გასული სეზონი ოქრიაშვილისთვის საინტერესო გამოდგა. პირველი, რაც გვახსენდება, ირლანდიის ნაკრების კარში გატანილი ბრწყინვალე გოლია. ოქრიმ ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთ შესარჩევ მატჩში, გიბრალტართანაც გამოიჩინა თავი.
ალექს მაკლიშთან მუშაობა, ვერდერში შესაძლო გადასვლა, ნაკრებში შექმნილი სიტუაცია და გერმანიასთან გასამართი მატჩი ის თემებია, რომლებზეც თორნიკეს ვესაუბრეთ.
- ბელგიის ჩემპიონატში, "ლოკერენის" შემდეგ, ყველაზე მეტი ფრე "გენკს" აქვს. რა არის ამის მიზეზი?
- ეს პრობლემა ჩვენს გუნდში მართლაც
ყველაფერი გამოსწორდება, თუ საგოლე მომენტების რეალიზაციას გავაუმჯობესებთ.
- სატურნირო ცხრილიდანაც და სატრანსფერო პოლიტიკიდანაც ჩანს, რომ "გენკს" ამ სეზონში ამბიციური გეგმები არ აქვს. არადა, ალექს მაკლიში საკმაოდ ამბიციური მწვრთნელია...
- ისევე, როგორც ყველა კლუბს, ჩემპიონობისთვის ბრძოლა ჩვენც გვსურს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს, ალბათ, არარეალურია. წლეულს ექვსეულში და ევროპის ლიგის პლეიოფის ზონაში მოხვედრა იქნება გუნდის ამოცანა.
- საკუთარ თამაშს როგორ აფასებ? ამ სეზონში "გენკში" საკმაო რაოდენობის მატჩები ჩაატარე, თუმცა ჩემპიონატში მხოლოდ ერთი გოლი გაქვს გატანილი...
- შეტევაში თამაშის მიუხედავად, უკან ჩასვლა და პასების განაწილება უფრო მიწევს. უმეტეს მატჩში იმ პოზიციაზე ვიდექი, საიდანაც გატანა კი არა, პასების განაწილება უფრო მევალებოდა. უკნიდან ბურთი, ძირითადად, მე ამომაქვს, ძირითადად, მე მევალება შეტევის განვითარება და არა მისი დაბოლოება. ასეთ ამპლუაში გოლის გატანა ძნელია.
სწორედ გუშინდელი ვარჯიშის შემდეგ ველაპარაკე მაკლიშს. მან კარგად იცის, რომ ჩემი მოწოდება უფრო წინ თამაშია. ამიტომ, სავარაუდოდ, "ოსტენდესთან" შემტევ პოზიციაზე ვითამაშებ.
- ახლახან "გენკის" სპორტული დირექტორი გიუნტერ იაკობი კლუბიდან გაუშვეს. ბელგიურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ იგი "გენკიდან" დიდწილად ფეხბურთელების არასწორი სელექციის, მათ შორის, შენ გამოც გაუშვეს...
- ვნახე ეს ინფორმაცია და იმდენად იდიოტური აზრია, ამაზე კომენტარის გაკეთებაც არ ღირს. როცა "გენკში" გადმოვედი, იაკობს არანაირი შეხება არ ჰქონია არც ჩემს ტრანსფერთან და არც უშუალოდ ჩემთან. არც კი იცოდა, "გენკში" ჩავირიცხებოდი თუ არა. ასე რომ, ის კლუბში ვერ მიმიყვანდა. ჩემი "გენკში" მოხვედრა კლუბის პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო.
ბელგიაში იმაზე კარგად ვარ, ვიდრე ეს ბევრს ჰგონია და არც ჩემი მიზეზით გაუშვიათ ვინმე, მით უმეტეს, იაკობი.
- სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე აქტიურად განიხილებოდა "ვერდერში" შენი გადასვლის თემა. "ვერდერმა" ეს ინფორმაცია უარყო, ითქვა, რომ ოქრიაშვილის ტრანსფერი ამ გერმანულ კლუბს არ აინტერესებდა. რეალურად თუ იყო ინტერესი, თუნდაც სხვა კლუბების მხრიდან?
- დაინტერესება მართლაც იყო, თუნდაც იგივე "ვერდერიდან", მაგრამ "გენკიდან" რომ უარი მიიღეს, მერე გადააკეთეს და თქვეს, დაინტერესებულები არ ვიყავითო.
მე არსად მეჩქარება, ვიცი, რომ საკუთარი შესაძლებლობები ჯერ "გენკში" უნდა დავამტკიცო. აქ სამუდამოდ დარჩენას, ცხადია, არ ვაპირებ, მაგრამ მინდა, ჯერ ბელგიაში ვითამაშო მაღალ დონეზე. მთავარია, ეს სეზონი კარგად ჩავამთავრო, ტოპ-ლიგებში თამაშის ამბიცია კი, რა თქმა უნდა, ყოველთვის მექნება.
- ამას წინათ ერთ-ერთ ბელგიურ საიტზე ჩატარდა გამოკითხვა - ''რამდენად არის მზად ოქრიაშვილი ტოპ-კლუბში სათამაშოდ?''. გამოკითხულთა 76 პროცენტის აზრით, შენ მენტალურად მზად არ ხარ უმაღლესი დონის კლუბში სათამაშოდ...
- მე ასე ვფიქრობ და ამ პროცენტულ მაჩვენებელს იმას ვუკავშირებ, რომ "გენკის" ფანებს არ უნდათ ჩემი სხვა კლუბში გადასვლა და ამიტომ აფიქსირებენ იმ აზრს, რომ ტოპ-კლუბში სათამაშოდ მზად არ ვარ.
მე ვერ შევაფასებ, რამდენად მზად ვარ უმაღლესი დონის კლუბში სათამაშოდ, მაგრამ ვფიქრობ, ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებებთან ჩემი შესაძლებლობები კარგად გამოჩნდა.
- ალექს მაკლიშთან მუშაობას როგორ შეეჩვიე? ბრიტანელი მწვრთნელები მკაცრი დისციპლინით გამოირჩევიან...
- მაკლიში კარგი ადამიანია და, რა თქმა უნდა, მწვრთნელიც ასეთივეა. მასთან მუშაობა არც ადვილია და არც ძნელი, ამას უფრო საინტერესო და სასიამოვნო ეთქმის. ასეთ მწვრთნელთან ურთიერთობა დიდ გამოცდილებას მძენს.
- რას იტყვი ლუკა ზარანდიაზე - რატომ უჭირს "გენკში" დამკვიდრება? ამხანაგურ მატჩებში კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ოფიციალურ შეხვედრებში თამაშის საშუალება არ ეძლევა...
- ლუკა რომ ტალანტია, ეს ფაქტია, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, რადგან მეც არ ვიცი, რატომ არ აძლევს შანსს მაკლიში. ძალიან მინდა, ლუკაც ჩემ გვერდით თამაშობდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ ჩემი სურვილი არ კმარა. იმედი მაქვს, მაკლიში მალე მისცემს თამაშის საშუალებას. ლუკას ყველაფერი წინ აქვს, ძალიან პერსპექტიულია.
- ახლა საქართველოს ნაკრებზე ვთქვათ. თუ გქონია კახა ცხადაძესთან შეხება და, შენი აზრით, უპირველესად რა უნდა შეიცვალოს სიტუაციის გამოსასწორებლად?
- ცხადაძესთან არანაირი შეხება არ მქონია, მაგრამ მასზე ბევრი კარგი მსმენია.
რა უნდა შეიცვალოს ნაკრებში, ამაზე კონკრეტული პასუხის გაცემა გამიჭირდება. გუნდის გაახალგაზრდავება, ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ, ვფიქრობ, ეროვნულ ნაკრებში იმან უნდა ითამაშოს, ვინც კონკრეტული მომენტისთვის უკეთ იქნება მზად.
გამოცდილი ფეხბურთელები ჩვენს ნაკრებს ძალიან სჭირდება. ბოლოხანს ნაკრები ძალიან გაახალგაზრდავდა და, ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ ეს იყო.
- წაგებულ მატჩებსა და ნაკრებში შექმნილ სიტუაციაზე რამდენად გრძნობთ პასუხისმგებლობას თავად ფეხბურთელები? თამაშის შემდეგ ცხელ გულზე გაკეთებული კომენტარი, ალბათ, არ იძლევა სწორი ანალიზის საშუალებას. თუ გაქვს ნაკრების ფეხბურთელებთან კონტაქტი და თუ არჩევთ იმ პრობლემებს, რაც გუნდშია? ერთი მხრივ, ცივსისხლიანობა და მეორე მხრივ, სითამამე ხომ არ გაკლიათ?
- ბიჭები ხშირად ვლაპარაკობთ იმაზე, თუ რა უნდა შევცვალოთ და გამოვასწოროთ საკუთარ თამაშში და ზოგადად, ნაკრებში. შეცდომების დანახვა და განსჯა ერთია, მაგრამ მეორეა მოედანზე იმის გაკეთება, რაც ჩაფიქრებული გაქვს. ყველას, ვინც ნაკრებში თამაშობს, სხვებზე მეტად უნდა, რომ სიტუაცია გამოსწორდეს და გუნდმა უკეთესად ითამაშოს.
ცივსისხლიანობა და სითამამე? გეთანხმები, ეს ნამდვილად გვაკლია. ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს და ველოდებით, რა შეიცვლება. ნაკრების ყველა წევრს გვინდა, რომ წაგებების სერია დასრულდეს და სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალოს. იმედია, ახალ მწვრთნელთან ერთად ეს გამოგვივა.
- საქართველოს ნაკრებს უახლოესი ორი მატჩი მალტასთან და გერმანიასთან აქვს. შენი აზრით, რა შანსი გვაქვს მსოფლიო ჩემპიონებთან და, ზოგადად, უნდა შეცვალოს თუ არა ცხადაძემ ნაკრების თამაშის სტილი?
- უნდა ვითამაშოთ ნამდვილი ქართული ფეხბურთი, ანუ უფრო შემტევი, ვიდრე დაცვითი. გერმანიასთან არც ისე დიდი შანსი გვაქვს, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. იქნებ შევძლოთ და ქართველ გულშემატკივარს დიდი სიურპრიზი შევთავაზოთ...
ოთარ მუმლაძე
gff.ge