გოჩა ჯამარაული: თითოეული ფეხბურთელი საკუთარ თავს უნდა გადაახტეს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება 1997 წლის 11 ოქტომბერს თბილისში გამოიჭედა. მაშინ "ეროვნულზე" შანსი არ დავუტოვეთ პოლონეთს (3:0) და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი კარის გაჯახუნებით დავასრულეთ.

იმ დაუვიწყარი მატჩის ერთ-ერთი გმირი გოჩა ჯამარაული იყო - საქართველოს ნაკრების "ტვინი", ვისაც მინდორზე დიდებული სპექტაკლების დადგმა შეეძლო.

მასთან საუბარი სწორედ იმ შეხვედრის გახსენებით დავიწყეთ...

- მას შემდეგ უკვე საკმაო დრო გავიდა და იმ თამაშის ყველა ეპიზოდი არ მახსოვს, მაგრამ ის, რაც ყველას გვახსოვს, ეს იყო - პოლონეთი მაგრად დავჩაგრეთ. საჯარიმო
შევასრულე და კახი ცხადაძემ თავით გაიტანა. ეს ზუსტად მახსოვს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
- როგორი გუნდი იყო მაშინდელი პოლონეთი?
- კარგი, ტექნიკური... ჩემი აზრით, პოლონეთის დღევანდელი ნაკრები უკეთესია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაშინდელ პოლონეთს არ ჰყავდა რობერტ ლევანდოვსკის დონის ფეხბურთელი.

- რა სათამაშო თვისებებით გამოირჩეოდა პოლონეთის ის ნაკრები?
- ტექნიკა, პასის კულტურა... ძირითადად, ეს იყო. პოლონური ფეხბურთი - ტექნიკური ფეხბურთია. სულ ჰყავდათ მაღალი დონის ვარსკვლავები - ბონეკი, ლიატო და სხვები.

- რა უნდა დავუპირისპიროთ კარგ ფორმაში მყოფ პოლონეთს?
- შეტევა. ასე გიპასუხებთ ფეხბურთის მოყვარული, ქომაგი და ყოფილი ფეხბურთელი გოჩა ჯამარაული. სათამაშო მონახაზს მე ვერ ავირჩევ. თემურ ქეცბაიაა მწვრთნელი და მან უკეთ იცის.

რასაც მე ვხედავ, სულ დაცვაში ჯდომა არ გამოდის. საქართველოს ნაკრები არ არის "ჩელსი" და არ ჰყავს ისეთი მაღალი დონის უკანახაზელები, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ერთ საგოლე შანსს დაელოდოს და თუ გაიტანს, აღარ გაუშვას.

ქეცბაიას ამასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი აქვს. ის მიიჩნევს, რომ შემტევი მოდელისთვის საკმარისი ფეხბურთელები არ ჰყავს. მოკლედ, არ არის საქმე სახარბიელოდ.

- პოლონეთთან პარასკევის მატჩს პესიმისტური განწყობით ხვდებით?
- მე სულ მაქვს იმედი. საქართველოს ნაკრები საუკეთესო ფორმაში რომ იყოს, პოლონეთთან მაინც გაუჭირდებოდა. ახლანდელ პოლონეთთან მით უმეტეს გაგვიჭირდება. თითოეული ფეხბურთელი საკუთარ თავს უნდა გადაახტეს. ასე შეიძლება მივაღწიოთ შედეგს.

ფაქტი ერთია - რომც მოვიგოთ, ეს არ იქნება "კანონზომიერი" მოგება. ამით არ მოიხსნება ყველა ის პრობლემა, რაც დღეს ქართულ ფეხბურთშია. ოღონდ მოვიგოთ და არ დავეძებ - მთელი არსებით და მთელი გულით გავიხარებ.

- მოგება მართლა ძალიან გვჭირდება და გაგვახარებს. ერთი კია - საქართველოს ნაკრების ლამის ნახევარი ან დუბლებშია, ან უთამაშებელია...
- მინდა მჯეროდეს, რომ ყველაფერი მოგვარდება. ძნელია ნაკრებმა მიაღწიოს წარმატებას, თუ სოლიდური კლუბებიდან არ ჰყავს ფეხბურთელები. აი, ჩვენი თაობა აიღეთ. ხომ ძლიერ გუნდებში იყო ძირითადი ბირთვი და მაინც რაღაც დაგვაკლდა. არის საწინააღმდეგო მაგალითებიც. არ ჰყავთ ფეხბურთელები და აღწევენ წარმატებას, მაგრამ ეს უფრო გამონაკლისია.

- თემურ ქეცბაიამ თქვა, რომ პოლონეთთან მატჩის შემდეგ ნაკრებიდან წავა. ეს ფეხბურთელებზე ცუდად ხომ არ იმოქმედებს?
- არა მგონია, ცუდად იმოქმედოს. თავის დროზე, არაერთი დიდი მწვრთნელი მოქცეულა ასე. მგონი, ბოლო ჰიდინკი იყო. უკუშედეგი არ ჰქონია ამას.

- რას იტყვით პოლონელთა მთავარ ვარსკვლავზე, რობერტ ლევანდოვსკიზე?
- მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ცენტრფორვარდია, დიდი ვარსკვლავია. რთული იქნება, მაგრამ ისიცაა, რომ შეუჩერებელი ფეხბურთელი დღეს არ არსებობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბიჭებო, აღარ გვინდა რა პოლიტიკური ნიშნით კამათი. ხვალ ყველა სტადიონზე!
0
შენც გნაცი ხარ ბიჭო ?)))) უნდა ებრძოლოს კი არა - როგორც მწვრთნელი პანღურით უნდა გააგდოს ! საინტერესოა - თვითონ ხომ მაგარი ფეხბურთელი იყო - მოსწონს თავისი გუნდის ნათამაშები ?
gagas
20:25 13-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული