გვესაუბრება გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ლადო ბურდული, რომელსაც სანაკრებო თემაზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა. მას არაერთი მატჩი ჩაუტარებია ეროვნული გუნდის შემადგენლობაში...
- პირველ რიგში, "სიონში" მოსალოდნელ ცვლილებებზე უნდა გკითხოთ. ამბობენ, რომ სეზონის განახლებისას ახალ "სიონს" ვიხილავთ...
- ყველაფერი მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, რა ბიუჯეტი გვექნება მომავალ სეზონში. ჩვენს გუნდში არიან საქართველოს კვალობაზე ძვირად ღირებული მოთამაშეები და მათ შენარჩუნებას სახსრები სჭირდება. არიან ფეხბურთელები, რომლებიც ვერ დარჩებიან, ვთქვათ,
- გამოდის, რომ "სიონი" სერიოზული რეორგანიზაციის ზღვარზეა...
- თქვენს კითხვას ვუპასუხებ, როგორც გენერალური დირექტორი. პრაქტიკულად, ყველაფერი თავიდან მექნება დასალაგებელი. შეიძლება, ცვლილებები შეეხოს არა მხოლოდ მოთამაშეთა კონტინგენტს, არამედ სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობასა და რაოდენობასაც.
ვიმეორებ, ეს ყველაფერი, ისევ და ისევ, ბიუჯეტზეა დამოკიდებული.
- თუ გაქვთ წინასწარი მონახაზი, რამდენი შეიძლება იყოს "სიონის" ბიუჯეტი?
- მილიონნახევარი იყო ჩვენი ბიუჯეტი მაშინ, როცა გუნდმა ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა. ვფიქრობ, ბიუჯეტი შეგვიმცირდება, მაგრამ ჯერ ზუსტად მაინც ვერ ვიტყვი.
- გუნდის სატურნირო მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, სახარბიელო არ არის. მომავალს მაინც იმედით უყურებთ?
- რა თქმა უნდა! ჯერ ერთი, სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვეა; მეორეც - ჩვენთვის არ არის უჩვეულო სიტუაცია. 13-14-ქულიანი სხვაობა დავძლიეთ იმ სეზონში, როცა მესამე ადგილი დავიკავეთ.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ გუნდს ახალი მწვრთნელი სჭირდება და, შესაბამისად, ხომ არ აპირებთ, შეასრულოთ მხოლოდ გენერალური დირექტორის ფუნქციები?
- ესეც ბიუჯეტის ოდენობაზეა დამოკიდებული. თუ იქნება საშუალება, სიამოვნებით. მე თავიდანვე მინდოდა, რომ "სიონში" დიდი გამოცდილების მქონე მწვრთნელს ემუშავა, მაგალითად, ივო შუშაკს. თუ არ იქნება საკმარისი ბიუჯეტი, მაშინ ჩვენი ძალებით მოგვიწევს ამ სიტუაციიდან გამოსვლა. თქვენ წარმოგიდგენიათ ხუთას ან ათასლარიანი მწვრთნელი, რომელიც საქმეს ნორმალურად გააკეთებს?
სხვათა შორის, ივო შუშაკი არ არის ერთადერთი კანდიდატურა, ვისზეც ვფიქრობ, მაგრამ კვალიფიციურ მწვრთნელს შესაბამისი ანაზღაურება სჭირდება.
- მართალია, რომ ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, თორნიკე აფციაურმა, აქტიური ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო? ბოლოს ის "სიონში" თამაშობდა...
- ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ. თორნიკემ მითხრა, რომ დაიღალა. ის ახლა კვიპროსშია, სადაც ოჯახი ჰყავს. მეც ასე ვიცი, რომ აღარ აპირებს თამაშს.
- საქართველოს ნაკრებში არაერთი მატჩი ჩაგიტარებიათ. არ იქნება, ეროვნულ გუნდზეც არ გკითხოთ. ცხადია, ამ შემთხვევაში როგორც ნაკრების რიგით გულშემატკივარს, ნაფიქრი გექნებათ მის მომავალზე...
- ბევრს ვფიქრობ ბოლო დროს. მივესალმები კახა ცხადაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მზად არის, ორ თამაშში უხელფასოდ გაუძღვეს გუნდს.
ერთი აუცილებლად უნდა ითქვას - არ მიმაჩნია სწორად მწვრთნელის დანიშვნა მხოლოდ ამ ციკლის ბოლომდე. ახალმა მწვრთნელმა უნდა ჩაამთავროს მიმდინარე ციკლი და შემდეგ შესარჩევშიც იყოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე მას უნდა დავუსახოთ ერთი კონკრეტული მიზანი - გაიყვანოს საქართველოს ნაკრები პლეი ოფში.
ჩვენ გვყავს ფეხბურთელები. გუნდის გაახალგაზრდავება და სხვა მიზეზები არგუმენტებად აღარ ივარგებს. ხალხი დაიღალა. ხალხს უნდა შედეგი. ფარერები და ესტონეთი თუ იგებენ თამაშებს, საქართველოს ნაკრებმა რატომ ვერ უნდა მოიგოს?..
- ...არა მგონია, მათზე უარესი ფეხბურთელები გვყავდეს...
- არანაირად! ამას ვერ დავიჯერებ. კახა ცხადაძისა და შოთა არველაძის კანდიდატურები კარგი და მისაღებია, მაგრამ... არის ერთი "მაგრამ". ახლა ორივე მათგანი კლუბში მუშაობს. ჩემი აზრით, კლუბს და ნაკრებს ერთდროულად ვერ გაწვრთნი. ეს მხოლოდ ჩემი აზრია და არ არის აუცილებელი, ყველამ გაიზიაროს. აქვე, ვადასტურებ ჩემს დიდ პატივისცემას კახასა და შოთას მიმართ.
პირადად ჩემი აზრით კი, ამ პოსტზე იდეალური კანდიდატი ივო შუშაკი მგონია. ის თავისი საქმის უდიდესი პროფესიონალია. მასთან გამორიცხულია პროტექცია. შუშაკის მთავარი ღირსება არის ადამიანებთან ურთიერთობის ცოდნა და რკინისებური დისციპლინა. შუშაკს უნდა დავუყენოთ გვერდით ისეთი ქართველი სპეციალისტი, ვინც კარგად იცის საქართველოს ჩემპიონატის ავან-ჩავანი.
ერთიც - ხორვატი სპეციალისტი აქ სამუშაოდ თეთრებადაც ჩამოვა. რა თქმა უნდა, აქ ვგულისხმობ ნაკრების მწვრთნელისთვის საერთაშორისო მინიმუმით აღიარებულ სტანდარტს. შუშაკმა ფრიადზე იცის, რა ხდება ქართულ ფეხბურთში, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში. ამაში მაშინ დავრწმუნდი, როცა მასთან ვიყავი სტუმრად ხორვატიაში.
ბატონი ივო ახლა ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს და ნაკრებების მთავარი მწვრთნელების კოორდინატორია. მან სულ 2 მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრებში და ყველას გვახსოვს, რა სიხარულიც მოგვიტანა.
ასეთია ჩემი, როგორც რიგითი გულშემატკივრის აზრი...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"