რა წერია ცხადაძის კონტრაქტში? ექსკლუზივი საქართველოს ნაკრების თავკაცთან

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძე რომ დაამტკიცა, მიზანიც დაუსახა - მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა ან, სულ მცირე, პლეი-ოფში მოხვედრა.

რა წერია რეალურად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ცხადაძეს შორის გაფორმებულ კონტრაქტში?

ამ და სხვა საკითხებზე საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს დავუკავშირდით:

- თავდაპირველად, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალურად დანიშვნა უნდა მოგილოცოთ. აღმასკომმა მიზნად მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ან, სულ მცირე, პლეი-ოფში მოხვედრა დაგისახათ...
- გმადლობთ. მინდა, მცირე დაზუსტება შევიტანო ამ საკითხში.
ჩემი სურვილითა და ინიციატივით, კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ეროვნული ნაკრების მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში უნდა იყოს, სულ მცირე, მესამე ადგილის დაკავება.

რა თქმა უნდა, ვიბრძოლებთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მაგრამ მიზნის მინიმუმი, კიდევ ვიმეორებ, არის მესამე ადგილზე გასვლა.

მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად მართებულად მივუდექით საკითხს.

- რატომ მიიჩნევთ ასე?
- მოდი, ასე გიპასუხებთ: თუ არ არსებობს მიზანი, ისე ვერაფრით მიიღწევა სტაბილური შედეგი.

მე, როგორც მწვრთნელს, უდიდესი პასუხისმგებლობა მაკისრია. ფეხბურთელებსაც თავიანთი წილი პასუხისმგებლობა აქვთ და საკმაოდ დიდიც. როცა გუნდი მინდორზე გადის, მას უნდა ჰქონდეს როგორც მთელი ტურნირის, ისე ამ კონკრეტულ მატჩში გადასაწყვეტი ამოცანა.

- რას მისცემს თუნდაც ამ მინიმუმის შესრულება ქართულ ფეხბურთს?
- იმას, რომ მომდევნო, უკვე ევროშესარჩევ ციკლში, სულ მცირე, მესამე კალათში ვიქნებით და მეტი შანსი გვექნება, მოვხვდეთ ჯგუფის სამ საუკეთესო ნაკრებს შორის.

- საქართველოს ნაკრების დღევანდელობაზეც გკითხავთ. მოასწრებს თუ არა გუნდში დაბრუნებული ალეკო ამისულაშვილი მალტასა და გერმანიასთან თამაშებამდე გამოჯანმრთელებას?
- ალეკომ ახლახან განაახლა ვარჯიში, ჯერ საწყის სტადიაზეა. თუ სანაკრებო მატჩებამდე მოასწრო სათამაშო პრაქტიკის მიღება, ის იქნება ეროვნულ გუნდში.

- ახერხებს გიორგი ნავალოვსკი საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას?
- მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. მათ მოაგროვეს ყველა საჭირო საბუთი და ეს პრობლემა მალე მოიხსნება.

- სანაკრებო შეხვედრებამდე აპირებთ ისეთი ფეხბურთელების საქმეში ნახვას, ნაკრებში ბოლო დროს რომ აღარ გამოჩენილან ან საერთოდაც, არასდროს უთამაშიათ ქვეყნის პირველ გუნდში?
- მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე არ არის ექსპერიმენტების დრო. გადაწყვეტილია, რომ პოლონეთთან მატჩამდე 8-9 დღით ადრე დავიწყებთ შეკრებას. აი, იქ უკვე იქნებიან ახალი ფეხბურთელები.

- დაბოლოს: როდის დაიწყება მალტასა და გერმანიასთან მატჩებისთვის შეკრება?
- მხოლოდ 23 მარტს და ისიც საღამოს მეძლევა საშუალება, შევკრიბო ფეხბურთელები, 25 მარტს კი უკვე თამაშია. ერთი დღე გვრჩება სულ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ამას ალბათ გერმანია გაყავს მეოთხე ადგილზე. ესეც მაგარი ყოფილა დაუძახეს თუა არა ფეხბურთის დამაქცეველებმა მაშინვე წამოსკუპტა სკამზე. და დაიწყო დაპირებები......
0
ხალხო, აქ საუბარია მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე. გარკვევით წერია და არა მიმდინარე ევროშესარჩევ ციკლზე.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული