"ჯერ განვსაზღვროთ, რას ვითხოვთ. მებრძოლი თემურ ქეცბაიას ნაკრებიც იყო..."

AutoSharing Option
გაიოზ დარსაძე დღეს ქართველი მწვრთნელების მომზადებაზე ზრუნავს. ის საქართველოს ეროვნული გუნდის დამრიგებელი გახლდათ 2005 წლის ივლისიდან დეკემბრამდე.

ახლა, როცა ქვეყნის მთავარი გუნდისთვის ახალ მწვრთნელს ლამის ყველა ერთად ვეძებთ, დარსაძის აზრი საინტერესოდ მოჩანს.

მასთან მხოლოდ ამ თემაზე არ გვისაუბრია - ზოგადად, ქართულ ფეხბურთში არსებულ პრობლემებს შევეხეთ...

- ბატონო გაიოზ, ყველაზე აქტუალური თემით დავიწყოთ. თქვენი აზრით, როგორი მწვრთნელი სჭირდება ახლა საქართველოს ნაკრებს?
- იმისთვის, რომ თქვენს კითხვას ზუსტი პასუხი გავცე, უნდა ვიცოდე, სად ვართ და რა მიზანს ვისახავთ. საზოგადოების მოტყუება იქნება ამის
გარეშე კითხვაზე პასუხის გაცემა.

ჯერ ის განვსაზღვროთ, სად ვართ და რას მოვითხოვთ ახალი მწვრთნელისგან. ამის შემდეგ უფრო გაადვილდება არჩევანის გაკეთება, რადგან არსებობს უამრავი მწვრთნელი და თითოეულ მათგანს სხვადასხვა ამოცანის გადაჭრა შეუძლია. ასევე, აუცილებლად გასათვალისწინებელია თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნები.

- თქვენი აზრით, სად ვართ და რა მიზანი უნდა დავისახოთ?
- არ მგონია, ჩემს აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს ამ შემთხვევაში. მიზანი უნდა დაისახოს და ის უნდა იყოს რეალური. მგონი, არ იქნება მართებული, საქართველოს ნაკრებს პირდაპირ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა რომ მოვთხოვოთ...

- და მაინც, რა უნდა დავუსახოთ მიზნად ახალ მწვრთნელს?
- ნებას მომცემთ, კონტრშეკითხვა დაგისვათ?

- რა თქმა უნდა...
- მოდით, ცოტა ხნით როლები გავცვალოთ და ახლა მე გკითხავთ - როგორი უნდა იყოს ნაკრების ახალი მწვრთნელი?

- ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, უნდა შეიტანოს ცოტა მეტი სანახაობა ნაკრების თამაშში, უნდა შეძლოს მასმედიასთან ნორმალური ურთიერთობა... ბევრი კრიტერიუმია...
- გმადლობთ. ახლა ველოდები თქვენს კითხვებს...

- როგორ ფიქრობთ, ახალმა მწვრთნელმა ფეხბურთელები სანაკრებოდ კლუბების სახელების მიხედვით უნდა შეარჩიოს თუ წინა პლანზე სათამაშო პრაქტიკა უნდა დადგეს?
- ძალიან კარგი კითხვაა. ჩემი აზრით, ეს დილემაა. ჩავი, ინიესტა, სუარესი - ასეთ ფეხბურეთელებს, ასეთ შემტევებს ყველა ინატრებდა, მაგრამ როგორ უნდა მოვძებნოთ ისინი? თუ ჩვენ სანახაობრივი მხარე გვინდა, ვერ ვიტყვით გადაჭრით უარს იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც შედარებით სახელიან კლუბებში თამაშობენ.

- მოდით, გაიხსენეთ ის პერიოდი, როცა საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩაიბარეთ...
- მაშინაც თითქმის ისეთი ვითარება იყო, როგორიც ახლაა. რა უნდა მოვთხოვოთ მიმდინარე ციკლში საქართველოს ნაკრებს? ევროპის ჩემპიონატზე გასვლა? ეს ხომ უტოპიაა?

თან შემტევ ფეხბურთს ვითხოვთ და თან გვავიწყდება, რომ გერმანიას ვმასპინძლობთ და პოლონეთს უნდა ვესტუმროთ.

- ნუთუ, არ არის იმის რესურსი, რომ ჩამოყალიბდეს კონკურენტუნარიანი მებრძოლი გუნდი?
- მებრძოლი თემურ ქეცბაიას ნაკრებიც იყო. ეს ფაქტია.

- ახალი მწვრთნელის შერჩევისას უპრიანი იქნება თუ არა მასთან ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმება?
- ჯერ განვსაზღვროთ ზუსტად, განვითარების რომელ ეტაპზე ვართ. ამის შემდეგ, ჩემი აზრით, უპრიანი იქნება, შევეჭიდოთ ქართული ფეხბურთის განვითარების გრძელვადიან პროექტს.

ეს პროგრამა უნდა იყოს ზუსტად ჩამოყალიბებული და დროში გაწერილი. სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორი მწვრთნელი გვინდა.

თუ არჩევანი შეჩერდება მოკლევადიან პროექტზე, მაშინ შესაბამისი მწვრთნელი უნდა მოვიძიოთ; თუ გრძელვადიანზე, მაშინ - შესაბამისი. პირადად მე გრძელვადიანი პროექტის მომხრე ვარ.

- თქვენს ხელში გაიარა უნიჭიერესმა თაობამ. ვგულისხმობ 1988-89 წლებში დაბადებულ ბიჭებს. დღეს ისინი საქართველოს ნაკრების ლიდერები უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა ამ თაობას "დაკარგული თაობა" ჰქვია. რა გახდა ამის მიზეზი?
- დასანანია, რომ ასე მოხდა. მართლაც შესანიშნავი თაობა იყო. ოლიმპიური ფესტივალი მოიგეს, ნახევარფინალსა და ფინალში შვეიცარიასა და იტალიას სძლიეს. დილემა სწორედ ესაა. უამრავი ნიჭიერი ბავშვი გვყავს. მერე ისინი იკარგებიან, თუმცა ყველაფერი ლოგიკურად ხდება.

- ამ თაობის კრიზისი იმანაც ხომ არ გამოიწვია, რომ ნაადრევად ითამაშეს საქართველოს ნაკრებში?
- ნაადრევადო, რომ ამბობთ, რას გულისხმობთ? ასაკს?

- დიახ...
- მაშინ მე ასე გეტყვით: ნორვეგიელი ტალანტი მარტინ ედეგორი 15 წლისაა და ნორვეგიის ნაკრებისთვის შეუცვლელი ფეხბურთელია.

- არა, მე ვგულისხმობდი ახალგაზრდების მასობრივ დაწინაურებაზე ეროვნულ გუნდში და არა - ცალკეულ ტალანტებს...
- არ ყოფილა ეს მასობრივი პროცესი. რამდენიმე ფეხბურთელი იმ ნაკრებიდან ახლაც თამაშობს ეროვნულ გუნდში. მაგალითად, ჯაბა კანკავა და ნუკრი რევიშვილი.

რამდენიმეს კარიერა რომ ვერ აეწყო, ეს ცხოვრებისეული მოვლენაა... ავარიაში მოყვა ბექა გოცირიძე... ამისგან არავინაა დაზღვეული. პირიქით, მიმაჩნია, რომ მაშინ 10 წლით დავასწარით პროცესს.

- რატომ არის, რომ ესა თუ ის ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი 18 წლის მერე პროგრესს წყვეტს?
- მთავარი მიზეზი ფსიქოლოგიაში უნდა ვეძებოთ. ვთქვათ, თქვენ რომ ახლა მიხვიდეთ ფსიქოლოგთან და აღმოგიჩინოთ პრობლემა, რომელსაც 13 წლის ასაკში გადააწყდით, ან გიშველით და ან - არა. აი, 13 წლის ასაკში რომ მიგემართათ ფსიქოლოგისთვის, ის უთუოდ იპოვიდა საშველს. ჩვენ დროზე უნდა მივაგნოთ პრობლემის სათავეს და მერე მისი წამლობა იოლი იქნება.

- რა უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ საქართველოს ჩემპიონატი უკეთესი გახდეს?
- უნდა შეიქმნას განვითარების პროგრამა. ინფრასტრუქტურა, მენეჯმენტი, ბავშვთა ფეხბურთი, მასობრიობა - ეს საკითხები ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა განვიხილოთ.

- რას იტყვით ქართველ მწვრთნელებზე? მათი უკეთ მომზადება თქვენ გაკისრიათ...
- მათ დიდი პროგრესი განიცადეს და ყოველდღიურად იმდიდრებენ ცოდნას.

- დაბოლოს, ერთი ზოგადი კითხვა: აქვს ქართულ ფეხბურთს მომავალი?
- ჩვენს გენში დიდი საფეხბურთო ინტელექტი დევს, ქართულ ფეხბურთს კი აუცილებლად აქვს მომავალი. ისეთ ფეხბურთელებს გაუვლიათ ჩემს ხელში, თავიანთ ამპლუაში, შეიძლება, საუკეთესონიც ყოფილიყვნენ დღეს მსოფლიოში. მთავარია, ნიჭი ბოლომდე გამოვიყენოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
რა გვჭირს? Eლემენტარული ლოგიკა ჩავრთოთ, როგორ შეიძლება მის მწვრთნელობაზე ასე ლაპარაკი როცა ადამიანი მხოლოდ ივლისიდან დეკემბრამდე იყო დანიშნული??? Vისაც მის პროფესიონალიზმში ეჭვი ეპარება მივიდეს და კურსებს დაესწროს ან უცხოელებს ჰკითხოს მასზე აზრი
ramnishvnelobaak
10:54 13-12-2014
0
რამდენიც არ უნდა დაიწეროს, ფაქტია დარსაძე UEFA -ს მიერ არის აღიარებული და მას ენდობიან, მის ცოდნაში ნამდვილად არ შეიტანება ეჭვი, ნეტა ბევრი მისნაირი პროფესიონალი გვყავდეს. ნაკრებზე სისულელეა მსჯელობა იმდენდ ცოტ დრო ჰქონდა სამუშაოდ
Sandrosan
10:42 13-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული