სახელმწიფო ნაკრების მწვრთნელის ხელფასს აღარ გადაიხდის?

AutoSharing Option
ახლა გაცხოველებული მსჯელობაა, ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ფედერაციის მესვეურთაგან ოფიციალურად დადასტურდა, რომ კანდიდატურებს შორის, ქართველებთან ერთად, უცხოელებიც არიან.

როგორც უნდა იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში დაისმება კითხვა, რაც დღეს ყურადღების მიღმა რჩება - ადრე კლაუს ტოპმიოლერის, ექტორ კუპერისა და თემურ ქეცბაიას ანაზღაურებას სახელმწიფო აფინანსებდა. მაგრამ ეს იყო მაშინ, როცა ფეხბურთის ფედერაცია წინა ხელისუფლებასთან შეხმატკბილებულად მუშაობდა.

ახლა კი სხვა ხელისუფლებაა, რომელიც ფედერაციის დღევანდელ პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას არ სწყალობს და რამდენად დათანხმდება, ძვირად ღირებული უცხოელი მწვრთნელის ხელფასი ბიუჯეტიდან დაუფინანსოს, როცა ეროვნული ჩემპიონატის
ფედერაციისეულ მოდელში თანხის გადახდა არ ისურვა?

სწორედ ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდიასთან:

- მიზნობრივი პროგრამის სახით, სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციას ყოველწლიურად 7 მილიონ ლარს ურიცხავდა. სფფ მომავალ წელსაც იმავე თანხას მიიღებს. არა მგონია, თავად იმდენი მოიპოვონ, ძვირად ღირებული უცხოელი სპეციალისტის ხელფასს რომ გასწვდნენ.

Sportall.Ge- თქვენ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო კომისიის წევრი ბრძანდებით და პროგრამას ამუშავებდით. მთავარია, მოხერხდება თუ არა ამ პროგრამის დროულად ამოქმედება?
- ახლა პროექტის დახვეწაზეც ვმუშაობთ და სხვა საკითხებზეც. იმედია, სახელმწიფო კომისიის სხდომაზე ამ პროექტს დაამტკიცებენ. პროგრამა პრემიერთან, ვიცე-პრემიერთან და კომისიის სხვა წევრებთან არის შესათანხმებელი.

- ბოლო დროს, სახელმწიფო კომისიაზე არაფერი ისმის. რა ხდება? აღარ მუშაობთ?
- კომისია მუშაობს და დარწმუნებულიც ვარ, მალე ეს პროცესი სასიკეთო შედეგებსაც მოგვიტანს. მაგრამ 2015 წლის სუპერთასის საორგანიზაციო საკითხებმა დროებით გადაწონა - ბოლო ორი სხდომა სწორედ მას მიეძღვნა და ფეხბურთის პროგრამაზე არ გვილაპარაკია. შემდგომი შეკრება პრემიერმა უნდა დანიშნოს. ჯერ ზუსტი დრო უცნობია. ალბათ, წლეულს გაიმართება.

- ბევრი ფიქრობს, რომ პროგრამაზე მუშაობა მეტისმეტად გაიწელა...
- არა, საქმე სხვაგვარადაა. სახელმწიფო პროგრამით, ფეხბურთის განვითარებისთვის 100 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ჩვენ კი დაფინანსების წყაროებს ვეძებთ.

ისიც საფიქრალია, როგორ უნდა გახდეს ეს პროექტი შედეგზე ორიენტირებული და არა იმაზე, რომ ვიღაცას ფული გადავუყაროთ. სახელმწიფო სახსრებს გაფრთხილება სჭირდება.

- კულუარებში რა ხდება, არ ვიცით, მაგრამ გარედან მაყურებლისთვის რჩება შთაბეჭდილება, რომ პროგრამის განხორციელებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ფეხბურთის ფედერაციის დაპირისპირება აბრკოლებს...
- ეს არაფერ შუაშია. ათასი პრობლემაა. ხომ გითხარით, პროგრამის განსახორციელებლად დამატებით სახსრებს ვეძებთ. ბიუჯეტი რეზინის არ არის, მთავრობამ კი დამატებითი სახსრები უნდა გამოჰყოს. ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს.

- როცა ფეხბურთის ფედერაციამ 16-გუნდიანი ჩემპიონატის ჩატარება გადაწყვიტა, ამით, ფაქტობრივად, სამინისტროს პროგრამა უარყო. მას შემდეგ სფფ-სა და სამინისტროს შორის ურთიერთობა საკმაოდ დაიძაბა. საინტერესოა, პროგრამაზე და, საერთოდ, სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაზე ერთმანეთში თუ თათბირობთ?
- სამწუხაროდ, მას შემდეგ კონტაქტები საკმაოდ შემცირდა. გნებავთ, დაარქვით ამას გზების გაყრა, გნებავთ - ფედერაციის მიერ ჯიბრში ჩადგომა, მაგრამ ფაქტია, რომ ურთიერთობა "გაიჭედა". სამწუხაროა, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციას სახელმწიფოს პოზიციის გაზიარება არ სურს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ხოდა თუარ სურთ სახელმწიფოს აზრის გაზიარება მიხედონ თავის თავს თვითონ და მორჩა.
qutaiseli
16:59 26-11-2014
0
ვეთანხმები ბ-ნი აკაკის მოსაზრებას - "ისიც საფიქრალია, როგორ უნდა გახდეს ეს პროექტი შედეგზე ორიენტირებული და არა იმაზე, რომ ვიღაცას ფული გადავუყაროთ".
გუჯა კახაძე
19:08 26-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული