არჩილ არველაძე: ალბათ, მკაცრად დაგვსჯიან...

AutoSharing Option
სანაკრებო სიტუაცია, ქართულ ფეხბურთში არსებული საერთო მდგომარეობა, უეფასგან მოსალოდნელი სასჯელი და სხვა თემები - ეს იმ საკითხთა ჩამონათვალია, რომელთა თაობაზეც "ლელო" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ დირექტორ არჩილ არველაძეს ესაუბრა...

- დავიწყოთ საქართველოს ნაკრების ბოლო ორი მატჩის შეფასებით - რა დაგვანახვა მალტასა და გერმანიასთან გამართულმა შეხვედრებმა?
- ვფიქრობ, არა მხოლოდ მე, არამედ ყველამ შენიშნა, რომ ნაკრებში ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ ჩვენი გუნდის სათამაშო სისტემა შეიცვალა. მალტასთან გამოჩნდა, რომ საქართველოს შეუძლია შეტევა. შეტევის სურვილი ჩანდა გერმანიასთან შეხვედრაშიც. ამ თამაშის მსვლელობისას ყველამ ვნახეთ,
რომ კახა ცხადაძე შეგირდებისგან შეტევაში წასვლას, მეტ აქტიურობას ითხოვდა.

ფეხბურთში ერთ დღეში არაფერი ხდება. ყველაფერს დრო სჭირდება. ერთი ხელის მოსმით ბევრის შეცვლა რთულია. საქართველოს ნაკრები თანდათან ეწყობა ახალ სათამაშო სტილზე. ამას სჭირდება გარკვეული დრო.

გერმანიასთან მატჩზე შემიძლია იმის თქმა, რომ ჯერ ჩვენ ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ არ გვითამაშია. ჩვენ ვნახეთ ყველა ტიტულის მოქმედი მფლობელი ესპანეთი, თუმცა ეს გერმანია იმ ესპანეთზე ძლიერად მიმაჩნია. ის გუნდი კი, 1995-ში რომ ჩამოვიდა, უძლიერესი გუნდი იყო თავისი ვარსკვლავებით. თავიდან ის უფრო ძლიერი მეგონა, ვიდრე ამ ფორმაციის ნაკრები. თამაშმა კი დამარწმუნა, რომ გერმანიის ორივე ფორმაციის ნაკრები თამამად შეგვიძლია შევადაროთ "მერსედესს", ოღონდ, ლიოვის გუნდი, როგორც მანქანა, უფრო მოდერნიზებულია. ის, ძველი გერმანია უფრო ათლეტური გუნდი იყო. აქ კი რამდენი მაღალტექნიკური ფეხბურთელია...

შეფასების ბოლოს კი დავძენ, რომ გერმანიის ნაკრები იმდენად ძლიერი იყო, რომ ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, ამ მატჩის მიხედვით შეგვეფასებინა საქართველოს ეროვნული ნაკრების შესაძლებლობები.

- საქართველოს ნაკრებს ჩასამთავრებელი აქვს მიმდინარე ევროშესარჩევი ციკლი. გასაგებია, რომ ჩვენს გუნდს აღარ აქვს ევროფორუმზე მოხვედრის შანსი, მაგრამ ახალი გუნდის შენების გარდა, კიდევ რა უნდა იყოს საქართველოს ნაკრების მიზანი?
- თქვენი ნებართვით, გიბრალტარზე არ ვილაპარაკებ. ამ შემთხვევაში, ყველაფერი გასაგებია. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შოტლანდიის ნაკრებთან თბილისში გასამართ მატჩში მოგება. ეს შეხვედრა ნათლად გვიჩვენებს, რამდენად მყარია ჩვენი იმედი, რომელიც საქართველოს ნაკრებს უკავშირდება.

დარწმუნებული ვარ, უკეთ ვითამაშებთ ირლანდიასთან საგარეო მატჩში და ეს იმის მიუხედავად, რომ ირლანდიამ წლების განმავლობაში სავსებით სამართლიანად დაიმკვიდრა "საშინაო გუნდის" სტატუსი.

რაც შეეხება პოლონეთის ნაკრებს, მე ამ გუნდს ძალიან მაღლა ვაყენებ. ჩვენ შეგვიძლია, თავისუფლად შევადაროთ პოლონეთის ამ ფორმაციის ნაკრები და ის გუნდი, რომელშიც ლიატო და ბონეკი ბრწყინავდნენ. პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს ნაკრები უფრო ბევრის შემძლეა.

მოკლედ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მით უმეტეს, კახა ცხადაძეს საშუალება და დრო ექნება საიმისოდ, რომ გუნდის თამაში კიდევ დაალაგოს - როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. წინ ავსტრიული შეკრებაა, სადაც საქართველოს ნაკრებს საშუალება ექნება, მშვიდ ვითარებაში, კარგ პირობებში მოემზადოს...

- მოდით, ავსტრიულ შეკრებაზე ცალკე ვთქვათ...
- ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს ნაკრები ავსტრიაში მოემზადება და ამის შემდეგ გვექნება ევროშესარჩევი მატჩი პოლონეთის ნაკრებთან. სულ სამი ვარჯიში მოასწრო კახა ცხადაძემ საქართველოს ნაკრებთან. მას არ ჰქონდა დრო და ეს შეკრება ამ დეფიციტის აღმოფხვრასაც ემსახურება.

რაც შეეხება ჩვენს სპარინგ-პარტნიორს ავსტრიაში, უკრაინას, ეს ძლიერი გუნდია. არის მეორე მომენტიც - ის სათამაშო სტილით ჩამოჰგავს ჩვენს მომავალ მეტოქე პოლონეთს...

- არ იყო შანსი, რომ საქართველოს ნაკრებს ავსტრიაში კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა ჩაეტარებინა?
- ამის საშუალება არ იყო...

- როგორ ფიქრობთ, გააძლიერეს საქართველოს ნაკრები იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც ეროვნულ გუნდს დაუბრუნდნენ?
- გულით ვიტყვი: არ მინდა, საკითხი ასე დადგეს. არ მინდა, დაბრუნებულები ვუწოდოთ ამ ფეხბურთელებს. არის ლევან ყენია, ვინც ფეხბურთის თამაში ისევ დაიწყო და არის კიდეც საქართველოს ნაკრებში, მისი ყველას ძალიან გვეიმედება.

ნავალოვსკი იყო და, თემურ ქეცბაიას ვერ დავადანაშაულებთ იმაში, რომ ის საქართველოს ნაკრებში ვერ თამაშობდა. მას რუსული პასპორტი ჰქონდა. კარიერის რაღაც ეტაპზე დასჭირდა ეს პასპორტი. ახლა მოკლე ხანში მოხდა გიორგი ნავალოვსკისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება და ამისთვის მინდა დიდი მადლობა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს.

იყო ამისულაშვილის საკითხიც, მაგრამ პირადად ჩემთვის ალეკო არც არასოდეს წასულა საქართველოს ნაკრებიდან... ასე რომ შევხედოთ... გიორგი მერებაშვილმაც თქვა რაღაც ცხელ გულზე, მაგრამ მე მას ნაკრების ჩვეულებრივ კანდიდატად მივიჩნევ და ამის თაობაზე კახა ცხადაძემ ისაუბრა კიდეც.

საერთოდ, საქართველოს ნაკრებს რომ ეხება საქმე, ყველას მეტი დაკვირვება გვმართებს. ეს ხომ ქვეყნის სახეა, საქართველოს უპირველესი გუნდია.

- ერთ საკითხსაც შევეხოთ. მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრები კახა ცხადაძემ ჩაიბარა, ხომ არ ყოფილა საუბარი ფეხბურთელების შესაძლო პრემირებაზე? როგორ წარმოგიდგენიათ ამის გაკეთება - ვთქვათ, კონკრეტული თამაშის შედეგისა თუ მთლიანად ციკლში ნაჩვენები შედეგის მიხედვით?
- კახას დროს არა, მაგრამ ადრე კი იყო საუბარი ამ თემაზე. ერთი კონკრეტული თამაში არ ყოფილა ნახსენები. მოგეხსენებათ, მალტასა და გერმანიასთან მატჩებისთვის მოსამზადებლად არ გვქონდა ბევრი დრო. საქართველოს ნაკრებს ჰყავს ახალი მწვრთნელი, მან სულ სამი ვარჯიში ჩაატარა და ამ ეტაპზე უბრალოდ დრო არ იყო ამ მომენტის წინა პლანზე წამოსაწევად...

- საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ცოტა ხნის წინათ დაბრუნდა თურქული შეკრებიდან. სან მარინოსთან ევროშესარჩევი ციკლის მატჩამდე ვინმესთან ხომ არ ისპარინგებს ქვეყნის რანგით მეორე გუნდი?
- ვმუშაობთ ამ საკითხზე და ვნახოთ, სიახლეებს აუცილებლად გაცნობებთ.

- ყველა ველით მაისის ბოლოს და იმ სანქციებს, უეფამ რომ უნდა დაგვიწესოს. ვარაუდი რთულია, თუმცა მაინც - რისი მოლოდინი შეიძლება გვქონდეს?
- დიდი ალბათობით, ეს იქნება ფულადი ჯარიმა. ასევე, ვშიშობთ, რომ შოტლანდიასთან, შესაძლოა, ცარიელი ტრიბუნების წინაშე მოგვიწევს თამაში, რაც ძალიან ცუდი იქნება. იმედია, ასე არ მოხდება.

შვიდი გადმოხტომა მოხდა გერმანიასთან მატჩში. ჩვენ უნდა ვუმასპინძლოთ სუპერთასს და სავარაუდოდ, მკაცრად დაგვსჯიან, რათა ასეთი რამ აღარ მოხდეს უშუალოდ სუპერთასის მატჩის მსვლელობისას.

საერთოდ, უეფა ძალიან მკაცრია, როცა საქმე თამაშის მსვლელობაში მაყურებლის ჩარევას ეხება. აგერ გვაქვს ცინცხალი მაგალითი, როგორ დაისაჯა ჩერნოგორიის ნაკრები რუსეთთან შეხვედრის მსვლელობის დროს მომხდარი ინცინდენტის გამო.

მეც ვიყავი პატარა, მეც მინდოდა ჩავხუტებოდი ყიფიანს ან ჩივაძეს, მაგრამ ეს მინდორზე შევარდნა რა უბედურებაა? მომკალით და, არ მესმის ასეთი რამ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
ატას არველაზეებო ლევან კიპიანი მოდის ხომ კიტხულობთ ფეისბუკს როგორ კველა აქებს და როგორ ეზიზგებით ხალხს თქვენ დათო კიპიანის ვაჟი ლევან კიპიანი უნდა მოვიდეს ფეხბურთის სათავეშიიიიიიიიიი ლევანი ცინ ჩვენ შენთან ვართ
SAZOGADOEBA
20:31 03-05-2015
0
ცეცაზე არსად დაგეკარგოთ მათხოვრებო არველაზეებო
kaxa
08:06 15-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული