"ლელო" ეროვნული გუნდისა და ლუცკის "ვოლინის" ნახევარმცველ სანდრო კობახიძეს გაესაუბრა.
- პოლონეთის რეალური ძალა ყველამ ვიცით. ფაქტია, რთული მეტოქე გვყავს. ყველამ ვუყურეთ მათ მატჩს გერმანიასთან. მსოფლიოს ჩემპიონების დამარცხება თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს.
- არადა, საქართველოს ნაკრებს უკანდასახევი გზა მოჭრილი აქვს...
- სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, უკანდასახევი გზა მართლაც აღარ გვაქვს. რთული იქნება, მაგრამ უნდა მოვიგოთ.
- შეიძლება ითქვას, რომ ოპტიმალურ სათამაშო ფორმაში ხართ?
- კი, ნამდვილად ასეა. ბოლო დროს ორჯერ მივიღე ტრავმა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა. "ვოლინის" შემადგენლობაში სათამაშო პრაქტიკა მაქვს. ასე რომ, პოლონეთთან თამაშის წინ იმედიანად ვარ.
- რას ელით მოწინააღმდეგისაგან?
- ჩვენ წინააღმდეგ კარგად ორგანიზებული გუნდი ითამაშებს. ცხადია, მათ აქვთ თავიანთი კოზირები და წარმატებული სტარტის შემდეგ თბილისშიც დიდი იმედებით მოდიან, თუმცა ჩვენ არ უნდა მივცეთ მიზნის მიღწევის საშუალება.
- შეიცვლით თუ არა სეზონის ბოლოს კლუბს?
- ჯერ მხოლოდ პოლონეთთან თამაშსა და "ვოლინზე" ვფიქრობ. კლუბის შეცვლის მხრივ, ახალი ჯერჯერობით არაფერია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"