თორნიკე ოქრიაშვილი: რა გითხრათ... თამაში არ შეგვიძლია!

AutoSharing Option
პოლონეთის ნაკრებთან შეხვედრის შემდეგ ბელგიური "გენკისა" და საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევმა ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა წარუმატებლობაზე საკმაოდ გულახდილად და ემოციურად ილაპარაკა:

- პირველი ტაიმი ძალიან კარგად ვითამაშეთ. ბიჭები მოედანზე გამოვიდნენ და მოწინააღმდეგეს აჯობეს. მაგრამ მეორე ტაიმზე საუბარი არც ღირს.

- თქვენი აზრით, რა გახდა წაგების მიზეზი?
- პირველ ტაიმში პოლონელებზე მეტი მომენტი ჩვენ გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. პოლონეთი ჩვენზე ბევრად უკეთესი გუნდია და აშკარად გვაჯობა. მათ 5-6 მომენტიდან 4 გოლად აქციეს, ჩვენ კი ათიდან ერთ მომენტსაც ვერ ვიყენებთ. სამწუხაროა, რომ ასე
წავაგეთ. 0:4-ს ნამდვილად არ ვიმსახურებდით; შეგვეძლო, ჩვენც გაგვეტანა.

რა გითხრათ... გუნდურ ფეხბურთს არ ვთამაშობთ. რაც უნდა მწვრთნელი შეიცვალოს და ვინც უნდა მოვიდეს, ასეთი ფეხბურთით ყველასთან წავაგებთ...

მაგრამ მაინც დაველოდებით ადამიანს, ვინც გუნდში ყველაფერს შეცვლის.

- მეორე ტაიმში მოედანზე თქვენ შესვლაში რა ჩანაფიქრი იყო?
- არა მგონია, რაიმე ჩანაფიქრი ყოფილიყო. ვფიქრობდი, ძირითად შემადგენლობაში ვიქნებოდი, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა. საკუთარ თავზე ვიყავი ნაწყენი. ჩემი აზრით, უფრო ადრეც შეიძლებოდა ჩემი შეყვანა. ნაწყენი ნამდვილად არ ვარ...

- ქეცბაიას წასვლაზე რას იტყვით?
- პირადად ჩემთვის ცუდია, რადგან ნაკრებში პირველად სწორედ ქეცბაიამ მათამაშა. მინდა, ნდობისა და ყველაფრისთვის მას დიდი მადლობა გადავუხადო. აქვე, მოსაბოდიშებელიც გვაქვს, ბოლო მატჩი ასე ცუდად რომ ჩავატარეთ. სხვა რა ვთქვა? სიტყვები არ მყოფნის...

- ნაკრებში იმ პოტენციალს თუ ხედავთ, ახალი მწვრთნელის ხელში უკეთ რომ ათამაშდეს?
- მიჭირს თქმა. რაღაც სხვანაირი თამაში გვჭირდება, უფრო გუნდური, ვიდრე ერთი-ორი კაცის თამაში... ნუ, არა უშავს... არა, როგორ არ უშავს, მაგრამ არავინ იცის, ახალი მწვრთნელი რომ მოვა, ამით რა შეიცვლება?

- თანაც ნაკრებს ამ დათრგუნული მდგომარეობიდან გამოსასვლელად დიდი დროც დასჭირდება...
- ცხადია, დათრგუნულები ვიქნებით, თამაშს ვერ ვიგებთ. რას და ვის დავაბრალოთ? მწვრთნელს?! პირველი ტაიმი ისე ვითამაშეთ, ქეცბაიას დროს სხვა არც ერთ მეტოქესთან ასე კარგად რომ არ გვითამაშია. რა გვჭირს, არ ვიცი, ბავშვურ ფეხბურთს ვთამაშობთ.

შესაძლოა, მეც ასე ვარ. ჩემი აზრით, ასე არ შეიძლება, სირცხვილია. პოლონელებმა უმნიშვნელო მომენტებით 4:0 მოგვიგეს, მაშინ, როცა ჩვენ 5-6 კარგი მომენტი შევქმენით და ერთიც ვერ გამოვიყენეთ.

- თქვენი აზრით, ამ ნაკრებს როგორი მწვრთნელი სჭირდება?
- მეც მინდა ამის ამოცნობა, მაგრამ ჩვენი ნაკრები ამოუცნობი მფრინავი ობიექტივით არის. ქეცბაიას რა უნდა დავაბრალო?

- ჩანს, რომ გუნდი დემორალიზებულია...
- ღმერთმა ქნას, ახალმა მწვრთნელმა გუნდი სხვაგვარად და უკეთ აათამაშოს. ვერაფერს ვიტყვი. ჩვენ მხოლოდ მოხარულები ვიქნებით. მაგრამ არ ვიცით... მე მგონია, თამაში არ შეგვიძლია.

- გუნდური თამაში არ შეგიძლიათ?
- არამარტო გუნდური, ერთად ვერ ვთამაშობთ. შესაძლოა, ცალ-ცალკე გუნდებში რაღაცას ვაკეთებდეთ. თითქოს, ერთი ოჯახია, თითქოს მეგობრული გარემოა, მაგრამ მოედანზე გავდივართ და გეგონება, ერთმანეთს არ ვიცნობდეთ. ბავშვებივით ვიბნევით.

- რა კომენტარს გააკეთებთ გიბრალტართან მატჩის შემდეგ მომხდარზე?
- გთხოვთ, ამაზე ნუ მკითხავთ...

- ის მაინც გვითხარით, "გენკთან" ურთიერთობა თუ მოაგვარეთ?
- დიახ, ყველაფერი მოგვარდა.

- "გენკის" ძირითად შემადგენლობაში როდის დაგაბრუნებენ?
- მთავარ გუნდში წამოსვლამდე დამაბრუნეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო-პოლონეთი 0:4 - ნახვამდის ევროპავ, ნახვამდის თემურ! [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
ყოჩაღ ოქრიკ. მაგარი საქციელია შენი მხრიდან. მადლიერების და რეალობის შეგრძნებას მოგიწონებ
გულშემატკივარი
10:20 18-11-2014
0
საქართველოს ნაკრების მწვრტნელად ვისურვებდი მალხაზ ჟვანიას
ttttttt
17:43 17-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული