თენგიზ სულაქველიძის იდეა: დუეტი და მწვრთნელთა საბჭო ნაკრებში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მომავალ მწვრთნელთან დაკავშირებით, "ლელო" დიდი "დინამოს" ერთ-ერთ ლიდერს, თენგიზ სულაქველიძეს ესაუბრა.

ვინ უნდა იყოს "ჯვაროსანთა" ახალი თავკაცი, როგორ თვისებებს უნდა აერთიანებდეს ის, შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველოს ნაკრების სათავეში მწვრთნელთა დუეტი ვიხილოთ? სულაქველიძე ამ და სხვა თემებზე გვიზიარებს მოსაზრებას...

- ჩემი აზრით, ამ ეტაპზე უპრიანი იქნება, საქართველოს ნაკრები ქართველმა სპეციალისტმა გაწვრთნას.

- რატომ მაინცდამაინც ქართველმა?
- პირდაპირ რომ ვთქვათ, სადღეისოდ ჩვენ არ გვყავს მაღალი დონის ბევრი ფეხბურთელი. უცხოელი, ალბათ, მაშინ იქნება საჭირო, როცა ასაკობრივი ნაკრების ნიჭიერი მოთამაშეები ბოლომდე
ჩამოყალიბდებიან პროფესიონალ ფეხბურთელებად.

- ახალგაზრდა ქართველისკენ იხრებით თუ უპირატესობას შედარებით გამოცდილ კადრს ანიჭებთ?
- ამ შემთხვევაში მე ასაკს არ მივიჩნევდი გადამწყვეტ ფაქტორად. შეიძლება შეირჩეს როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილი მწვრთნელი.

- რა თვისებების მატარებელი უნდა იყოს საქართველოს ნაკრების ახალი თავკაცი?
- პირველ რიგში, მან უნდა შეკრას ქართული საფეხბურთო რესურსი. ეროვნული ნაკრები იმის ეროვნული ნაკრებია, რომ მასში ყველა უძლიერესმა ფეხბურთელმა ითამაშოს. მუშაობა უნდა უყვარდეს. უნდა ჩადიოდეს სხვადასხვა ქვეყანაში, უნდა ნახულობდეს მატჩებს ქართველი ლეგიონერების მონაწილეობით...

კი, რთული ვითარებაა, მაგრამ გამოუვალი ნამდვილად არ არის. შეიძლება, ორიგინალური იდეაა, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ საქართველოს ნაკრებში ერთად იმუშაონ შედარებით გამოცდილმა და ახალგაზრდა სპეციალისტმა.

- თქვენი აზრით, შეიძლება საქმეს წაადგეს მწვრთნელთა დუეტის დანიშვნა?
- რატომაც არა?!

- რა გაძლევთ ასეთი განცხადების გაკეთების საფუძველს?
- გავიხსენოთ საბჭოთა კავშირის ნაკრები. სამი ბუმბერაზი მწვრთნელი ერთდროულად იდგა გუნდის სათავეში - ვალერი ლობანოვსკი, კონსტანტინ ბესკოვი და ნოდარ ახალკაცი. იმ ნაკრებს თამაშის ხარისხი არ დაეწუნებოდა.

- ნუთუ, სამი დიდი მწვრთნელი ერთმანეთს არ ზღუდავდა?
- მე ასეთი რამ არ შემიმჩნევია. არ ვამბობ, რომ მწვრთნელთა დუეტი ერთადერთი გზაა, თუმცა საინტერესო იდეა მგონია და მისი განხილვაც შეიძლება. და კიდევ - ჩემი აზრით, უპრიანი იქნება, თუ მწვრთნელთა საბჭო ჩამოყალიბდება.

- რა ფუნქცია უნდა დაეკისროს მწვრთნელთა საბჭოს?
- საბჭო კონსულტაციებით უნდა დაეხმაროს ახალ მწვრთნელს. უნდა მიაწოდოს ინფორმაციები ფეხბურთელების შესახებ და ასე შემდეგ...

- ფეხბურთელს რა მოეთხოვება ნაკრებში თამაშისას?
- მე ახლა არ დავიწყებ სათამაშო კლასზე ლაპარაკს. მოთამაშეს ნაკრებში ჩამოსვლა უნდა უხაროდეს - ესაა მთავარი!

- რა უნდა დავუსახოთ მიზნად ეროვნული გუნდის ახალ მწვრთნელს?
- მიმდინარე ევროშესარჩევი ციკლი მან უნდა გამოიყენოს მომდევნო საკვალიფიკაციოსთვის მოსამზადებლად. ამასთან ერთად, ეროვნულს უნდა შეეჩვიონ ასაკობრივ ნაკრებში გამორჩეული ფეხბურთელები. ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებებში დიდი პოტენციალია. ეს უნდა მოხდეს გეგმაზომიერად. ამავე დროს, ეროვნულ გუნდში უნდა იყვნენ გამოცდილი მოთამაშეები, ახალგაზრდები კი მათ გვერდით უნდა დაოსტატდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ვაი საქართველო,,,,,
mdaa
16:31 26-11-2014
0
გადმოაფრქვია კაცმა ბრძნული იდეები. ერთი საბჭო თუ დაემატება ამისთანებს გასართობი მოემატებათ და იქნებიან არხეინად. რა უტვინო ფეხბურთელიც იყო ისეთივე არის ახლაც, ანალიზის თავი მაგას არ აქვს და სიმართლეს, ხომ ვერ ათქმევინებ. თუ ქართული ფეხბურთის გადარჩენა გინდა პრობლემების არდანახვით არაფერი გამოვა. ახლა უნდა ველოდოთ ახალ "ნიჭიერ" ტაობებს, რომლებიც პლეიოფებში სხვადასხვა მაქინაციებით გადიან, ეს ხომ ყველამ ვიცით.
ZVELI
17:23 26-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული