როგორ უნდა ვაჯობოთ პოლონეთს... რევაზ ძოძუაშვილის რჩევა

AutoSharing Option
დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში შინ პოლონეთის უპირველეს გუნდს დაუპირისპირდება.

პოლონელები საქართველოს დედაქალაქში დიდ გულზე მოდიან - ცოტა ხნის წინ მათ თვით მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანიის ნაკრები დაამარცხეს. პოლონელებს არ აკლიათ ვარსკვლავები - თუნდაც ლევანდოვსკის, პიშჩეკის, ბლაშჩიკოვსკის, შჩესნის, კრიხოვიაკისა და მილიკის ხსენება რად ღირს.

მართალია, მხოლოდ წარსულის მოგონებებით ფონს ვერ გავალთ, მაგრამ ქართველ გულშემატკივარს არასოდეს დაავიწყდება 1997 წლის 11 ოქტომბერი. მაშინ საქართველოს ნაკრებმა, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო, თბილისურ მატჩში, პოლონეთს შანსი არ
დაუტოვა - 3 უპასუხო გოლი გაუტანა.

იმ შეხვედრაში თავი არჩილ არველაძემ, თემურ ქეცბაიამ და კახა ცხადაძემ გამოიჩინეს. იმ გუნდის სათავეში პარიტეტულ საწყისებზე იდგნენ დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პოლონეთთან მატჩის კვირაძალს გადავწყვიტეთ, იმ შეხვედრის გახსენება და პოლონეთის დღევანდელი ნაკრების შეფასება რევაზ ძოძუაშვილისთვის გვეთხოვა...

- ბატონო რევაზ, რას წარმოადგენს, თქვენი აზრით, პოლონეთის დღევანდელი ნაკრები?
- მათ ყველა თამაშს ვუყურე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. ბოლო მატჩებში გუნდმა ძალიან მოუმატა, რაც მწვრთნელის დამსახურება უნდა იყოს.

სანამ ტაქტიკურ ნიუანსებს გავარჩევდეთ, ვთქვათ, რომ პოლონეთი მიჰყვება იმ დინებას, რასაც თანამედროვე ფეხბურთი ჰქვია. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ პოლონელებმა ახალი კარგად ისწავლეს, მაგრამ, ამასთან ერთად, არც ძველი დაივიწყეს. პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია - ეს ოდითგანვე, ფაქტობრივად, ერთი სკოლა იყო. კი, მათი ფეხბურთი სხვა ფეხბურთია, მაგრამ მაინც ჰგავს რუსულს, ეს იგრძნობა.

როცა საქართველოს ნაკრები მეტოქის ავ-კარგის გარჩევაზე გადავა, თემურ ქეცბაიამ უნდა გაითვალისწინოს ეს. პოლონურ ფეხბურთს რუსული ფეხბურთის პრიზმიდან უნდა შევხედოთ.

- რა სიახლეები დაინახეთ პოლონეთის ნაკრების თამაშში?
- ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა გავარჩიოთ პოლონეთისა და გერმანიის ამასწინანდელი შეხვედრა. პოლონეთმა მსოფლიოს ჩემპიონს დამსახურებულად მოუგო. კი, გერმანიას ჰქონდა ბევრი მომენტი, მაგრამ ეს ყოველთვის ასე იქნება, სანამ გერმანია ითამაშებს ფეხბურთს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
პოლონელებმა იცოდნენ, რას აკეთებდნენ. ამ ქვეყანას არასოდეს აკლდა ინდივიდუალისტები. დღესაც ასეა, მაგრამ მე თვალში სხვა რამ მეცა. მთელი შეხვედრის განმავლობაში არ დარღვეულა სათამაშო დისციპლინა. მინდორზე ვერ ვნახე ვარსკვლავი. ყველა წინ და ყველა უკან - ასეთი იყო პოლონელთა დევიზი და ამისთვის მთელი შეხვედრის განმავლობაში არ უღალატიათ.

ცალკე უნდა ვთქვათ პოლონელთა მიერ არჩეული ტაქტიკის შესახებ. მათმა 4-4-2-მა დაჩრდილა გერმანელთა 4-5-1, რომელიც თითქოს უფრო თანამედროვედ გამოიყურება. დამტკიცდა, რომ კოლექტივიზმის შემთხვევაში 4-4-2 განლაგება არ არის მოძველებული.

- 1997 წლის 11 ოქტომბერს თბილისში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი გავიხსენოთ, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა 3:0 მოიგო...
- მაშინ ნაკრებს მე და ცხონებული დათო ყიფიანი ვწვრთნიდით. თუ ტრაბახში არ ჩამომართმევთ, მეტოქის ყველა სვლა გაშიფრული გვქონდა. მე და დათომ ვიცოდით პოლონური ფეხბურთი.

