ვლადიმერ გუცაევი: ვხედავ და ეს არის გიორგი ჭანტურია - უდავოდ!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განსჯისთვის მსუყე მასალას იძლევა. ახლახან ქართული ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენელს, ვლადიმერ გუცაევს დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ, რაზეც ეროვნული გუნდის ყოფილი თავკაცი სიამოვნებით დაგვთანხმდა...

- საქართველოს ნაკრების ბოლო ორ მატჩზე ვიტყვი ერთს: ჩანდა უდიდესი მონდომება. არც ერთი ფეხბურთელი არ გაფრთხილებია თავს, - გვითხრა გუცაევმა საუბრის დასაწყისში. - იყო ცვლილებები ტაქტიკურ სქემაში და უნდა გითხრათ, რომ მომწონს ის ტაქტიკა, რასაც იყენებს კახა ცხადაძე. ეს სქემა მოქნილია როგორც დაცვის, ისე შეტევის დროს. ამ სქემაში გაცილებით
ნაკლები ნაპრალი შეიმჩნევა დაცვას, ნახევარდაცვასა და თავდასხმას შორის.

ერთიც არ დაგვავიწყდეს - საქართველოს ნაკრების მწვრთნელს აქვს იმის საშუალება, რომ კონკურენტუნარიანი გუნდი ჩამოაყალიბოს. არ დაგვავიწყდეს - გერმანიის ნაკრების სახით ჩვენ ვეთამაშეთ უმაღლესი კლასის მეტოქეს. თბილისში ამ დონის გუნდი აქამდე არ ჩამოსულა. ყველას ვიხსენებ - თუნდაც, ჩემი ფეხბურთელობის დროინდელ მეტოქეებს და ანალოგს ვერ ვპოულობ. ჩვენ ვნახეთ სრულყოფილი გუნდი პასის უდიდესი კულტურით, შეტევის წყურვილით, არნახული ფიზიკური ძალით...

- როგორ აფასებთ საქართველოს ნაკრების თამაშს შეტევაში?
- მოდით, ერთ რამეზე შევთანხმდეთ: დღევანდელ პირობებში თამაშს მეტწილად იგებს შეტევა. გერმანიასთან ორჯერ დავარტყით მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით და ეს ვერ იქნება დამაკმაყოფილებელი შედეგი, თუმცა კიდევ ვიმეორებ - ჩვენ მეტოქედ მსოფლიოს ჩემპიონი გვყავდა და ეს გარემოება ამას უნდა მივაწეროთ.

- ბევრი მიიჩნევს, რომ გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობს თუ არა, ამას მინდორზე მყოფ მოიერიშეთა რაოდენობა განსაზღვრავს. არადა, გერმანიამ უფორვარდოდ მოგვიგო. ვგულისხმობ გამოკვეთილ, ეგრეთ წოდებულ "საჯარიმოს თავდამსხმელს". თავის დროზე, ფორვარდის გარეშე თამაშობდა ყველა სანაკრებო ტიტულის მომგები ესპანეთიც. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?
- გერმანია მართლაც გამოკვეთილი ფორვარდის გარეშე გვეთამაშა. ასეთ დროს მინდორზე მთავარია არა შემტევი ფეხბურთელების რაოდენობა, არამედ ის, თუ როგორი სათამაშო კლასი აქვთ მათ. გერმანიის ნაკრებში ამ დროისთვის თავმოყრილნი არიან უმაღლესი დონის შემსრულებლები - გიოტცე, იოზილი, მიულერი, როისი... მათ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ ცენტრფორვარდის ვაკანსიის შევსება, რადგან ფლობენ ფეხბურთელისთვის აუცილებელ თვისებას - უნივერსალიზმს.

თვალი გადავავლოთ დღევანდელ ფეხბურთში მიმდინარე პროცესებს. "ბარსელონას" ჰყავს სამი ფორვარდი და სამივე - ტოპ-კლასის. ასეთივე სიტუაციაა მადრიდის "რეალშიც". ანალოგიურ გზას ადგას ბევრი გრანდი.

პირადად მე, საქართველოს ნაკრების შემტევ პოტენციალს იმედიანად ვუყურებ, რადგან ჩვენს გუნდში არიან შემტევი სტილის მოთამაშეები, რომლების ჯერაც განაგრძობენ ზრდას. ეს, განსაკუთრებით, ნახევარდაცვის ხაზზე ითქმის.

- თავის დროზე, მილიონობით გულშემატკივარმა თქვენ გამოკვეთილი ინდივიდუალიზმისთვისაც შეგიყვარათ. ხედავთ თუ არა ამ ფორმაციის ნაკრებში ასეთ ინდივიდუალისტებს?
- ვხედავ და ეს არის გიორგი ჭანტურია - უდავოდ! გერმანიასთან თამაშმაც გვიჩვენა, რომ მას კაცის მოტყუება შეუძლია.

საერთოდ, ინდივიდუალიზმის გარეშე ფეხბურთი არ არსებობს. ეს არის ის, რაც თამაშს "ხსნის", იგებს. ინდივიდუალურ თვისებებს ვხედავ ლევან მჭედლიძეშიც.

ამ ორს, ისევე, როგორც დანარჩენ ფეხბურთელებს, ერთ რამეს ვურჩევ - იყვნენ კონკრეტულ სათამაშო მომენტში უფრო მეტად აგრესიულები. მიმიხვდით, ალბათ, აქ ვგულისხმობ არა უხეშობას, არამედ წმინდა საფეხბურთო აგრესიას, თორემ ნიჭი არის, ესეც უდავოა.

- მოდით, დაახასიათეთ ამ ორ მატჩში საქართველოს ნაკრების გარემარბების - თორნიკე ოქრიაშვილის, სანდრო კობახიძისა და გიორგი ჭანტურიას თამაში.
- გარემარბებმა, ისევე, როგორც მთელმა გუნდმა, ცდა და მონდომება არ დააკლეს. ერთია კია - როცა ამ პოზიციაზე თამაშობ, მეტი უნდა აიღო საკუთარ თავზე. სხვანაირად რომ ვთქვათ, მათ უნდა გვიჩვენონ მეტი სითამამე. ამას გარდა, მინდვრის ცენტრში გარემარბი კაცს რომ ატყუებს, ეს არ არის მთლად მიზანშეწონილი. უმჯობესია, მან სიტუაცია მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედანში გაამწვავოს, რასაც უნდა მოჰყვეს მეტოქის კართან საგოლე მომენტის შექმნა.

აქვე, არ შემიძლია არ ვთქვა - თითოეული ფეხბურთელი ნაკრებში სათამაშოდ საკუთარ კლუბში უნდა მოემზადოს. ეს მისია მას ქვეცნობიერად უნდა ჰქონდეს გათავისებული. თავად ვიყავი ნაკრების მწვრთნელი და ძალიან კარგად ვიცი, რომ სამ დღეში ფეხბურთელს ვერ მოამზადებ.

- არის აზრი, რომ ბოლო ორ მატჩში საქართველოს ნაკრები უფრო მეტს ფიქრობდა შეტევაზე, ვიდრე თემურ ქეცბაიას დროს იყო. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- მალტასთან ეს ნამდვილად ჩანდა, გერმანიასთან - იგრძნობოდა. თუმცა სხვა საქმეა, რომ გერმანია უმაღლესი დონის გუნდია და ცხადია, არ მოგვცა ბევრი იერიშის განხორციელების საშუალება.

- დაბოლოს, როგორ ხედავთ საქართველოს ნაკრების მომავალს?
- ოპტიმისტი ვარ. მე მჯერა ამ გუნდის!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
владимер гуцаеви аи вин ико пехбуртели рамдени силамазе хибли да остатоба ико ам легендарули пехбуртелис тамашши ромелсац агтацебаши мохкавда милионобит пехбуртис гулшематкивари
гия
23:42 05-04-2015
0
გუცაევის დარი ფეხბურთელი რამდენ წარმატებასა და სიხარულს მიანიჭებდა ნაკრებსა და გულშემატკივარს.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული