იხილეთ მატჩისწინა კომენტარები:
"ყველას უყვარს მსოფლიოს ჩემპიონები, მაგრამ ჩვენი ქვეყანა უნდა გვიყვარდეს" [PHOTO]
ჯაბა კანკავა: დაცვაში კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ და ჩვენს შანს დაველოდოთ
საქართველოსთან ფრე სიზმარშიც კი კოშმარია! - იოახიმ ლიოვის პრესკონფერენცია
ტონი კროოსი: თბილისში ძალიან კარგი დახვედრა მოგვიწყვეს
* * *
ერთი მხრივ, ქართველი გულშემატკივრისათვის უცხო არ არის ასეთი რანგისა თუ დონის გუნდის სტუმრობა: 1995 წლიდან და აი, კვირას, 29 მარტს კიდევ ერთი მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონის "ახლოდან ნახვის" ბედნიერება გველოდება! თუმცა, იმის მიუხედავად, რომ გერმანიის ნაკრებს საქართველოშიც ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, 29 მარტის საღამოს "დინამო-არენის" გადაჭედილი ტრიბუნებიდან ომახიანი შეძახილები და მხარდაჭერა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ნაკრებს უნდა ეკუთვნოდეს!
თანაც, ჩვენს ფეხბურთელებს გერმანიის ნაკრებზე უკეთესი "მოტივატორი" ვიღა უნდა ჰყავდეთ და იმედი დავიტოვოთ, რომ საქართველოს ნაკრების თითოეული წევრიც მაქსიმალურად შეეცდება საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას;
რა თქმა უნდა, მსოფლიოს ჩემპიონთან, თანაც უძლიერეს და ოპტიმალური შემადგენლობით მოასპარეზე გერმანიის ნაკრებთან გამარჯვებას ვერავინ მოითხოვს, მაგრამ, რატომღაც დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ამ ახალი ფორმაციის საქართველოს ნაკრები 29 მარტს მხოლოდ და მხოლოდ ბურთის მოგერიებასა თუ მთელი გუნდით უკან "ჩაჯდომაზე" არ იქნება ორიენტირებული.
ანუ, იმის იმედიც გვაქვს, რომ მართლაც მრისხანე და მეტისმეტად ძლიერ მეტოქეს ერთი-ორჯერ (იქნებ, მეტჯერაც) ავანერვიულებთ კიდევაც და ჩვენს ნაკრებს რომ შემტევი პოტენციალი გააჩნია, სულ ახლახანს, მალტასთან ამხანაგურ მატჩშიც გამოჩნდა.
მაგრამ, მალტა და გერმანია სხვადასხვა საფეხბურთო "პოლუსზე" იმყოფებიან. თანაც, 29 მარტს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ხომ "გამწარებული" გერმანიის ნაკრები გამოვა: ამ შესარჩევ ციკლში იოახიმ ლიოვის გუნდმა უკვე "მოასწრო" და "დასაშვებზე" მეტი ქულები დაკარგა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თბილისში წაფორხილების შემთხვევაში გერმანელებმა, შესაძლოა, სატურნირო მდგომარეობა გაირთულონ.
მაგრამ, ეს ჩვენთვის უინტერესო ამბავია, - ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის ფაქტი, თუ რას დაუპირისპირებს ერთი-მეორეზე უკეთესი შემსრულებლებით დაკომპლექტებულ პლანეტის საუკეთესო გუნდს ჩვენი ნაკრების ახალი თავკაცი კახა ცხადაძე.
არადა, ზუსტად 20 წლის წინათ, 1995 წლის 29 მარტს, როცა საქართველოს ნაკრები პირველად დაუპირისპირდა გერმანიის ეროვნულ გუნდს, ჩვენი კაპიტანი სწორედ ცხადაძე გახლდათ, მეტოქის კარს კი ფრანკფურტის "აინტრახტში" ცხადაძის თანაგუნდელი ანდრეას კიოპკე იცავდა, დღესდღეობით მსოფლიოს ჩემპიონის, გერმანიის ნაკრების მეკარეთა მწვრთნელი რომ გახლავთ.
თუმცა, 20 წლის წინანდელ იმ დაუვიწყარ მატჩზე სხვაც ბევრია გასახსენებელი; მით უფრო, რომ ბერტი ფოგთსის დამოძღვრილი იმ ფორმაციის გერმანიის ნაკრები სიძლიერით არაფრით ჩამოუვარდებოდა დღესდღეობით მსოფლიოს ჩემპიონებს და თბილისური მატჩიდან მომდევნო წელიწადს ის გუნდი ევროპის ჩემპიონიც გახდა. თუმცა, მთავარი მაინც ის იყო, რომ 1995 წლის 29 მარტს, ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე საქართველოს ნაკრებს ესოდენ ძლიერ მეტოქესთან პაექრობაში არც თავი შეურცხვენია, არც "ყრუ დაცვაში" ჩამჯდარა და გინდ დაიჯერეთ, გინდ არა... მეტოქეზე მეტი საგოლე მომენტებიც შექმნა!
სამწუხაროდ, იმ წაგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საერთაშორისო სარბიელზე ჩვენი ფეხბურთელების გამოუცდელობა იყო და ისიც, რომ მეტოქემ სათამაშო დისციპლინის მკაცრი დაცვით გვაჯობა. აღარაფერს ვამბობთ იმ ფორმაციის გერმანიის ნაკრების ლიდერზე იურგენ კლინსმანზე, რომლის მართლაც შთამბეჭდავმა საშემსრულებლო ოსტატობამაც მნიშვნელოვნად განაპირობა 1995 წლის 29 მარტის მატჩის ბედი!..
110 000 მაყურებელი!
...ვიდრე ქართული ფეხბურთი დამოუკიდებელ "ცხოვრებას" დაიწყებდა, ჩვენი უმთავრესი სპორტული არენის გადაჭედილი ტრიბუნები არასდროს გვიკვირდა; "კარდიფ სიტი", "ვესტ ჰემი", "ფეიენოორდი", მადრიდის "რეალი" იქნებოდა თუ საკავშირო ჩემპიონატის მატჩები, 75000-იანი სტადიონის ტრიბუნებზე ცარიელ ადგილს ვერ ნახავდით; ეგ კი არა, დაუზუსტებელი ინფორმაციით, 1979 წლის 7 ნოემბერს "ჰამბურგთან" მატჩს 90 000 კაცი ესწრებოდა, ერთი თვით ადრე, კოკისპირულ წვიმაში ჩატარებულ "ლივერპულთან" დაუვიწყარ მატჩს - 103 000! თუმცა, ეს რეკორდიც მოიხსნა: 1995 წლის 29 მარტს, საქართველო-გერმანიის მატჩს, დაუზუსტებელი ინფორმაციით, 110 000 კაცი ადევნებდა თვალს! ვინ, კიბეზე იჯდა, ვინ - სად, ფაქტია, რომ რამდენიმე ათასი უბილეთოც მოხვდა სტადიონზე. უამრავი... ყალბი ბილეთიც იყო დაბეჭდილი, და მეტ-ნაკლებად მხოლოდ იმ გულშემატკივრებს გაუმართლათ, რომლებიც სტადიონზე მატჩის დაწყებამდე სამი-ოთხი საათით ადრე მივიდნენ!
საინტერესო იყო ის ფაქტიც, რომ ბილეთების გაყიდვა თამაშამდე 19 დღით ადრე დაიწყო და ამის გამოც იყო თითქმის ყველა სექტორში იმის გარკვევა, თუ ვის ჰქონდა "ნამდვილი" ბილეთი და ვის - "ყალბი"! ეგ კი არა, იმდროინდელ პრესლოჟაში მჯდომ ჟურნალისტებსაც დიდი ძალისხმევა დასჭირდათ "საკუთარი უფლებების" დასაცავად: ქართული მედიის ინტერესი ამ თამაშისადმი ხომ განსაკუთრებული იყო, აი, გერმანიიდან კი 80 ჟურნალისტი გვესტუმრა!
აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ პოპულარული გერმანული ტელეარხის, ZDF-ის წარმომადგენლები თბილისში მატჩამდე 5 დღით ადრე ჩამოვიდნენ; აქვე იყვნენ სხვა ქვეყნების ტელევიზიებიც: ინგლისიდან, რუსეთიდან.
მოკლედ, ინტერესი უდიდესი იყო: საქართველოს ნაკრებს ხომ თავის ხანმოკლე ისტორიაში პირველად უნდა ეთამაშა ასეთი დონის მეტოქესთან!
კლინსმანთან ვერაფერი გავაწყვეთ...
ეს იყო ჩვენი ნაკრებისათვის სადებიუტო ციკლი, რომელიც, სამწუხაროდ, წარუმატებლად დავიწყეთ: ჯერ - მოლდოვასთან წავაგეთ საშინაო შეხვედრა, მერე კი სტუმრად, შეცვლაზე შემოსული ემილ კოსტადინოვის დუბლით ბულგარეთთან დავმარცხდით. თუმცა, ამას ორი მოგება მოჰყვა: შინ - უელსთან და სტუმრად - ალბანეთთან. აი, გერმანელებმა კი, შთამბეჭდავი სტარტი აიღეს და თბილისში ქულათა მაქსიმუმითა და საკადრო პრობლემებით გვესტუმრნენ. უფრო ზუსტად, ჩვენ გვეგონა, რომ ლოთარ მათეუსის, მათიას ზამერის, თომას ჰესლერისა თუ ულფ კირსტენის არყოფნას, შესაძლოა, ჩვენთვის სასურველი შედეგი მოეტანა, მაგრამ მათმა შემცვლელებმა (თომას ჰელმერი, მარკუს ბაბელი, მარიო ბასლერი, ჰაიკო ჰერლიხი) ჩინებულად ითამაშეს და იურგენ კლინსმანმა ხომ საერთოდ, "მასტერ-კლასი" გვიჩვენა!
1995 წლის 29 მარტამდე თბილისში არაერთ უცხოელ ვარსკვლავს უთამაშია, თუმცა ბევრი მიიჩნევდა, რომ 1979 წლის 7 ნოემბერს "ჰამბურგის" ლიდერმა, ინგლისელმა კევინ კიგანმა ყველა და ყველაფერი დაჩრდილა.
და აი, უცხოელი ვარსკვლავის კიდევ ერთი გამონათება ვნახეთ: ჩვენს კარში ორივე გოლი ხომ "შეასრულა", ამას გარდა, 90 წუთის განმავლობაში ფაქტობრივად, არ გაჩერებულა და "უბურთოდ თამაშის" მართლაც კლასიკური მაგალითი გვიჩვენა. ჰოდა ამიტომაც იყო, რომ მატჩის დამთავრების შემდეგ 110 000-მა ქართველმა გულშემატკივარმა გერმანელთა ვარსკვლავი მოედნიდან ტაშით რომ გააცილა...
...თუმცა, ტაში და ოვაცია არც ჩვენებს მოჰკლებიათ; მით უფრო, რომ როგორც წერილის დასაწყისშიც აღვნიშნეთ, საქართველოს ნაკრებს ცუდად ნამდვილად არ უთამაშია. თანაც, გერმანელებისგან განსხვავებით, ჩვენ ხომ ძირითადი შემადგენლობის ორი საკვანძო ფეხბურთელი გვაკლდა - გიორგი ნემსაძე და თემურ ქეცბაია. ასეთი სოლიდური დანაკლისის მიუხედავად, კიდევ ვიმეორებთ, ძალიან ძლიერ მეტოქეს მართლაც ღირსეულად ვეთამაშეთ და არავინ იცის, თუ როგორ განვითარდებოდა მატჩში მოვლენები, 0:1-ზე, შოთა არველაძეს თავისი საფირმო რეიდი გოლით რომ დაეგვირგვინებინა!
ის ეფექტური კომბინაცია გიორგი ქინქლაძემ წამოიწყო, რომლის ჩინებული პასის მერე შოთა არველაძე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა, შემდეგ გერმანელთა მართლაც ჩინებული მეკარე ანდრეას კიოპკეც მოატყუა, მაგრამ ძალიან მახვილი კუთხიდან ბურთი კარის ბადეს... გარედან გაარტყა!
მომენტები მეორე ტაიმშიც გვქონდა, როცა შეცვლაზე ჩინებულად შემოსულ მიხეილ ყველაშვილსა და გოჩა გოგრიჭიანს შეეძლოთ გოლის გატანა, ერთ ეპიზოდში კი გიორგი ქინქლაძის ძალიან სახიფათო "სტანდარტული" ანდრეას კიოპკემ მოიგერია.
გამორჩეული მატჩი ჩაატარეს იმ საღამოს ჩვენი ნაკრების კაპიტანმა კახა ცხადაძემ, მეკარე აკაკი დევაძემ და მარჯვენა ნახევარმცველმა კახა გოგიჩაიშვილმა, რომელმაც ისე დაჯაბნა თავისი მეურვე (რალფ ვებერი), რომ სტუმართა თავკაცმა შესვენებაზე შეცვალა! ყველაზე ძალიან კი, რაღა თქმა უნდა, მურთაზ შელიას არ გაუმართლა, რომელსაც იურგენ კლინსმანის მეურვეობა ჰქონდა დავალებული. თუმცა, იმ პერიოდში კლინსმანის შემკავებელ-დამკავებელი ევროპაში ხომ არც არავინ იყო...
...1995 წლის 29 მარტს უამრავი გერმანელი ჟურნალისტი ესწრებოდაო, ვთქვით და მათ შორის გახლდათ პოპულარული "კიკერის" გამომცემელი და მთავარი რედაქტორი, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ჟურნალისტი კარლ-ჰაინც ჰაიმანი, რომლის მატჩისშემდგომი კომენტარიც ნათლად ასახავს იმ შეხვედრის მიმდინარეობას:
"გერმანიის ნაკრებმა საკუთარი თამაში მოახვია თავს მეტოქეს და ამიტომაც გაიმარჯვა. უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს ნაკრებს ჩვენზე მეტი საგოლე მომენტი ჰქონდა. თუმცა, ქართველი ფეხბურთელები ყველაფერს ერთი მოძრაობით მეტს და ერთი წამით გვიან აკეთებდნენ, რასაც თანამედროვე ფეხბურთში არავინ პატიობს".
ეს ხომ გერმანიაა!..
ამის მერე გერმანიის ნაკრებთან კიდევ ორი მატჩი ჩავატარეთ: ჯერ იმავე წელს, სტუმრად დავუპირისპირდით 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, მესამე შეხვედრაში კი ასევე სტუმრად, ამხანაგურად ვეპაექრეთ და ორივეში დავმარცხდით. იმ ორი მატჩის პერიპეტიებზე მაშინ ვისაუბროთ, როცა საქართველოს ნაკრებს გერმანიასთან გასვლითი შეხვედრა ექნება; მანამდე კი ისევ 20 წლისწინანდელი მატჩს უნდა დავუბრუნდეთ და ჩვენი მარცხის ძირითადი მიზეზები ვახსენოთ; იმის გარდა, რომ ძალიან თვალშისაცემი იყო ჩვენი ფეხბურთელების საერთაშორისო სარბიელზე გამოუცდელობა: საქართველოს ნაკრები 1995 წლის 29 მარტს თავის ისტორიაში... მეხუთე ოფიციალურ მატჩს ატარებდა!
თუმცა, ამას გარდა, ისიც თვალშისაცემი იყო, თუ როგორ დაგვჯაბნეს გერმანელებმა სათამაშო დისციპლინის უმკაცრესად დაცვაში; აღარაფერს ვამბობთ გერმანელთათვის დამახასიათებელ "ჩვეულებრივ" საფეხბურთო კომპონენტებზე: ბრწყინვალე ფიზიკურ მომზადებაზე, ტაქტიკურ მრავალფეროვნებაზე, ძირითადი შემადგენლობის უმტკივნეულო როტაციასა თუ სტანდარტული მდგომარეობებიდან მაქსიმალური სარგებელის მიღებაზე.
ასე მოხდა კიდეც 20 წლის წინათ, 1995 წლის 29 მარტს, როცა საქართველოს ნაკრები გერმანიასთან 0:2 დამარცხდა, მაგრამ იმ საღამოს უფრო ძლიერმა გაიმარჯვა, თანაც, ჩვენს ბიჭებზეც ენა არავის მოუბრუნდებოდა, უბრალოდ, მართლაც ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა...
ქართულ-გერმანული ყველა დაპირისპირება
ევრო 96. შესარჩევი ციკლი
29.03.95. თბილისი. ბორის პაიჭაძე. 110 000 მაყურებელი
საქართველო-გერმანია 0:2
გოლები: 0:1 კლინსმანი (24), 0:2 კლინსმანი (45)
საქართველო: დევაძე - რევიშვილი, ცხადაძე, შელია, ჩიხრაძე - გოგიჩაიშვილი, კუდინოვი, ჯამარაული (64. გოგრიჭიანი), რ. არველაძე (77. ყაველაშვილი) - ქინქლაძე - შ. არველაძე.
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
კაპიტანი: კახა ცხადაძე
გერმანია: კიოპკე - კოლერი, ჰელმერი, ბაბელი - როიტერი, აილტსი, ბასლერი, მიოლერი, ვებერი (46. ფროინდი) - კლინსმანი, ჰერლიხი.
მწვრთნელი: ბერტი ფოგთსი
კაპიტანი: იურგენ კლინსმანი
გაფრთხილება: როიტერი, ვებერი, ბაბელი, ფროინდი, კოლერი
არბიტრი: მ. ბოდენჰემი (ინგლისი)
06.09.95. ნიურნბერგი. ფრანკენშტადიონი. 45 000 მაყურებელი
გერმანია-საქართველო 4:1
გოლები: 0:1 ქეცბაია (28), 1:1 მიოლერი (38), 2:1 ციგე (56), 3:1 კირსტენი (61), 4:1 ბაბელი (72)
გერმანია: კანი - კოლერი, ჰელმერი, ბაბელი - შტრუნცი, ფროინდი, ჰესლერი, მიოლერი, ციგე - კლინსმანი, კირსტენი.
მწვრთნელი: ბერტი ფოგთსი
კაპიტანი: იურგენ კლინსმანი
საქართველო: დევაძე - გუჯაბიძე, ჩიხრაძე, შელია, კუდინოვი - გოგიჩაიშვილი (67. ა. არველაძე), ნემსაძე, ქეცბაია, ყაველაშვილი (46. გ. კილასონია) - ქინქლაძე, შ. არველაძე.
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
კაპიტანი: მურთაზ შელია
გაფრთხილება: ციგე - შელია
არბიტრი: ჯ. მაკლასკი (შოტლანდია).
ამხანაგური მატჩი
07.10.06. როსტოკი. ოსტზეეშტადიონი. 28 000 მაყურებელი
გერმანია-საქართველო 2:0
გოლები: 1:0 შვაინშტაიგერი (24), 2:0 ბალაკი (67)
გერმანია: ჰილდებრანდი - ფრიცი, ა. ფრიდრიხი, მ ფრიდრიხი (84. მადლუნგი), ჰიტცლშპერგერი (76. ფატი) - ოდონკორი, შვანშტაიგერი, ბალაკი, ტროხოვსკი (76. ფრინგსი) - ჰანკე (65. შლაუდრაფი), პოდოლსკი.
მწვრთნლი: იოახიმ ლიოვი
კაპიტანი: მიხაელ ბალაკი
საქართველო: ლომაია - ღვინიანიძე (73. ხიზანეიშვილი), ხიზანიშვილი, კალაძე, დ. კვირკველია (78. გიგიაძე)- კანკავა, მენთეშაშვილი (78. ალადაშვილი) - დემეტრაძე (83. მოდებაძე), ცქიტიშვილი (58. გოგუა), კობიაშვილი - მარცვალაძე (63. ა. იაშვილი).
მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი
კაპიტანი: კახა კალაძე
გაფრთხილება: მენთეშაშვილი, ხიზანიშვილი, ცქიტიშვილი
გაძევება: პოდოლსკი - ხიზანიშვილი
არბიტრი: გ. ლენერი (ავსტრია).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ყველაფერი, რაც დაკავშირებული იყო მატჩის ტრანსლირებასთან,გერმანელები იყვნენ ამის ორგანიზატორები,ეს გამოწვეული იყო ძალიან დიდი ინტერესით გასამართი თამაშისადმი(ეჰ...!)მათვე განალაგეს სატრანსლაციო კამერები და სხვა კომუნიკაციები. სამწუხაროდ შუქის გამორთვისას ჩართეს გენერატორი,რომელიც ასევე, მალევე გამოირთო...
მოკლედ, მე ჩვენ ნაკრებს უსურვებ წარმატებას და ჩემი და ყველა ქართველის გახარებას.ჩვენ ხომ გასახარელი ბევრი არაფერი გვაქვს...ღმერთი გვფარავდეს!!!