საქართველოს ნაკრები: პრობლემას თუ ხედავ, ვერ გაჩუმდები [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ნაკრები უმწვრთნელოდაა. ეროვნული გუნდის აწ უკვე ექსდამრიგებლის, თემურ ქეცბაიას ბოლო მატჩი "ჯვაროსანთა" თავკაცის პოსტზე ისეთი გამოდგა, უარესს ვერც წარმოვიდგენდით. პოლონელებმა ოთხი უპასუხო ბურთი გაგვიტანეს და გადაჭარბებით შეასრულეს თავიანთი მწვრთნელის, ადამ ნავალკას პროგნოზი - მატჩის წინ სამგოლიანი უპირატესობით გამარჯვება იწინასწარმეტყველა...

დამსახურებული რევანში
პოლონეთის ნაკრებმა სრულფასოვანი რევანში აიღო 17 წლის წინ თბილისში, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში განცდილი მარცხისთვის. თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით კი საქართველომ პირველად წააგო ამხელა სხვაობით ოფიციალურ შეხვედრაში. აქამდე მხოლოდ ამხანაგურ მატჩში გაგვეშვა 4 ბურთი ირლანდიისაგან.

პოლონელთა წარმატებას დაუმსახურებელს ვერავინ
უწოდებს. თუ პირველ ტაიმში ადამ ნავალკას გუნდი ცოტა შებოჭილი იყო, მეორე ტაიმში გვიჩვენა, რომ ბევრი შეუძლია.

აწყობილი, გუნდური თამაში გამოკვეთილი ლიდერით (რობერტ ლევანდოვსკი) - პოლონეთის ნაკრებზე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური ალალია. იქამდე, ამ გუნდს ჯერ კიდევ მოუწევს ბრძოლა, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ისე ჩანს, რომ ნავალკას კრებული არც ევროფორუმზე შერცხვება.

როცა მხოლოდ ერთ ტაიმს თამაშობ
საქართველოს ნაკრებს აღარ უთამაშია 3 ცენტრალური მცველით. შეიცვალა, უფრო მოქნილი და შემტევი გახდა ტაქტიკური სქემა. პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა, ქეცბაიას ხელში, ლამის საუკეთესო მონაკვეთი ჩაატარა.

უნდა გაგვეტანა კიდეც. ეს ის შემთხვევაა, როცა ფეხბურთელებს თავდადებას ვერ დავუწუნებთ. არ გვეყო კლასი. რამდენჯერმე ნახევრად მომენტი ვერ გამოვიყენეთ, მე-40 წუთზე კი სანდრო კობახიძე ვალდებული იყო, ანგარიში გაეხსნა - ახლო მანძილიდან მის მიერ დარტყმული ბურთი კარს ოდნავ ასცდა.

კარგად გამოჩნდა, რომ მოძრავი ცენტრფორვარდის დაყენებას ბევრი დადებითი მხარე აქვს. ლევან მჭედლიძე კარგი იყო, ბევრი ბურთი მოიგო, პასებიც ჩამოარიგა და იდრიბლინგა კიდეც.

სამწუხაროდ, როგორც მჭედლიძემ, ისე მთელმა საქართველოს ნაკრებმა თამაში პირველი ტაიმის დასრულებისთანავე დაამთავრა. იმ გუნდით, რომელიც მხოლოდ ერთ ტაიმს თამაშობს, ვერაფერს მოიგებ.

პრობლემა წინ დაგვიხვდა
საქართველოს ნაკრების საპოლონეთო სია რომ გაცხადდა, იმ წამსვე გავამახვილეთ ყურადღება ერთ მნიშვნელოვან და არასასიამოვნო მომენტზე - ჩვენს გუნდში ძალიან ბევრი იყო უგუნდო, სათამაშო პრაქტიკას მოკლებული და დუბლშემადგენლობაში გადაყვანილი ფეხბურთელი.

მეორე ტაიმში პოლონელთა ტოტალური უპირატესობის გასაღებიც ამაშია. კი, მეტოქე მაღალი კლასის გუნდია, მაგრამ არა ისეთი ძლიერი, 45 წუთში თუნდაც საქართველოს ნაკრების დარ მეტოქეს ოთხბურთიანი რბევა მოუწყოს.

გოლები კი პოლონეთმა მართლაც ერთმანეთზე უკეთესი გაიტანა. მათ ცალკე აღწერას აღარ შევუდგებით - "დინამო არენაზე" განვითარებული მოვლენები ისევ ჩვენ თვალწინაა.

დაცვას ვერ მივხედეთ
ახდა ქართული მედიის კიდევ ერთი ვარაუდი: განსაკუთრებით გაგვიჭირდა დაცვაში. როცა ლევანდოვსკი და არკადიუშ მილიკი გიტევენ, მათ წინააღმდეგ უგუნდო ფეხბურთელებით ვერაფერს გახდები.

დიახ, ნამდვილად არ ვაჭარბებთ - გია გრიგალავასა და აკაკი ხუბუტიას, საქართველოს ნაკრების დაცვის ორ წევრს დღეს საერთოდ არ აქვს სათამაშო პრაქტიკა. ყველა მწვრთნელს თავისი აზრი აქვს, თუმცა ეს ოდითგანვე ასე ყოფილა და მომავალშიც ასე იქნება - როცა საქმე ნაკრებს ეხება, იქ უგუნდო ფეხბურთელის ადგილი არ არის.

კარგად გვესმის, რომ არც ფეხბურთელები გვყავს საკმარისი რაოდენობით და კონკრეტულად არც მცველები, მაგრამ ალბათ მაინც უკეთესი იქნებოდა, პოლონეთთან მათ ეთამაშათ, ვისაც უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა გააჩნია.

კლასი, ძამიკო, კლასი!
ლევანდოვსკის თბილისში გოლი არ გაუტანია. ეს არ იყო მისი საუკეთესო თამაში, თუმცა "ბაიერნის" შემტევმა არაერთხელ აჩვენა უმაღლესი სათამაშო კლასი.

პოლონეთში ლევანდოვსკი ნაღდი ლიდერია, ბევრი მოეკითხება და საკუთარ თავზეც ბევრს იღებს. იქნებ ზოგჯერ ზედმეტად ბევრსაც, მაგრამ მას ამის უფლება აქვს. ლევანდოვსკი ასე ვერასოდეს ითამაშებს "ბაიერნში", თუმცა ეს სხვა თემაა...

თბილისში კი ის სხვანაირი იყო. თითქოს, საკუთარი თავით კმაყოფილი, ამაყი და ოდნავ ქედმაღალი. ლევანდოვსკისა და პოლონეთის ნაკრების დანარჩენ ფეხბურთელებს შორის დაახლოებით იმხელა სხვაობა იყო, რამდენიც პოლონეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის.

მურმან ლებანიძეს რომ დავესესხოთ და დიდი ქართველი პოეტის უკვდავი ტაეპი ოდნავ შევცვალოთ, დაახლოებით ასე გამოვა - "კლასი, ძამიკო, კლასი..." კლასი ბევრს წყვეტს დღევანდელ ფეხბურთში.

კონცენტრაცია
როგორც ყველა ნორმალური ევროპული ნაკრები, პოლონეთიც მაგრად იყენებს "სტანდარტულებს". საქართველოს ნაკრების ყალიბის გუნდებს კი ჯარიმებისა და კუთხურების განსაკუთრებით ეშინიათ.

რატომ ხდება ასე? ამას იქნებ რამდენიმე მიზეზი ერთად ჰქონდეს, თუმცა მთავარი ისაა, რომ კონცენტრაცია გვეკარგება და რაკი კლასიც არ გვყოფნის, შიში გვიპყრობს. ეს კარგად იცოდა ადამ ნავალკამ.

პოლონეთმა მეორე ტაიმში მას შემდეგ გადაგვიარა, რაც ორი ბურთი ორი ტყუპისცალი "სტანდარტულიდან" შეგვიგდო. თითქოს, მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ თამაში ასეთი სცენარით წავიდოდა.

ჩვენ კი კიდევ ერთხელ უნდა დავსვათ კითხვა - როდემდე უნდა გვეშინოდეს "სტანდარტების" და როდის უნდა შევინარჩუნოთ კონცენტრაცია მთელი შეხვედრის განმავლობაში?

რა უნდა დაენახა ახალ მწვრთნელს?
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ამბობენ, რომ ეროვნულ გუნდს ახალი მწვრთნელი ახალ წლამდე ეყოლება. მისი ვინაობა ჯერაც უცნობია. პარასკევის მატჩს კახა ცხადაძე დაესწრო. ის ერთ-ერთი კანდიდატია. ცხადაძემ თავისი საქმე იცის. ალბათ, სხვა კანდიდატებმაც იციან. ჩვენ ჩვენი უნდა დავწეროთ.

ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრები ნორმალურად თამაშობს მაშინ, როცა არ ღალატობს ოდინდელ ტრადიციას და დაბალანსებულად უტევს. ჩანს, რომ ამ კონტინგენტს არ შეუძლია 90 წუთის მეტ-ნაკლებად თანაბრად ჩატარება.

რეორგანიზაცია მეტ-ნაკლებად ყველა სათამაშო რგოლს სჭირდება, თუმცა განსაკუთრებული პრობლემები გვაქვს დაცვაში. თუ ამ პრობლემას ვერ ვუწამლეთ, შედეგზე ორიენტირებულ ნაკრებს ვერ ავაწყობთ.

აუცილებლად მოსაძებნია ბოლო პასის გამკეთებელი და ბოლო დარტყმის შემსრულებელი ფეხბურთელი.

ძირითადად, ესაა. მწვრთნელი თავის ამბავში სხვანაირად ხედავს ამ მუღამებს და ჩვენი განსჯა, ეგებ, ყურიდან ყურში გაატაროს, თუმცა ეს კია - როცა პრობლემას ხედავ, ვერ გაჩუმდები.

ქეცბაიას ეპილოგი
თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებიდან წავიდა. იყო ცოტა სტვენა და ცოტა ტაში. ის თავჩაღუნული წავიდა და პრესკონფერენციის შემდეგაც ასეთი იყო.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
ბოლო დღეებში გამუდმებით ვაკრიტიკებდი თემურს. და მაინც, ქეცბაიას არ დაუმსახურებია ის, რომ თავჩაღუნული დაეტოვებინა სტადიონი, სადაც კარიერის საუკეთესო მატჩები ჩაუტარებია; სადაც მთელი თავისი კარიერის განმავლობაში შმაგი გლადიატორივით იბრძოდა...

რას ვიზამთ, ფეხბურთში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც კეთილ ზღაპარში...

ევრო 2016. შესარჩევი ციკლი. D ჯგუფი
14.11.14. თბილისი. "დინამო არენა". 30 000 მაყურებელი
საქართველო-პოლონეთი 0:4
გოლები: 0:1 გლიკი (51), 0:2 კრიხოვიაკი (71), 0:3 მილა (73), 0:4 მილიკი (90)
საქართველო (4-3-2-1): ლორია - ლობჟანიძე, ს. კვირკველია, გრიგალავა - დაუშვილი, კანკავა, კაშია - კობახიძე (88. ძალამიძე), ანანიძე (59. ოქრიაშვილი) - მჭედლიძე (68. ჭანტურია).
სათადარიგოები: კვასხვაძე, მიგინეიშვილი, დვალი, კაკუბავა, მერებაშვილი, პაპავა, პაპუნაშვილი, ცინცაძე.
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
პოლონეთი (4-3-2-1): შჩესნი - პიშჩეკი, გლიკი, შუკალა, იედრჟეიჩიკი - მაჩინსკი (65. იედლოვეცი), კრიხოვიაკი, მილიკი - მილა (87. ლინეტი), გროსიცკი (69. რიბუსი) - ლევანდოვსკი.
სათადარიგოები: ბორუცი, ფაბიანსკი, ბროზი, ციონეკი, კუხარჩიკი, ოლკოვსკი, ტეოდორჩიკი, ზელინსკი, ზირო.
მწვრთნელი: ადამ ნავალკა
გაფრთხილება: ლობჟანიძე (56), იედრჟეიჩიკი (79), იედლოვეცი (83), ლინეტი (90)
არბიტრი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ნორმალ :)
dave
11:53 17-11-2014
0
მწრვთნელი უნდა შეარჩიოს ახალმა პრეზიდენტმა.
dada
12:05 17-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული