სამი ფაქტორი პროგრესისთვის - ელგუჯა გუგუშვილი ნაკრებში მეტ პოზიტივს ხედავს

AutoSharing Option
სანაკრებო თემაზე თუ ვინმეს ამომწურავად საუბარი შეუძლია, ეს ელგუჯა გუგუშვილია - განათლებული მწვრთნელი, ვისაც ფეხბურთისადმი თავისი თვითმყოფადი ხედვა და სანაკრებო გამოცდილებაც (წვრთნიდა თურქმენეთის ნაკრებს) გააჩნია.

"ლელო" ელგუჯა გუგუშვილს დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა, რაზეც ის სიამოვნებით დაგვთანხმდა:

- დავიწყოთ მალტასა და გერმანიასთან გამართული შეხვედრების ანალიზით. რა მასალა მოგვცა ამ ორმა სანაკრებო მატჩმა განსჯისთვის?
- პირველი მატჩი იყო მალტასთან როგორც მწვრთნელის, ისე ამ ფორმაციის ნაკრებისთვის. ბუნებრივია ის, რომ ასეთ დროს არის ხარვეზები, თუმცა მე მეტი პოზიტივი დავინახე.

ხარვეზებს რაც შეეხება, ეს არ
გამკვირვებია, რადგან მწვრთნელის თუ ფეხბურთელების მხრიდან დებიუტს ყოველთვის თან ახლავს ნერვიულობა. არ დაგვავიწყდეს, რომ მწვრთნელთან ერთად ნახევარი ნაკრები ახლახან დაბრუნდა გუნდში.

ახლა მალტასთან თამაშზე გადავიდეთ და ვეცდები, ჩემი თვალსაწიერიდან მიმოვიხილო ის. პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, თუმცა ეს გოლში ვერ აისახა და ამას "ბოლო პასის" ნაკლებობას ვაბრალებ. სამაგიეროდ, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა მეორე ნახევარში. ამ დროს კახა ცხადაძე უკვე აქტიურად ჩაერია თამაშის მსვლელობაში, მკვეთრად გააძლიერა ნახევარდაცვა და თავდასხმა, შესაბამისად, ჩვენი გუნდის უპირატესობა აბსოლუტურად სამართლიანად აისახა ორ გატანილ გოლში.

პირადად ჩემი აზრია და არ არის აუცილებელი, ყველამ გაიზიაროს - საქართველოს ნაკრების უპირატესობას მალტასთან მატჩის საბოლოო ანგარიში რეალურად არ ასახავს. ჩვენი გუნდის უპირატესობა გაცილებით სოლიდური უნდა ყოფილიყო.

- მივადექით გერმანიასთან მატჩს....
- თავდაპირველად, უნდა გითხრათ, რომ ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი საქართველოს ნაკრები დაუპირისპირდა მსოფლიოს უძლიერეს გუნდს და ამით ბევრი რამაა ნათქვამი.

მე ამ მატჩს განვიხილავდი, როგორც ორი მწვრთნელის, იოაჰიმ ლიოვისა და კახა ცხადაძის ტაქტიკურ დუელს. პირველ ტაიმში გერმანია აკონტროლებდა მატჩის მსვლელობას, თამაშის რიტმს. ეს ასეც უნდა ყოფილიყო - ბუნდესნაკრები ხომ უძლიერესია... და მაინც, ჩვენი მხრიდან იყო კონტრთამაშის მცდელობა, თუნდაც ფლანგური გარღვევები ავიღოთ. ისინი წარმატებით არ დასრულდა, რადგან მცირე ძალებით ვუტევდით. როგორც ჩანს, მოქმედებდა მეტოქის ქვეცნობიერი რიდი.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა კვლავ უკეთესად ითამაშა და ეს ცხადაძის დამსახურებად მიმაჩნია. გაძლიერდა შეტევა. გამოჩნდნენ ის ფეხბურთელები, რომლებსაც გოლის გატანა შეუძლიათ. მაგალითად, მათე ვაწაძე, რომელსაც ბოლო დროს ვეღარ ვხედავდით საქართველოს პირველი გუნდის შემადგენლობაში.

წავაგეთ, მაგრამ პოზიტივი გერმანიასთანაც შევნიშნე. დანარჩენი კი მომავლის საქმეა - ყველა ერთად ვნახავთ, როგორ გაგრძელდება საქართველოს ნაკრების პროგრესი.

- ამ მომენტისთვის მთავარი ამოცანა რა არის?
- აქტიურად ვეცნობი პრესას, ვუყურებ ტელევიზორს... არის კრიტიკული ფონი. ეს აუცილებელი კია, მაგრამ ახლა საქართველოს ნაკრების ცხოვრებაში ისეთი ეტაპია, რომ კახა ცხადაძესა და ამ ბიჭებს ყველა გვერდით უნდა დავუდგეთ. თითო აგური ყველამ უნდა დავდოთ ახალი გუნდის მშენებლობაში.

დროის ფაქტორი ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც არის - უცბად არაფერი გამოდის.

- როგორ ფიქრობთ, ახალმა ფეხბურთელებმა გააძლიერეს ნაკრები?
- ეროვნულ გუნდში ამ ბიჭების დაბრუნებას მხოლოდ დადებითად ვაფასებ. ჯერ ერთი, საქართველოს ნაკრები გაძლიერდება და მეორეც - ეს ფეხბურთელები ახლა ორმაგი მოტივაციით ითამაშებენ თავთავიანთ გუნდებში.

საერთოდ, საქართველოს დღეს არ ჰყავს დასაკარგავი ფეხბურთელი და ის რესურსი, რაც არის, ბოლომდე უნდა იქნას ათვისებული.

- რა სჭირდება საქართველოს ნაკრებს საგრძნობი პროგრესისთვის?
- ჩემი აზრით, სამი რამ. პირველი, ესაა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლება. მეორე - ძლიერი ლეგიონერები, რომელთაც აქვთ სათამაშო პრაქტიკა. მესამე და მთავარი კი არის ფსიქოლოგიური მომენტი, რომელსაც, რატომღაც, მაინცდამაინც არ ექცევა ყურადღება.

- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ ნებისმიერი გუნდი თუ ნაკრები ვერაფრით მიაღწევს წარმატებას, თუ მის შიგნით დადებითი ფსიქოლოგიური ფონი არ არის.

ჩვენ ყველას გვახსოვს, როგორ გაუთავებლად აკრიტიკებდა თემურ ქეცბაია ფეხბურთელებს და - პირიქით. ვგრძნობ, რომ ამ მხრივ სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბატონო ელგუჯა გაიხარე, მრავალ უფლის აღდგომას ჯანმრთველად დაგასწროს ღმერთმა თქვენს ახლობლებთან ერთად.
gizog
18:24 11-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული