გიორგი ნავალოვსკი: მატჩის მერე გასახდელში დაველოდე და ცხვირ-პირი მივულეწე

AutoSharing Option
25 და 29 მარტს ეროვნულმა ნაკრებმა, ახალი მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით, მალტასა და გერმანიასთან პირველი მატჩები ჩაატარა. ორივე შეხვედრაში გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო გიორგი ნავალოვსკი იყო, რომლის დაბრუნების შემდეგ ბევრ გულშემატკივარს გაუჩნდა კითხვა - სად იყო აქამდე ეს ბიჭი? შეტევებში ფლანგის მცველის ასეთი აქტიური და სასარგებლო ჩართვა ხომ გულშემატკივარს დიდი ხანია ენატრებოდა...

2008 წელს ნავალოვსკი საქართველოს ნაკრებში პეტარ სეგრტმა ათამაშა და მას შემდეგ "მომსახურების ზონიდან" გავიდა. როცა ცხადაძემ მისთვის კარგად ნაცნობი ფეხბურთელი ეროვნულ გუნდში დააბრუნა, ქართველ გულშემატკივარს, ფაქტობრივად, ის უკვე
დავიწყებული ჰყავდა.

ბევრიც არასწორად იყო ინფორმირებული, თითქოს, გიორგის საქართველოს ნაკრებში თამაში არ სურდა. რატომღაც ბევრი იყო მინიშნება მის გვარზე. არადა, ნოდარ დუმბაძის გოგოლის არ იყოს, ქართველია და საქართველოს ყველგან და ყოველთვის კბილებით იცავს.

იმედია, ჩვენი წერილით გიორგი ნავალოვსკის მიმართ გაჩენილ ინტერესს მცირედით მაინც დავაკმაყოფილებთ...

საინტერესო ფაქტები
ქართველი "გატუზო" - ასე მონათლეს გულშემატკივრებმა რუსეთის პირველი ლიგის კლუბში მოთამაშე ნავალოვსკი 2008 წელს, მახაჭყალის "ანჟიში" თამაშის პერიოდში. მიზეზი იტალიელთან გიორგის ფიზიკური მსგავსება არ ყოფილა მხოლოდ - არა აქვს მნიშვნელობა, ნავალოვსკი ცუდად თამაშობს თუ კარგად, ის მოედანზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯება. ეს საქართველოშიც ბევრს ახსოვდა, მაგრამ... რატომღაც, დიდი ხნის განმავლობაში ნაკრებში მისთვის კარი ჩარაზეს.

არადა, საქართველოს ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებში ნათამაშები მცველი რუსეთში საკმაოდ დიდ პატივში იყო. მოსკოვის ოლქის "ხიმკიში" თამაშისას კი გუნდის კაპიტანიც გახლდათ. ვინც რუსული გუნდების სპეციფიკაში ერკვევა, დაგვეთანხმება, რომ ეს პატარა ამბავი არ იყო.

ეს ინტერნეტგაზეთმა "ონედივისიონ.რუ"-მაც აღნიშნა: "ოლეგ დოლმატოვის ("ხიმკის" მთავარი მწვრთნელი იყო) საგაზაფხულო სიურპრიზებიდან მთავარი ის გახლდათ, რომ მისი გუნდი კაპიტნის რანგში მოედანზე გიორგი ნავალოვსკიმ გაიყვანა".

"როცა ნავალოვსკი მოედანზე არ არის, ეს გუნდს აშკარად ეტყობა. ის გაცილებით მაღალი დონის კლუბში თამაშს იმსახურებს", - ამბობდა თავად დოლმატოვი.

ნავალოვსკი მაინც ჩრდილში იყო მოქცეული, არადა, ძალიან დასამახსოვრებელი შეხვედრები ჩაუტარებია. მაგალითად, 2012 წელს, რუსეთის თასის 1/16-ფინალში "ხიმკი" საკუთარ სტადიონზე სანკტ-პეტერბურგის "ზენიტთან" 2:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. ერთ-ერთი გოლი სტუმართა მეკარე იური ჟევნოვს სწორედ ნავალოვსკიმ გაუტანა.

მაშინ "სპორტს.რუ" წერდა: "ნავალოვსკი ასწრებდა ყველგან. მან არა მხოლოდ გაიტანა: "ხიმკის" "გატუზომ" ნევისპირელები ფლანგზე ისე აიკლო, სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ დანკო ლაზოვიჩი (სერბეთის ნაკრების მოთამაშე) შეცვალა. გაუგებარია, "ზენიტმა" იტალიელი დომენიკო კრიშიტო 11 მილიონად რატომ იყიდა, როცა ბევრად იაფი ვარიანტი რუსეთის პირველ ლიგაში ყოფილა?"

სავიზო პრობლემების, საკლუბო საჭიროებისა და, რაც მთავარია, ეროვნულ ნაკრებში იგნორირების გამო, ნავალოვსკი იძულებული გახდა, 2010 წელს რუსეთის მოქალაქეობა მიეღო, თუმცა თბილისში, დოლიძეზე გაზრდილი ბიჭი საქართველოს ნაკრებში დაბრუნებას მაინც იმედოვნებდა.

ადრე ეს გაზეთ "ლელოში" რომ დაიწერა, სიცილი დაგვაყარეს, რა ნავალოვსკი, რუსეთის პირველ ლიგაში ნათამაშები ხალხი რაში გვჭირდებაო?! არადა, დრომ ყველაფერი გამოაჩინა - გიორგი ახალ ნაკრებში ერთ-ერთი აღმოჩენაა.

კიოლნიდან დინამოში
- თბილისში, დოლიძეზე ვარ გაზრდილი და ტყუილად ფიქრობს ვინმე, რომ რუსული პასპორტის აღებით საქართველოსთან კავშირი გავწყვიტე. სახლი თბილისშიც მაქვს, ჩამოვდივარ და თავისუფალ დროს აქ ვატარებ ხოლმე...

ასე ვთქვათ, კახელი პოლონელი ვარ - ნავალოვსკი პოლონური გვარია, ჩემი პაპის პაპა პოლონეთიდან გამოასახლეს და მას შემდეგ ნაწილი თბილისში დასახლდა, ნაწილიც - კახეთში, კერძოდ - თელავში.

პაპასაც ამიტომ ვამბობ, რომ ნაღდია... ნავალოვსკი პატარა გვარია, ყველა ერთმანეთის ნათესავები ვართ. მე კი ქართველი ვარ და თუ ვინმეს უნდა, ამაშიც შემეჯიბროს...

პირველად "ავაზაში" შემიყვანეს, სადაც გია ანდღულაძე მავარჯიშებდა. მერე 35-ე სკოლაში თამაზ ელყანიშვილთან გადავედი. იმ დროს აჩიკო არველაძე ბუნდესლიგის "კიოლნში" თამაშობდა და მე და ჩემი ძმაკაცი, გიორგი მათნაძე თავის გუნდში წაგვიყვანა. მაშინ 17 წლის ვიქნებოდი. მაგრამ ასაკობრივ გუნდში ჩვენი ჩარიცხვა ვერ მოხერხდა, რადგან ვინმე ადგილობრივს მეურვეობაზე თანხმობა უნდა ეთქვა, რაც არავინ გააკეთა.

გულდაწყვეტილები დავბრუნდით, მაგრამ გია გეგუჩაძემ და ზაურ სვანაძემ "დინამოს" აკადემიაში ამიყვანეს, მერე სწრაფადვე დუბლებში დამაწინაურეს, ბოლოს კი - ძირითადშიც. გეგუჩაძე მალე გაუშვეს, მაგრამ მის შემცვლელშიც გამიმართლა: მოვიდა კახა ცხადაძე და "დინამოში" სადებიუტო თამაში სწორედ მისი ხელმძღვანელობით ჩავატარე.

საერთოდ, ჩემს კარიერაში რამდენიმე ადამიანმა განსაკუთრებული როლი ითამაშა. გეგუჩაძე, სვანაძე და ცხადაძე ვახსენე. რომ არ ყოფილიყო მამუკა ჯუღელი, რუსეთში ვერ ვითამაშებდი. თეთრაძეც მენდობოდა და ამასაც ვერასოდეს დავივიწყებ.

...ცხადაძე უკვე მესამედ გახდა ჩემი მწვრთნელი - "დინამოს" მერე იყო ბაქოს "ინტერი", ახლა კი ნაკრებშიც მიმიწვია. მისგან ნდობას ყოველთვის ვგრძნობდი და მასთან სხვა შემართებით ვთამაშობ.

ის არის მწვრთნელი, რომელთანაც ფეხბურთელი პროგრესირებს. ეს საკუთარ თავზე გამოვცადე.

დანიშვნიდან მალე დამიკავშირდა და მითხრა, ნაკრებში შენი გამოძახება მსურსო. მისგან ნამდვილად არ გამკვირვებია, მაგრამ წინა წლების შემდეგ, მეგონა, ნაკრების კარი ჩემთვის ჩაკეტილი იყო და ამიტომაც გამიკვირდა. მას შემდეგ სულ იმ დღეზე ვფიქრობდი, როცა ისევ თეთრ-წითელი ფორმა უნდა მომერგო - სულ "ბარსაში" ან "რეალში" რომ მეთამაშა, ჩემი ქვეყნის ნაკრები მაინც ყველაზე მთავარია.

მისი კითხვაც მესიამოვნა - ნაკრებში გამოძახებით კლუბში პრობლემა ხომ არ შეგექმნებაო?

დეტალია, რომლითაც მწვრთნელი გეუბნება, რომ შენზე ზრუნავს. ამას სულაც არ ვლაპარაკობ იმიტომ, რომ ნაკრებში მიმიწვია. ადამიანი გვერდში რომ დაგიდგება, მისთვის ყველაფერს გააკეთებ.

ერთსაც ვიტყვი: ჩვენი ფეხბურთის სახე ყოველთვის კომბინაციური სტილი იყო, რომელიც ნაკრებში კარგა ხანს არ ჩანდა. ჩემთვის ეს გასაგებია, რადგან რამდენიმე ისეთ ფეხბურთელს ჩაუკეტეს კარი, რომელიც გუნდს სჭირდებოდა. მე კი, სადაც კახასთან მითამაშია, ყველგან ასეთ ფეხბურთს ითხოვდა და დარწმუნებული ვარ, დრო თუ მიეცემა, ნაკრებს ისეთ სახეს მისცემს, ჩვენი გულშემატკივარი რომ ელის.

რატომ არ ვთამაშობდი ნაკრებში
- წარსულზე ლაპარაკი არ მსურს, მაგრამ ამ თემას ვერ ავცდები: ყველამ იცის, თითქოს, თემურ ქეცბაია ნაკრებში ირლანდიასთან მატჩისთვის მიწვევდა, მე კი უარს ვამბობდი. საქმე სხვაგვარად იყო. მაშინ ორივე მარცხენა მცველის თამაში გამოირიცხა: დავით კვირკველია ტრავმირებული იყო, გიორგი ფოფხაძე - უგუნდო და არჩევანი ჩემზე შეაჩერა, თუმცა, დაინტერესებამ ძალიან გამაოცა.

რუსეთის მოქალაქეობის გამო საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლება არ მქონდა - მოედანზე ჩუმად ხომ არ შევიპარებოდი? საკითხი უნდა მოგვარებულიყო, მე კი რუსეთიდან ამას ვერ ვახერხებდი.

საქართველოს ნაკრებში ბოლოს 2008 წელს გამომიძახეს. მას შემდეგ 6 წელი გავიდა და მაშინაც კი, საუკეთესო ფორმაში რომ შევდიოდი, არავინ მიწვევდა, მათ შორის, არც ქეცბაია. ბევრჯერ მიფიქრია, ვარჯიშზე მაინც მნახონ და თუ არ ვივარგებ, ხმას არ ამოვიღებ-მეთქი.

ამბობდნენ, რომ ნაკრებში კარგი ფეხბურთელები არ გვყავს და ცუდი შედეგი ამიტომაც გვაქვსო, რაც უსამართლობა იყო. არადა, თქვეს უარი კახა კალაძეზე, ლევან კობიაშვილზე... რეალურად, მათ ნაკრებიდან წასვლა აიძულეს. გაუგებარი იყო დავით სირაძის, ლევან ყენიასა და გოგიტა გოგუასადმი დამოკიდებულებაც, მერე იყო ნუკრი რევიშვილის ამბავი...

დარწმუნებული ვიყავი, რომ ნაკრებისთვის ეს უფრო იყო პრობლემა, ვიდრე სხვა რამ. თამაშს გამოცდილი და მაღალი კლასის მოთამაშეები იგებენ, მხოლოდ მონდომება და ბრძოლა ვერაფერს გიშველის. ასევე, თუ მწვრთნელი ფეხბურთელთან საერთო ენას ვერ პოულობს, ეს ფეხბურთელის პრობლემაცაა, მაგრამ მთავარ მწვრთნელს მეტი ვალდებულება აქვს და გუნდის გამო საუკეთესოების შენარჩუნებას მაქსიმალურად უნდა ეცადოს.

მერე უკვე გუნდის გაახალგაზრდავება დაიწყეს და 28 წლის რომ გავხდი, რისი იმედიღა უნდა მქონოდა? როცა კობიაშვილს, გოგუასა და ყენიას აღარ ათამაშებდნენ, ახალ ნაკრებში ჩემს ადგილს როგორ დავინახავდი? ჩავთვალე, რომ ნაკრებისთვის უინტერესო ფეხბურთელი ვიყავი და იმედი გადამეწურა.

ვიფიქრე, რუსული პასპორტით საკლუბო საკითხს მაინც მოვაგვარებ-მეთქი. რუსეთში ხომ ლეგიონერებზე ლიმიტი ძალიან გაამკაცრეს და სხვა გზა არ მქონდა.

მაგრამ ცხადაძემ რეალური ინტერესი გამოხატა, პასპორტის აღება შემომთავაზა და მეც სიამოვნებით დავთანხმდი. მერე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაცია მაგრად დამეხმარა, საქართველოს მოქალაქეობა 2 კვირაში აღმიდგინა და შეკრებაზეც ჩამოვედი...

...ვერ მოვითმინე და დავარტყი
- გესლიან ხალხს რა გამოლევს? ვიღაცები წერდნენ, კაცმა საქართველოზე უარი თქვა, მტერს, რუსეთს შეეკედლა, ნაკრებში თამაშის ნება არა აქვს და ასეთი ქვეყანას არც უნდა გააკაროო. ვინმემ იცის, ქართველობის გამო რა უსიამოვნებები გადამიტანია?

სხვათა შორის, "ვოლგაში" ყოფნისას, "ნიჟნი ნოვგოროდთან" ფრედ რომ ვითამაშეთ და პრემიერლიგაში გადავედით, თბილისელმა ქურთებმა სტადიონზე საქართველოს დროშა მოიტანეს, რომელიც თამაშის შემდეგ ავაფრიალეთ. ხომ ამბობენ, რომ ქართველები შავები და წვერებიანები არიანო? მე და მარცვალაძემ წვერი შეგნებულად მოვუშვით და ამით ჩვენს ქართველობას გავუსვით ხაზი, პრემიერლიგაში გადასვლამდე, მთელი ორი თვე ასე ვთამაშობდით.

ეს ამბავი კი აგვისტოს ომის შემდეგ მოხდა: "ანჟი" ულიანოვსკში თამაშობდა და იქაურმა ფეხბურთელმა, არავინმა მომაძახა - "ჩურკაო". ეს რუსეთში ქართველების დამცინავი სახელია.

თამაშის შემდეგ გასახდელში დაველოდე და ცხვირ-პირი მივულეწე. მეგონა, კამერები გამორთული იყო, თურმე, მუშაობდა და 10-თამაშიანი დისკვალიფიკაცია მომცეს. მერე "ანჟის" პრეზიდენტმა გადამარჩინა და სასჯელი 5 თამაშამდე შემიმცირა.

ასეთი ბევრი შემთხვევა ყოფილა. იქ ძნელია თამაში, სულ უსიამოვნებებია, ქართველობის შეურაცხყოფა იშვიათობა არაა და ამის მოთმენა შეუძლებელია. სასაცილო ის არის, რომ ვისთანაც ვიჩხუბე, უმრავლესობა მერე ჩემი თანაგუნდელი გახდა. ეს არავინი "ვოლგაში" გადმოვიდა და მომიბოდიშა, ცუდად გამომივიდაო და დავმეგობრდით.

სხვათა შორის, "ხიმკიში" თამაშის დროსაც დამსაჯეს, როცა "აიაქსში" ნათამაშებ ედგარ მანუჩარიანთან შევკამათდი. ის სომეხია, მე - ქართველი, ორივე ავენთეთ და შემოვულაწუნე - ისევ 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მოვიხადე. მაგრამ მერე ახლოს გავიცანი და მასთანაც დავმეგობრდი.

ახლა რუსეთში თამაში სპორტული კუთხითაც ძნელია. იყო ლაპარაკი, რომ რუსული პრემიერლიგის გუნდიდან სერიოზული შემოთავაზება მქონდა. თავის დროზე ეს ხაბაროვსკის "სკა ენერგიას" გენერალურმა დირექტორმა სერგეი ფელდმანმა განაცხადა. მაგრამ საბოლოოდ, სერიოზულ მოლაპარაკებამდე საქმე არც მისულა - ქართველებს ყველა ერიდება, რადგან ჩვენ გამო იურიდიული პრობლემა ექმნებათ.

დარწმუნებული ვარ, ევროპის რომელიმე ქვეყნის მოქალაქეები რომ იყვნენ, ბევრი ჩვენიანი გრანდში იქნებოდა - ოქრიაშვილი, ყენია, ყაზაიშვილი... მეშინია, ვიღაც არ გამომრჩეს. იმედია, მარცვალაძე და გოგუაც დაგვემატებიან. ისინი დიდი ძალაა...

სტიმული მაინც არასოდეს მაკლდა. უპირველესად, იმიტომ, რომ ჩემ უკან ოჯახი იდგა და მისი ღალატის უფლება არ მქონდა...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 20 /
ერთადერთი კაცი ვინც"დილაში" გულით თამაშობს ნავალოვსკია.ადრე თუ გვიან მას მხარს აუბამენ და"დილა"ათამაშდება.
დილელი
23 აგვისტო 2015 20:25
0
ჩურკა, ჩურბანი - უზბეკების მეტსახელია....
მსქროლავი ტროლი
23 აგვისტო 2015 19:54
0
ღმერთმა ხელი მოგიმართოა. რა ქნას აბა ასეთმა სპორცმენმა სახლში დაჯდეს,ამ პოლიტიკის გამო ყველგან პრობლემა რატომ უნდა ქონდეს სპორცმენს ტუ ხელოვანს.ტარმატებები და ბედნიერება სჰენ და სჰენს ოჯახს!
simartle
23 აგვისტო 2015 16:34
0
ქართული სული და გული იგრძნობა ამ კაცში ნამდვილი ჯვაროსანია. გაიხარე და ჩვენც გაგვახარე.
ჯაბა
28 აპრილი 2015 13:13
0
გიო გეტყობა ჯიგრიანი ნამდვილი ქართველი ხარ, პატრიოტი კაცი ხარ. შენნაირები ბევრნი რომ იყვნენ ნაკრებში, ბევრად უკეთესი შედეგი გვექნებოდა.წარმატებები!
Giorgi
16 აპრილი 2015 18:50
0
ყველას ესენი როგორ ურტყავენ? ნუთუ ქართველი ფეხბურთელი არასოდეს უცემიათ?
ჩვეულებრივი
15 აპრილი 2015 11:58
0
მაგარი ქართველი!
ზოსია
14 აპრილი 2015 17:12
0
გაიხარე გიორგი!
მაგარი კაცი ხარ, გულიანი.
ფერნანდო
14 აპრილი 2015 16:48
0
ძალიან მაგარი კაცია...
ზ უ რ ა
14 აპრილი 2015 15:15
0
კარგი ადამიანი იყო მე რომ ვიცნობდი და აშკარად დროს არ გაუფუჭებია . გაიხარე
კობა
14 აპრილი 2015 14:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული