გელა კეტაშვილი: ცხადაძემ ფეხბურთელებს რუსული, ე.წ. "ბეი-ბიგის" თამაში აუკრძალა

AutoSharing Option
ეროვნულ ნაკრებში კახა ცხადაძის პირველი მატჩების შესახებ საკუთარ მოსაზრებებს გელა კეტაშვილი გვიზიარებს.

ფეხბურთში ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი "ჯვაროსნების" თამაშში პოზიტივს ხედავს, თუმცა ზედმეტ ოპტიმიზმსაც ნაადრევად მიიჩნევს:

"კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით, ეროვნულმა ნაკრებმა პირველი მატჩი მალტასთან ჩაატარა და ყველამ ნახა, რომ დამაჯერებლად მოიგო. ამას გარდა, ბიჭებმა საკმაოდ კარგი ფეხბურთი აჩვენეს.

მაგრამ მთავარი კრიტერიუმი მაინც ოფიციალური შეხვედრაა. თანაც, მსოფლიოს ჩემპიონთან მატჩი გაცილებით სერიოზული გამოცდა იყო და 29 მარტს დიდი ინტერესით ველოდი. მაინტერესებდა, რა სიახლეებს შემოგვთავაზებდა ცხადაძე.

ვერაფრით დავეთანხმები მოსაზრებას, თითქოს ნაკრებში არაფერი შეცვლილა.
პირადად მე რამდენიმე პოზიტიური მომენტი დავინახე. მაგალითად, ის, რომ ცხადაძემ ფეხბურთელებს რუსული, ეგრეთ წოდებული "ბეი-ბიგის" თამაში აუკრძალა.

მცველებს დაავალა არა ბურთის წინ უაზროდ მოგერიება, არამედ, მისი ამოტანა და ამ გზით შეტევების წამოწყება. თავადაც მცველი ვიყავი და კარგად ვიცი, ეს რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამიტომაც ვამბობ, რომ უკეთესი გუნდის კონტურები დავინახე", - ამბობს კეტაშვილი.

თუმცა ოლიმპიური ჩემპიონი ზედმეტ ეიფორიაში ჩავარდნას არ გვირჩევს:

"ჯერ მაინც ადრეა იმის თქმა, რომ უკვე სულ სხვა ნაკრები გვყავს. ვერც იმ აზრს ვიზიარებ, რომ მეორე ტაიმში გერმანია დაიღალა. ამის თქმა არასერიოზული იქნება.

მოდით, ვიყოთ რეალისტები, თუ წინსვლა გვსურს - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სტუმრებმა იმ დატვირთვით არ ითამაშეს, როგორც ამას გრანდებთან აკეთებენ, რადგან საქართველოს ნაკრების რეალური შესაძლებლობები კარგად იცოდნენ. თანაც, მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, ეს კახას პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო და ვერავინ მოსთხოვს, რომ გუნდი მცირე დროში რადიკალურად შეცვალოს.

ნუ ვიქნებით სულსწრაფები, ამას დიდი დრო და შრომა დასჭირდება. იმედია, ცხადაძე გუნდს მალე დაატყობს საკუთარ ხელს და პროგრესი აშკარა გახდება. ფიფას რეიტინგის ასეულს მიღმა ვართ და ეს ჩვენს ტრადიციებს აშკარად არ შეეფერება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გელა კეტაშვილი,ოლიმპიური მედალი საამაყოა,იგოეთის ტეკის შავი კოშმარი კი შავი ლაქაა.
dato
10:57 06-04-2015
0
ყველაზე ცუდი ის იყო რომ გოლი ვერ გავიტანეთ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული