მეტწილად, ის "ზოოვეტის" დამრიგებლად გვახსოვს, თუმცა სხვადასხვა დროს გაუწვრთნია ქვეყნის მოყვარულთა ნაკრები, "ვიტ ჯორჯია", საქართველოს სტუდენტთა ნაკრები, საქართველოს სპორტსაზოგადოებათა ნაკრები, თურქმენეთის ეროვნული გუნდი, იქაური "კოპეტდაღი", ბერძნული "იანინა"...
მისი ხელმძღვანელობით გადადგა პირველი ნაბიჯები დიდ ფეხბურთში საქართველოს ნაკრების ახალმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ. გუგუშვილს სწორედ ცხადაძეზე, სანაკრებო სიტუაციასა და, ზოგადად, ქართულ ფეხბურთზე ვესაუბრეთ...
- კახა ცხადაძის ნაკრებში დანიშვნა აბსოლუტურად გამართლებული ნაბიჯი იყო. მიმაჩნია,
შეიძლება, შედეგი უცებ არ მოვიდეს, მაგრამ ცვლილებები აუცილებლად იქნება. შედეგს ყოველთვის დრო სჭირდება. სხვა მხრივ კი, მჯერა, საქართველოს ნაკრები ცოტა უფრო სანახაობრივად ითამაშებს და მეტს შეუტევს.
- იქნებ, ის პერიოდი გაიხსენოთ, როცა პირველად ნახეთ ცხადაძე-ფეხბურთელი...
- კახამ სკოლა რომ დაამთავრა, მცირე ხნით იყო "ზოოვეტში". ვფიქრობ, კარგად გაიხსენებს იმ პერიოდს. მეც მხოლოდ კარგი მაქვს გასახსენებელი.
- უფრო კონკრეტულად?
- ის განსხვავებული იყო, ძალიან თავმდაბალი - ადამიანებთან ურთიერთობაში.
- რატომ გგონიათ მისი დანიშვნა გამართლებული? თქვენ არაერთხელ გაგიწვრთნიათ სხვადასხვა ნაკრები, მათ შორის, თურქმენეთის - რა არის მთავარი სანაკრებო მწვრთნელისათვის?
- ნაკრების მწვრთნელისთვის მთავარი, უდავოდ, სელექციის ნიჭია. სწორედ სელექცია მიმაჩნია ცხადაძის, როგორც მწვრთნელის, ერთ-ერთ მთავარ ღირსებად. ის წარმატებით მუშაობს აზერბაიჯანში და ეს ყველამ ვიცით.
- გულწრფელად გვითხარით: გჯერათ, რომ საქართველოს ნაკრებს პერსპექტივა აქვს?
- მჯერა. შეიძლება, დღევანდელი კონტინგენტი არ არის იდეალური, თუმცა მათთან მუშაობა სავსებით შესაძლებელია. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს ასაკობრივი ნაკრებები. იქ არიან ნიჭიერი ფეხბურთელები და ეროვნული გუნდისათვის რამდენიმე მათგანის არჩევა თავისუფლად შეგვიძლია.
ჩვენ როცა საქართველოს ნაკრებზე ვსაუბრობთ, ეს საკითხი არ უნდა განვიხილოთ განყენებულად. ყველა ვხედავთ, რა დღეშია დღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. ეს არის რიკოშეტი, რომელიც პირდაპირ და ძალიან მწვავედ ურტყამს სანაკრებო ფეხბურთის განვითარებას.
- როგორ უნდა გავხადოთ საქართველოს პირველობა თუნდაც ცოტა უკეთესი იმაზე, ვიდრე დღეს არის?
- ყველა ერთს ამბობს - საჭიროა ფული! კი, დღეს ფინანსების გარეშე არაფერი გამოვა, მაგრამ იქნებ ფიქრი ინფრასტრუქტურიდან დაგვეწყო?! ორი ნორმალური სტადიონი გვაქვს, სულ ესაა. ამაზე გვმართებს დაფიქრება.
- როგორც სანაკრებო, ისე ზოგადად, საფეხბურთო თვალსაზრისით, რა გესახებათ წარმატების მთავარ წინაპირობად?
- მთავარ წინაპირობად მესახება ქართული ფეხბურთის განვითარების გრძელვადიანი პროგრამა. სამწუხაროდ, სტრატეგიული ხედვა ამ პრობლემის მიმართ ჯერ არ ჩანს. აქვე მინდა თქვენი ყურადღება ერთ, მეტად მნიშვნელოვან ტენდენციაზე გავამახვილო. ჩემი აზრით, ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.
- რას გულისხმობთ?
- ძალიან კარგია, რომ იხსნება სხვადასხვა აკადემიები და ამ აკადემიების ფუნქციონირება მიმართულია იმისკენ, რომ მომავალი თაობა სწორად აღიზარდოს. ჩემი აზრით, ახალგაზრდა სპეციალისტებთან ერთად, ასეთ აკადემიებში დასაქმებულნი უნდა იყვნენ გამოცდილი მწვრთნელებიც.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ახალღვინოს ძველ ტიკებში ვინ ასხამს? ახალი სისხლია საჭირო.