გოგა გახოკიძე: "ეინდჰოვენში" სულ ჩვენები არიან...

AutoSharing Option
39 წლის გოგა გახოკიძე არცთუ დიდი ხნის წინათ საქართველოს ნაკრებში ჩაუქობდა. აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ის ქართველ ფეხბურთელებს კარიერის აწყობაში ეხმარება, თავად კი უთამაშია რუსთავის "მეტალურგში", თბილისის "დინამოში", ფოთის "კოლხეთში", "ალანიაში", "ეინდჰოვენში", ჰაიფას "მაკაბიში", "ტვენტესა" და დონეცკის "მეტალურგში".

საქართველოს ნაკრებში გახოკიძემ 21 მატჩი ჩაატარა და 3 ბურთი შეაგდო, მათ შორის, გამოსარჩევია გოლი იტალიის ნაკრებთან თბილისურ შესარჩევ მატჩში.

ქართულ ფეხბურთში ახლა დიდი დღეები მოდის. მალე თბილისს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, გერმანიის ნაკრები ეწვევა. მოუთმენლად ველოდებით კახა ცხადაძის დებიუტის ეროვნული გუნდის თავკაცის
პოსტზე...

ესეც არ იყოს, გახოკიძე ახლახან დაბრუნდა ჰოლანდიიდან და საინტერესო ამბებიც ჩამოიტანა...

- ჯერ გერმანიასთან კარსმომდგარ თამაშზე გკითხავთ. როგორი მოლოდინი გაქვთ ამ მატჩის წინ? საქართველოს ნაკრებს ჰყავს ახალი დამრიგებელი, ყველა რაღაც სიახლეს ელოდება...
- გერმანიასა და მალტასთან შეხვედრებში მხოლოდ წარმატება მინდა ვუსურვო საქართველოს ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს. გერმანიის ნაკრებზე კი განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყვი - მსოფლიოს უძლიერესი გუნდია და ეს ბრაზილიურმა მუნდიალმაც დაადასტურა.

ყველაზე მეტად ის მინდა, რომ ხალხმა უკეთესობა იგრძნოს. ძალიან არ მსურს, ასეთი ლაპარაკი მოვისმინო: აი, მწვრთნელი შევცვალეთ, მაგრამ ყველაფერი ძველებურად დარჩაო.

მე ურყევი ოპტიმისტი ვარ საქართველოს ნაკრებთან მიმართებაში. როგორც უნდა იყოს, მჯერა ქართული ფეხბურთის მომავლის, საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავლის.

- სად არის ის შანსი გერმანიასთან, რასაც უნდა ჩავეჭიდოთ?
- ალბათ, მთელ მსოფლიოში გამოკითხვა რომ ჩაატარო, მილიონიდან ერთი ადამიანი თუ იტყვის, რომ საქართველოს ნაკრებს გერმანიასთან შანსი აქვს, მაგრამ ფეხბურთში ბურთი ყოველთვის მრგვალი იყო და ჩვენს დროში - მით უმეტეს. არ არსებობს დღეს თამაში, რომელიც თავიდანვე წაგებულია.

მეც მიფიქრია იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს ჩვენი შანსი გერმანიასთან. მიფიქრია და ასე გიპასუხებთ - არის სავსე ტრიბუნების და შინაური ატმოსფეროს ფაქტორი. არის ახალი მწვრთნელის უმნიშვნელოვანესი მომენტი და ისიც, რომ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები სადღაც, გულის კუნჭულში, სერიოზულ მოწინააღმდეგედ არ აღიქვამენ ჩვენს გუნდს.

ფეხბურთში არცთუ იშვიათადაა ასე - როცა ზედმეტად ხარ დარწმუნებული შენს წარმატებაში, ისჯები ხოლმე. გერმანია ფავორიტია. მას ქულები სჭირდება, თუმცა შანსი ჩვენც გვაქვს.

- გოგა, თქვენ "შიგნიდან" იცნობთ თანამედროვე ქართულ ფეხბურთს. ბევრი მიიჩნევს, რომ დღეს, თუნდაც საშუალო გაქანების გუნდის დასაკომპლექტებლად, აუცილებელი თაობაც არ გვყავს. ეთანხმებით ამ შეფასებას?
- არა, არ შეიძლება, ასე მივუდგეთ საკითხს. კი, აღარ არის ის თაობა, რომელიც ყველას გვახსოვს, მაგრამ არის 4-5 ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია, ამინდი შექმნას გუნდში.

- გამოდის, რომ ხედავთ იმ ხერხემალს, რომელზეც შეიძლება საქართველოს ნაკრები აეწყოს?
- რა თქმა უნდა?! მთავარია, ხერხემალი არის და დანარჩენიც იქნება. ცხადია, ჩვენ გვაქვს ნოსტალგია იმ ძველი თაობის, მაგრამ გადავხედოთ - განა, ბევრ ნაკრებს ჰყავს ყველა ვარსკვლავი? არის დაახლოებით 4-5 ფეხბურთელი, რომელთა ირგვლივ გუნდი "შენდება".

- ფაქტია, ბევრ უწვერულ ახალგაზრდას თვალი საქართველოდან გაქცევაზე უჭირავს. თქვენი აზრით, რა ასაკში სჯობს მოთამაშისთვის საზღვარგარეთ კარიერის გაგრძელება?
- ცოტა შორიდან დავიწყებ. ერთი-ორი გამორჩეული ინდივიდუალისტის გამოჩენა ქართულ ფეხბურთს ვერ უშველის. გვყავს, მაგალითად, ოქრიაშვილი, მაგრამ საერთო სიტუაცია არ იცვლება. მე ასე მწამს: ძლიერი ეროვნული ჩემპიონატის გარეშე წარმოუდგენელია ძლიერი ნაკრები.

ახლა თქვენს კითხვასაც ვუპასუხებ. ჩემი აზრით, 15-16 წლის ასაკში საქართველოდან ფეხბურთელის წასვლა გაუმართლებელია. თუ რაღაც სასწაულთან, ფენომენთან არ გვაქვს საქმე, უმჯობესია, საქართველოდან ფეხბურთელი 19-20 წლის ასაკში წავიდეს საზღვარგარეთ.

ერთიცაა: დღეს ქართველი ფეხბურთელი მართლა ძალიან მაგარი უნდა იყოს, პირდაპირ რომ გითხრათ - უნდა "დაფრინავდეს", ევროპულმა კლუბმა რომ აიყვანოს. მაგალითისთვის, ჰოლანდიაშიც ასეა. ჯერ ერთი, ადრე რომ იხდიდნენ, ჰოლანდიური კლუბები დღეს იმდენს აღარ იხდიან. და მეორეც - ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი და მერე მისი შენახვა, როგორც არაევროკავშირელის, გაცილებით დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

- სულ მალე ელიტრაუნდის შეხვედრებს ჩაატარებენ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები. ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ამ შეჯიბრებას თქვენი მეგობარი მენეჯერებიც დაესწრონ?
- ჩამოვლენ და იმედია, საქართველოს ორივე ასაკობრივი ნაკრები წარმატებას მიაღწევს. ფაქტია, რომ დღეს ჩვენს ასაკობრივ ნაკრებებში ძალიან ბევრი კარგი, ნიჭიერი ფეხბურთელია.

- თქვენ სულ ცოტა ხნის წინათ დაბრუნდით ჰოლანდიიდან. როგორც ვიცით, "ეინდჰოვენის" ასაკობრივ გუნდებში თქვენი მეგობრები მუშაობენ...
- ასეა. ფაქტობრივად, ყველა ასაკობრივ გუნდს ჩემი ყოფილი თანაგუნდელი წვრთნის. ჰოლანდიაში ყოფნისას ვესაუბრე მათ, დავესწარი გუნდების ვარჯიშებს. დიდი ალბათობით, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების თამაშს "ეინდჰოვენის" სელექციონერებიც მიადევნებენ თვალს.

- თქვენ უკვე არაერთ ფეხბურთელს დაეხმარეთ კარიერის აწყობაში. დღეს საქართველოს ნაკრების ორი კანდიდატია უგუნდოდ - დავით თარგამაძე და გია გრიგალავა. მათაც ხომ არ დაეხმარებით?
- თარგამაძეზე ვერაფერს გეტყვით და, გია გრიგალავას კი მართლაც ვეხმარებით ახალი გუნდის მოძებნაში. რამდენიმე დაინტერესებული კლუბის სატელეფონო ზარს უკვე ვუპასუხეთ კიდეც. გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.

- გრიგალავას მიმართ ინტერესი მხოლოდ საქართველოდან არის თუ უცხოეთიდანაც?
- არის როგორც ქართული, ისე უცხოური ვარიანტი. მოდით, ნუ ვიჩქარებთ.

- ერთი საჭირბოროტო კითხვა უნდა დაგისვათ - ვთქვათ, 17 წლის ჰოლანდიელი ბავშვი ჩვენებურს თუ გაეჯიბრება მონაცემებით?
- ჰოლანდიაში ყოფნისას ძალიან დიდ დროს ვუთმობ ბავშვთა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების ვარჯიშებზე სიარულს. ჯერ ერთი, კონტინგენტი მაინტერესებს და მეორეც - მინდა, მეც ვიპოვო თქვენი კითხვის პასუხი.

ახლა რასაც გეტყვით, ჩემი დიდი ხნის დაკვირვების შედეგია - 15, 16 და 17 წლის ასაკში ჰოლანდიელი ბავშვი ქართველთან ვერ მივა. ეს ასაკი გადის და მერე უკვე ისინი გვჯობნიან. პატარა ასაკში ჰოლანდიური კლუბის ვარჯიშებზე ვერ შეხვდებით ისეთ ინდივიდს, ჩვენთან რომ ხშირად ნახავთ. აი, რაც მერე ხდება, ისაა საყურადღებო.

- რა ხდება?
- ისინი უმატებენ, ჩვენი ბავშვები - ვერა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ჯერ ერთი, კლუბში ყველა ასაკობრივი გუნდი ერთ სისტემაში, კოორდინირებულად ვარჯიშობს. სწორი ორგანიზაცია, სწორი კვება... ყველაფერი ერთადაა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
თუ სხვა არაფერი შეგიძია, იმაში მაინც დაეხმარე ტყებუჩავას ნორმალური ბავშვები აარჩიოს ნაკრებში. და მამიკოს ბიჭებს ნუ იძახებს ამაში მაინც მოგვეხმარე ცოდვები არიან ნიჭიერი ბავშვები გვიშველე გთხოვთ
DATO
15:48 17-03-2015
0
ტყებუჩავას რო ჩააბარებენ ასაკობრივ ნაკრებს და ტყებუჩავა რო მამიკოებით აარჩევს ბავშვებს რა შედეგს უნდა ველოდეთ აი უკვე შედეგი ორი ცაგება სირცხვილია რატო აგრძელებს არ ცხვენია წამოვიდეს სულ ნუ მოიჭრის თავს
giorgi
21:12 14-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული