გაქცევა გამოსავალი არ არის, თემურ ქეცბაია კი ვერასდროს იქნება კარგი მწვრთნელი!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია პოლონეთთან მატჩის წინ დემარშებს არ ეშვება. ამჯერად, მან დემონსტრაციულად მიატოვა გიორგი ყიფიანის საავტორო გადაცემა "ფეხბურთის დრო"...

გადაცემის დაწყებიდან სადღაც 6 წუთი იყო გასული, როცა თემურ ქეცბაიამ მიკროფონი მოიხსნა და - პოლონეთთან თამაში მაქვს და აქ ინტრიგანული კითხვების საპასუხოდ არ მოვსულვარო, - ამ სიტყვებით გაუჩინარდა ტელეკამერებს მიღმა.

წასვლამდე ქეცბაიამ სკანდალური განცხადების გაკეთებაც მოასწრო - უკვე ორი წელია, სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი მებრძვისო (ცნობისთვის, ახალგაზრდა ჟურნალისტი გიორგი ყიფიანი ლევან ყიფიანის ძმა და საქართველოს ყველა დროის
ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, დავით ყიფიანის ვაჟია).
გულწრფელად ვამბობთ, საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანეს მატჩამდე ორი დღით ადრე ამ თემაზე წერა ნამდვილად არ გვსიამოვნებს. მეტიც, ჩვენზე ბედნიერი ახლა არავინ იქნებოდა, საქართველოს ეროვნული გუნდის მოსალოდნელ წარმატებაზე რომ გვიწევდეს წერა და წინასამატჩო აჟიოტაჟს ვქმნიდეთ, მაგრამ...

როცა ამის დრო არ არის, თავს ვერ მოვიტყუებთ - ზედიზედ ორი დღეა, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ღიად შეურაცხყოფს ქართველ ჟურნალისტებს და ფეხქვეშ თელავს არა მხოლოდ ჩვენს უფლებებსა და თავმოყვარეობას, არამედ საკუთარ ღირსებას, საკუთარ "მე"-ს.

კარგად გვესმის, რომ ქეცბაიას დღეები საქართველოს ნაკრების თავკაცის პოსტზე დათვლილია, თუმცა ღირსეული კაცები ღირსეულად მიდიან. სამწუხაროდ, ქეცბაიას შემთხვევაში ასე არ ხდება. ნუთუ, ასე ტკბილია სკამი?

წარმოიდგინეთ, რამხელა დარტყმაა ეს გიორგი ყიფიანისთვის, რომელიც კარიერას ახლა იწყებს. ვინ არის თავმდები, რომ მის მომავალ ცხოვრებას ქეცბაიას ეს გამოხტომა დაღს არ დაასვამს?

ერთიც: გიორგი ყიფიანი და ლევან ყიფიანი აბსოლუტურად სხვადასხვა ადამიანები არიან და ერთის გაიგივება მეორესთან არაფრით შეიძლება.

თემურ ქეცბაია კი, ჩემი აზრით, ვერასდროს იქნება კარგი მწვრთნელი, რადგან მან ადამიანებთან ურთიერთობა არ იცის.

მორალურ-ვირტუალური მხარეები თავისთავად და, მგონი, პრაქტიკულზეც უნდა გადავიდეთ.

ცხადია, მხოლოდ ჩვენ არ ვხედავთ და არ გვესმის, ბოლო ორი დღის განმავლობაში როგორ ექცევა ჟურნალისტებს თემურ ქეცბაია. ჩემი პირადი აზრია და არ არის აუცილებელი, ის ყველამ გაიზიაროს: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ეყოფა სირაქლემას პოზაში ყოფნა - დროა, ამ უწყებამ პოზიცია დააფიქსიროს.

გასაგებია, რომ კარს მოგვადგა პოლონეთთან უმნიშვნელოვანესი მატჩი, თუმცა უპრიანია, მანამდე მოვისმინოთ იმ ორგანოს აზრიც, რომლის დაქვემდებარებაშიცაა საქართველოს ნაკრების დამრიგებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად იზიარებს ან ჩუმად მაინც ეთანხმება მისი ხელქვეითის საქციელს.

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, უნდა დავწერო - ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობენ ადამიანები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ჟურნალისტის ფასი. იქნებ ამ მარაქაში სხვებიც უნდა გაერიონ, მაგრამ მე იმათზე უნდა დავწერო, სპორტულ ჟურნალისტიკაში გატარებულმა წლებმა რომ დამაახლოვა, როგორც რესპონდენტებს.

ვერავინ დამაჯერებს, რომ რევაზ და არჩილ არველაძეებს, ნიკა ჩხეიძეს, ნოდარ კაკულიას, რეზო შენგელიას და სხვებს ჟურნალისტის როლის გასიგრძეგანება და მედიის დაფასება ეშლებოდეთ.

ვერც იმაში დამარწმუნებს ვინმე, რომ ქართული ფეხბურთის სათავეებთან მყოფ ადამიანთა უმრავლესობას ჟურნალისტებისადმი ქეცბაიას მიდგომა მოსწონს. ვინ, თუ არა მათ, იციან, რომ არ გაგვიყიდია ის ქართული ფეხბურთი, რომლის სადარაჯოზეც წვიმასა და თოვლში, ქარში თუ ავდარში ფხიზლად ვდგავართ.

ვინ, თუ არა მათ, იციან, რომ ნაკრების ყველა თამაში პატარა ბავშვებად გვაქცევს ხოლმე. ციცქნა სიხარული სიამაყის ცრემლებს გვგვრის, წაგება კი ცხოვრების მუღამს, სულ მცირე, ერთი თვით გვიკარგავს.

სადაც ფედერაციის ბოსტანში ვისროლეთ კენჭი, ისიც უნდა ვთქვათ, რომ შექმნილ სიტუაციაში ქართულ სპორტულ ჟურნალისტთა კორპუსს არნახული ერთიანობა მართებს.

თუ დღეს არ დადგება თითოეული ჩვენგანი მტკიცედ, თუ დღეს არ მოიგებს ღირსეულად თავის წილ ომს, ხვალ შეიძლება გვიან იყოს. ხვალ შეიძლება ისე გაგვთელონ, როგორც დიდოელი ლეკი თელავდა ნაბადს.

აბა, გათელილი და ნამუსახდილი კაცი ვის რად უნდა?!

გაქცევა კი არსად, არც ერთ დროში ყოფილა გამოსავალი. სუსტები გარბიან მხოლოდ. ეს უნდა იცოდეს ქეცბაიამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 35 /
რა მნიშვნელობა აქვს ჟურნალისტი ვისი შვილია ან ვისი ძმა,ძმები ჩრდილს აყენებენ კარგი მამის სახელს.ის კომენტატორი მინასიანიც ხომ გყავთ კოტე მახარაძის შესადარი.ჩივაძის და ხურცილავა
dito
23:16 16-11-2014
0
ამ საბჭოთა პათეტიკით გაჟღენთილ წერილებს ვერ მოეშვით რა :)
ნოდარი
17:01 14-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული