საქართველოს ნაკრებში, როგორც გილიოტინაზე - როცა გადარჩენის შანსი 1%-ია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს აღარ ჰყავს მთავარი მწვრთნელი. მსოფლიოში თუ არსებობს რომელიმე რთული სამუშაო, ეს უდავოდ საქართველოს ნაკრების მწვრთნელობაა. დაარსების დღიდან ეს გუნდი ერთმანეთის მიყოლებით, ცხრათავიანი გველეშაპივით ანადგურებს ქართველი და უცხოელი მწვრთნელების ავტორიტეტს.

ის კი არა, ზოგიერთისთვის ეს პოსტი კარიერის ნაადრევი დასრულების მიზეზიც კი გახდა...

მწვრთნელობა უმადური პროფესიაა, მეტადრე - საქართველოში. აქ მხოლოდ ფეხბურთში კი არა, სხვა სფეროებშიც ასე გვჭირს - ადამიანს მაშინ ვაფასებთ, როცა ცოცხალი აღარ არის.

გალაკტიონი სიცოცხლეში ბევრს შეშლილი ეგონა. ტერენტი გრანელს სურამის საგიჟეში ვტანჯავდით და იმ ტანჯვაში მან
საქართველოს "სისხლიანი რვეული" აჩუქა. ნიკო ფიროსმანი ნახევრად მშიერი, უპატრონობაში მოგვიკვდა...

ადამიანის დაუფასებლობა ზოგადსაკაცობრიო სენი მგონია, მაგრამ ქართველებს განსაკუთრებით მძაფრად გვჭირს ეს სენი. აბა, რას მივაწეროთ ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრების არცერთი დამრიგებელი თანამდებობიდან მადლობით არ წასულა.

მადლობას რომ თავი დავანებოთ, ხანდახან ისეც ხდებოდა, რომ ქართული ფეხბურთის ლეგენდებს თანამდებობის დატოვება... ნასროლი ბოთლების თანხლებით უხდებოდათ, ანდაც საჯარო ობსტრუქციის ფონზე.

საქართველოს ნაკრების არც ერთ მწვრთნელს მედიის ჯანსაღი თუ საფუძველს მოკლებული კრიტიკა არ დაჰკლებია, თუმცა საქმე მხოლოდ ჟურნალისტებში არ არის - ვერ ვიხსენებ ეროვნული გუნდის დამრიგებელს, ხალხი მადლიერი რომ ჰყოლოდეს.

ამას წინათ, არჩილ არველაძეს ვუთხარი, რა გველეშაპია ასეთი ეს საქართველოს ნაკრები, ამდენ მწვრთნელს, ამდენ ავტორიტეტს რომ ინელებს-მეთქი. მე მიყვარს აჩისთან ფეხბურთზე ლაპარაკი. შოთასთანაც. რეზისთანაც.

აჩიმ დაახლოებით ასეთი რამ მითხრა - ეს ზოგადად მწვრთნელის ხვედრია, გასაკვირი მაინცდამაინც არაფერია. ჩვენ შიგნიდან ვხედავთ ამ ამბებს, თორემ საზღვარგარეთაც ხდება ასეთები და უარესებიცო.

აჩი მართალია. ალბათ, ხდება, მაგრამ ჩვენ თითქოს ვიღაცამ დაგვწყევლა. თითქოს მოჯადოებულ წრეზე დავდივართ.

რატომ დამჭირდა ამხელა შესავალი მთავარ სათქმელამდე? ერთადერთი მიზნით - ვინც უნდა მოვიდეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მან უნდა იცოდეს, რომ პრაქტიკულად გილიოტინაზე ასვლას აწერს ხელს.

ეს იქნებ ოდნავ გადაჭარბებული შედარებაც იყოს, თუმცა არც უტოპიური ჰიპერბოლაა.

ახლა მავანი ისეთ ფონს ქმნის, რომ ჩვენ თემურ ქეცბაიას ყველაფერში ვამტყუნებდით და ქართული სპორტული მედიის ბრალია, გმირი რომ ვერ შევიცანით და დავაფასეთ.

ქეცბაია თავის გზას იპოვის და არც იმის ილუზია გვაქვს, რომ მისი წასვლისთანავე მოგვარდება ჩვენი ყველა პრობლემა. ახალი მწვრთნელი კი მაინც მოვა. ეს დროის ამბავია. მოვა, რადგან ოდითგანვე ასე ყოფილა - ეროვნული ნაკრების დამრიგებლობა იმდენად საპატიო ამბავია, რომ გილიოტინაზე ასვლასაც გარისკავ, ეგებ, თავი არ მოგაჭრას, ეგებ გადარჩე.

გადარჩენის შანსი ახლა ერთი პროცენტია, მაგრამ შანსი არის და ახალი მწვრთნელი მას უნდა ჩაებღაუჭოს. მერე რა, რომ ფეხბურთელები არ გვყავს. მერე რა, რომ ახლა ქართულ ფეხბურთს საუკეთესო დრო არ უდგას.

ჩვენ ახლავე მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ, რას ვითხოვთ ახალი მთავარი მწვრთნელისგან. მგონი, ასე უნდა იყოს:

* საქართველოს ნაკრების ახალმა მწვრთნელმა მოაწესრიგოს ურთიერთობა მასმედიასთან და ისე მიუდგეს ჟურნალისტებს, როგორც საერთო საქმეს სჭირდება - მან იმთავითვე უნდა იცოდეს, რომ თუ ჩვენ ერთად არ დავდექით, ისე სანაკრებო მატარებელი ვერ გაქროლდება.

* საქართველოს ნაკრებში უნდა გაქრეს შიში. შიში იმისა, რომ ერთი არაზუსტი პასის, ერთი დაკარგვის გამო ვინმეს რეპრესია შეეხება. სადაც შიშია, იქ ფეხბურთი ვერაფრით იქნება.

* საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი ინდივიდუალურად უნდა მიუდგეს თითოეულ ფეხბურთელს. ღრმად ჩასწვდეს მათ ფსიქოლოგიურ თავისებურებებს.

* ახალმა თავკაცმა სანაკრებოდ უნდა შემოაბრუნოს ის მოთამაშეები, ამა თუ იმ მიზეზით ნაკრებს ჩამოშორებულნი რომ არიან. მათთან ერთად გუნდი უძლეველი ვერ იქნება, მაგრამ ძალას და საიმედოობას კი შეიმატებს.

* ტაქტიკური სქემა ახალმა მწვრთნელმა უნდა განსაზღვროს და ჩვენ მის არჩევანში რა ხელი გვაქვს. ერთი კია - უნდა ვითამაშოთ ცოტა მეტი ფეხბურთი, უნდა დავარტყათ კარში, გავაკეთოთ პასი. მოკლედ, ვითამაშოთ და არა - ვიწვალოთ.

* ...დანარჩენი მომავლის საქმეა. ჩვენ კი უნდა მივესალმოთ ჯერაც ინკოგნიტო მწვრთნელს, საქართველოსთვის გილიოტინაზე რომ ადის.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 10 /
სწორია ყველაფერი. ცოტა მეტი ფეხბურთი მართლაც!ერი პროცენტიც სწორია
koro
19:55 06-12-2014
0
ეეჰ, ალიკო, ალიკო მგონი მართლა დაიჯერე,რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობა მედიის ბრალია. არაფერი ფეხბურთში განსაკუთრებული არ ხდებარა დონის ქვეყანაც გვაქვს(არ ვაკონკრეტებ რა მდგომარეობაშიც) ფეხბურთიც იმ დონის გვაქვს, თუმცა გულწრფელად მჯერა სპორტული მედია ამ დონისაც კი არ გვაქვს. იშვიათ გამონაკლისს არ ვგულისხმობ. განმეორებით მინდა ვთქვა საქართველო რა დონის ქვეყანაცაა იმ დონისთვის საკმაოდ გამართული სფეხბურთო მეურნეობა აქვს, მათ შორის ეროვნული ჩემპიონატიც და ნაკრებიც. ნეტა ასეთი გამართული მეურნეობა სპორტის სხვა სახეებშიც გვქონდეს. ხოლო ვინც არაპროპორციულად მაღალ თამასას უკვეთავს ფეხბურთს ზოგადად უკეთესი იქნება საკუთარ სფეროს თამასას გნებავთ პერსონალურს მიხედოს.
gizog
20:25 06-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული