ჯერ კიდევ ზაფხულიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ლვოვის "კარპატის" დატოვებდა და კარიერას რუსეთის პრემიერლიგის დებიუტანტ "უფაში" გააგრძელებდა, რომელმაც 16-გუნდიან ტურნირში საშემოდგომო ეტაპი მე-11 ადგილზე დაასრულა.
"კარპატის" საყრდენი ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი "ლელოს" ესაუბრება...
- ისევ თბილისში ხართ და ჯერ უცნობია, ახალი წლიდან რომელ გუნდში ითამაშებთ. მართალია,
- დიახ, მოლაპარაკება ნამდვილად გვქონდა, ზაფხულში "უფადან" სერიოზული შემოთავაზებაც მივიღე, მაგრამ ფინანსური საკითხები ახლა წყდება. მოგეხსენებათ, რუსეთში ეკონომიკური კრიზისია.
- "უფა" ტრანსფერზე "კარპატისაც" შეუთანხმდა?
- რა თქმა უნდა. ლვოველებთან ხელშეკრულება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, 2015 წლის დეკემბერში მიმთავრდება. ამიტომ "უფა" ჯერ ლვოვის "კარპატის" დაუკავშირდა და ერთმანეთში ყველა საკითხი შეათანხმეს.
- რა თანხაზე იყო ლაპარაკი?
- 400 ათას დოლარზე. 28 აგვისტოს რუსებმა "კარპატის" აცნობეს, რომ მზად იყვნენ, ეს თანხა გადაეხადათ, მაგრამ სატრანსფერო "ფანჯრის" დახურვამდე პრობლემები შეიქმნა - რუსეთში ქართველი ფეხბურთელი ვიზას იოლად ვერ იღებს და მაშინ კონტრაქტის გაფორმება ამის გამო ჩაიშალა. თუმცა წინადადება ძალაშია და იმედია, სატრანსფერო "ფანჯრის" დახურვამდე ყველაფერი მოგვარდება.
ახლა ისევ "კარპატიში" მივდივარ. საკითხი შეკრების დასრულებამდე გადაწყდება. ისიც სათქმელია, რომ ზუსტდება დეტალები, რომლებზეც თვალდახუჭული ვერ დავთანხმდები.
- ისევე, როგორც "კარპატისთან", ახლაც კონტრაქტში რაიმე გაუთვალისწინებელი რომ არ ჩაწერონ?
- ცხადია. ხომ გახსოვთ, დაუფიქრებლად ხელმოწერილი კონტრაქტის გამო გუნდთან კონფლიქტი მქონდა, ნახევარი სეზონი გამიცდა და 2013 წელს საფრანგეთთან და ფინეთთან შეხვედრები რომ გამოვტოვე? ამიტომ მირჩევნია, ხელშეკრულების ყველა პუნქტი კარგად შევისწავლო, იგივე რომ არ განმეორდეს და მშვიდად წავიდე.
- სხვა კლუბები თუ გიწვევენ?
- იყო სხვა შემოთავაზებებიც, მაგრამ რუსეთის პრემიერლიგის გუნდი მაინც ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა და, რაც მთავარია, კონკრეტული შემოთავაზება "უფადან" მქონდა. სხვებზე მხოლოდ ზოგადი ლაპარაკი იყო.
- უკრაინაში მძიმე ვითარებაა და, ალბათ, ეს კლუბებსაც დაეტყოთ...
- რა თქმა უნდა, ომმა ძალიან ცუდად იმოქმედა და ფინანსურად ლამის ყველას გაუჭირდა.
- სანაკრებო თემაზეც ვილაპარაკოთ. ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძე დაინიშნა. მას, როგორც მწვრთნელს, თუ იცნობთ?
- უპირველესად, ცხადაძეს დანიშვნას ვულოცავ. საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა ძალიან მძიმე ტვირთია და მინდა, წარმატება ვუსურვო. ხალხი ელის, რომ ნაკრები უკეთ ითამაშებს. ეს ჩვენზე მეტად არავის სურს და მგონი, ეს შესაძლებელია. ცხადაძე კი საქართველოშიც წარმატებული მწვრთნელი იყო და აზერბაიჯანშიც. ეს უმნიშვნელო ფაქტი არ არის.
- ვიცით, რომ დანიშვნისთანავე, ცხადაძე თქვენ და სანდრო კობახიძეს დაგელაპარაკათ. თუ საიდუმლო არ არის, რაზე ისაუბრეთ?
- ისეთი არაფერი. დანიშვნა მივულოცეთ და ერთმანეთს წარმატებები ვუსურვეთ. ახალმა მწვრთნელმა გაგვამხნევა - თქვენი და ბიჭების მჯერაო.
- ცხადაძემ "ლელოსთან" ინტერვიუში ყურადღება ნაკრების წევრთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე გაამახვილა. ფსიქოლოგიური პრობლემები რომ გქონდათ, ეს უშუალოდ თამაშების დროსაც იგრძნობოდა...
- როცა გამუდმებით აგებ და წარმატებას ვერ აღწევ, ეს პრობლემა ბუნებრივიც არის, მაგრამ ასე არ უნდა გაგრძელდეს. მთავარია, ვითარება ჩვენვე შევცვალოთ. ყველა მწვრთნელს თავისი ხედვა და სტილი აქვს და იმედია, გუნდი ახლა მაინც ათამაშდება. შეიძლება, წააგო, მაგრამ მაყურებელმა ნაკრების პერსპექტივა უნდა დაინახოს. ჩემი აზრით, შესარჩევი ციკლის დასრულებამდე ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ეს უნდა გახდეს.
- ცხადაძის ნაკრებს 29 მარტს პირველი ოფიციალური თამაში გერმანიასთან ელის...
- სადღეისოდ გერმანია მსოფლიოს ჩემპიონი და საუკეთესო ნაკრებია. სანერვიულო თამაში იქნება, მაგრამ მღელვარება ფეხბურთს ყოველთვის ახლავს.
მე იმის მეიმედება, რომ ძლიერ ნაკრებებთან უფრო მეტი მონდომებით ვთამაშობთ. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საფრანგეთთან ქულას ავიღებდით და ვერც იმას, რომ ესპანეთი დიდი ანგარიშით ვერ მოგვიგებდა. ტოპ-ნაკრებების წინააღმდეგ თამაში დიდი სტიმულია.
გვსურს, ხალხმა დაინახოს, რომ თამაში ჩვენც შეგვიძლია. იქნებ ეს ჩვენს კარიერასაც წაადგეს და უკეთეს გუნდებში გადავიდეთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"