ჟინოლა მაგარი კაცია, მოვიდა და დამაწყნარა - რატომ წავიდა გია გურული ნაკრებიდან?

AutoSharing Option
გია გურული ქართულ ფეხბურთში რთულ და კატაკლიზმებით სავსე პერიოდში გამოჩნდა. არსენა მარაბდელის ნათქვამის არ იყოს, ან ადრე დაიბადა, ან გვიან. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში გამოდიოდა, "ჯვაროსნებში", ფაქტობრივად, არც უთამაშია. ეს იმ დროს, როცა მსგავს ლიგებში ლეგიონერები თითქმის არ გვყავდა.

ვფიქრობ, დაგაინტერესებთ იმ ფეხბურთელის ისტორიები და მოგონებები, რომელმაც კარიერა და შემდგომი ცხოვრებაც საფრანგეთს დაუკავშირა.

შავ ყვირილაში გაკაჟებული
- ჭიათურაში დაბადებულ-გაზრდილი ვარ. მე-5 კლასელი ვიყავი, სერიოზულად ფეხბურთზე არც ვფიქრობდი და დაუგეგმავად შევედი. სკოლების ჩემპიონატზე ჩემი ძმა თამაშობდა - ხვიჩა
ძალიან ნიჭიერი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ფეხბურთს ბოლომდე არ გაჰყვა. მის გუნდს ხალხი დააკლდა და მონაწილეებზე 2 წლით უმცროსი დამამატეს. მაშინ 8 წლის ვიყავი. საქმე არ მქონდა, კვირა დღე იყო და სიხარულით წავედი. ეტყობა, "გავფართხალდი" და მწვრთნელს მოვეწონე. დაინტერესდნენ და ჭიათურის სპორტულ სკოლაში შევედი.

პირველი მწვრთნელი ზურაბ ბარათაშვილი იყო, რომელსაც ჭიათურაში ყველა პატივს სცემს - ჩვენი ცნობილი მოთამაშის, ლევან ბარათაშვილის მამა. თავად ლევანი მე-3 კლასიდან სპეცკლასში იყო, მე კი მერე შევუერთდი და ერთად მოვდივართ.

- რაიონიდან წამოსულ მოთამაშეებს ძლიერი მუხლი და ჯანი ყოველთვის გამოარჩევდათ. გულშემატკივარს თქვენც ასე დაამახსოვრდით...
- მადლობა ღმერთს, მშობლებიც ჯანმრთელები მყავდა და მეც არ ვიყავი სახლში გამოკეტილი. მოგეხსენებათ, ჭიათურა კლდიანი ქალაქია, ხან მთაზე ავძვრებოდი, ხან დავრბოდი, ვთამაშობდი და შავ ყვირილაში ვბანაობდი. ამ მდინარეში ისეთი წყალია, გასარუჯად ნაპირზე დაწოლა არ იყო საჭირო, ამოვდიოდი და უკვე გაშავებული ვიყავი. მოკლედ, ბუნებრივად ვკაჟდებოდი და ცხადია, ძლიერი მუხლიც მქონდა. თუმცა შემდეგ კი დამაღალატა...

- თბილისში როგორ აღმოჩნდით?
- ჩემი ძმა გლდანის სპორტულ სკოლა-ინტერნატში სწავლობდა. მისგან გავიგე, რომ ახალი ნაკადის მიღებას იწყებდნენ და ტესტების ჩაბარება იყო საჭირო - ბურთის კენწვლასა და ტარებაში, ტექნიკაში, დარტყმაში და ასე შემდეგ. დავაგვიანე და ტესტები ერთი წლით უფროსებთან ჩამაბარებინეს - ეს ბარიერი წარმატებით გავიარე. სკოლაში ვცხოვრობდით და ისეთი საცხოვრებელი პირობები და კვება გვქონდა, დღეს უმაღლესი ლიგის გუნდებსაც რომ არა აქვთ.

იქ ვარჯიში ძალიან წამადგა, ძლიერი ბიჭები გვყავდა და ასეთ პარტნიორთან შენც ძლიერდები. მოკლედ, ამ ყველაფრის შემდეგ მე-8 კლასელი ბიჭი უკვე საქართველოს ნაკრებში გამომიძახეს.

მაშინ კარგი იყო, რომ ბევრი ტურნირი ტარდებოდა. საქართველოს ჩემპიონატში მე-3 ადგილზე გავედით, საკავშირო ტურნირზე კი მეორე ადგილი დავიკავეთ, საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი და ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი.

