შოთა არველაძე: მე საქართველოს ნაკრებში? ამ ეტაპზე ეს გამორიცხულია!

AutoSharing Option
სადაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე ვსაუბრობთ, იქ შოთა არველაძეს ვერაფრით დავივიწყებთ. დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დღეს თურქულ "ქასიმფაშას" წვრთნის, თუმცა ეროვნული გუნდი მისი ტკივილია.


შოთას თურქეთში დავუკავშირდით და პოლონეთის ნაკრებთან წაგებული მატჩის ანალიზი ვთხოვეთ, რაზედაც ის სიამოვნებით დაგვთანხმდა:

- რა შეიძლება ითქვას პოლონეთთან მატჩის თაობაზე... ბევრი განსხვავებული არაფერი ყოფილა. პოლონეთი ძლიერი გუნდია. გადაუჭარბებლად ვიტყვი - ეს პოლონეთი არაა იმ ბულგარეთზე სუსტი, ჩვენ რომ თბილისში მოვუგეთ,
- თქვა შოთამ არველაძემ საუბრის დასაწყისში.

- ამ ფონზე, ცოტა მოულოდნელი ხომ არ იყო საქართველოს ნაკრების მიერ შემტევ სტილში ჩატარებული პირველი ტაიმი?
- შეიძლება, ეს იმიტომაც მოხდა, რომ მინდორზე აქტიური ცენტრფორვარდი გვყავდა. მჭედლიძემ იბრძოლა, სადღაც ბურთი მოიგო, სადღაც დაიჭირა, სადღაც პასი მისცა, სადღაც დააგდო...

სამწუხაროდ, ამ ბიჭს სულ რაღაც აწუხებს და ვერ ხერხდება მისი პოტენციალის სრულად რეალიზება.

- მეორე ტაიმში ჩვენი ნაკრების აშკარა ჩავარდნა ყველაზე მეტად იმის ბრალი ხომ არ არის, რომ გუნდში ბევრი უთამაშებელი ფეხბურთელია?
- რა თქმა უნდა, მთავარი მიზეზი ესაა. მეორე მხრივ, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ - საქართველოს დღეს არ ჰყავს მაღალი კლასის ბევრი ფეხბურთელი. ნახეთ, რა გუნდებში თამაშობენ პოლონელები. მათ შორის ყველაზე სუსტი, მგონი, "აიაქსია".

- თუ ესაუბრეთ თემურ ქეცბაიას საქართველოს ნაკრებიდან წასვლის შემდეგ?
- კი, დამირეკა და ვილაპარაკეთ... დამიჯერეთ, თემურს მხოლოდ კარგი უნდა საქართველოსთვის, ქართული ფეხბურთისთვის.

ვიცი, ჟურნალისტებს შორის რა განწყობაცაა. მე ერთს ვიტყვი - ქეცბაია არ ხედავს თქვენში მტერს და მოღალატეს. მას თავისებური გადმოცემის უნარი აქვს. ესაა მხოლოდ. ბოლო დღეებში კი ქართულ ფეხბურთში ემოციური ფონი დასაშვებზე მაღალი იყო.

ყველა ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ - მწვრთნელიც, ჟურნალისტიც, ფეხბურთელიც, ქომაგიც...

- მოდით, შევაფასოთ თემურ ქეცბაიას მიერ საქართველოს ნაკრებში გატარებული 5 წელი...
- თავიდან კარგად დაიწყო ყველაფერი. შეიქმნა წაუგებლობის განცდა, მოისპო პრივილეგიები ეროვნულ გუნდში, დამკვიდრდა განცდა, რომ ეროვნული გუნდი ყველასია...

მერე ამ ყველაფერს ასეთივე გაგრძელება აღარ მოჰყოლია. მიზეზად რამდენიმე ფაქტორი შეიძლება დასახელდეს. ჩემი აზრით, როცა თავიდან თემური მოდიოდა ნაკრებში, მას ჰქონდა იმედი, რომ ჩვენი ახალგაზრდები მოუმატებდნენ. მათი კარიერა მთელი რიგი ფაქტორების გამო ისე ვერ წარიმართა, როგორც სასურველი იყო.

შოტლანდიასთან თბილისში 2:0 რომ მოვიგეთ ტოპმიოლერის დროს, მას შემდეგ რამდენი წელი გავიდა? სწორედ მაშინ ითამაშეს ნაკრებში პირველად ყენიამ და მჭედლიძემ...

რაც შეეხება გემოვნებას, თქვენის ნებართვით, ამ საკითხს გვერდზე გადავდებ. გემოვნებაზე არ დავობენ.

- სად ვართ დღეს? უფსკრულში?
- დავარქვათ ჩვენს მდგომარეობას რთული, მაგრამ უფსკრული - არა. უფსკრულისთვის ნუ გავიმეტებთ იმ ბიჭებს, საქართველოს ნაკრებში ხვალ და ზეგ რომ უნდა ითამაშონ. უფსკრულში გადაჩეხვა ვის გაუხარდება?

- შოთა არველაძე საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად - თუ წარმოგიდგენიათ ასეთი რამ უახლოეს მომავალში?
- ამ ეტაპზე ეს გამორიცხულია! ამას პირდაპირ გეუბნებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო-პოლონეთი 0:4 - ნახვამდის ევროპავ, ნახვამდის თემურ! [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
სოლიდარობა ბიჭებსაც შეუძლიათ, საქმის მკეთებლებს და სანამ ფეხბურთის განვითარებისთვის სტრუქტურული ცვლილებები არ განხორციელდება, ახალგაზრდულ სკოლებს, მოედნებს და ა.შ. საეჭვოა რომელიმე მათგანს გაუჩნდეს სურვილი ნაკრების თავკაცობაზე პასუხისმგებლობის აღებისთვის
zvidev
10:46 18-11-2014
0
თავიდანვე ვიცოდი რომ შოთაც და ცხადაძეც უარზე იქნებოდნენ! ცეცაძეს გამოცდილება აკლია ჯერ კიდევ, თუმცა შედეგი ქონდა არ ვუარყობ!გეგუჩაძე მეეჭვება საკმაოდ!დევდარიანი ჯერ ახალგაზრდული და მერე ნაკრები ასე აჯობებს მისთვისაც და ცეცაძესთვისაც! მოკლედ საკმაოდ რთულია არჩევანი როგორც მწვრთნელის ასევე ასისტენტების.
Beka
22:28 17-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული