ამ ცოტა ხნის წინათ გვეწერა, რომ თარგამაძის გადაბირება ბულგარულ "ლუდოგორეცს" სურდა.
"ლელო" 25 წლის შემტევს ამ და სხვა საკითხებზე ელაპარაკა. ინტერვიუ კი საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის თემით დავიწყეთ.
თარგამაძე ეროვნული გუნდის წევრად მოიაზრება, ოღონდ დროზე უნდა იპოვოს ახალი კლუბი, თან ისეთი, სადაც სათამაშო პრაქტიკა ექნება...
- კახა ცხადაძე ძალიან კარგი სპეციალისტია, - გვითხრა თარგამაძემ საუბრის დასაწყისში, - მას უკვე დიდი გამოცდილება აქვს.
ცხადაძემ ძალიან კარგად იცის ქართველი ფეხბურთელების მენტალიტეტი და ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია.
- ახალი გუნდის პოვნა დაგიგვიანდათ. სად აპირებთ კარიერის გაგრძელებას?
- ჯერ ზუსტად არ გადამიწყვეტია, სად წავალ. არის რამდენიმე ვარიანტი. ახლა არ ღირს დაკონკრეტება. სადაც უკეთესი იქნება ჩემთვის, იქ გავაგრძელებ კარიერას.
- ზუსტად ვიცით, რომ თქვენით ბულგარული "ლუდოგორეცია" დაინტერესებული...
- ჯერ მართლა არაფერია გადაწყვეტილი.
- "შახტარი" დიდ თანხას მოითხოვს თქვენი ტრანსფერის სანაცვლოდ?
- თანხას მოითხოვს, მაგრამ დონეცკელებს კონკრეტულად ჯერ არ უთქვამთ, რამდენს ითხოვენ ჩემში.
- უგუნდოდ მყოფი სპორტულ ფორმას როგორ ინარჩუნებთ?
- ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. ყოველდღე დავდივარ ტრენაჟორებზე, მერე ფიზიკურ მომზადებაზე ვვარჯიშობ და ბოლოს ვცურავ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"