სკოლა რომ დავამთავრე, სპარტაკიადაზე მე-3 ადგილზე გავედით - სხვათა შორის, რეალურად, პირველი ადგილი დავიკავეთ, მაგრამ რეგლამენტი შეცვალეს და პირველზე რუსეთი გაიყვანეს. ასეთები ხშირად ხდებოდა და რუსებზე ერთი თავით მაღლა უნდა ვმდგარიყავით. ასეც იყო.

მოგება ბაიერნთან, გოლი იუვენტუსთან
- არ ვტრაბახობ, სულ ლიდერებში ვიყავი და სკოლის დამთავრების შემდეგ "დინამოში" მაშინ ამიყვანეს, როდესაც გუნდი მადრიდში, ოთხთა ტურნირზე მიდიოდა. ბევრისთვის უცნობ ფაქტს მოგიყვებით: დიდების პარალელურად, დუბლშემადგენლობებიც მონაწილეობდნენ ტურნირზე და საკმაოდ კარგადაც ვითამაშეთ. პირველი შეხვედრა "რეალთან" ჩვენც წავაგეთ - 0:1. მაგრამ დიდების მსგავსად, მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნს" ჩვენც მოვუგეთ, ოღონდ - პენალტების სერიაში.

პირველი შეხვედრა დუბლებში ბაქოში "ნეფთჩის" წინააღმდეგ ვითამაშე. რეზო ჩელებაძეს ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა და 43-ე წუთზე კუნთი კიდევ დაუწყდა. ნოდარ ახალკაცმა მითხრა, ჩადი და გახურდიო. მოედანზე აღელვებული გავედი. მერაბ ჟორდანია გამოცდილი იყო, ხელი გადამხვია და დამამშვიდა, ნუ გეშინია, გია, შენთან ვართო. უცებ მომეშვა და ეს არასოდეს დამავიწყდება. მას შემდეგ ვცემ პატივს მერაბს. მისი და ბიჭების დამსახურებაა, ის შეხვედრა საკმაოდ კარგად რომ ვითამაშე: 4:0 მოვიგეთ, მე კი ორი საგოლე გადაცემა გავაკეთე.

ბოლო შეხვედრა მოსკოვის ცსკა-სთან ვითამაშეთ, სადაც ფიზიკურად გადამიარეს და ახალკაცმა მოსაღონიერებლად ბათუმის "დინამოში" გამიშვა. იქ ნახევარი წელი ვითამაშე, კარგად მოვემზადე და 6 შეხვედრის შემდეგ, მაისში ისევ "დინამოში" დამაბრუნა.

პირველად ისევ დუბლებში ალმა-ათაში "ქაირათის" წინააღმდეგ მათამაშა და გავიტანე. მეორე შეხვედრაც გასვლაზე, ტაშკენტში "ფახთაქორთან" გვქონდა და კახი ასათიანმა მითხრა, ძირითადისთვის მოემზადეო. იმდენი ვინერვიულე, მთელი ღამე ოფლში ვცურავდი. მაშინ ნოდარ ახალკაცი ნაკრებს ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ახლდა, გუნდი კი კახი ასათიანს ჩააბარეს. მეორე ტაიმში შემიყვანა და 0:1 წავაგეთ. თუმცა ცუდად არ შევსულვარ და მატჩის შემდეგ ასათიანმა და სერგო კუტივაძემ გამამხნევეს.

...იცით, საუკეთესო მოთამაშისა და ბომბარდირის პრიზი მოსკოვის "ტორპედოს" სახელით რომ გადმომცეს? საბჭოთა კავშირის 18-წლამდელთა ნაკრებში გოჩა ტყებუჩავასთან ერთად ამიყვანეს. მაგრამ "ტორპედოს" სახელით სან-რემოს საკლუბო ტურნირზე გამოვედით, სადაც ფინალში "იუვენტუსს" შევხვდით და 2:1 მოვუგეთ, გადამწყვეტი გოლი მე გავიტანე.

მერე თბილისის "დინამოს" ძირითადშიც დავიმკვიდრე ადგილი, უეფას თასზე ვითამაშე და ამ დროს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატიც დაიშალა. წავედით პოლონეთში, სადაც ორი ამხანაგური შეხვედრა ჩავატარეთ. "კატოვიცეს" ორი ბურთი გავუტანე და მისმა პრეზიდენტმა გურევიჩმა "დინამოს" ხელმძღვანელებს ჩემი დარჩენა სთხოვა.

არ ვიცი, რა თანხაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობდა, თასის ფინალი გვქონდა სათამაშო და ყიფიანმა არ გამიშვა. მერე "გურიასთან" მუხლმა შემაწუხა და საქართველოში დარჩენა მომიხდა.

პრეზიდენტი მენდო და ამიტომაც ვიკლავდი თავს
- მერე მაინც მოხვდით პოლონეთში...
- გავიდა დრო, პოლონელები მინი-ფეხბურთის ტურნირზე ჩამოვიდნენ და პრეზიდენტი გურევიჩი ისევ დაინტერესდა. ჩემი ამბავი გაიგო, მაგრამ მაინც წამიყვანა. გახარებული ვიყავი და ამ დროს, პირველივე საკონტროლო შეხვედრაზე მენისკმა ისევ შემაწუხა! კვლავ საოპერაციო გავხდი.

ამ დროისთვის კონტრაქტი არც მქონდა გაფორმებული და გურევიჩმა მითხრა, მე ბიზნესმენი ვარ, რა თანხადაც გიყიდე, ორი ამდენში უნდა გაგყიდო და რა ვქნათო? მართალი ბრძანდებით, საქართველოში დავბრუნდები-მეთქი. ის კი კაცურად მოიქცა, კონტრაქტი მაინც გამიფორმა და მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები.

სეზონის ბოლოს დავიწყე ვარჯიში, კაცი ასე რომ მენდო, იმედების გასამართლებლად თავს ვიკლავდი. 11 გოლი გავიტანე, რაც ცუდი შედეგი არ იყო - მე ხომ ცენტრალური კი არა, მოხეტიალე თავდამსხმელი ვიყავი. პირველივე წელი ძალიან კარგად ჩავატარე და საუკეთესო ლეგიონერად დამასახელეს.

Sportall.Ge"დინამოში" დიდი ფეხბურთელების გვერდით მითამაშია და მათგან ბევრი რამ ვისწავლე. ფაქტობრივად, "დინამოში" უფასო აკადემია გავიარე, რისთვისაც მთელი ცხოვრება შენგელიას, ჩივაძეს, ჩელებაძეს, გუცაევს ვემადლიერები... გვერდშიც მედგნენ და დაუმადლებლადაც მასწავლიდნენ.

"კატოვიცედან" საფრანგეთში მოვხვდი. გურევიჩმა მითხრა, თუ წახვალ, "ჰავრი" გიწვევსო. მაშინ გუნდი მე-7 ადგილზე იყო, რაც საფრანგეთში საკმაოდ რთული საქმეა, ამ ქვეყანაში თამაში კი ოცნება იყო, რადგან ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ლიგაა. მაშინ ტექნოლოგიები განვითარებული არ იყო. ახლა ინტერნეტში რომ შედიხარ, შენზე ისეთ ამბავს ამოიკითხავ, თავად რომ აღარ გახსოვს.

ჩემზე ბევრი რამ არ იცოდნენ და გასინჯვაზე მიმიწვიეს. საფრანგეთში ლიგის თასზე უკონტრაქტო მოთამაშის დამატება შესაძლებელია და თამაში რომ მოვიგეთ, პრეზიდენტმა მაშინვე კონტრაქტი გამიფორმა.

- საფრანგეთში რომელი ვარსკვლავის წინააღმდეგ გითამაშიათ...
- ფრანგული ფეხბურთის აღმავლობა სწორედ მაშინ იწყებოდა. "ჰავრში" ჩემს გვერდით თამაშობდნენ 1992 წლის აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი, კოტდივუარელი ჟოელ ტიი, იბრაჰიმ ბა, რომელიც მერე "მილანშიც" გადავიდა, კანა ბიიკი...

1998 წელს მსოფლიოს ჩემპიონები რომ გახდნენ, იმ საფრანგეთის ნაკრების ლამის ყველა წევრის წინააღმდეგ მითამაშია. განსაკუთრებით კი, რა თქმა უნდა, ზინედინ ზიდანი დამამახსოვრდა.

ყველაზე დიდი ადამიანობით კი დავიდ ჟინილა გამოირჩეოდა. მაშინ ის "პარი სენ-ჟერმენში" თამაშობდა. მათი მცველი მეუხეშებოდა. ბოლოს, ვერ მოვითმინე და დავარტყი. ეგრევე წითელი ამიფრიალეს. თამაშის შემდეგ ჟინოლა მოვიდა, გადამეხვია და დამაწყნარა... მეტოქისგან ასეთი სითბო, თანაც ასეთ მომენტში, იშვიათია.

ძალიან კარგად მახსოვს ჟორჟ ვეაც - სასწაული თავდასხმელი იყო. სხვათა შორის, ბარტეზისთვის მაქვს გატანილი. ვარსკვლავები "დინამოშიც" გვყავდა, საფრანგეთშიც გავიცანი და თუ დამიჯერებთ, ცუდად არავინ დამმახსოვრებია. დავასკვენი, რომ ვარსკვლავი ჯერ დიდი ადამიანია და მერეა ფეხბურთელი, წარმატებებსაც ამიტომ აღწევს.

ნაკრებში ყველაფერს მივხვდი და გზა სხვებს დავუთმე
- დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე წლებში, ჩვენს მოთამაშეებს უცხოეთის ძლიერ ლიგებში მოხვედრა უჭირდათ და ზოგი კვიპროსს მიაწყდა, ზოგიც უკრაინა-რუსეთს. თქვენ ყველაზე სოლიდურ ლიგაში წახვედით, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში ათამდე შეხვედრაც ვერ ჩაატარეთ. არადა, იმ დროისთვის მთლად ჩამოსაწერ ასაკშიც არ იყავით...
- მაშინ ამხანაგურ შეხვედრებს სომხეთთან, აზერბაიჯანთან ან მოლდოვასთან ატარებდნენ. ფედერაციას კი იმდენი ფული არ ჰქონდა, ბილეთები რომ ეყიდათ. ორი შეხვედრა ვითამაშე ისრაელში და მერე მოლდოვასთან პირველი მატჩი, რომელშიც 0:1 წავაგეთ.

- დღემდე გაუგებარია, ამ შეხვედრაში რა მოგივიდათ?
- მოედანზე გასვლამდე მეტოქე დამარცხებული გვეგონა, არ დავაფასეთ და ლოგიკური შედეგიც მივიღეთ. "არ დავაფასეთ" - კიდევ რბილადაა ნათქვამი. "ბრექი" დაგვემართა.

Sportall.Ge- მას შემდეგ მცირე ხანში ნაკრებსაც დაემშვიდობეთ. რა მოხდა?
- ბულგარეთის შემდეგ შევატყვე, რომ ჩემი დიდი იმედი არც ჰქონდათ. კარგად ვიცოდი, რისთვის ჩამოვდიოდი და ნაკრების წევრობა მეამაყებოდა. მაგრამ ვამჯობინე, წავსულიყავი და ადგილი ახალგაზრდებისთვის გამეხსნა.

- მართალია, რომ ამის გამო ჩივაძესთან კონფლიქტი მოგივიდათ?
- კონფლიქტი არ მომსვლია, საშა ჩემი უფროსი მეგობარია და მისი დიდი დამსახურებაა, ამ დონეზე რომ ვითამაშე ფეხბურთი. მაგრამ გაუგებრობა იყო. ბულგარეთთან შეცვლაზე შესულმა ეგრევე კარში დავარტყი. ამაზე საშამ თამაშის შემდეგ მითხრა, გამოცდილი კაცი ხარ და ეს როგორ მოგივიდაო? გამიკვირდა და მაშინ ვუთხარი, ჯობია, აღარ ჩამოვიდე-მეთქი. თორემ კონფლიქტი ნამდვილად არ მომსვლია.

- თქვენი აზრით, მაშინდელ თაობას ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გასვლა შეეძლო?
- ჩვენი თაობის რა გითხრათ და, შემდგომი თაობა ისეთი მაგარი იყო, მას შემდეგ რომ აღარ გვყოლია. ჯამარაული, ქინქლაძე, არველაძეები, ცხადაძე, ქეცბაია, ნემსაძე... მაგარი ბიჭები იყვნენ და ბევრის მიღწევაც შეეძლოთ. ასეთები ბევრი საფრანგეთშიც კი არ მინახავს.

თამამად ვიტყვი - დღეს რომ მესი აკეთებს, იმას ქინქლაძე 90-იანი წლების დასაწყისში აკეთებდა ინგლისის პრემიერლიგაში, ერთ კვადრატულ მეტრში სამი კაცი მოატყუა და ისე გაიტანა. ასეთი ფეხბურთელის არგამოყენება დანაშაული იყო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული