ის საქართველოს ნაკრებისთვის რიგითი კაცი არ არის - წლების განმავლობაში იყო ეროვნული გუნდის კაპიტანი და დაცვის ბურჯი...
ცხადაძის სამწვრთნელო საქმიანობა კი, აგერ, უკვე ათი წელია, გრძელდება. ტიტულებიც საკმაოდ აქვს - საქართველოს ჩემპიონობა (ორჯერ), აზერბაიჯანული ოქრო, თანამეგობრობის თასი...
გუშინ "ლელო" მას აზერბაიჯანში დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა...
- საინტერესოა, იყო თუ არა კონკრეტული შეთავაზება საქართველოს ფეხბურთის ფედე
- არანაირი შეთავაზება არ ყოფილა. რაც შეეხება სიტუაციას, ყველამ ვიცით, რომ არ არის საქმე მარტივად. ერთს ვიტყვი - მე, ისევე, როგორც თითოეული რიგითი ქართველი, ვალდებული ვარ, სამშობლოს ვემსახურო. და კიდევ - დღეს იქნება თუ ხვალ, ყველანი დავბრუნდებით საქართველოში.
- როგორც ვიცით, ცოტა ხნის წინათ გამოხატეთ მზადყოფნა, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე უხელმძღვანელოთ საქართველოს ნაკრებს გერმანიასა და პოლონეთთან მომდევნო შესარჩევ მატჩებში...
- მინდა, ჩემი პოზიცია სწორად აღიქვან ჩვენმა გულშემატკივრებმა და საფეხბურთო საზოგადოებამ. ჩემი ჟესტით მე არავის ვახვევ თავს საკუთარ კანდიდატურას.
ვიცი, რომ ფეხბურთის ფედერაცია არ არის იოლ სიტუაციაში. ვალდებულად ჩავთვალე თავი, გამომეხატა მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში დავხმარებოდი ჩემთვის უძვირფასეს გუნდს და ჩემს მეგობრებს, რომლებიც ფედერაციაში მუშაობენ. მით უმეტეს, ჩემი აზრით, სიჩქარე ამ შემთხვევაში არ გამოგვადგება. ამ ციკლში უნდა ჩაეყაროს საფუძველი მომავალ წარმატებებს.
მე ბევრისთვის "მონსტრი" ვარ, მაგრამ არიან ისეთი "მონსტრებიც", რომელთაც კარგი საქმის გაკეთება შეუძლიათ.
- ევროშესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების ორი უახლოესი მეტოქე გერმანია და პოლონეთია. ასეთ გუნდებთან მატჩების წინ ნაკრებში მისვლა სარისკო არ არის ახალი მწვრთნელისთვის?
- დიდი წნეხი იქნება, ეს ფაქტია. მთავარია, ახალმა მწვრთნელმა აჩვენოს სწორი მიმართულება, გააკეთოს სწორი აქცენტები. როგორც ვიცი, ამ ორ შესარჩევ მატჩამდე დაგეგმილია ამხანაგური შეხვედრა მალტასთან და ამ თამაშს შეუძლია, პოზიტიური როლი შეასრულოს ჩვენი ნაკრების ცხოვრებაში.
ამ ეტაპზე, მთავარია, ამაღლდეს ფეხბურთელების მორალურ-ფსიქოლოგიური განწყობა და გულშემატკივარს დავუბრუნოთ ქართული ფეხბურთის მიმართ ნდობა. ფაქტია, ბევრი ნეგატივი დაგვიგროვდა.
- საქართველოს ნაკრების მწვრთნელობაზე დათანხმება გილიოტინაზე ასვლას ჰგავს. ეთანხმებით ამ შეფასებას?
- მწვრთნელობა ისეთი პროფესიაა, სულ გილიოტინაზე გიდევს თავი და არავინ იცის, როდის წაგაცლიან... იგებ? გაქებენ, თუ არა და...
- არის წარმატების მისაღწევად აუცილებელი რესურსი?
- ბევრი პრობლემაა, ძალიან ბევრი... რასაც თემურ ქეცბაია ამბობდა, მართალი იყო. არ შემიძლია, ერთ რამეზე არ ვთქვა - დღეს ბევრი ამბობს, რომ ჩვენში ბავშვთა ფეხბურთი ცუდ დღეშია. არადა, ბავშვები მოდიან, ელიტრაუნდებს იგებენ, ევროპის პირველობაზე ტოლს არავის უდებენ...
- ...და რა ხდება მერე?
- სწორედ ეს კითხვა უნდა დაისვას მძაფრად. ის ხდება, რომ, ვთქვათ, ჰოლანდიელი ბიჭი სათამაშოდ ერედივიზიონში მიდის, ხოლო ჩვენი ახალგაზრდა საქართველოს ჩემპიონატშიც კი ვერ თამაშობს. მთელი რესურსი და ძალები უნდა მივმართოთ საქართველოს ჩემპიონატის გაძლიერებისკენ. აქ არ არის პირობები. თუნდაც, ჩემი მშობლიური ქალაქის, რუსთავის "მეტალურგის" ყოფა ავიღოთ...
ჩემპიონატი რომ კარგი გვექნება, მხოლოდ ერთ ტაიმს აღარ ითამაშებს ნაკრებში ფეხბურთელი. ავიღოთ აზერბაიჯანის პირველობა. ჩემს გუნდში ფეხბურთელი 13 კილომეტრს დარბის ერთი კონკრეტული მატჩის განმავლობაში.
კარგი, მე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ვითამაშე, მაგრამ საიდან წავიდნენ ევროპაში ქინქლაძე, შოთა, არჩილი, კობიაშვილი, იაშვილი და სხვები? პასუხი ყველამ ვიცით - საქართველოს ჩემპიონატიდან!
- დავუშვათ, ორი მატჩი თქვენ ჩაატარეთ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე და ოდნავი უკეთესობა მაინც ვიგრძენით. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება თუ არა საუბარი თქვენსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის გრძელვადიან თანამშრომლობაზე?
- არ იქნება ახლა სწორი, რომ ამ თემაზე ვილაპარაკოთ. ჩემი, როგორც რიგითი ქართველის პოზიცია ასეთია - მზად ვარ, მუდამ ვემსახურო საქართველოს!
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"