდია, ირლანდია და პოლონეთიც მებრძოლი გუნდები არიან...

მოკლედ, ვნახოთ, ჩვენ ჩვენსას ვეცდებით და იმედია, ამ ბრძოლაში წარმატება ჩვენ დაგვრჩება.

- ადრე ბრძანეთ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პოსტს მაშინვე დავტოვებ, როგორც კი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს დავკარგავთო... წილისყრის შემდეგაც ძალაშია თქვენი სიტყვები? წლეულს საქართველოს ნაკრებს ოთხი ოფიციალური მატჩი ელის...
- რა თქმა უნდა, ძალაშია! თუ გნებავთ, გავიმეორებ კიდეც, რომ როცა ნაკრები საფრანგეთში გამგზავრების შანსს დაკარგავს, პოსტს მაშინვე დავტოვებ. ეს კი არა, მეტსაც გეტყვით - შესაძლოა, იმ შემთხვევაშიც წავიდე, თუ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის პერსპექტივა გვექნება.

- ეს როგორ გავიგოთ?
- როგორც გნებავთ, ისე გაიგეთ. შესაძლოა, რამდენიმე თამაში მოვიგოთ და ევროპის ჩემპიონატზე წასვლის შანსი მოგვეცეს, მაგრამ მაინც უკმაყოფილონი დარჩნენ და თანამდებობა დავტოვო.

- თუ ნაკრები თამაშებს მოიგებს, უკმაყოფილო ვინ დარჩება და რატომ?
- რა ვიცი, ყველაფერი ხდება...

- წილისყრის შემდეგ მეტოქე გუნდების მწვრთნელებს შეხვდით?
- შევხვდი, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი გვითქვამს. ირლანდიელთა თავკაც მარტინ ონილსა და შოტლანდიელთა მწვრთნელ გორდონ სტრაქანს იმ დროიდან ვიცნობ, როცა ინგლისში ვთამაშობდი. რაც ახლა გითხარით, იგივე ვთქვი მათთან შეხვედრის დროსაც - ფავორიტი გერმანიაა, დანარჩენ ოთხ გუნდს კი, გიბრალტარის გარდა, მეორე-მესამე ადგილებისთვის მოგვიწევს ბრძოლა. ისე კი, მოდუნება, ცხადია, არც გიბრალტართან შეიძლება.

- კალენდრით კმაყოფილი ხართ?
- რამდენადაც უკმაყოფილო ვარ წილისყრით, იმდენად კმაყოფილი დავრჩი კალენდრით. შესარჩევის დაწყება თბილისში ირლანდიასთან ან შოტლანდიასთან თამაშით მსურდა და უეფას მიერ შედგენილი კალენდრით ასეც მოხდა.

- ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ თქვა - წლეულს გასამართ ოთხ თამაშში 7 ქულის მოპოვება შეიძლებაო. ეთანხმებით მას?
- დიახ, შესაძლებელია, რომ მართლაც ავიღოთ 7 ქულა. არა მგონია, შინ ირლანდიისა და გიბრალტარის დამარცხება წარმოუდგენელი იყოს, ისევე, როგორც პოლონეთში ან შოტლანდიაში, თუ მეტის არა, ქულის მოპოვება მაინც. ოღონდ ასეთი შედეგისთვის კარგი მომზადება და ბრძოლაა საჭირო, სხვანაირად წარმატების შანსი არ გვექნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
7 ქულა პირველ ოთხ მატჩში - რევაზ არველაძე ევრო 2016-ის წილისყრის შესახებ
მარადიული იმედი და სიკვდილის ჯგუფი - ევრო 2016-ის წილისყრა
მკითხველის კომენტარები / 28 /
ლია და ლიალია მაგ სიმართლიტთ გაუმარჯოს თქვენ ოჯახებს.ზურგს უკან კი ნუ ლაპარაკობთ ტუ ტ...კი გაქვთ პირში უთხარით
juna juniashvili
13:44 03-03-2014
0
მიდი ქეცბა !
Giorgi
15:14 25-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული