ეროვნულ გუნდს შეუერთდნენ არნემის "ვიტესის" მცველი გურამ კაშია და თურქული "ქასიმფაშას" უკანახაზელი ლაშა დვალი.
გუნდში მატებაა - ცხადაძემ საქართველოს ნაკრებში უხმო გიორგი პაპუნაშვილს, ვინც სან მარინოს ახალგაზრდულ ნაკრებთან კარგად ითამაშა და გოლიც მიითვალა.
მოულოდნელად, ნაკრებში გამოჩნდა ნიკოლოზ გელაშვილიც, რომელიც, ჯერჯერობით, ალბანურ "ფლამურტარიში" ირიცხება, თუმცა კარგა ხანია, ამ გუნდში არ უთამაშია. ის სანაკრებო სიაშიც არ არის. როგორც ჩანს, ცხადაძემ გელაშვილს ნაკრებთან ერთად ვარჯიშისა და ფორმის აღდგენის საშუალება
ეროვნულ გუნდს სულ მალე შეუერთდება დანიური "ორჰუსის" შემტევი მათე ვაწაძე, რის შემდეგაც "ჯვაროსნები" სრული შემადგენლობით ივარჯიშებენ. 4 ივნისს ცხადაძემ შეგირდები ორჯერ დატვირთა, დღეს კი ერთი ვარჯიში იგეგმება.
ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს ეროვნულ გუნდში კარგა ხნის შემდეგ დაბრუნებული გოგიტა გოგუასა და ნაკრების მთავარი მწვრთნელის კომენტარები.
"სასიხარულოა ჩემთვის, რომ ოთხი წლის შემდეგ დავუბრუნდი ნაკრებს. გუნდში არაჩვეულებრივი ატმოსფეროა. ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ კარგად მოვემზადოთ", - ამბობს გოგუა.
"სამწუხაროდ, არის პატარ-პატარა პრობლემები, მაგრამ იმედია, ყველაფერი გამოსწორდება. მე ყველა ეს ფეხბურთელი მჭირდება იმისთვის, რომ სრულფასოვანი ვარჯიშები ჩავატარო. თამაშის დრო რომ მოვა, მოედანზე გავლენ ისინი, ვინც უკეთეს ფუნქციონალურ მზადყოფნაში იქნება", - ეს კი ცხადაძის სიტყვებია.
ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 9 ივნისს, ამხანაგურ მატჩში უკრაინას დაუპირისპირდება (ლინცში), 13 ივნისს კი ვარშავაში ევროშესარჩევ შეხვედრას ჩაატარებს პოლონეთთან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"