თავის დროზე, საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში მითამაშია იქაური ვარსკვლავების - ლატოს, ლიუბანსკისა და სხვების წინააღმდეგ. მიუნხენის ოლიმპიადაზე მსაჯებმა ძალით წაგვართვეს ფინალის საგზური. ვის აწყობდა გერმანიაში გასამართ ფინალში საბჭოეთის გუნდი? სიტყვა გამიგრძელდა...

ჩვენ ბიჭებს ვუთხარით, რომ უნდა შეეტიათ. ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, პოლონეთი მათივე იარაღით უნდა დაგვემარცხებინა. ბურთის ფლობა, სწრაფი გადაადგილება მინდორზე, დროული პასი - ამან შედეგი გამოიღო.

სხვათა შორის, მთელი ევროპა 21-ე საუკუნის გუნდს ეძახდა იმ ნაკრებს. შესანიშნავი შემსრულებლები იყვნენ - არველაძეები, ქინქლაძე, ჯამარაული, ცხადაძე... რომელი ერთი ჩამოვთვალო?

- რას ურჩევდით თემურ ქეცბაიას?
- დაუპირისპიროს პოლონეთს კოლექტიური ფეხბურთი. მათ ვარსკვლავები კი ჰყავთ, მაგრამ მაინც გუნდურად თამაშობენ. ერთიც უნდა ითქვას - ნაკრების ყველა ფეხბურთელი პოლონეთთან შეხვედრას საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში უნდა შეხვდეს. წარმოგიდგენიათ, პოლონეთმა ძალაში თვით გერმანია დაჯაბნა! ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

- პოლონეთმა თვით გერმანია დაჩაგრაო, თქვით. მაშ, რისი იმედი უნდა გვქონდეს?
- უიმედოდ ჩვენი მტერი იყოს! არ არსებობს, პოლონეთმა ისევე ითამაშოს ჩვენთან, როგორც გერმანიასთან. კი, მათი მოტივაცია დიდია. ბოლოს და ბოლოს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი კარგად დაიწყეს, მაგრამ გერმანია მაინც სხვანაირი გამღიზიანებელია. პოლონეთი კი ჩვენთვის საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების საშუალებად უნდა იქცეს. აგერ, ბატონო, მოდის ჯგუფის ლიდერი თბილისში, მიდი და აჩვენე მთელ მსოფლიოს, რა შეგიძლია.

- ლევანდოვსკი, პიშჩეკი, შჩესნი... პოლონეთს მაღალი კლასის ვარსკვლავები არ აკლია. თქვენი აზრით, ვინ არის ამ ფორმაციის ნაკრების ლიდერი?
- სიმართლე გითხრათ, თქვენ მიერ ჩამოთვლილ ფეხბურთელთა მართლაც მაღალი კლასის მიუხედავად, პოლონეთის ნაკრებში გამოკვეთილ ლიდერს ვერ ვხედავ. ისინი გუნდურად თამაშობენ, რაც თანამედროვე ფეხბურთის უმთავრესი ტენდენციაა. ზემოთ იმედი ახსენეთ და უნდა გითხრათ - პოლონეთი ძალიან კარგი, გამართული გუნდია, მაგრამ ის არ არის... ვთქვათ, ბრაზილია. მასთან თამაში და მოგება სრულიად შესაძლებელია.

- პოლონეთთან მოგებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები გამარჯვებულებმა დატოვეთ. არადა, ბევრი თქვენი დუეტის დარჩენას ითხოვდა. რა მოხდა მაშინ?
- საქართველოში მაშინ პოლიტიკური სიტუაცია არეული იყო. ფეხბურთში იყო ჩარეული ხალხი, ვისაც არანაირი შეხება არ ჰქონდა სპორტის ამ სახეობასთან. იმ ნაკრებს დიდი მომავალი ჰქონდა, მთელი ევროპა აღიარებდა ამას.

მაშინ ბევრი ერეოდა ქართულ ფეხბურთში, მხედრიონულ-ძველბიჭური მენტალიტეტის ხალხი. რამდენიმე ფეხბურთელმაც დაიწყო ძველბიჭობანას თამაში. მერე გამოერკვნენ და დაანებეს თავი, მაგრამ მაშინ ასე იყო. მოკლედ, ეს იყო მიზეზები...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
მოუგეთ უკვე:)
0
ვერ აჯობებთ პოლონეთს, იმიტომ რომ პოლონეთი გუნდია, საქართველოს ნაკრები კი "შვალი" , ამ ლექსიკას უფრო გაიგებს რეზო!
ბრრ
23:36 14-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული