"გთხოვთ, დაჯილდოების შემდეგ კიდევ რამდენიმე წუთი დარჩეთ. მნიშვნელოვანი ამბავი უნდა გამოვაცხადო".
ცხადია, ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობის გაგება ყველას აინტერესებდა, მაგრამ სიჭინავას სიტყვებმა იქ შეკრებილი საზოგადოება დააინტრიგა. მერე ისეთი სცენა გათამაშდა, როგორც ფილმებში ხდება.
"ვთქვით, რომ ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს დეკემბრის ბოლოს დავასახელებდით და პირობას ვასრულებ. გუშინ მივიღეთ ბაქოს "ინტერის" საპატიო პრეზიდენტის წერილი, სადაც ის გვამცნობს, რომ თანახმაა, კლუბში მუშაობის პარალელურად,
ამ დროს დარბაზში ბაქოს "ინტერის" მწვრთნელი კახა ცხადაძეც გამოჩნდა:
"დიდი მადლობა ბატონ ზვიადს ასეთი ნდობისთვის, თქვენ კი - თბილი მიღებისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, საქართველოში რომ დავბრუნდი და მომეცა საშუალება, გამოცდილება და საუკეთესო თვისებები გამოვავლინო.
შევეცდები, ნაკრები ამ კრიზისიდან გამოვიყვანო. ეს ყველამ ერთად უნდა ვცადოთ. აქვე, მივმართავ ფეხბურთელებს - მე თქვენი იმედი მაქვს, მჯერა, რომ კარგი ფეხბურთელები ხართ და მოგება და მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატებზე გასვლაც შეგიძლიათ.
მადლობას ვუხდი "ინტერის" სპონსორსა და საპატიო პრეზიდენტ ჯაჰანგირ გაჯიევს, რადგან ნაკრებში მუშაობის საშუალება მასთან შეხვედრის შემდეგ მომეცა", - თქვა ცხადაძემ.
ამის შემდეგ ცხადაძე და სიჭინავა მაგიდას მიუსხდნენ და კონტრაქტი 2015 წლის 1-ელ ივნისამდე გააფორმეს, რის შემდეგაც 2-წლიანი ხელშეკრულება დაიდება. ცხადაძე ეროვნულ ნაკრებს ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში, 29 მარტს გერმანიასთან თბილისურ შეხვედრაშიც უხელმძღვანელებს და 13 ივნისს - პოლონეთთან საგარეო მატჩშიც.
რაც მთავარია, ცხადაძემ სიტყვა შეასრულა და 1-ელ ივნისამდე ნაკრებს უსასყიდლოდ გაწვრთნის. ამ დროის განმავლობაში ის ბაქოს "ინტერშიც" იმუშავებს (ხელშეკრულება ჯერჯერობით ამ კლუბთანაც აკავშირებს) და სეზონს ჩაამთავრებს. შემდეგ კი მთლიანად საქართველოს ნაკრებზე გადმოერთვება.
ამის შემდეგ ცხადაძემ მედიასთან ილაპარაკა და "ლელოს" კითხვებსაც უპასუხა:
- უპირველესად, მინდა დამდეგი ახალი წელი მოგილოცოთ. ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და სიხარულს გისურვებთ.
სხვა ამ ეტაპზე რა გითხრათ?.. სერიოზულ თემებზე ლაპარაკი ახლა არასერიოზული იქნება. ჩვენ აუცილებლად შევხვდებით და ყველა იმ საკითხზე ვისაუბრებთ, რასაც მოისურვებთ.
გაძლევთ პირობას, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა გვექნება, რადგან საერთო სურათი ყველამ ერთად უნდა შევცვალოთ.
- რას გულისხმობთ?
- ვეცნობოდი ნაკრების ფეხბურთელების ინტერვიუებს. ბოლო დროს ყურში მხვდებოდა მათი გამონათქვამები, რომ არ შეგვიძლია თამაში და ასე შემდეგ. მათი ფსიქოლოგიური კრიზისიდან გამოყვანა ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ.
ნაკრების წევრებმა უნდა იცოდნენ, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ. ისინი აუცილებლად ითამაშებენ კარგ ფეხბურთს.
- მუშაობას როდიდან შეუდგებით?
- მარტში ერთკვირიანი შეკრება გვექნება და გერმანიასთან მატჩისთვის მოვემზადებით. 1-ლი ივნისიდან კი საქმეს ოფიციალურად შევუდგები და მხოლოდ ნაკრებში ვიმუშავებ.
ზვიად სიჭინავასა და რეზო არველაძეს უკვე შევუთანხმდი, რომ ერთკვირიან შეკრებას ევროპაში პოლონეთამდეც მოვაწყობთ. ეს საშუალებას მოგვცემს, დავალაგოთ გუნდი, თამაში და ის არეული ურთიერთობები, რაც ბოლო დროს იყო.
- "ინტერთან" კონტრაქტი ზაფხულში გიმთავრდებათ?
- არა, 2017 წლის ზაფხულში, მაგრამ "ინტერის" სპონსორმა და საპატიო პრეზიდენტმა გაჯიევმა ჩემი სურვილი ადამიანურად გაიგო და პარალელურ სამსახურზე დამთანხმდა.
- მიეცემათ თუ არა ნაკრებში თამაშის შანსი იმ ფეხბურთელებს, რომელთაც თემურ ქეცბაიასთან პრობლემები ჰქონდათ? მათ შორის, ასაკოვან მოთამაშეებს?
- ყველა მატჩში კონკრეტულ მიზანს დავისახავთ, გუნდი მოედანზე მოსაგებად რომ გავიდეს. საამისოდ, საუკეთესო ქართველი ფეხბურთელები დაგვჭირდება და მათ ასაკის მიუხედავად გამოვიძახებ. მთავარი კრიტერიუმი მათი მომზადების დონე იქნება.
- "ინტერში" გენდობოდნენ, წარმატებითაც მუშაობდით, საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა კი სანერვიულო საქმეა. ეროვნულ გუნდში მუშაობა რამ გადაგაწყვეტინათ?
- ეროვნული გუნდის თავკაცის პოსტი ნებისმიერი მწვრთნელისთვის ყველაზე დიდი თანამდებობაა. მეორე ფაქტორი, რამაც გადაწონა - შემომთავაზეს ჩემი ქვეყნის ნაკრების გაწვრთნა. ეს ყველაზე დიდი დაფასებაა. მინდა, რომ ღირებულ წარმატებას ჩემს ქვეყანაშიც მივაღწიო და ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ ვიმუშაო.
- მაინც ჩაგეძიებით: საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა სარისკო საქმე გახდა. გულახდილად თქვით, შიში არ გქონდათ, სანამ თანხმობას იტყოდით?
- რადგან მუშაობას ვიწყებ, გამოდის, არ მეშინია. მწვრთნელობა, ზოგადად, სარისკო საქმეა. აზერბაიჯანში რომ მივდიოდი, ეს ნაკლებად სარისკო იყო?
- კლუბისა და ნაკრების მწვრთნელობის შეთავსება, თანაც ორ ქვეყანაში, არ გაგიჭირდებათ?
- რეალურად, პარალელურ რეჟიმში მუშაობისას, ნაკრებს მხოლოდ ორი მატჩისთვის მოვამზადებ. ანუ ლაპარაკია სულ რაღაც 10-10 დღეზე და მერე მთლიანად ნაკრებზე გადმოვერთვები.
- თანაშემწეები უკვე შეარჩიეთ?
- მათ ვინაობას მალე დავასახელებ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მე-18 მწვრთნელი კახა ცხადაძეა! ეროვნულ გუნდში ახალი ეპოქა იწყება
ჯიგარი ხარ, მეც მსგავსი რაღაცის დაწერას ვაპირებდი. 100%-ით გეთანხმები, ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ შანსი, მაგრამ ცოტა სუსტები არიან, გამძლეობა არ ეყოფათ. კარგი იდეაა, ჩვენ მაინც ჯგუფიდან უკვე ვერ გავალთ და "ექსპერიმენტის" ჩატარების საშუალება გვაქვს და კახამ უნდა გარისკოს. ახალი მწვრთნელია, ახალი ოილიტიკით, შეიძლება ქეცბაიას წასვლის შემდეგ ბევრმა უკეთესი თამაში აჩვენოს ვითომ ქეცბაია კლავდა ამათ ნიჭს და ცხადაძე რომ მოვიდა თითქოს "ნიჭიერ" და "ძლიერ" ფეხბურთელებს გზა გაეხსნაო, შეიძლება ბევრმა ასეც იფიქროს, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ ორ-სამ თამაშში, მერე კი გამოჩნდება ჩვენი რეალური სახე, თუ რა დონეზე ვართ. წარმატებები ახალ მწვრთნელს და რა თქმა უნდა საქართველოს